მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი საქართველოში ვეღარ შემოვა. შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, მოსკოვის ყოფილი მერი ე.წ. შავ სიაში იქნება შეყვანილი.
„ამ ეტაზე რაც მოხდა, განპირობებული იყო იმით, რომ თავის დროზე არ იყო შეყვანილი სიაში. ჩვენ შევიყვანთ მას ამ სიაში და საქართველოში ვეღარ შემოვა“,- განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
ე.წ. შავ სიაში ჩასმის საკითხის კომენტირებისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ე.წ. შავი სია სამართლებრივად არ არსებობს, თუმცა რაღაც ფორმით უნდა შევთანხმდეთ, რომ არსებობდეს არაოფიციალურად.
„სამწუხაროდ, იმ პირობებში ვართ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია და გარკვეული ადამიანები შემჩნეულნი არიან სეპარატისტულ ხელისუფლებებთან კავშირში, მათ შორის, არა მხოლოდ პოლიტიკოსებია, არამედ ბიზნესი და სხვა. ამიტომ ჩვენ პრინციპულად უნდა დავიცვათ ჩვენი პოზიციები და ვთქვათ, რომ ასეთი ადამიანები არიან ჩვენთვის მიუღებელი, „ნონ გრატა“ და ალბათ, რაღაც ფორმით უნდა შევთანხმდეთ, რომ არსებობდეს არაოფიციალურად ე.წ. შავი სია და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად არიან განწყობილი ან ეწინააღმდეგებიან იმ პრინციპებს, რაც არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი. ამიტომ მოგვიწევს ამაზე ფიქრი, საერთო-საჯარო განხილვაც, თუ რა ფორმით შეიძლება ეს გაკეთდეს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე განმარტებით, „ჩვენ არ გვინდა საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან ამოვარდნილად შევქმნათ ჩვენი შიდა მოხმარების დოკუმენტი“.
„ეს ყველაფერი ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ არანაირი პოლიტიკა არ არსებობს“, - აცხადებს იურისტი ლია მუხაშავრია for.ge-სთან საუბრისას. მისივე განმარტებით, არსებობს ინტერპოლის სია, იმ ქვეყანაში ძებნილთა სია და ა.შ. ანუ პირს უნდა ჰქონდეს დანაშაული ჩადენილი და ამისთვის უნდა ეძებდნენ.
„ე.წ. შავ სიამდე ხომ განაცხადეს, რომ ლუჟკოვის შესვლა სამხრეთ ოსეთში ხანდაზმული იყო და ამიტომ ვერ აღვძარით საქმეო?! მაგრამ ეს განცხადებაც მას შემდეგ გაკეთდა, რაც წინა დღეს თქვეს, პასპორტში არანაირი დარღვევა არ ჰქონდა და რატომ უნდა გაგვეჩერებინაო“,- აცხადებს მუხაშავრია და დასძენს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 2008 წელს მიღებული კანონის მიუხედავად, მაინც არ არსებობს რაიმე პოლიტიკა იმ პირების მიმართ, ვინც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპს (ეს სისხლის სამართლის დანაშაულად აღარ ითვლება, რადგან საერთაშორისო ძალისხმევით ამოაღებინეს საქართველოს აღნიშნული კანონიდან).
„თუმცა, არსებობს სუვერენიტეტი. როგორც ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება საკუთარ სახლში შეუშვას მხოლოდ ის, ვინც მას სურს, ისე სახელმწიფოს შეუძლია, მის ტერიტორიაზე აუკრძალოს ვიღაცეებს შესვლა. არ მისცეს ვიზა, ან უვიზო რეჟიმის შემთხვევაში, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ შემოუშვას. ამიტომ, არავითარ შავ ან ყვითელ სიაზე არ არის ლაპარაკი, არსებობს პოლიტიკური ნება რომლის გათვალისწინებით შეუძლია სახელმწიფოს ქვეყანაში შეუშვას ან არ შეუშვას გარკვეული ადამიანები“,- აცხადებს ლია მუხაშავრია.
თუმცა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი შეეცადა, სამართლებრივად განემარტა, რა მოხდა.
როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, თუკი იური ლუჟკოვი აფხაზეთში მომავალ თვეში შევა და ჩვენ ამის შესახებ საჯაროდ შევიტყობთ, ამ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადა აღარ იმოქმედებს და მას ქვეყანაში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას.
ხუციშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, ლუჟკოვის მიმართ კანონით დადგენილი პროცედურების დაწყების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
„იური ლუჟკოვთან დაკავშირებით მოხდა ის, რომ მას პასპორტში არ ჰქონდა არანაირი ჩანაწერი, რითაც მესაზღვრეს ეჭვი გაუჩნდებოდა. სპეციალურ ბაზაში, რომელიც „ოკუპირებული ტერიტორების შესახებ“ კანონიდან გამომდინარე იწარმოება, ლუჟკოვი თავის დროზე შეტანილი არ იყო. ამან განაპირობა პრობლემა, რომ ის მესაზღვრემ ვერ ნახა. არ ვიცი, შემდგომ რატომ არ მოხდა ბაზაში მისი შეყვანა. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადის საკითხს, როდესაც ლუჟკოვის ყოფნის შესახებ საჯაროდ გახდა ცნობილი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, როგორც კი პოლიცია მესაზღვრისგან იღებს ინფორმაციას, სამართლებრივი პროცედურები უნდა დაიწყოს.
სამართლებრივი პროცედურის დაწყება ხდება იმ შეფასების შედეგად, რა ვითარებაც არსებობს. აღმოჩნდა, რომ მანამდე არანაირი დევნა და წარმოება დაწყებული არ იყო და ახლა, როცა იმ მოცემულობის წინაშე დადგნენ, აღეძრათ თუ არა საქმე, ხანდაზმულობა, რაც დადგემილია სსკ-ის 71-ე მუხლით, იმ ხანდაზმულობის ფარგლებში ექცევა 62-ე მუხლი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, აღარანაირად სამართლებრივი საფუძველი არ იყო, რომ რაიმე პროცედურები გაგრძელებულიყო. ამით დამთავრდა ყველაფერი“, - განმარტა შალვა ხუციშვილმა კომიტეტის სხდომაზე.
ვიდრე საქართველოს უმაღლეს ეშელონებში ლუჟკოვის სააქმე ირჩევა, მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას „უგუნურ და გაუგებარ ქმედებას უწოდებს“, - აღნიშნულ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„ეს მიმაჩნია აბსოლუტურად უგუნურ და გაუგებარ გადაწყვეტილებად. ჩვეულებრივ, ასეთი სახის გადაწყვეტილებები ჩნდება რაღაც ქმედებების შემდეგ, რომლებიც მიმართულია საქართველოს ან რომელიმე ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში მე საქართველოში ვიყავი, როგორც ტურისტი. ტურისტულ ჯგუფში ჩვენი მგზავრობა გაფორმებული იყო ქართული ტურისტული სააგენტოს მეშვეობით“, - აცხადებს ლუჟკოვი.
ლია მუხაშავრია: „მართალია საქართველო გაჰყვირის, საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებულიო, მაგრამ კონკრეტული რუსი მოხელეებისა და მაღალი თანამდებობის პოლიტიკური მოხელეების მიმართ, როგორც ლუჟკოვის შემთხვევამ დაგვანახა, არ ყოფილა რაიმე ამკრძალავი ღონისძიება, ან გადაწყვეტილება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები აშშ-სა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ე.წ შავ სიაში არიან შეყვანილი და მათ და მათი ოჯახის წევრებს არ შეუძლიათ ამ ქვეყნებში შესვლა, ანგარიშები დაყადაღებულია და ა.შ. ჩვენ თურმე არანაირი საპასუხო ზომა არ გაგვვაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს აშკარა ომი გამოგვიცხადეს და ჩვენი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციაც მოახდინეს“.
მუხაშავრიას განცხადებით, ეს მეტყველებს, რომ ჩვენ პოლიტიკური მმართველობა ვანდეთ ადამიანებს, რომლებსაც ეს საკითხი არანაირად არ აწუხებთ, თორემ ასეთი ალიაქოთი არ მოხდებოდა ლუჟკოვის შემოსვლასთან დაკავშირებით. მტერ-მოყვარესთან ურთიერთობა სახელმწიფოებრივ დონეზე არ აქვთ გააზრებული და შესაბამისი გადაწყვეტილებები არ აქვთ მიღებული.
„ეს სახიფათოა, რადგან სახელმწიფო მჭირდება იმისათვის, რომ მე და თქვენ არ მოგვიწიოს საზღვარზე დგომა და მტერ-მოყვარის გარჩევა, ვინ შემოვუშვათ ქვეყანაში და ვინ არა.
აშშ-ს კონგრესისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებებით, ანუ საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებით ჩამოთვლილი არიან ადამიანები და მათ მიმართ გატარებული ზომები და როგორც ჩანს, საქართველოს მსგავსი არაფერი გაუკეთებია“, - აცხადებს მუხაშავრია.