სამი შენიშვნა და სამი ამოცანა - უმრავლესობა და ოპოზიცია ერთმანეთს „შეასკდა“

სამი შენიშვნა და სამი ამოცანა - უმრავლესობა და ოპოზიცია ერთმანეთს „შეასკდა“

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა დაიწყო. საორგანიზაციო კომისიის გასვლითი სხდომების გრაფიკის შესაბამისად, პირველი შეხვედრა ქუთაისში მესხიშვილის თეატრში საკმაოდ ხმაურიანად გაიმართა. დაპირისპირების მიზეზი საარჩევნო სისტემა გახდა - ოპოზიციამ გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნება კიდევ ერთხელ გააპროტესტა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემა მუსოლინის სისტემას შეადარა, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა, რომ მუსოლინთან ძალიან ბევრი ცუდი რამ ასოცირდება, მათ შორის, ადამიანის უფლებების დარღვევა, სასამართლოსა და მედიის მონოპოლიზება, რაც მმართველი გუნდისთვის არ არის დამახასიათებელი.

პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა კონსტიტუციაზე საუბრისას რატომღაც, გაზის ტარიფის გაძვირებაზე გაამახვილა ყურადღება და მმართველი გუნდი „უპასუხისმგებლობასა და დემაგოგიაში“ დაადანაშაულა.

ნაციონალები თუ ყოფილი ნაციონალები რა თქმა უნდა, არსებით თემასაც შეეხნენ. „ახალი საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე ჯერ კიდევ სხდომის დაწყებამდე აცხადებდა, რომ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე დასვამდნენ კითხვებს, რომელიც საარჩევნო სისტემას, პარლამენტის ადგილმდებარეობასა და პრეზიდენტის არჩევის წესს უკავშირდება.

„ჩვენ გვაქვს სამი ძირითადი გზავნილი ხელისუფლებისადმი: პირველი, ქუთაისს ართმევენ საპარლამენტო ქალაქის წოდებას. კონსტიტუციიდან ამოიღეს მუხლი, რომლის მიხედვით ქუთაისი პარლამენტის ადგილმდებარეობად არ არის მითითებული; მეორე და მნიშვნელოვანი არის საარჩევნო სისტემა. არსებული საარჩევნო სისტემა ხელისუფლების უზურპაციაზე მიუთითებს; მესამე კი, პრეზიდენტის არჩევა. მოსახლეობას პრეზიდენტის არჩევის უფლებას ართმევენ. სწორედ ამ საკითხებზე გავამახვილებთ ყურადღებას“, - განაცხადა სხდომის დაწყებამდე სერგი კაპანაძემ.

მოკლედ, ოპოზიცია ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რა ბრალდებებიც წლების მანძილზე „ნაცმოძრაობის“ მიმართ ისმოდა, თუმცა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განმარტებით „ქართული ოცნება“ კონსტიტუციას საკუთარ თავზე არ ირგებს.

უმრავლესობა საკუთარი გულწრფელობის დადასტურებას ვენეციის კომისიისგან ელოდება, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში მათ მიერ შეთავაზებული ხმების განაწილების სისტემის პოზიტიურად შეფასდება.

რაც შეეხება პირველ სხდომას, პოლემიკის გარდა ინფორმაციული ხასიათიც ჰქონდა - ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არადემოკრატიული კონსტიტუცია იცვლება დემოკრატიული კონსტიტუციით და ეს არის მთავარი ამოცანა. კობახიძემ სამი ძირითადი ამოცანა დაასახელა, რასაც ეფუძნება საკონსტიტუციო ცვლილებები.

„მთავარია, ჩამოვაყალიბოთ დახვეწილი მმართველობის სისტემა. მოქმედი კონსტიტუცია უხეშად ეწინააღმდეგება თანამედროვე, ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს, რაც 2010 წელს პირდაპირ დაფიქსირდა ვენეციის კომისიის დასკვნაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, მოქმედი კონსტიტუციით ხელისუფლების დანაწილების პრინციპი არ არის დაცული და ეს ხარვეზი საჭიროებს გამოსწორებას.

უმრავლესობა აცხადებს, რომ მეორე ამოცანაა დახვეწილი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბება. მოკლედ, თუ გვეგონა, რომ ნახევრადსაპრეზიდენტო მოდელი მოქმედებდა, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ დაუხვეწავ საპარლამენტო მმართველობაში გვიცხოვრია.

„ამას განაპირობებს უამრავი ხარვეზი, რომელიც ჩადებულია მოქმედ კონსტიტუციაში. ჩვენი ამოცანაა ამ სისტემის დახვეწა და დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის დახვეწილ სისტემად გარდაქმნა. ამის გარდა მოქმედი კონსტიტუცია არის აბსოლუტურად დაუხვეწავი ტექნიკური და რედაქციული თვალსაზრისითაც კი“, - მიიჩნევს კობახიძე.

მესამე ამოცანაა ერთხელ და სამუდამოდ ისეთი დოკუმენტის შექმნა, რომელიც სახელმძღვანელო იქნება ნებისმიერი იურისტისთვის საქართველოში.

„ჩვენი ახალი რედაქციით, სამივე ამოცანა ზედმიწევნით შესრულებულია“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ ბრალდებებს, უმრავლესობას შესაბამისი განმარტებებიც გააჩნია.

„აღნიშნული საკითხის გადასინჯვა დაკავშირებულია ქუთაისისთვის ახალი ფუნქციის შეძენასთან. ამასთან დაკავშირებით არაერთგზის იყო საუბარი. ამაზე პრემიერ-მინისტმა პირადად აიღო პასუხისმგებლობა. საუბარია ქუთაისისთვის ახალი ფუნქციის შეძენაზე - იგეგმება გრანდიოზული, მრავალმილიარდიანი პროექტი, რომელმაც ქუთაისს ახალი დატვირთვა უნდა შესძინოს. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, ქუთაისი იქნება ბევრად მეტი, ვიდრე საპარლამენტო ქალაქი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ყველაზე მწვავე თემას, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით ათასგვარი სპეკულაცია იყო, მათ შორის იტყუებოდნენ ციფრებში.

„როგორც ჩანს, ჩვენი მოსახლეობის მათემატიკურ უნარებზე დაბალი წარმოდგენა აქვთ. დღევანდელი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში. ახალი რედაქციით სამივე ნიშანი ძალაში რჩება“, - აღნიშნა კობახიძემ.

უმრავლესობის შეფასებით, საარჩევნო ბლოკი უქმდება იმისთვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოყალიბდეს პარტიული სისტემა, რომელიც დღეს არ არსებობს.

„საქართველო არის ზუსტად იმავე მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც იყვნენ ჩეხეთი, ლიტვა, სლოვაკეთი 1992 წელს. დაახლოებით იგივე სიტუაცია 1992 წელს გვქონდა და იგივე სიტუაცია გვაქვს ახლა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რის გამოც საქართველოში პარტიული სისტემა ვერ ყალიბდება, არის საარჩევნო ბლოკი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ დღეს იყოს საქართველოში ე.წ. 20 კვალიფიციური პარტია. საქართველოში რეალურად 20 პარტია არ არსებობს არა თუ 20 კვალიფიციური პარტია. ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ, თუ არ გამოსწორდა ჩვენ 3017 წელსაც ვიქნებით იმავე მდგომარეობაშიც, რა მდგომარეობაშიც ვართ 2017 წელს. ერთხელ და სამუდამოდ, იმისთვის, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი პარტიული სისტემა, უნდა გაუქმდეს საარჩევნო ბლოკების ინსტიტუტი“, - განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიცია თვლის, რომ უმრავლესობის კეთილი ჩანაფიქრის მიუხედავად, შემოთავაზებული კონსტიტუცია, რომელიც ეხება პრეზიდენტსა და პარლამენტის არჩევნებს, დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯია, რასაც, ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, „ევროპული საქართველო“ მხარს არ უჭერს.

შეგახსენებთ, რომ საორგანიზაციო კომისია რეგიონების მასშტაბით გასვლით სხდომებს ყოველდღიურად გამართავს. 11 დღის განმავლობაში - 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, დაგეგმილია განხილვები ქუთაისში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხეში, გორში, თელავში, მცხეთაში, რუსთავსა და თბილისში. განხილვები 15 მაისს დასრულდება.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, რეგიონებში გასვლა, საორგანიზაციო კომისიის მუშაობის პირველ ეტაპს წარმოადგენს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა დაგეგმილია სხვადასხვა ჯგუფებთან.

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვისთვის განსაზღვრულია ერთთვიანი ვადა.

რაც შეეხება ფორმატს, ის არ აკმაყოფილებს „დემოკრატიულ მოძრაობას“. როგორც ამ პარტიის წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი დაფიქსირდეს და არა პარლამენტარებმა ისაუბრონ კონსტიტუციის ცვლილებებზე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის აზრით, პოლიტიკური ოპოზიციის სურვილია, პარლამენტი იყოს დაქსაქსული, ხოლო ქვეყანა დასუსტებული, მმართველობითი თვალსაზრისით.

„ჩვენს ოპონენტებს სურთ, მხარი დავუჭიროთ არჩევნების ისეთ სისტემას, რომლის მიხედვით, პარლამენტში შევლენ ისეთი ჯგუფები, რომლებიც ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღებას ვერ მოახერხებენ. მათ უნდა შექმნან კრიზისი, მათ უნდათ ეს დაიწყონ პარლამენტიდან და სწორედ ამიტომ აწვებიან მთელი ძალით მოდელს, რომლის მიხედვით, ვერც ერთი ძალა ხელისუფლების განხორციელებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. მათ სურთ, პარლამენტი იყოს დაქსაქსული. მათ სურთ, საქართველო იყოს დასუსტებული მმართველობითი თვალსაზრისით და ამ კრიზისებში დაიჭირონ თევზები, რომელსაც წარსულში იჭერდნენ, მაგრამ ეს თევზები ეკუთვნის ხალხს და ამ თევზების დამჭერები პასუხს უნდა აგებდნენ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

აღსანიშნავია, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებით, არჩილ თალაკვაძე საორგანიზაციო კომისიის წევრი არ არის. ამის მიუხედავად, ის ქუთაისის ლადო მესხიშვილი სახელობის თეატრის დარბაზში საორგანიზაციო კომისიის წევრებთან ერთად განხილვას უძღვებოდა. საორგანიზაციო კომისიის წევრი ასევე არ არის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძეც, რომელმაც თალაკვაძის მსგავსად, 7-წუთიანი რეგლამენტით, დარბაზისთვის მიმართვის პროცედურით ისარგებლა.

პარლამენტის რეგლამენტით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტს ოპოზიცია უნდა წარმოადგენდეს. ეს წესი საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილებით დაცულია - დადგენილების მიხედვით, დეპუტატთა შორის ორი უმრავლესობის წევრია, სამი - საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი. ქალაქ ქუთაისში მიმდინარე განხილვის პროცესში კი, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში ოპოზიციას რაოდენობრივად უმრავლესობა აღემატებოდა.

რაც შეეხება პრეზიდენტის ჩართულობას, როგორც ჩანს, ეს ფორმატი მომდევნო სხდომებისას შედგება.

„როდესაც საუბარია საკონსტიტუციო რეფორმაზე, კონსტიტუციის ფუნდამენტურ ცვლილებებაზე, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ჩართულობა იყოს მაქსიმალურად აქტიური“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა. მისივე განმარტებით, ამას ემსახურება პრეზიდენტის ჩართვა საკონსტიტუციო კომისიის მიერ ორგანიზებულ საერთო სახალხო განხილვებში. „ცხადია, მათ შორის ვენეციის კომისიის დასკვნა არის განსაკუთრებით ღირებული ამ პროცესში“,- განაცხადა აბაშიშვილმა.

საკუთარი დამოკიდებულება საყოველთაო განხილვისადმი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმაც გამოხატა, რომელიც საქართველოს სტუმრობს. მისი განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საკონსტიტუციო რეფორმაზეც ისაუბრეს. ჰანმა მოუწოდა პრემიერს, რომ საკონსტიტუციო რეფორმაზე მაქსიმალურად ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი დიალოგი განახორციელოს.