„უნდა გავითავისოთ, რომ საქართველო არის ცივი ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზღვარი“

„უნდა გავითავისოთ, რომ საქართველო არის ცივი ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზღვარი“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის მილოცვა მორიგი ჟესტია, საქართველოს პრემიერის აშშ-ში სტუმრობის შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ, უსვამს ხაზს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო დათბობას.

ტრამპის წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ პარტნიორობის საუკუნის პირველ მეოთხედში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ შექმნეს მჭიდრო ტრანსატლანტიკური კავშირი.

„ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს და მათ დასაცავად, რთულ ვითარებაში ყოველთვის ერთად ვდგავართ საერთაშორისო ტერორიზმისა და რეგიონული არასტაბილურობის წინააღმდეგ. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ, ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს უფლებას თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი“, - ნათქვამია აშშ-ს პრეზიდენტის მილოცვაში.

ძნელი სათქმელია, რას მოუტანს სააქართველოს პარტნიორობის ახალი ტალღა, რადგან ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის პირდაპირპროპორციულად იძაბება რუსეთთან ურთიერთობა. მეორე მხრივ, უახლესი ისტორიის გათვალისწინებით, ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს მხრიდან ნეიტრალური პოზიციის გამოხატვის შემთხვევებშიც კი, რუსეთის კეთილმეზობლური ურთიერთობაც არ დაფიქსირებულა - ყოველ შემთხვევაში, ბაზრის გახსნის მიუხედავად, მას არ შეუჩერებია საქართველოში მცოცავი ანექსია.

„ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე, დევიდ კრამერიც აცხადებს, რომ ყველაზე მეტად ის აწუხებს, თუ რას იზამს რუსეთი.

„საქართველოში რუსეთი აგრძელებს მცოცავ ანექსიას, არის უწყვეტი მცდელობა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანონ. ვფიქრობ, რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს უნდა ველოდოთ. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ვაშინგტონში ახალმა ადმინისტრაციამ, რაც შეიძლება მალე გააკეთოს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მიმართ შემუშავებული პოლიტიკის არტიკულირება, რომ ეს ქვეყნები იმ რუხი ზონიდან გამოვიდნენ, რომელშიც დღეს არიან“, - განაცხადა კრამერმა.

როგორც ცნობილია პირველი ნაბიჯების მონახაზი ამ მიმართულებით უკვე არსებობს, ტრამპი-კვირიკაშვილისა და ტილერსონ-კვირიკაშვილის შეხვედრების პარალელურად, თბილისში თავდაცვის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ აშშ-ს დახმარებით ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დაიწყება ისეთივე სამხედრო სასწავლო ცენტრის მშენებლობა, როგორი ბაზაც აშშ-ს გერმანიაში აქვს.

ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი, ზურაბ აგლაძე აცხადებს, რომ შესაძლებელია ამერიკელების დაფინანსებით აშენდეს ნატოს სასწავლო ბაზა, თუმცა მსგავსი უკვე გვაქვს საქართველოში, რომელიც ჯერ კიდევ 2002 წელს შეიქმნა ამერიკელების დახმარებით, მერე დიდხანს ფუნქციონირებდა ამერიკელების მეთვალყურეობით, ხოლო შემდეგ გადმოვიდა ჩვენთან...

„მსგავსი სასწავლო ცენტრის შექმნას არ გამოვრიცხავ, რადგან ამერიკელებთან ერთად იწყება ახალი პროექტი, რომლის ფარგლებში მოხდება გადამზადება. აუცილებელი და სასურველიცაა, რომ ბევრი მსგავსი პროექტი განხორციელდეს. ეს კარგი იქნება როგორც ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ასევე წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ამერიკასა და ნატო-სთან ურთიერთობაში. იყო ამაზე განცხადებები დიდი ხნის წინ და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამჟამად დგას იგი დღის წესრიგში. რაც უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი საქართველოში ამერიკა თუ ნატოს წევრი სხვა ქვეყნები, მით უფრო მეტად უსაფრთხოდ ვიქნებით ჩვენ“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.

ექსპერტ, ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, თუ ტრამპის ადმინისტრაცია რაიმე ახალ საერთაშორისო მისიას წამოიწყებს, დიდი ალბათობით, ქართველი სამხედროების მონაწილეობა გარდაუვალი იქნება.

„ეს არის ის, რაც მეტ-ნაკლები ლოგიკური ანალიზის შედეგად ჩანს. ეს ინფორმაციებიც საკმარისია იმისათვის, რომ გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ. მით უფრო, რომ ჯერ ამერიკულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, შემდეგ უკვე მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ საქართველოში იგეგმება ნატოს ახალი საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა, დაახლოებით ისეთივე მასშტაბის, როგორიც არის გერმანიაში. შეიძლება კიდევ უფრო ფართო მასშტაბის სამხედრო თანამშრომლობაზე იყოს საუბარი. ფაქტი გახლავთ ის, რომ ეს ურთიერთობები გადადის ძალიან მნიშვნელოვან და აქტიურ ფაზაში“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

როგორ შეხვდება თანამშრომლობის ამ აქტიურ ფაზას რუსეთი, იყო, არის და დარჩება დისკუსიის თემად - როგორც რუსეთის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, ფიოდორ ლუკიანოვი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მას ეჭვი ეპარება, რომ ამგვარი ბაზა აშენდება.

„საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზის მშენებლობა დააბრუნებს რუსეთის მოტივაციას იმ დისკურსში, რომლისგანაც ჩვენ ბოლო წლებში, საბედნიეროდ, გამოვედით. მხედველობაში მაქვს საქართველოს დასავლური ვექტორის ინტერპრეტაცია, როგორც რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო საფრთხე.

რატომღაც მეჩვენება, რომ ახლა საქართველოს ხელმძღვანელობა არაა დაინტერესებული გამოიწვიოს რუსეთთან დაძაბულობის ახალი სპირალი. თუ საქართველოში აშშ-ს სრულფასოვანი სამხედრო ბაზა გაჩნდება, ასეთ შემთხვევაში რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის ზრდა გარდაუვალი იქნება.

ამიტომ, მეჩვენება, რომ ქართული მხრიდან ეს საუბარი გახლავთ დასავლური ვექტორისადმი, როგორც განზრახვისადმი ერთგულების დემონსტრირება. თუმცა, არ მგონია, ისინი მეტ-ნაკლებად ახლო მომავალში განხორციელდეს. აშშ-ს ადმინისტრაცია თავად უნდა გაერკვეს თუ რამდენად სჭირდება ეს მას“,- აცხადებს ლუკიანოვი და აღნიშნავს, რომ ამ პროცესს რუსეთი ყურადღებით დააკვირდება და თუ იგი კონკრეტულ კონტურებს მიიღებს, მოსკოვის რეაქციაც არ დააყოვნებს.

ლუკიანოვი ასევე აცხადებს, რომ რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვის აუცილებლობას ვერ ხედავს და შესაბამისად, ეს საკითხები მის წინაშე არ დგას.

ზურაბ აგლაძე: „პირველად არ გვესმის რომ რუსეთი ამას იზამს, არ შეეგუება და ა.შ. ვატარებთ თუ არა ნატოსთან ერთად წვრთნებს, ნატო-ს სასწავლო ცენტრების რაოდენობას ვზრდით თუ არა, ეს არავითარ გავლენას არ ახდენს რუსეთზე, მისი პოლიტიკა არის და ვიდრე ამისი შესაძლებლობა ექნება, იქნება აგრესიული საქართველოს მიმართ.

განსხვავებულია რამით რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ წინა და ამ ხელისუფლებების პირობებში?! - ვამბობდით, რომ წინა ხელისუფლება აგრესიული რიტორიკით გამოირჩეოდა რუსეთის მიმართ. ფაქტია, რომ არ შეცვლილა. არ აქვს მნიშვნელობა, რამეს გავაკეთებთ თუ არა, ამიტომ უმჯობესია გავაკეთოთ და ამით გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მოვა დრო, როდესაც გაჩნდება ისტორიული ფანჯარა, როგორიც თავის დროზე გაუჩნდა ბალტიისპირეთს. რუსეთსაც არ ექნება ასეთი გავლენა გადაწყვეტილებებზე და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ შანსი, რომ გავხდეთ ატლანტიკური ალიანსის წევრი. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ არ მოხდება, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, გავატაროთ რეფორმები ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რათა ამ დროს მზადყოფნაში დავხვდეთ“.

ექსპერტი, ვახტანგ მაისაია თვლის, რომ მსგავსი ბაზის შექმნა სავსებით შესაძლებელია, რადგან მსგავს ბაზებზე მიმდინარეობს მომზადება მისიების შესასრულებლად.

„მსგავსი პროექტი რუსეთისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, რადგან მსგავსი სასწავლო ცენტრები უკვე არსებობს. მაგრამ ამას მაინც აგრესიულად შეხვდებიან, რადგან რაც ამერიკასთან ასოცირდება, მათ ყველაფერი აღიზიანებთ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ააშშ-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. უნდა გავითავისოთ, რომ ცივი ომის პირობებში გვიწევს ყოფნა და საქართველო არის ამ ცივი ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზღვარი“, - აცხადებს მაისაია.