დონალდ ტრამპი: „დიდი პატივი მქონდა დღეს თეთრ სახლში მივსალმებოდი გიორგი კვირიკაშვილს“

დონალდ ტრამპი: „დიდი პატივი მქონდა დღეს თეთრ სახლში მივსალმებოდი გიორგი კვირიკაშვილს“

ნატოს სამიტის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეხვდა. დონალდ ტრამპმა გიორგი კვირიკაშვილი ოვალურ კაბინეტში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ, მაიკ პენთან ერთად მიიწვია. ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრამდე პრემიერი კვირიკაშვილი მაიკ პენს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხები განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენის მიწვევით იმყოფება.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან მიიღო ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თაობაზე.

„ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენთან. გარკვეულწილად შევაჯამეთ გასული 25 წლის ურთიერთობები. მოგეხსენებათ, ჩვენ ვზეიმობთ ურთიერთობების 25 წლის იუბილეს და ვისაუბრეთ მომავალ 25 წელზე. ჩვენ მივიღეთ ძალიან მყარი გარანტიები აშშ-სთან ყველა მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების კუთხით.

ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა. ჩვენ გვქონდა საუბარი ურთიერთობებზე ყველა მიმართულებით. ეს არის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულება, კულტურული ურთიერთობები, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებაში მომავალი მხარდაჭერა, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, აშშ, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი გააგრძელებს საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას და ეს ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდება მომავალში.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომელიც გაგრძელდა შემდგომ პრეზიდენტთან შეხვედრით. პრეზიდენტის მხრიდან ასევე მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თაობაზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში ეს არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში. აშშ, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი გააგრძელებს საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას და ეს ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდება მომავალში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას „ტვიტერის“ პირად გვერდზე გამოეხამურა აშშ-ის პრეზიდენტი.

„დიდი პატივი მქონდა დღეს თეთრ სახლში მივსალმებოდი გიორგი კვირიკაშვილს, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენთან ერთად“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ამერიკის სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთან მოლაპარაკებები. შეხვედრები გაიმართება სენატში, ასევე შეერთებული შტატების არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამ ვიზიტს უკიდურესად მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან შეხვედრებზე როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილება.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ შეხვედრები იმართება სახელმწიფო მდივანთან და კომერციის მდივანთან. ეს ხაზს უსვამს როგორც პოლიტიკური თანამშრომლობის, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტს. ასევე, ვიხილავთ საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლობას რეგიონში უსაფრთხოების, რეგიონის განვითრების და საერთაშორისო მასშტაბით ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობის კონტექსტში“, – აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

აღსანიშნავია, რომ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი მას შემდეგ ხორციელდება, რაც ამერიკის ადმინისტრაციამ ფედერალურ კანონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ მუხლები შეიტანა. გარდა ამისა, ამერიკელმა კონგრესმენებმა წერილი გაუგაზვენს აშშ–ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რომელშიც აღნიშნულია, რომ უნდა დაჩქარდეს მოლაპარაკება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის დაწყების თაობაზე.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ აშშ-ში დაგეგმილ შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთი იქნება.

„ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეხება ჩვენს ქვეყნას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობას, დემოკრატიის განვითრებას და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზი გაესმევა რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ამიტომ, საუბარი გვექნება ამ მწვავე საკითხებზე“, – აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.