ბოლო დღეებში კვლავ გააქტიურდა ევროპელი თუ ამერიკელი ლიდერების მხარდამჭერი, საკმაოდ მწვავე განცხადებები, რომელიც საქართველოს ტერტიორორიულ მთლიანობას ეხება. დონალდ ტრამპის ცნობილი დოკუმენტის შემდეგ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ქართულ მედიასთან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ოკუპაციის პრობლემას:
„გერმანია შეშფოთებით ადევნებს თვალს იმ ფაქტს, რომ რუსეთი არანაირ ძალისხმევას არ მიმართავს, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობდა ხელს. პირიქით, როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში ტენდენცია საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის“, - ნათქვამია გერმანიის მთავრობის სპიკერატის კომენტარში, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წერილობითი კითხვების პასუხად მიიღო.
ამ ფონზე საკმაოდ წარმატებით ხორციელდება საქართველოს პრემიერის ვიზიტი თეთრ სახლში, თუმცა ექსპერტი, სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ საჭიროა, საქართველომაც იაქტიუროს, რათა საერთაშორისო მხარდაჭერამ არსებითი შედეგი გამოიღოს.
სოსო ცინცაძე: პრემიერის აშშ-ში ვიზიტი ძალზე მნიშვნელოვანია და წარმატებული, თავიდან არ იყო გაცხადებული, რომ პრეზიდენტს შეხვდებოდა, მაგრამ ასეთი შეხვედრა შედგა ეს უკვე დიდი პლუსია. ცხადია, რომ საქართველო კვლავ გამოჩნდა აშშ-ს რადარზე; 30 კონგრესმენის წერილი, შემდგომ ტრამპის ხელმოწერილი ფინანსური დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით; შემდეგ ეს შეხვედრა, რომლის სხვა დეტალები ალბათ, მოგვიანებით გახდება ცნობილი... ეს რა თქმა უნდა, კარგია.
თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველო კვლავ გამოჩნდა აშშ-ს რადარზე. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ სწორედ მსგავსი თანამშრომლობა იწვევს რუსეთის გაღიზიანებას. მოსალოდნელია თუ არა სიტუაციის ესკალაცია? სწორედ ამ პერიოდში განცხადებები გაკეთდა სომხეთში რუსული ბაზის გაფართოების შესახებ...
- უშუალოდ საფრთხეს ვერ ვხედავ საქართველოსთვის სომხეთში სამხედრო ბაზა კიდევ უფრო გაფართოვდება თუ არა. თქვენ თუ გულისხმობთ სამხედრო აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, ეს ბაზა საამისოდ გაუფართოებლადაც საკმარისი იქნებოდა.
როგორც 2008 წლის ომმა დაგვანახა, სულაც არ არის აუცილებელი, რომ რუსეთს სამხედრო ბაზა ჰქონდეს რომელიმე მეზობელ ქვეყანაში - როკის გვირაბიდან რამდენიმე საათში შემოიყვანა ჯარი. მით უმეტეს, შავი ზღვიდან სადესანტო ხომალდების შემოყვანაც შეუძლია...
მთავარი ის არის, რომ პოლიტიკურად გავხადოთ შეუძლებელი რუსეთის აგრესია. სამხედრო საშუალებებით რუსეთის აგრესიას შეუძლებელს ვერ გავხდით, რადგან ნატოს წევრები არ ვართ და არც ერთ სახელმწიფოსთან საქართველოს სამხედრო კავშირზე ხელშეკრულება არ აქვს დადებული.
ნუ ავყვებით პოპრიტორიკას, რომ საქართველოს უსაფრთხოება გაიზრდება - უსაფრთხოებას ზრდის ძალზე კონკრეტული ფაქტორები და პირველ რიგში, ეს არის ძალზე ძლიერი სამხედრო მოკავშირე, რომელიც მზად არის, შენი გულისთვის იომოს და არა მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა გამოგიცხადოს. პოლიტიკურ მხარდაჭერას ჯერ არც ერთი ქვეყანა არ დაუცვია აგრესიისგან.
როდესაც ტრამპის ხელმოწერაზე საუბრობს მთელი მედია და პოლიტელიტა, ამ ფონზე ლუჟკოვი შემოდის საქართველოში, დასეირნობს და ამის შესახებ მხოლოდ რუსული წყაროებიდან ხდება ცნობილი. რას ნიშნავს ეს? - აგერ, ამერიკის პრეზიდენტი გვიცავს და ჩვენ არ ვიცავთ საკუთარ თავს! ამ დროს, რა მნიშვნელობა აქვს, სომხეთში ბაზა არის თუ არა?!
აქ კამათია იმაზე, კანონი დაარღვია თუ არა ლუჟკოვმა და ჩვენში არის ხალხი, რომელიც აცხადებს, რომ რა ვქნათ, კი შემოვიდა, მაგრამ ჩვენ, ქართველები სტუმართმოყვარე ხალხი ვართო; ვიღაც მღვდელი კი ფოტოსესიებს აწყობს, როგორ მასპინძლობდა ლუჟკოვს.
ლუჟკოვის ჩამოსვლა პროვოკაციაა? ეს ნიშნავს, რომ ის იგნორირებას უკეთებს ქართულ კანონმდებლობას თუ სხვა დატვირთვის მატარებელია?
- იგნორირებას არ უკეთებს - ლუჟკოვი ჭკვიანი ადამიანია, ყოველ შემთხვევაში, სულელი და ავანტურისტი არ არის, რომ წავიდეს იქ, სადაც არ იცის რა დახვდება - მის წინააღმდეგ რომ მთელი სიმკაცრით აამოქმედონ არსებული კანონი, 4-წლამდე ციხე ემუქრება. გამოდის, რომ მას რაღაც გარანტიები ჰქონდა და ვიღაცის მიპატიჟებით ჩამოვიდა. კომუნისტების დროინდელი აგიტატორი ხომ არ არის, რომ დაუპატიჟებლად ოჯახ-ოჯახ დადიოდეს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ჩუმად ვართ და რაღაც არაფრისმთქმელი თოქ-შოუებით გვინდა გადავფაროთ ეს ყველაფერი.
არავინ იცის, რატომ ჩამოვიდა ლუჟკოვი თბილისში თავის ცნობილ, ბიზნესვუმენ ცოლთან ერთად - ცნობილი მოლიარდერია ელენა ბატურინა. სანამ ამას გამოიძიებენ შეიძლება ლუჟკოვი მოსკოვში იყოს, ბატურინა - ავსტრიაში.
შეიძლებოდა ეს ყოფილიყო პოლიტიკური ვიზიტი? ანუ ხალხში ეძებენ საყრდენს? თუ ბიზნესინტერესები ამ შემთხვევაში პოლიტიკაზე მაღლა შეიძლება იდგეს?
- არის ქვეყნები, რომლებიც ფიქრობენ მხოლოდ დღევანდელ დღეზე, არის ქვეყნები, რომლებიც წარსულით ცხოვრობენ, რადგან დღეს არაფერი აქვთ საამაყო. რატომ მოხდა, რომ ჩვენი პარლამენტის იდეა, 12 აგვისტო უქმე დღედ გამოცხადებულიყო, ჯერ შევიდა პარლამენტში და მერე ჩუმად გაქრა? რომელიმე ჟურნალისტმა იკითხა მეორე მოსმენა რატომ არ შედგა? ხომ ირტყამდა გულში მჯიღს ნუკრი ქანთარია, რომ მეორე კვირას მეორე მოსმენით მივიღებთო? - არც მიიღებენ იმიტომ, რომ ყველაფერთან ერთად მოუმზადებელიც იყო - იმის თქმა მინდა, რომ ჩვენც წარსულს ვუთმობთ-ხოლმე დიდ დროს. ამ დროს კი რაღაც სერიოზული ხდება აწმყოში.
შესაძლოა, ბატურინას დიდი ბიზნეს-პროექტიც კი ჰქონდეს საქართველოში. ან ვინ არის ის მამა სერაფიმე, რომ ამბობს, ლუჟკოვმა ჩვენი სალოცავები მოილოცაო? - ლუჟკოვსა და ბატურინას ერთი სალოცავი აქვთ - ფული.
თუმცა უმრავლესობის განმარტება მოვისმინეთ, რომ ახლა ლუჟკოვის დაპატიმრება გამართლებული არ იქნება, მაგრამ სხვა დროს არ უნდა შემოვუშვათ ქვეყანაში...
- დაპატიმრება მეორე სისულელე იქნებოდა და ამას ზოგიერთი ხისთავიანი ნაციონალი მოითხოვდა, მაგათ ის აღარ ახსოვთ, პუტინს კანონი რომ აქვს მიღებული, რომლის თანახმად, თავისი მოქალაქეების გათავისუფლებისთვის ძალის გამოყენებაც კი შეუძლია...
ჩვენ შეგვიძლია, ხალხს ავუხსნათ, რომ გაუგებრობა მოხდა და მსგავსი აღარ განმეორდება, მაგრამ ისიც უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რა იყო მისი ვიზიტის რეალური მიზეზი... მით უმეტეს, რომ ახლა საქართველოში ტურისტული, სასეირნო ამინდი არ არის და მათაც მიუწვდებოდათ ხელი ამინდის პროგნოზზე... რასაკვირველია, სხვა მიზეზი აქვს მათ ვიზიტს.
ბაიკერების შემოსვლაზეც ატყდა აჟიოტაჟი, ხელისუფლება აცხადებდა, რომ არ შემოსულან, თუმცა რამდენიმე მათგანი 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოჩნდა... ანუ პროვოკაცია რუსეთის მხრიდან საკმაოდ აშკარაა...
- ლუჟკოვის ვიზიტზე უარესი ბაიკერების შემოსვლაა, არავითარ შემთხვევში არ უნდა შემოვუშვათ. ზედაპირზე დევს ვინ არის ზალდასტანოვი თავისი ღამის ბანდიტებით...
რატომღაც, ამ ფონზე სრულიად გაუგებარ და ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს ვისმენთ ქართული მხარისგან, ასე რატომ ხდება, როგორ ფიქრობთ?
- კი, ისიც თქვეს, ლუჟკოვმა პირველი სკოლა გაარემონტაო, მაგრამ მაშინ ლუჟკოვი პოპოვის მოადგილე იყო - პოპოვი ჩამოვიდა - მაშინ შევარდნაძესთან ერთად რაღაც პარტიაში იყო. რასაკვირველია, ის ფულიც შეიჭამა... გარდა ამისა, ლუჟკოვი პუტინს კი არა, მედვედევს დაუპირისპირდა და ამიტომ გადადგა მოსკოვის მერობიდან. პუტინთან მას პრობლემა არ ჰქონია...
დაწყებული დეპუტატიდან, დამთავრებული რიგითი ჩინოვნიკით, ყველა იტყუება, ნარმანიას მოხსენებას რომ ვუსმენდი, ასე მეგონა, ლონდონზე, პარიზზე ან რომელიმე ცნობილ ქალაქზე ლაპარაკობდა და არა თბილისზე, რომელიც ნაგავშია ჩაფლული, ჰაერი ყველაზე ბინძურია და ერთი ქუჩა არ არის ნორმალური. ასეთი საზოგადოება ვართ და ასეთივე მერი და პარლამენტარები გვყავს...
თუ რუსთისგან მოსალოდნელ საფრთხეებს გავითვალისწინებთ, ალბათ მნიშვნელოვანია თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომ აშშ-სთან ერთად საქართველო თავდაცვის უპრეცედენტო პროგრამის განხორციელებას დაიწყებს...
- ძალიან კარგი პროექტია, მაგრამ აქვე იმაზეც უნდა ვილაპარაკოთ, ქვეყნის დაცულობა როგორია. არ არსებობს ასეთი რამ, რომ დღეს უფრო მეტად დაცული ვართ, ვიდრე გუშინ - ამისი თქმა უყვარდა-ხოლმე, საკმაოდ ხშირად, ალასანიას. ეს მცნება ბავშვებისთვისაა - სახელმწიფო ან არის დაცული, ან - არ არის დაცული. ცხონებული ავლიპ ზურაბიშვილის არ იყოს, პერტერბურგში ცოტათი დავაფეხმძიმე ვიღაც ქალიო - ასე ხომ არ არის? როგორც ნახევრადფეხმძიმე ქალი არ არსებობს, ისე არ არსებობს ნახევრადდაცული ქვეყანა.
დღეს ჩვენ პირდაპირი აგრესიის შემთხვევაში საკუთარი ძალებით დაცულები არ ვართ. არც ერთი სახელმწიფო არ გვყავს სამხედრო მოკავშირე, მაგალითად, როგორც სამხრეთ კორეას ან იაპონიას ჰყავს აშშ.
გვინდა ნატო, რომელიც არ გამოდის ამ ეტაპზე, რა უნდა ვქნათ?
- ძალიან კარგია, რომ ტრამპს გაახსენდა საქართველო, მაგრამ ჩვენს დიპლომატიას აქვს იმისი უნარი, რომ თუ რომელიმე ჯუჯა სახელმწიფო აღიარებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, თავად ატეხოს ერთი ამბავი?!
ჩვენს დიპლომატიას პრევენცია არ უნდა გაეტარებინა იტალიაში ღვინის გამოფენაზე რომ აფხაზური ღვინო მიდიოდა? ასეთი ფაქტები ხომ წინასწარ ცნობილია და სხვა თუ არაფერი, რეკლამირება ხდება წინასწარ - ამათ პოსტფაქტუმ ატეხეს ერთი ამბავი, როცა ე.წ. აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის სახელით გამოფენილი ღვინო ნახეს...
ნუთუ იტალიაში საელჩო არ გვაქვს?! ან თუ გვაქვს, ამ საელჩოში იტალიურ მედიას არავინ ადევნებს თვალს? რატომ არ გვეუბნებიან, ისევ არის გამოფენილი ეს ღვინო თუ ამოიღეს? ან საქართველოში რატომ არავის გაუჩნდა იდეა, ამ გამოფენაზე ქართული ღვინო ჩაეტანათ, თუ აფხაზებმა მოახერხეს და თავიანთი მჟავე „ადესა“ ეროვნულ პროდუქტად წარადგინეს?!
ამ სურათიდან, რაც ახლა დავხატეთ, გამოსავალი რა არის?
- ყველა გზას არასწორ საკადრო პოლიტიკამდე მივყავართ. ქუჩიდან ნიშნავენ ელჩებს, ნაცნობობით, ბიძაშვილობით და ა.შ. ადრე უარესი შემთხვევებიც ყოფილა... გამოსავალი ის არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, უარი ვთქვათ ნეპოტიზმზე...