სპეციალური გზავნილი რუსეთს - „საქართველო ნატო-ს წევრი უნდა გახდეს“

სპეციალური გზავნილი რუსეთს - „საქართველო ნატო-ს წევრი უნდა გახდეს“

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა არაწევრ სახელმწიფოში სულ ოთხჯერ ჩატარდა და ოთხივე ეს ქვეყანა დღეს ნატო-ს წევრია. 2012 წლის შემდეგ საქართველო იქნება პირველი ნატოს არაწევრი ქვეყანა, რომელიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს. 600-მდე დელეგატი, მათ შორის 28 წევრი ქვეყნის პარლამენტის დეპუტატი, 20 არაწევრი ასოცირებული და პარტნიორი ქვეყნების დამკვირვებლები ეწვევიან თბილისს.

ნატო-ს წევრი ქვეყნების დელეგატები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და გაეცნობიან იმ მიღწევებს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ასევე მნიშვნელოვანი და უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საგაზაფხულო სესიაზე, როგორც წესი, არ იღებს ან იშვიათად იღებს რეზოლუციას ან დეკლარაციას, თუმცა, ამ შემთხვევაში ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია იქნება მიღებული.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, შემდგომი ოთხი დღის განმავლობაში თბილისი ბრიუსელთან ერთად იქნება ნატო-ს პოლიტიკური ცენტრი, რაც არის ჩვენი ქვეყნის პროგრესის, დემოკრატიის, განვითარების, წარმატებების პირდაპირი აღიარება. ამ დღეს ჩვენ დიდი სიხარულით ვხვდებით.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ემთხვევა იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველოში ტარდება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა. ჩვენ ქვეყანას აქვს უნიკალური შანსი წარადგინოს თავი საერთაშორისო ასპარეზზე“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

უკვე ცნობილია, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია იქნება მიღებული და როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის ასეთი ღონისძიების ჩატარება უაღრესად მნიშვნელოვანია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს არაწევრ ქვეყანაში, საქართველოში ასეთი ძალიან მაღალი დონის ფორუმი ტარდება. მიღებული იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის ასეთი ღონისძიების ჩატარება უაღრესად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის საქართველოში გამართვა არ არის ჩვეულებრივი მოვლენა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, პირველ რიგში, ეს არის გამოხატულება საქართველოს ნატო-სთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობის.

„ეს არის აღიარება ჩვენი წარმატებული ინტეგრაციის პროცესის ნატო-ში, ეს არის პოლიტიკური მხარდამჭერის გამოხატულება საქართველოსადმი და ეს არის შესაძლებლობა, რომ ყველა იმ პირს, პოლიტიკოსს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ნატო-ს საკითხებთან მიმართებაში, ადგილზე გავაცნოთ საქართველოს შესაძლებლობები, ის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა მიხიელ ჯანელიძემ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე დაფიქსირდება „სპეციალური გზავნილი“, რომ საქართველოსთან მიმართებაში ნატო-ს გაფართოების ტალღა არ უნდა შეჩერდეს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მასშტაბური, მრავლისმომცველი ღონისძიება და ამავე დროს, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც საქართველოსადმი, ასევე ნატო-ს ყველა წევრისადმი, თუ რამდენად დიდია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში.

„ჩვენ, არა მხოლოდ გეოგრაფიულად და ტექნიკურად ვატარებთ ამ სამიტს, არამედ მას მიენიჭება ძალიან მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მივიღებთ საქართველოსთან დაკავშირებით სპეციალურ დოკუმენტს, განცხადებას, სადაც იქნება ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოთქმული როგორც ინტეგრაციული პროცესებისადმი, ასევე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი, რეფორმების მხარდაჭერისადმი.

იქნება სპეციალური გზავნილი რუსეთის ფედერაციისადმი ისევე, როგორც ნატო-სადმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთან მიმართებაში ნატო-ს გაფართოების ტალღა არ უნდა შეჩერდეს და საქართველო ნატო-ს წევრი უნდა გახდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ გარდა გეოგრაფიული, სტრატეგიული მნიშვნელობისა, მას ძალიან სერიოზული პოლიტიკური მნიშვნელობა მიენიჭება“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მისივე თქმით, ნუ ავიღებთ იდეაფიქსად და აპრიორად იმას, რომ MAP-ის გარეშე ჯერჯერობით არც ერთი ქვეყანა არ შესულა ნატო-ში. როგორც დოლიძე აცხადებს, საქართველო თანამშრომლობს ალიანსთან SNGP-ის შინაარსობრივი პაკეტის ფარგლებში, ასევე, საქართველოში არსებობს JTEC ცენტრი და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდა, ისევე როგორც შესაძლებლობების და თავდაცვისუნარიანობის ამაღლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მექანიზმებთან და საერთოდ დროსთან დაკავშირებით არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება გამომდინარე იქიდან, რომ ნატო-ს სამიტებზე თუნდაც უელსში და ვარშავაში ცალსახად ითქვა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გახდეს ნატო-ს წევრი. ასე რომ, მოდით ნუ ავიღებთ იდეაფიქსად და აპრიორად იმას, რომ MAP-ის გარეშე ჯერჯერობით არც ერთი ქვეყანა არ შესულა ნატო-ში, თუმცა კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ MAP ჯერჯერობით კვლავ რჩება ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იმისა, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ნატო-ში“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია და საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ ახლა მთავარია დავარწმუნოთ წევრები, რომ დროა, ალიანსში მიიწვიონ საქართველო.

„ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს. ყველა მოკავშირე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს. ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს და მის მისწრაფებას შეუერთდეს ნატო-ს. თუ როდის მოხდება ეს, ჩვენ არ ვიცით, ეს ნატო-ს ცალკეულ ქვეყნებზეა დამოკიდებული, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია - საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. მთავარია პროგრესი და დავარწმუნოთ ისინი, რომ დროა, საქართველო ალიანსში მიიწვიონ“, - აღნიშნა უილიამ ლაჰიუმ.

აღსანიშნავია, რომ ივნისის დასაწყისში ნატო-ს 29-ე წევრი ქვეყანა ოფიციალურად გახდება მონტენეგრო. საქართველოში მონტენეგროს ელჩი ფიქრობს, რომ ერთ დღეს საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანება რეალობა გახდება. „მონტენეგროში ნატო-ში გაწევრიანების საკითხი გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე დამოუკიდებლობას აღვადგენდით 2006 წელს. 2006 წლიდან ჩვენ ბეჯითად ვმუშაობდით და ქვეყანაში არსებულ სიტუაციას ვაუმჯობესებდით, რათა დაგვეკმაყოფილებინა ყველა ის მოთხოვნა, რაც საჭირო იყო ნატო-ს წევრობისთვის. როდესაც ჩვენ ნატო-ს წევრები ოფიციალურად გავხდებით, მონტენეგრო მხარს დაუჭერს საქართველოს და ღია კარის პოლიტიკას. ამ პროგრესით, რომელსაც საქართველო აჩვენებს, ერთ დღეს ნატო-ს წევრობა საქართველოსთვის რეალობა გახდება“, - განაცხადა ლუბომირ მიშუროვიჩმა.

საქართველოს საკითხზე ისაუბრეს ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტზე. ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაის განცხადებით, მონტენეგროს გაწევრიანებით დადასტურდა, რომ ნატო-ს კარი ღიაა და რომ რუსეთის ზეწოლა ვერ შეაჩერებს ვერც ალიანსს და ვერც ასპირანტ ქვეყანას თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

„ნატო უშუალოდ იქნება ჩართული დიალოგში, პოლიტიკურ დისკუსიასა და დაგეგმვაში. ეს არ გულისხმობს, რომ ალიანსი უფრო მეტ წვლილს შეიტანს საბრძოლო ოპერაციების კუთხით. ვილაპარაკეთ რუსეთზეც და ჩვენს ერთიან დაბალანსებულ მიდგომებზე მის მიმართ. კიდევ ერთი საკითხი მონტენეგროა და სწორედ აქ იქნება წამოწეული საქართველოს თემაც. მონტენეგროს გაწევრიანებით დადასტურდა, რომ ნატო-ს კარი ღიაა და რომ რუსეთის ზეწოლა ვერ შეაჩერებს ვერც ალიანსს და ვერც ასპირანტ ქვეყანას თავად მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.