ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი აცხადებს, რომ ევროპის კავშირი არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ახსნა-განმარტების გაკეთება, გერმანელი დიპლომატის, ჟენევის თანათავმჯდომარის და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის, ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთებული განცხადების გამო მოუწია.
ჰერბერტ ზალბერმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯება მიულოცა და აქვე აღნიშნა, რომ საჭიროა შეიქმნას დოკუმენტი, სადაც მხარეები ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულებას აიღებენ, თუმცა გერმანელ დიპლომატს არ დაუკონკრეტებია თუ რომელ მხარეებზეა საუბარი.
„პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ არჩვენების შედეგები და მინდა მოგილოცოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობის დაწყება. ადვილი არ არის ისეთი გადაკვეთის წერტილების პოვნა, რომელზეც დისკუსიების ყველა მხარე თანხდება. ჩვენ გვაქვს ამოცანა, გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი იმისთვის, რომ გავუადვილოთ ყოფა ხალხს, რომელიც აქ ცხოვრობს. ჩვენ ვსაუბრობთ ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების კონკრეტულ წინადადებაზე და იმედი მაქვს, რომ მალე ამ ტექსტის მიღებას შევძლებთ. თუ გამოვა, ეს იქნება იმპულსი შემდგომი სამუშაოებისთვის“, - განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა.
გერმანელი დიპლომატის ეს განცხადება, ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების მიზეზი გახდა. ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ გერმანელი დიპლომატის განცხადება, არ ნიშნავს ევროკავშირის პოზიციას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დავით დონდუასთან გამართულ შეხვედარაზე ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის კავშირი არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს.
„რასაც ჩვენ ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ბატონ მინისტრის მოადგილესთან ჩვენ ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე ამ სფეროში. ამ შემთხვევაში მე გამოვხატავ ევროკავშირის პოზიციას, კონკრეტულად ვიზიტთან დაკავშირებით კი, მისტერ ზალბერი თავად გააკეთებს განმარტებას“, - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.
გერმანელი დიპლომატის, ჰერბერტ ზალბერის განცხადება მიუღებელი და გაუგებარია საგარეო უწყებისთვის. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ დიპლომატის ქმედებას, სათანადო რეაქცია მოჰყვება ბრიუსელის მხრიდან
„ევროკავშირის მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა განცხადებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, ასევე ევროკავშირი აკეთებს დამგმობ განცხადებებს, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილი აქვს პროვოკაციულ ქმედებებს. ასე იყო ცოტა ხნის წინ, როდესაც ცხინვალის რეგიონში ჩატარდა ე.წ. არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი - ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამოეხმაურა და დაგმო რუსეთის ფედერაციის ეს პროვოკაციული ქმედება საქართველოს ტერიტორიაზე.
ასე რომ, ამ მხრივ ევროკავშირის პოზიცია არ შეცვლილა და როგორც აღვნიშნე, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტის მოგვარებას საერთაშორისო სამართლის პრინციპებით. ის, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ჟენევის თანათავმჯდომარის მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ მიუღებელი და გაუგებარია“, - აცხადებს დავით დონდუა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი განმარტავს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს უშუალოდ ევროკავშირის პოზიციასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნები გაჩნდეს. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ევროკავშირის პოზიცია არის ძალიან მკაფიო და ცალსახა.
„ევროკავშირმა ასევე ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია ე.წ. არჩევნებთან და მის არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით. განცხადებები, რომელიც გავრცელდა მედიით, რა თქმა უნდა, ამ პოზიციასთან შესაბამისობაში არ მოდის, თუმცა, გარწმუნებთ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს უშუალოდ ევროკავშირის პოზიციასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნები გაჩნდეს. ამის თაობაზე დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ასევე გააკეთა ძალიან ცალსახა განცხადება“, - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.
ქართული მხარე ამბობს, რომ გერმანელი დიპლომატის განცხადება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ხელს არ უწყობს როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა დარწმუნებულია, რომ ჰერბერტ ზალბერის განცხადებას შესაბამისი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.
„აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი და ადეკვატური რეაგირება. ჩვენ გვაქვს დიდი მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვნახეთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, როცა ამერიკის მხრიდან მივიღეთ გზავნილები“, - აცხადებს სოფო ქაცარავა.
ჰერბერტ ზალბერის „პერსონა ნონ გრატად“გამოცხადებას ითხოვს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პარლამენტის წევრი, სალომე ზურაბიშვილი, რომლის განცხადებით, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება და ყველასთვის გაფრთხილება.
„განცხადება არა მხოლოდ პრინციპულად მიუღებელია, არამედ საკითხის მიმართ მის უცოდინარობას ავლენს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მორჩილად არ უნდა დაველოდოთ ბრიუსელის რეაგირებას ან რამე მობოდიშებას, არამედ დროულად უნდა მოვითხოვოთ მისი უკან გაწვევა. დიპლომატიას თავის მკაცრი წესები გააჩნია და ამ შემთხვევაში ჰერბერტ ზალბერმა დაარღვია საქართველოს სუვერენობის პრინციპი და ქვეყნის ინტერესებს ზიანი მიაყენა. ამას ერთი პასუხი აქვს - პერსონა ნონ გრატად გამოცხადება. ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება და ყველასთვის გაფრთხილება“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ გერმანელ დიპლომატს სიტყვა წაცდა ან იფიქრა, რომ თავისი განცხადებით რაღაც ურთიერთობას მოაგვარებს, რაც სიღრმისეული შეცდომაა.
„არანაირად არ მინდა მისი ეს გადაცდომა დავუკავშირო ევროკავშირის პოლიტიკას საქართველოში. ეს უსაფუძვლო იქნებოდა. ამ პიროვნებამ ამასთან დაკავშირებით განცხადება უნდა გააკეთოს. მისი განცხადება არაფერს უწყობს ხელს და საქართველოს მიმართ გარკვეულ არაკორექტულ დიპლომატიურ ნაბიჯს დგამს“, - აცხადებს გია ვოლსკი.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი, როგორც წესი, აცხადებენ, რომ ეს გზავნილები არის პირდაპირი შედეგი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკის, რომელსაც უკვე მეხუთე წელია ატარებს. პარტიის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთებული განცხადება არის კატასტროფული და საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე შესაბამისი რეაგირება უნდა გააკეთოს.
„ეს გზავნილები არის პირდაპირი შედეგი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის, რომელსაც უკვე მეხუთე წელია ატარებს „ქართული ოცნება“. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ რეალურად ჟენევის მოლაპარაკების დაკნინება და მისი ნიველირება ხდება სწორედ კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატის პარალელურად.
საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი ხელშეწყობით ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსია არის მოხსნილი საერთაშორისო დღის წესრიგიდან. დღეს ჟენევის თანათავმჯდომარე ღიად და აშკარად ფაქტობრივად აღიარებს დე ფაქტო ხელისუფლების არჩევნების შედეგებს. ეს არის სრულიად კატასტროფული განცხადება. ქართულმა მხარემ ამას უმწვავესი რეაგირება უნდა მისცეს“, -აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.