ვახტანგ მაისაია: „ახლა გეოპოლიტიკური პრაგმატიზმის ხანაა და ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს“

ვახტანგ მაისაია: „ახლა გეოპოლიტიკური პრაგმატიზმის ხანაა და ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს“

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს წევრობას ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში“, - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.როგორც თურქეთის პრემიერმა აღნიშნა, მისი ქვეყნისთვის საქართველოს მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებებით ძალზე მნიშვნელოვანია.

„აქ იგულისხმება ევროატლანტიკური სტრუქტურები. საქართველო ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ მიმართულებას და ჩვენც მხარს ვუჭერთ საქართველოს წევრობას როგორც ნატოს, ასევე სხვა სტრუქტურებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეროვნულ პლატფორმებს“, - განაცხადა ილდირმმა.

თურქეთის პრემიერის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა საქართველოსა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრებს შორის შეხვედრაც, სადაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრემიერის ვიზიტი საქართველოში წელს უკვე მეორედ შედგა. რას ნიშნავს ბოლო პერიოდში საქართველოს მიმართ გაზრდილი ინტერესი მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, ამ თემაზე ექსპერტი, ვახტანგ მაისაია გვესაუბრება.

როგორც ცნობილია, თურქეთის პრემიერის ვიზიტის ფარგლებში ცალკე შეხვედრა შედგა ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ რომ ვიზიტის მთავარი მიზანი ეკონომიკური თემები იყო?

- თურქეთს საქართველოს მიმართ აქვს ინტერესი და ასეთი ხშირი ვიზიტებიც ამაზე მეტყველებს. არ მგონია, აქ მხოლოდ ეკონომიკურ ინტერესებს ეხებოდეს საქმე, ეს ფორმალური მხარეა - თურქეთი გადავიდა წმინდა გეოპოლიტიკური პროექტების განხორციელებაზე და მას სურს, რომ ევროკავშირსა და ამერიკასთან გართულებული ურთიერთობების შემდეგ კომპენსაცია მოიპოვის აღმოსავლურ ურთიერთობებში.

მას სურს, თურქულ ეთნიკურ ჯგუფებთან განავითაროს ურთიერთობები და როგორც ჩანს, აღადგინოს ე.წ. თურანის დოქტრინა. მით უმეტეს, როდესაც ერდოღანმა ხელისუფლება ფაქტობრივად, ხელში ჩაიგდო - ის უკვე აირჩიეს მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარედ. ის აპირებს, გააუქმოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და შემოიღოს პირდაპირი, ამერიკული ტიპის პოლიტიკური მმართველობა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტია მთავრობის მეთაური და პირდაპირ ახორციელებს საგარეო, უსაფრთხოების, სამხედრო პოლიტიკის მართვას;

თუ გავითვალისწინებთ, რომ ერდოღანი ცდილობს თურქეთმა გეოპოლიტიკური პლატფორმის როლი შეასრულოს, რა თქმა უნდა, მისი ინტერესები არის არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ კავკასიაშიც, კასპიისპირეთის მიმართულებით.

როგორც ცნობილია ვიზიტის ფარგლებში განიხილეს უსაფრთხოების საკითხებიც, როდესაც ამ თემაზეა ლაპარაკი, რა ტიპის ურთიერთობა შეიძლება განიხილებოდეს, როდესაც ამ ეტაპზე თავად თურქეთს აქვს უსაფრთხოების პრობლემები, ვგულისხმობ გახშირებულ ტერაქტებს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც საკმაოდ ნეგატიურად აისახა?

- თურქეთი ძლიერი ქვეყანაა შეიარაღების თუ სპეცსამსახურების თვალსაზრისით. რაც შეეხება ტერორიზმთან ბრძოლისა და უსაფრთხოების საკითხებს, ესეც მოგვარებადია.

თურქეთს სურს, შავი ზღვის აუზის არეალში ენერგეტიკული ჰაბის სტატუსი მოიპოვოს და მას ამ სტატუსის მოპოვების ყველანაირი შესაძლებლობა გააჩნია. ენერგეტიკული ჰაბი ნიშნავს, რომ ქვეყანას გააჩნია საკმაოდ ძლიერი კომუნიკაციები ტრანზიტისათვის, ამავე დროს, შეუძლია შექმნას მოცულობითი მარაგები, გაზსაცავები, ნავთობსაცავები და ა.შ. მესამე კომპონენტი ენერგეტიკული ჰაბისა არის პოლიტიკური სტაბილურობა, რაც თავისთავად მოიცავს უსაფრთხოების საკითხებსაც.

ამის გარდა, შესაძლოა თურქეთი დაინტერესებულია მთიანი ყარაბაღის თემითაც, რადგან უკვე ხედავს, რომ კონფლიქტი უკვე აღარ არის გაყინული და მოქმედების ფაზაშია გადასული. ბუნებრივია, არის მიზეზი, რატომაც აქტიურობს თურქეთი აზერბაიჯანის მიმართულებით - აზერბაიჯანში გასასვლელად  მას სჭირდება გავლენის მოპოვება საქართველოზე, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც თურქეთი გადავიდა აქტიური საგარეო პოლიტიკისა და საგარეო მიზნების განხორციელებაზე. ამიტომ ეკონომიკური თემები შეიძლება იყოს მხოლოდ მეორე და მესამეხარისხოვანი, რადგან თურქეთისთვის გეოპოლიტიკური ინტერესი არის პირველ ადგილზე.

არა მხოლოდ თურქეთის, სხვა მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი ბოლო პერიოდში საქმაოდ გააქტიურებულია, ეს რაზე მეტყველებს?

- თურქეთს, რუსეთს და ირანს სურს რეგიონული ჰეგემონის როლის შესრულება რეგიონში და ამ მხრივ, მათი ინტერესები კავკასიაში გასაგებია. თუმცა, სამივეს განსხვავებული ინტერესი აქვს, რაღაც მომენტში შესაძლოა, ერთმანეთს დაემთხვეს, ან პირიქით.

გარდა ამისა, კავკასიის მიმართ ინტერესები აქვთ გარე მოთამაშეებსაც, როგორიც არის ევროკავშირი, ამერიკა, ჩინეთი; აქვე საინტერესოა იმის გახსენება, რომ თურქეთმა მონაწილეობა მიიღო ჩინეთის საკმაოდ დიდ პროექტში, რომელსაც ჰქვია „ერთი სარტყელი - ერთი გზა“. ერთი სარტყელი არის ევრაზიული სივრცე, ხოლო ერთი გზა - აბრეშუმის გზა. აღსანიშნავია, რომ პეკინში ყველაზე საპატიო სტუმრებად წაროდგენილი იყო თურქეთი და რუსეთი - ისინი განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით იყვნენ მიწვეული.

აქედან გამომდინარე, თურეთი დაინტერესებულია ევრაზიულ სივრცეში თავისი დომინანტობის გაზრდით და ჩინეთთან გეოეკონომიკური ურთიერთობის განვითარებით.

ყველა ამ ქვეყანასთან, რუსეთის გარდა საქართველოს აქვს მოგვარებული ურთიერთობა ან დალაგების პროცესშია. რა სარგებელი შეიძლება მიიღოს საქართველომ ამ კავშირებით?

- ყველა ქვეყანასთან არის შესაძლებელი ურთიერთობების დალაგება, მაგრამ რასაკვირველია, არის გარკვეული რისკებიც. საქართველო ამ ეტაპზე ყველა კუთხით სუსტი ქვეყანაა - სამხედრო, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეკონომიკაზე რომ აღარაფერი ვთქვათ; განსაკუთრებით პრობლემებია სამხედრო და გეოსტრატეგიულ კონტექსტში, ჩვენი შეიარაღებული ძალების რაოდენობით, უაზრო და უთავბოლო, არარაციონალური თავდაცვითი პოლიტიკის გატარების კუთხით, სამხედრო პოლიტიკაზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი, ეს ცალკე საუბრის თემაა.

ჩვენ რომ ფეხზე მდგარი, განვითარებული და ძლიერი ქვეყანა ვიყოთ, შეიძლებოდა გარკვეულ მოგებაზეც გველაპარაკა, მაგრამ რაკი სუსტი ქვეყანა ვართ, არსებობს საფრთხე, რომ ადვილად მოვექცეთ ძლერი ქვეყნების გავლენაში და ფაქტობრივად, მათ გამოგვიყენონ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

თურეთი, ირანი თუ ჩინეთი არ არიან ხელწამოსაკრავი ქვეყნები - ჩინეთს გლობალურ ჰეგემონობაზე აქვს პრეტენზია; თურქეთი და ირანი რეგიონალურ ჰეგემონობას უმიზნებენ და აპირებენ საკუთარი პოზიციების გამყარებას საერთაშორისო არენაზე. რუსეთთანაც გასაგებია ყველაფერი... ფაქტობრივად, საომარ ვითარებაში ვიმყოფებით.

სწორედ ამიტომ, ყურადრებით უნდა ვიყოთ რომ არ გავებათ რომელიმე ქვეყნის თამაშების კომბინაციაში და არ აღმოვჩნდეთ საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში და არშემდგარი ქვეყნის როლში.

თეორიულად მაინც თუ არის ამ სიტუაციის გამოყენების შანსი, თუნდაც ინვესტიციების შემოსვლის თვალსაზრისით?

- ინვესტიციის მოზიდვას რაც შეეხება, ყველას თავისი მიდგომა და პოლიტიკა აქვს. ჩინეთის პოზიცია ცნობილია - ისინი ინვესტიციას დებენ, მაგრამ ჩამოჰყავთ თავიანთი მუშახელი - ანუ დემოკრატიული ექსპანსიის ელემენტებს ახორციელებენ, რაც ჩვენთვის საყურადღებო უნდა იყოს.

ამიტომ, რამდენად სასარგებლო იქნება ჩვენთვის ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა, ეს ცალკე საუბრის თემაა, რადგან ჩინეთი აგრესიული საინვესტიციო პოლიტიკით გამოირჩევა. ასეთივე საინვესტიციო პოლიტიკით ხასიათდება თურქეთიც. არ ვიცი, ირანს როგორი საინვესტიციო პოლიტიკა ექნება საქართველოში, მაგრამ ეს ქვეყნები ინვესტიციას ახორციელებენ მხოლოდ გარკვეული პირობების გათვალისწინებით და ეს ყველაფერი განსაკუთრებიული ძალისხმევით საქართველოს მიმართ იქნება განხორციელებული, რომ ლიდერობა მოიპოვონ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უნდა გამოვიდეთ ფერადი სათვალის ილუზიიდან და ვიფიქროთ ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სამხედრო და პოლიტიკური უსაფრთხოება.

ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიაც კი არ გვაქვს შემუშავებული, ჯებირიც კი არ გვაქვს აღმართული. გვგონია, რომ ყველა ჩვენი მეგობარი და მოკავშირეა და თანხებს ისე ჩადებენ,სანაცვლოდ არაფერს წაიღებენ.

ახლა გეოპოლიტიკური პრაგმატიზმის ხანაა და ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს. უმოკლეს დროში ტრამპის ამერიკამაც უკვე აჩვენა პრაგმატიზმის საკმაოდ მაღალი დონე, მითუმეტეს რომ აშშ ყოველთვის პლურალისტური საგარეო პოლიტიკიტ გამოირჩეოდა.

ნებისმიერ ეკონომიკურ ურთიერთობებს ახლავს ეკონომიკური უსაფრთხოების რისკ-ფაქტორები და საქართველომ ამაზე უნდა იფიქროს. უნდა ვიცოდეთ რა არის ჩადებული პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების დოქტრინებში.

ისიც საინტერესოა, რა ყურადღება ეთმობა ეკონომიკური დაზვერვის საკითხებს; როდესაც ეკონომიკურ განვითარებაზე ვსაუბრობთ, დიდი ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ, რადგან როცა ეკონომიკურ უსაფრთხოებას ყურადღებას არ ვაქცევთ, ყოველთვის არსებობს ეკონომიკური ექსპანსიის მაღალი რისკი.