იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტს აქვს განზრახვა საკონსტიტუციო ცვლილებები წარმოაჩინოს პერსონალურ კონტექსტში შექმნილ ახალ მოდელად, რაც მისივე თქმით, ძალიან არაკორექტულია. მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ პრეზიდენტი ბოლო ორ განხილვაში თავად მონაწილეობდა და იმ პროცესით, რომელიც ღიაა და პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ დასაბუთების თვალსაზრისით, პრეზიდენტს არ აქვს არანაირი არგუმენტი, გარდა იმ ერთი ფორმულირებისა და პოზიციისა, რომელსაც იმეორებს, რომ ეს განპირობებულია პერსონალური განწყობით.
„პრეზიდენტი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს წაერთვა უფლებამოსილებები, პერსონალური დამოკიდებულების გამო, თითქოს მიღებული იყო არაპირდაპირი არჩევის წესის შესახებ გადაწყვეტილება და წარმოაჩენს ვითარებას ისე, რომ პირდაპირი არჩევნების პირობებში თითქოს გარანტირებული ჰქონდეს გამარჯვება.
მმართველ პოლიტიკურ ძალას, შეუძლია საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარების შემთხვევაში, გაიმარჯვოს მისმა კანდიდატმა და ამასთან დაკავშირებით, არა მგონია, ვინმეს კითხვის ნიშნები უჩნდებოდეს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
უმრავლესობის დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობას შევაფასებთ, ნებისმიერი მოქალაქე მიხვდება, რომ მას პრეზიდენტობის შანსი არა აქვს. დეპუტატი პრეზიდენტს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მარგველაშვილი სააკაშვილის დროინდელ კონსტიტუციას ებღაუჭება, რომელზეც პრაქტიკულად, ყველა აღიარებს, რომ შესაცვლელია, მათ შორის - პრეზიდენტის არჩევის წესი.
„შესაბამისად, ვიზიარებ პათოსს, რომ თუკი საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება, პრეზიდენტობის ათი კანდიდატი რომ გვყავდეს, გიორგი მარგველაშვილი მეათე ადგილზე გავა. დარწმუნებული ვარ, რომ მარგველაშვილს ხელახალი გაპრეზიდენტების შანსი არა აქვს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვანო ზარდიაშვილმა.
უმრავლესობის მიერ პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს იზიარებს ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, რომლის განცხადებით, უმრავლესობის მხრიდან გაკეთებული კრიტიკა დამსახურებულია და პრეზიდენტს ქვეყნის ინტერესების წინა პლანზე წამოწევისკენ მოუწოდებს.
„პრეზიდენტი მარგველაშვილი თუ შეეცდება, რომ წარადგინოს ეს ცვლილებები, როგორც მის წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები, ძალიან საინტერესოა, რომელ მოდელში წარმოუდგენია თავის თავი წარმატებულად?! ეს კრიტიკა დამსახურებულია, რომელიც ქალბატონმა ეკამ გააჟღერა“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავა.
დღის ბოლოს მმართველ გუნდს თავად პრეზიდენტმა გორიდან უპასუხა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად კონსტიტუციის საერთო საყოველთაო განხილვას ესწრებოდა. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ არასდროს დაუანონსებია საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად საკუთარი თავის კიდევ ერთხელ დასახელება და საინტერესოს უწოდებს ფაქტს, რომ მმართველ გუნდში ამაზე საუბრობენ.
„მე არჩევნებში მონაწილეობაზე საერთოდ არ გამიკეთებია განცხადება და პოლიტიკოსი განცხადებას რომ არ აკეთებ და მაინც კეთდება კომენტარები, ეს უკვე რაღაცა ძალიან საინტერესო ვითარებაა. კიდევ ერთხელ, მე არ გამიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებში ვიყრი კენჭს და შესაბამისად, ჩემს არგაკეთებულ განცხადებაზე გაკეთებული კომენტარები უკვე მომწონს“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძისთვის გაუგებარია რატომ დარდობს ხელისუფლება იმაზე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მარგველაშვილი გაიმრჯვებს თუ არა, ან სად არის მისი ადგილი. როგორც ძაბირაძე ამბობს, ამაზე თავად მარგველაშვილმა იდარდოს.
„გამაგებინეთ, რა ხელისუფლების სადარდელია მარგველაშვილი გაიმარჯვებს თუ არა? ვერ გაიმარჯვებს - დააბრალოს თავის თავს. ან აყენებს კი კანდიდატურას? რატომ წუხს ამაზე ბესელია, ჯეჯელავა ან სხვა, არ მესმის. მით უმეტეს, რასაც მარგველაშვილი ითხოვს, რომ პირდაპირი წესით იქნეს არჩევნები, იგივე განაცხადა რამდენჯერმე ხელისუფლებამაც, რომ ის მხარს უჭერს 2018 წლის არჩევნები იყოს პირდაპირი წესით. თუ არ აირჩევენ, არ აირჩევენ და ეგ იქნება, რა პრობლემაა? საერთოდ არ მესმის, რა საჭიროა საკითხის ამდაგვარად დაყენება“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.