„წამიერი შეხვედრა“ - ფარცხალაძის „ჯედაის მახვილი“ თორდიას თავზე

„წამიერი შეხვედრა“ - ფარცხალაძის „ჯედაის მახვილი“ თორდიას თავზე

გზებზე შექმნილი საცობის მიზეზით, საგამოძიებო უწყებაში ყოფილი მთავარი პროკურორი 20 წუთის დაგვიანებით, ადვოკატებთან - გაგი მოსიაშვილსა და მერაბ ჩიქოვანთან ერთად მივიდა. ოთარ ფარცხალაძე ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსთან დაპირისპირების საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა. როგორც ცნობილია, ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

ყოფილი მთავარი პროკურორი კლუბ „ელ ცენტროში“ მომხდარი ინციდენტის შედეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა. 3-საათიანი დაკითხვიდან გამოსულმა ფარცხალაძემ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, გამოძიებას მოუყვა ყველა დეტალი.

როგორც მან აღნიშნა, ლაშა თორდიას მიმართ მისი მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. თუ ვინ მიაყენა თორდიას ფიზიკური შეურაცხყოფა, ფარცხალაძის თქმით, ეს თავად გენერალურ აუდიტორს უნდა ვკითხოთ.

„გამოძიებას მოვუყევი ყველა დეტალი, ინციდენტი არ ყოფილა, იყო წამიერი შეხვედრა. ლაშა თორდიას ჰკითხეთ, ვინ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. როგორც ადვოკატმა თქვა, ინციდენტი იყო წამიერი“, - აღნიშნა ოთარ ფარცხალაძე.

ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიებას მიაწოდეს ის ინფორმაცია, რაც საკუთარი თვალით ნახა ოთარ ფარცხალაძემ და აქვე განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს საგამოძიებო უწყებისთვის დასამალი არაფერი აქვს.

გაგი მოსიაშვილი ადასტურებს, რომ ფარცხალაძე მზად არის ნარკოტიკებთან დაკავშირებით შემოწმდეს ნებისმიერ დროს, რადან 13 მაისს ოთარ ფარცხალაძე არათუ ნარკოტიკული თრობის ქვეშ არ იმყოფებოდა, არამედ 4 პიროვნებას, რომლებიც იმ საღამოს კლუბში იმყოფებოდა, მხოლოდ 2 ბოთლი ცქრიალა ღვინო ჰქონდათ შეკვეთილი.

„კონკრეტული მიმტანის განცხადებით, რომელიც ფარცხალაძის მაგიდას ემსახურებოდა, ფარცხალაძეს, მის მეუღლეს, მიხეილ ჩოხელს და მისი დაცვის წევრს აქვთ შეკვეთილი 2 ბოთლი ცქრიალა ღვინო და მირთმეული აქვთ მხოლოდ ერთი ბოთლი ღვინო. ეს დასტურდება მტკიცებულებებით. რაც შეეხება თორდიას, აქაც დასტურდება, რომ პირადად ლაშა თორდია მიირთმევდა მძიმე ალკოჰოლურ სასმელს. ეს ინფორმაცია ჩვენი მხრიდან იქნა მოძიებული, მაგრამ ფაქტია, რომ ამის თქმის საფუძველს ფაქტობრივი გარემოებები იძლევა“, - აცხადებს გაგი მოსიაშვილი.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეზე სავარაუდოდ ხვალ დაიკითხება ყოფილი მთავარი პროკუროის მეუღლე, ასევე მასთან ერთად მყოფი დაცვა და ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მიხეილ ჩოხელი.

„ჩვენ გამოვკითხეთ ყველა, ვინც იყო ამის თვითმხილველი. ჩვენ საუბარი გვაქვს ნეიტრალურ მოწმეებზე. ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით და ნეიტრალურ პირთა მიერ მიცემული ჩვენებებით, ბრალის წარდგენის სამართლებრივი საფუძველი გამოძიებას არ გააჩნია“, - აცხადებს გაგი მოსიაშვილი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას განცხადებით, შარდენზე მომხდარ ინციდენტში ოთარ ფარცხალაძის მეგობარი, ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მიხეილ ჩოხელი მონაწილეობდა. თორდია ამბობს, რომ ჩოხელი ერთ-ერთი იყო, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდა, თუმცა დარწმუნებულია, რომ გამოძიება ისეთ განცხადებას გააკეთებს, რომელიც მის საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული.

„ადვოკატები, რომლებიც იცავენ ყოფილ მთავარ პროკურორს ასეთი მძიმე ბრალდებით და აცხადებენ, რომ თურმე თვითდაზიანება მივიყენე, ნიშნავს, რომ ეს ადამიანები საღ გონებაზე არ არიან. პოლიცია და მთავარი პროკურატურა მობილიზებულია ოთარ ფარცხალაძის სახლში. მიშა ჩოხელი, რომელმაც მე დამარტყა ხელი და ახლა აღარსად ჩანს, არის ფინანსური პოლიციის მაღალი თანამდებობის პირი.

მთელი ეს სამი სამართალდამცავი ორგანო - ფინანსური პოლიცია, შსს და პროკურატურა ჩემს წინააღმდეგ არიან მობილიზებული, რათა ეს ჩვენებები, რომელსაც მხოლოდ მე ვაძლევ, შემოატრიალონ ჩემ საწინააღმდეგოდ. დარწმუნებული ვარ, ისინი იღებენ ჩემგან ჩვენებებს და შემდგომ ბოლოში რაღაც განცხადებას გააკეთებენ, რომელიც ჩემ საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული, რომ თურმე მე თვითონ მივიყენე დაზიანებები.

როგორც ვიცი, 13 მაისის ამსახველი ვიდეოჩანაწერები იმ ღამესვე ამოიღეს და წაიღეს. არ ვიცი საით, ალბათ, ამონტაჟებენ ან რაღაცას უკეთებენ. თუმცა, ესენი ამ ჩანაწერებს არ გამოაქვეყნებენ, რადგან შემდეგ თვითდაზიანების ვერსიას ვერ გაამართლებენ“, - აცხადებს ლაშა თორდია.

თორდია-ფარცხალაძის სკანდალურ საქმეზე კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძე მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, რაც შეიძლება სწრაფად იქნეს გამოძიებული გენერალური აუდიტორისა და ყოფილი მთავარი პროკურორის საქმე. რაც შეეხება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, ეს კომისია, შეიძლება, შეიქმნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვეულებრივი გამოძიება არ დადებს შესაბამის შედეგს.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას და ამის შემდეგ განვიხილივათ სხვა ალტერნატიულ საკითხებს. ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პარლამენტისთვის გამომდინარე იქედან, რომ პარლამენტს აქვს განსაკუთრებული კავშირი აუდიტის სამსახურთან და გენერალურ აუდიტორთან. შესაბამისად, ეს საქმე დარჩება ჩვენი განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილის განმარტებით, გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის დაპირისპირების საკითხზე გამოძიება უკვე დაწყებულია და მნიშვნელოვანია გამოძიება მოკლე დროში ეფექტურად ჩატარდეს, რომ საზოგადოებამ შედეგი შეიტყოს.

„მე არ ვაწარმოებ გამოძიებას. გაკეთდა განცხადება, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. უკვე დაიწყო გამოძიება და ასეთი კატეგორიის საქმეებზე საჭიროა მოკლე დროში ეფექტური გამოძიების ჩატარება და დასრულება, რათა საზოგადოებამ შეიტყოს შედეგები“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიცია აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას კვლავ ითხოვს. სალომე სამადაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია თუ რა ლოგიკით და არგუმენტით იბლოკება პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, როდესაც ფარცხალაძე საკუთარ სახლში არაფორმალურ თათბირებს ატარებს, საგამოძიებო უწყების და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან.

„ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც საღი აზრი აქვს, უნდა ესმოდეს, რომ შექმნილ ვითარებაში თავის მოტყუება, რომ საგამოძიებო ორგანოები მივა რამე ლოგიკურ დასკვნამდე, არის უბრალოდ აბსურდი. პარლამენტის პირდაპირი ვალდებულებაა, გააკონტროლოს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა, განსაკუთრებით, როდესაც არაფორმალური გამგებლის, სამართალდამცავი უწყებების ძალადობის მსხვერპლი გახდა საკანონმდებლო ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი, კონსტიტუციით დაცული საკონსტიტუციო ორგანოს ხელმძღვანელი. შესაბამისად, გაუგებარია, რა ლოგიკით და რა არგუმენტით იბლოკება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ექსპერტის სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ადამიანი, რომელიც საკუთარი საქმიანობით ექვემდებარება მხოლოდ ქვეყნის პარლამენტს და იკვლევს სახლემწიფო სტრუქტურების საქმიანობას, მის წინააღმდეგ რაიმე ძალადობრივი ქმედება, მით უფრო ყოფილი მთავარი პროკურორისგან, რომელის საქმიანობასაც უწყება სწავლობს, მიუღებელია.

„გულდასაწყვეტი ფაქტია, რომელიც მთელი საზოგადოების და ჩვენი საზღვარგარეთელი მეგობრებისთვის არის სირცხვილის მომტანი. ეს არის ქვეყნის თავმოყვარეობის დაბინძურება. ჩემი აზრით, საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს ჩვენი ქვეყნის ერთმა მოქალაქემ, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს. ორივე სუბიექტი, როგორც თავდამსხმელი, ასევე თავდამცველი სწორედ მის მიერ შერჩეული პირები არიან.

დღეს ჩვენ, პრაქტიკულად, მსჯავრდებულის სავარძელში მოვიაზრებთ საქართველოს პროკურატურას და ვულოცავ მათ ისეთ ადვოკატთან თანამშრომლობას, რომელიც გვარწმუნებს, რომ ადამიანი, რომელიც აწესრიგებს ქვეყანაში ფინანსების კანონიერად გამოყენების პროცესს, თურმე თავად მიაყენა ზარალი საკუთარ ჯანმრთელობას.

ეს თემა აუცილებლად იქნება დაკავშირებული ივანიშვილის კადრების პოლიტიკასთან, რადგან, არა თუ მან, არამედ ნახევარმა საქართველომ იცოდა სად იყო და რას აკეთებდა ყოფილი პროკურორი, რატომ ჰქონდა მას მეტი უფლებამოსილება, ვიდრე ფინანსთა მინისტრს, როცა ნაპროკურორალი სუბიექტი ფარცხალაძე ფინანსური პოლიციის და პროკურატურის უხილავი მწყემსი იყო“, - აცხადებს სოსო ცისკარიშივილი.