„ფიქტიური პარტიებით მილიონების მითვისების ეპოქა დასრულდა“

„ფიქტიური პარტიებით მილიონების მითვისების ეპოქა დასრულდა“

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ამ ეტაპზე პრეზიდენტის თანამონაწილეობით გრძელდება. კონსტიტუციის ახალი პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას ბათუმის უნივერსიტეტში პარლამენტის თავმჯდომარემ წარუდგინა. შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს და აჭარის მთავრობის წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტები ესწრებიან.

ახალი კონსტიტუციური კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფორმირების პროცესში ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმება აღარ იქნება საჭირო. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს მოქმედი კანონი არის არსებითად გაუმართავი, როგორც იურიდიული, ისე ტექნიკური თვალსაზრისით და აქედან გამომდინარე გადაწყდა კონსტიტუციური კანონის სრულიად ახალი რედაქციის შემუშავება.

საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა. მიზეზი „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის გამოსვლა გახდა, რომელმაც ძირითადი აქცენტები საარჩევნო სისტემასა და პრეზიდენტის არჩევის წესზე გაამახვილა და განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემა იგივეა, რაც მუსოლინის საარჩევნო სისტემა იყო, ხოლო ზეპარტიული პრეზიდენტის მიღებით „ქართული ოცნება“ უმოქმედო პრეზიდენტის ინსტიტუტის შექმნას ცდილობს, რათა პრეზიდენტმა მთავრობას არანაირი უხერხულობა არ შეუქმნას.

ჭიაბერაშვილის ამ განცხადებებს დარბაზში ხმაური მოჰყვა. როგორც დარბაზში მყოფმა ადამიანებმა აღნიშნეს, ჭიაბერაშვილი საზოგადოებას მორალს უკითხავს, რაც მიუღებელია.

„მორალს გვიკითხავთ თუ რას შვრებით? არ ვაპირებ ამ მო10რალის მოსმენას თქვენგან“, - მიმართა ადგილობრივმა მოსახლეობამ ზურაბ ჭიაბერაშვილს.

ბათუმის უნივერსიტეტში კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. ამჯერად ერთმანეთს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაუპირისპირდნენ. როგორც ინაშვილმა განაცხადა, მმართველი გუნდის წევრები მიუთითებენ საბერძნეთისა და იტალიის მაგალითებზე, რაც სრულიად არალოგიკურია. ინაშვილმა იტალიაში მოქმედ საარჩევნო სისტემაზე ისაუბრა და ახალი კონსტიტუციის პროექტი ბერლუსკონის მოდელს შეადარა, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ ეს იყო შეცდომა, რადგან ახალი პროცესი მატეო რენცის სისტემაა. თუმცა ინაშვილმა ამის საპასუხოდ კობახიძეს შეახსენა, რომ რენცი სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებებს გადაყვა, როდესაც იყო ხელისუფლებაში.

„ქართული ოცნება მოხერხებულად და ელასტიურად ცდილობს წაგვართვას ხმები. ყველა ერთხმად ამბობს, რომ არის საფრთხე გადაუნაწილებელ ხმებზე. ამ ცვლილებებით პარტიამ, რომელმაც შესაძლოა ვერც კი მოიპოვოს უმრავლესობა, მიითვისოს ბარიერს მიღმა დარჩენილი პოლიტიკური პარტიების ხმები. რატომ ითვისებთ ამ ხმებს? გეკუთვნით?

ასევე მინდა ყურადღება გავამხვილო საარჩევნო ბლოკების აკრძალვის თემაზე. როდესაც პარტიას ქმნი, ძალიან დიდი ბარიერების გადალახვა გიწევს და ამისთვის ისევე უნდა დაიღალო, როგორც მე დავიღალე. აქედან გამომდინარე, როდესაც ასეთ პარტიებს უკრძალავ ბლოკების შექმნას, როგორ უნდა გებრძლოთ თქვენ, როდესაც თქვენ გაქვთ ფული და თქვენ გაქვთ ადმინისტრაციული რესურსი?“, - მიმართა ირმა ინაშვილმა უმრავლესობას.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას კამათი და ხმაური გამოიწვია საარჩევნო ბლოკების გაუქმებამ. კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ის პარტიები ჩამოთვალა, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, თუმცა საზოგადოებამ მათზე ცოტა რამ იცის. თალაკვაძის მიერ ჩამოთვლილ სიაში მოხვდა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობაც“, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ეს პარტია ნინო ბურჯანაძეს არ ეკუთვნის, რასაც დარბაზში მყოფი „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრების მხრიდან პროტესტი და კამათი მოყვა.

„საქართველოს ქრისტიან-კონსერვატული პარტია“ - ვინ იცის ეს პარტია და მისი ლიდერები ვინ არიან?! ეს პარტია იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 800 ათას ლარს ყოველწლიურად. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, ეს არ არის ქალბატონი ბურჯანაძის პარტია, თქვენი არის „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის“. ორი პარტია გაქვთ თქვენ?! 1 300 000 ლარს იღებთ ყოველწლიურად.

პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, მაჭუტაძის მოძრაობა ყოველწლიურად იღებს ბიუჯეტიდან 285 ათასს. თქვენ გინდათ, რომ ეს ადამიანები იღებდნენ თქვენს გადასახადებს და ხარჯავდნენ ისე, რომ საერთოდ არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდეთ?!“, - მიმართა დარბაზში მყოფ მოსახლეობას არჩილ თალაკვაძემ.

კამათში პარლამენტის თავმჯდომარეც ჩაერთო და აღნიშნა, რომ ბლოკების აკრძალვა სწორედ იმ მიზანს ესმახურება, რომ ბიუჯეტის ფულის მითვისება აღარ მოხდეს ფიქტიური პარტიებით.

„თქვენ გაქვთ ერთი პოლიტიკური პარტია, მაგრამ დაფინანსებას იღებს თქვენი ორი პარტია, რომელთაგან ერთი არის ფიქტიური. ხალხო, ფიქტიური პარტია იღებს თქვენს ერთ მილიონ ლარს წელიწადში, მოგწონთ ეს?! არ მოსწონს ხალხს და თქვენ კიდევ ამის დატოვება გინდათ. ფიქტიური პარტიებით მილიონების მითვისება საქართველოში დამთავრდება. ამას ითვალისწინებს საარჩევნო ბლოკების გაუქმება. ამის გეშინიათ თქვენ, რომ ეს არის ფულის საკეთებელი ინსტრუმენტი 10-20 პოლიტიკოსისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკითხის განხილვაში ჩაერთო საქართველოს პრეზიდენტი. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, შიგნით არის ჩადებული ისეთ ისისტემა, რომელიც ჩემზე და ბევრ ადამიანზე არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის სამართლიანი სისტემა.

„ახლა, როდესაც ამის ლეგიტიმაცია ხდება იმიტომ, რომ ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ ოპოზიციურ პარტიებს, ეს ოპოზიციური პარტიები ხომ არ არიან გასულები მომსახურეობის ზონიდან, ჰკითხეთ ოპოზიციურ პარტიებს, რა უნდათ, როგორ უნდათ მათ რომ ხელი შეუწყოთ.

თუ ჩვენ მათ პრობლემას ვუქმნით და ისინი ამბობენ, რომ 5%-იანი ბარიერიც და ბლოკების შექმნაც არის ჩვენთვის პრობლემა, რა უფლებით ვასწავლი მე მაგალითად ან ირმა ინაშვილს ან ჭიაბერაშვილს მისთვის რა არის უკეთესი?! რატომ ვიცი მე უკეთესად, რატომ არ ვეკითხები ოპოზიციონერებს, თქვენ როგორი სისტემა გინდათ?!“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილბებზე ისაუბრა და ყურადღება პრეზიდენტის უფლებებზე გაამახვილა. პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით დარბაზში შეკრებილებს კითხვით მიმართა, თუ რას ფიქრობენ პრეზიდენტის არჩევის წესზე, რადგან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მოსაზრებების გაგება.

„თქვენ უნდა გკითხოთ და ვიმსჯელოთ, გავაუქმოთ თუ არა პირდაპირი არჩევა. ნომინალურად პრეზიდენტს ერქმევა მთავარსარდალი, მაგრამ ვერც ერთ გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ომის გამოცხადებასთან დაკავშირებითაც კი, პრეზიდენტს მოუვა პრემიერ მინისტრის წარდგინება და პრეზიდენტს დისკრეციაც არ აქვს, გადაწყვიტოს, გამოაცხადოს თუ არა ომი.

როდესაც თქვით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო არ გადაგვესინჯა ტერიტორიული მოწყობის პრინციპები, გულწრფელად გეტყვით, ეს უნდა გადაგესინჯათ სწორედ“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისთვის რამდენიმე საკითხია კონსტიტუციის ახალ პროექტში პრობლემური, მათ შორის საკითხები, რომელიც ეხება პრეზიდენტის მთავარსარდლობას.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ისტორიული უსამართლობის შედეგად ოკუპირებულია ძალიან ძლიერი მეზობლის მიერ. ურთულეს ვითარებაში და ურთულეს გარემოში ვაყალიბებთ ჩვენს სახელმწიფოებრივ სიძლიერეს. ამ ვითარებაში ქვეყნის ჯარისთვის მთავარსარდლის გაქრობა, რომელიც რეალურად ამ კონსტიტუციაში არის, პრინციპულად პრობლემურად მიმაჩნია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პარალელურად, არასაპარლამენტო ოპოზიცია, კერძოდ „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკური პარტია“ პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას უერთდებიან. პარტიის ლიდერის შალვა შავგულიძის განცხადებით, პლებისციტის ჩატარება უსამართლო საარჩევნო სისტემის და ერთპიროვნული მმართველობის დამკვიდრების საშიშროებას შეამცირებს.

„მმართველი გუნდი დღეს შემუშავებული ცვლილებებით კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხზე პლებისციტის ჩატარება გარკვეულწილად შეამცირებს კონსტიტუციური ცვლილებების მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის სურვილების შესაბამისად გატარების საშიშროებას“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

„რესპუბლიკელები“ თვლიან, რომ კონსტიტუცია ადეკვატურად უნდა ასახავდეს საქართველოს მოსახლეობის პრიორიტეტებს. პარტიაში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკურ ხედვას, შესაბამისად, უერთდებიან ევროპული საქართველოს მიერ პლებისციტის ჩატარების მოთხოვნას.

„მოვუწოდებთ, საქართველოს მოქალაქეებს გამოხატონ თავიანთი ნება პლებისციტის დანიშვნასთან დაკავშირებით, რაც შექმნის რეალურ პირობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დანიშნოს პლებისციტი და ამ გზით, მისცეს შესაძლებლობა თითოეულ ადამიანს გამოხატოს საკუთარი ხედვა საქართველოს პრეზიდენტი აირჩეს ხალხის მიერ, პირდაპირი კენჭისყრის გზით, დღეს არსებული წესით, თუ იმ პარტიების მიერ, რომლებმაც გადალახეს ბარიერი აღებული ხმების პროპორციულად“, - ასე ფიქრობენ რესპუბლიკელები.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ და „ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველოს“ სახით, ბოლოს და ბოლოს ერთ მაგიდასთან აღმოჩნდნენ, რაც მოსალოდნელი იყო.

„რაც შეეხება პარალელური პროცესის განვითარებას, მე ვფიქრობ, რომ ეს მათ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება, რათა თავი წარმოაჩინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საკითხის განხილვა. ვენეციის კომისიის დასკვნებსაც ველოდებით და საზოგადოებისთვის ინტერესის საგანს, რასაკვირველია, საკონსტიტუციო ცვლილებები წარმოადგენს. ხელმისაწვდომობა ამ პროცესებთან საკმაოდ ფართოდ არის უზრუნველყოფილი ამ განხილვების პროცესში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.