„კომუნიზმების და რუსეთუმეების გზის“ დასასრული

„კომუნიზმების და რუსეთუმეების გზის“ დასასრული

„ქართული საზოგადოება ეს არის ილია ჭავჭავაძის საზოგადოება და არა ბოლშევიკების და მენშევიკების საზოგადოება! „კომუნიზმების და რუსეთუმეების გზა საქართველოში დამთავრდა!“, - ასე მიმართა საკონცერტო დარბაზში შეკრებილ ახალგაზრდების ჯგუფს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელსაც ახლაგაზრდებმა კონსტიტუციის განხილვის დაწყების შესაძლებლობას არ მისცეს. შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ჩაიშალა.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვების პირველი ეტაპი უნდა დასრულებულიყო. შეხვედრას სტრუდენტები, პროფკავშირების გაერთიანების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თუმცა, დარბაზში დამსწრეთა ნაწილმა ხმაურიანი შეძახილებით, პარლამენტის თავმჯდომარეს საუბრის დაწყების საშუალება არ მისცა.

ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე და სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ხელმძღვანელობდნენ, სკანდირებდნენ, „კონსტიტუცია ხალხს ეკუთვნის“ და აქვე აცხადებდნენ, ისინი ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისებას არ დაუშვებენ. სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა სანდრო ბრეგაძემ, რომელსაც საკონსტიტუციო კომისიის წევრმა მამუკა მდინარაძემ მიკროფონი ჩაურთო და განცხადების გაკეთების საშუალება მისცა.

„თქვენ აკანონებთ ჩვენი მამა-პაპის მიწის გაყიდვას, ჩვენ არ მოგცემთ ამის უფლებას. ქართული მიწა არ გაიყიდება“, - აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ეს არის ტყუილი.

დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე ირაკლი კობახიძემ რამდენჯერმე სცადა საყოველთაო განხილვის დაწყება და მიმართა აქციის მონაწილეებს, რომ შეკრებილი ადამიანებისთვის მიეცათ კონსტიტუციაზე მსჯელობის საშუალება და გაეგონ რა ცვლილებები შედის, კონსტიტუციაში. ამის შემდეგ კობახიძემ დარბაზში მყოფებს მიმართა, რომ დაგეგმილი პროვოკაციებისგან თავი შეეკავებინათ.

ამის შემდეგ კობახიძემ გამოსვლის გაგრძელება სცადა, მაგრამ სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიცეს. დარბაზში მყოფი გარკვეული ჯგუფი კობახიძის მცდელობას, საუბარი დაეწყო, სტვენითა და შეძახილებით შეხვდა. იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის დაწყებას სტვენითა და შეძახილებით შეხვდნენ, „აუდიტორია 115“-ის წევრები იყვნენ.

ჯგუფს, რომელმაც კობახიძეს საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დაწყების საშუალებას არ მისცა, კომუნისტები უწოდა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა. ერთ-ერთმა მოქალაქემ ირაკლი კობახიძე მიმართა, რომ კომუნისტები ხელისუფლებამ უნდა უწოდოს თავისნაირ ხალხს.

„ამოვიღე საჯარო რეესტრიდან კუმისთან დაკავშირებული ამონაწერი. ვიღაც არაბეთის მოქალაქემ, იბრაჰიმ აჰმედამ იყიდა რამდენიმე ათასი ჰექტარი მიწა. თუ რეესტრის ამონაწერი ტყუილია? - კომუნისტები ეძახეთ თქვენნაირ ხალხს“, - აღნიშნა მან, რასაც პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა: „ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა პროვოკაცია. ამაზე ჩვენი კოლეგები საუბრობდნენ შეხვედრის წინ. საქართველოში დამთავრდა კომუნიზმის დრო. არასოდეს არ დაბრუნდება, ჩვენ ვივლით ილია ჭავჭავაძის გზით და კონსტიტუციაც ზუსტად ამას ემსახურება, ქართული საზოგადოება ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაა და არაა ბოლშევიკებისა და მენშევიკების საზოგადოება, ამას ჩვენ არასოდეს დავუბრუნდებით.

საქართველო ივლის ილია ჭავჭავაძის გზით და ამ გზიდან არ გადავუხვევთ. შეგვიძლია დღევანდელი შეხვედრა დახურულად გამოვაცხადოთ.

აქ იყო შეკრებილი 2 ათას 500 ადამიანი, რომელსაც სურდა ინფორმაციის მიღება კონსტიტუციის თაობაზე, თუმცა რამდენიმე ათეულმა კომუნისტმა არ მისცა საშუალება, ასევე გამოვიდა ერთ-ერთი ადამიანი და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ის არის მჭიდროდ დაკავშირებული ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან. კომუნიზმების და რუსეთუმეების ადგილი საქართველოში დამთავრდა. ჩვენ ვივლით ილია ჭავჭავაძის გზით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ, რომლის შეფასებით, განვითარებული მოვლენების ფონზე, ის ვერ ხედავს შეხვედრის გაგრძელების აზრს.

მან კიდევ ერთხელ მიმართა იმ ადამიანებს, რომლებიც სტვენითა და შეძახილებით სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ირაკლი კობახიძის კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი საქართველოში არ არის და ამ სიტყვებით დარბაზი დატოვა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვამდე პროვოკაცია იყო დაგეგმილი და ორგანიზებული იმ ადამიანების მიერ, ვისაც საქართველოში პროგრესი არ აწყობს.

„ეს არის პროვოკაცია, დაგეგმილი და ორგანიზებული იმ ადამაინების მიერ, ვისაც საქართველოში პროგრესი არ აწყობს. მათ შორის შეიძლება გულწრფელი ადამიანებიც იყვნენ და ამიტომ, მე ამ სტუდენტებს მტრებს ვერასდროს ვუწოდებ. ძალიან ბევრი ადამიანი შესაძლოა, გულწრფელად აკეთებს რასაც აკეთებს, მაგრამ ვინც მათ შთააგონებს, რომ ჩაშლით ჯობია ასეთ დემოკრატიულ პროცესში წინსვლა, არის ტყუილი და სახელმწიფოს მტრობა.

უჩვეულო დემოკრატია მივიღეთ, ევროპულ სტილში გადავედით, მაგრამ მაინც მოახერხეს ამ შეხვედრის ჩაშლა. მიუხედავად იმისა, რომ კბილებით გვიწევს იმ კარგი ცვლილების გატანა, რაც აუცილებელია, ჩვენ ამას შევძლებთ და მივიღებთ პროგრესულ, წინმავალ ევროპული ტიპის დემოკრატიას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„აუდიტორია 115“-ის წევრების ქმედებებს დესტრუქციულს უწოდებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. გიორგი კახიანის განცხადებით, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება, მათ შორის კრიტიკული მოსაზრებისაც, მაგრამ გარკვეული ფორმა დაცული უნდა იყოს.

„მართალია, სტუდენტებს რადიკალიზმი ახასიათებთ, მაგრამ ყველაფერს თავისი ნორმა აქვს. აზრის გამოხატვა უზრუნველყოფილია, მათ შორის არსებობს საპროტესტო აქციები, რომელშიც მონაწილეობის მიღება, როგორც სტუდენტებს, ასევე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. დღეს ის ფორმა არ იყო დაცული, რა ფორმითაც მათ საკუთარი მოსაზრება უნდა გამოეხატათ“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვამ დაადასტურა, რომ საერთო სურათი ძალიან მძიმეა და ყველა ნიშანია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სურს ქართველ ხალხს აზრი ჰკითხოს.

„საერთო სურათი ძალიან მძიმეა. ჩვენი ვალია, რომ თუ შევძლებთ, ეს სისტემა შევაცვლევინოთ, ან თუ შეცვლა შეუძლებელი იქნება, მათ რაც შეიძლება დიდი ფასი გადაიხადონ და ძალიან მწარე იყოს პოლიტიკური განაჩენი, რომელსაც ქართველი ხალხი მათ გამოუტანს“, - ამბობს გიგა ბოკერია.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, მიტინგით და განხილვის ჩაშლით რომ კონსტიტუციის პროექტს ვერ შევცვლით, ეს სტუდენტსაც უნდა ესმოდეს, პროფესორსაც და სკოლის მოსწავლესაც. მისი თქმით, პროექტის მიუღებლობა და პროტესტი, თუნდაც მწვავე, არ უნდა ნიშნავდეს ღია პროცესის ჩაშლას, რომლის მიზანი კონსენსუსის გამომუშავებაა.

„კონსტიტუციის პროექტზე რომ ეროვნული კონსენსუსი უნდა შედგეს - უწინარესად, ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს. მიწის საკითხისა და გაუნაწილებელი მანდატების პრობლემის სწორედ გადაწყვეტის გარეშე ასეთი კონსენსუსი ვერ შედგება. ხელისუფლებას სხვა გზა არ აქვს - თუ იგი ამ ორი მთავარი საკითხის გარშემო ხალხთან საერთო ენას ვერ გამონახავს, იგი განწირულია“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.