სტატისტიკური მონაცემებით, მხოლოდ 2016 წელს ISIS-მ 143 თავდასხმა, 29 ქვეყანაში განახორციელა, რასაც 2.050-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ბრიტანული უფლებადამცველი ორგანიზაცია „სირიაში ადამიანის უფლებების დაკვირვება“-ს მიერ ორი წლის მანძილზე ISIS-ის მიერ მოკლული უდანაშაულო ადამიანების სტატისტიკით ირკვევა, რომ მოკლულთა შორის უმეტესობა 2230 მშვიდობიანი მოსახლეა, მათ შორის ქალები და ბავშვები. 1100 ადამიანი ტყვეები და ჯარისკაცები არიან, პროსამთავრობო ძალებიდან.
ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვა ხდებოდა სხვადასხვა ხერხით, მათ შორის თავის მოკვეთა, დახვრეტა, ქვებით ჩაქოლვა, სახურავიდან გადაგდება ან დაწვა, ადგილი ჰქონდა ჯვარზე გაკვრის ფაქტსაც. ISIS-ის ბოევიკები ყველაზე ხშირად ხოცავენ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს.
ISIS-ში დაახლოებით 4500 ადამიანია გაერთიანებული, მებრძოლებს შორის ყველაზე მეტი სწორედ საფრანგეთის მოქალაქეა, ამავე რიგებში არიან გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, ნიდერლანდების, ავსრტიის, დანიის, შვედეთის და ესპანეთის მოქალაქეები.
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ტერორისტული ორგანიზაცია - ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულია საერთაშორისო კოალიცია, თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთვება NATO. არსებული ინფორმაციით, გერმანია და საფრანგეთი, დათანხმდა აშშ-ის პრეზიდენტის წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ალიანსი ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე, რომელსაც პირველად დაესწრნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მთავარი თემაა ტერორიზმთან ბრძოლაში ნატო-ს როლის გაზრდა და ალიანსის წევრებს შორის ვალდებულებების უფრო სამართლიანი განაწილება.
„ნატო-ს ყველა 28 წევრი ქვეყანა საერთაშორისო კოალიციის წევრია და დღეს ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ ნატო-ს საერთაშორისო კოალიციაში წევრობის შესახებ. ეს ძლიერი პოლიტიკური მესიჯი იქნება იმის, რომ ნატო მოწოდებულია ტერორიზმს ებრძოლოს. ეს ასევე გააუმჯობესებს ჩვენს კოორდინაციას საერთაშორისო კოალიციასთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ნატო ჩართული იქნება საომარ ოპერაციებში“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს შტაბ-ბინის ფარგლებში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ქსელი შეიქმნება, რაც გააუმჯობესებს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის პროცესს.
„რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან საკითხს, 2014 წელს ნატო-ს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უფრო მეტს დახარჯავენ თავდაცვაზე, მათ შორის დაიგეგმა მშპ-ის 2%-ის ინვესტირება თავდაცვით ბიუჯეტში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ISIS-ი თანამედროვე სამყაროსთვის მთავარი საფრთხე გახდა. ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც 2014 წლიდან ახლო აღმოსავლეთში, სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე მოქმედებს, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. საერთაშორისო ტერიტორისტულ ორგანიზაციას მიმდევრები ჰყავს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ISIS-სგან მომდინარე რამდენიმე მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დგას. თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით პირდაპირი საფრთხე არ არსებობს.
პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი თამარ კიკნაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი და ამავე დროს აუცილებელია, ყველა საერთაშორისო ძალა გაერთიანდეს შუა საუკუნეების გადამონაშთი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან ISIS-ის თავისი სისასტიკით თანამედრვეობის ყველაზე უფრო აქტუალური და დიდი პრობლემაა.
„თუ პროგრესული კაცობრიობა გაერთიანდება ამ შუა საუკუნეების გადმონაშთი სახელწიფოსთან ბრძოლაში, ეს იქნება ძალიან კარგი. იგივე ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნათლად იკვეთებოდა სურვილი და ამბობდა, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში ძალიან აქტიურად ჩაერთვებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.
ტრამპის ტურნე არაბულ სახელმწიფოებში, ასევე, ისრაელში რომის პაპთან შეხვედრაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო ტერორისტთან ბრძოლა. სწორედ ეს საკითხი იყო ტრამპი-ტილერსონი-ლავროვის შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი და ვიცით, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკება“, - აცხადებს თამარ კინკაძე.
მისივე თქმით, თუ მოხდება ამ ძალების კონსოლიდაცია და მათ შორის ნატოს ჩართვაც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს იქნება დადებითი მოვლენა. პოლიტოლოგი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საქართველოსთვის მომგებიანია დასავლეთის, ნატოს და რუსეთს კონსტრუქციული თანამშრომლობა, რადგან მეტწილად ჩვენი პრობლემები გამოწვეულია სწორედ ამ დიდი სახელმწიფოების დაპირისპირებით.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახატანგ მაისაია ამბობს, რომ ნატოს წვერი ქვეყნები მონაწილეობენ ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ისინი მონაწილეობენ ეროვნული შენაერთის სახით, რაც შედეგზე ორიენტირებული ვერ აღმოჩნდა.
„ნატოს ჩართვა კოალიციური ძალების კუთხით და განსაკუთრებით სამხედრო შესაძლებლობების გამოყენა, იქნება მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, რომ ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეიარაღება გააჩნია ავიაციის სახით, რომელმაც შეიძლება სერიოზული გადამწყვეტი როლი ითამაშოს ISIS-ის განადგურებაში. ნატოს ჩართულობა ეს ნიშნავს კოალიციურ ომს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.