მონა, მანქურთი, მექრთამე - სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდა. დაპირისპირება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვანო ზარდიაშვილსა და უჩა ნანუაშვილს შორის გაიმართა. დაპირისპირება მოსამართლეების შეურაცხყოფისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას მოჰყვა.
ამ საკითხზე უჩა ნანუაშვილისათვის შეკითხვის რამდენჯერმე დასმის შემდეგ, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეთა მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში სახალხო დამცველის ჩართვა იგეგმება. პასუხად უჩა ნანუაშვილმა, ზარდიაშვილს წარსული შეახსენა.
„თქვენი ეს გამოსვლა მეტყველებს თქვენს სუბიექტურ დამოკიდებულებაზე სასამართლო სისტემის მიმართ. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, თქვენ 2012 წლამდე მუშაობდით თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერად. სწორედ იმ წლებში, როდესაც ყველაზე მეტი ფაქტები არსებობდა, იმის რომ გადაწყვეტილებები იყო უკანონო.
გამამართლებელ განაჩენთა რაოდენობა იყო 0,1%. თქვენი თანამშრომლები, მანდატურები გიჩიოდნენ და გადანაშაულებდნენ ზეწოლაში. მათი განცხადებით, თქვენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციაზე წასვლას უკრძალავდით“, - ასე მიმართა ნანუაშვილმა ზარდიაშვილს. ამის პასუხად კი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველი რელსებს აცდა.
„სასამართლოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში თქვენს ჩაბმაზეა საუბარი. აგიხსნით ახლა რა არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია? - რომ გაკეთდეს გადაცემა სათაურით - „როგორ ფლანგავს უჩა ნანუაშვილი ხალხის ფულს“, ნაჩვენები იქნება 140 ათას ლარიანი მანქანა, რომელიც თქვენ იყიდეთ თქვენი მოადგილისთვის.
შემდეგ როგორ არღვევს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებებს და ნაჩვენები იქნება შრომითი დავა და სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც თქვენ დაარღვიეთ ადამიანის უფლებები სასამართლოში. ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, რასაც ეწევიან სასამართლოს მიმართ“, - განაცხადა დავით ზარდიაშვილმა.
ამის საპასუხოდ უჩა ნანუაშვილმა დეპუტატი სახალხო დამცველის დისკრედიტაციაში და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ზარდიაშვილის მხრიდან ადგილი აქვს სახალხო დამცველის დისკრედიტაციას.
„ტყუილს ამბობთ თქვენ. გაცილებით ნაკლები ღირებულების მანქანა იყო. წინა შეხვედრაზე თქვენ საუბრობდით, თითქოს სუბიექტური მიდგომები ჰქონდა სახალხო დამცველს სასამართლო სისტემის მიმართ. საუბრობდით იმ ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც დავა ჯერ არ დასრულებულა. ის გასაჩივრებულია მეორე ინსტანციაში. თქვენი დღევანდელი გამოსვლა კიდევ ერთხელ მეტყველებს თქვენს სუბიექტურ დამოკიდებულებაზე სასამართლო სისტემის მიმართ.
თქვენი მეუღლე ასევე მუშაობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად, რომელსაც ევალება მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების მართვა. აქედან გამომდინარე, გასაგებია ჩემთვის რატომაა თქვენთვის მიუღებელი ჩვენი არაერთი რეკომენდაცია, რომელიც ეხება სწორედ კონკრეტული დარღვევების გამო, მოსამართლეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას“, - უპასუხა უჩა ნანუაშვილმა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, სადაც სახალხო დამცველი დეპუტატებს 2016 წლის ანგარიშს აცნობდა, დაპირისპირების მიზეზი გახდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმე. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკეს.
„ჩვენ მოგვწონს თუ არა, ეს არის დემოკრატიის ნაწილი. მოსამართლეები არ არიან ნაზი ყვავილები, რომ დაჭკნენ მწვავე კრიტიკისგან, ეს კანადის უზენაესი სასამართლოს სიტყვებია. სასამართლოს ინტერესშია, რომ კრიტიკა მაქსიმალურად გახსნილი იყოს“, - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ზარდიაშვილმა უპასუხა:
„მოსამართლის შეურაცხყოფა საიდანაც მოდის, ვიცით. ეს არის, ჩვეულებრივად, რომ შეთანხმდეს მაგალითად, რომელიღაც პოლიტიკური გუნდი, ერთ-ერთი მედიასაშუალება და მიზანმიმართულად ყოველდღე იზრუნონ იმაზე, რომ სასამართლოს იმიჯი დაანგრიონ, მიმდინარეობს ეს პროცესი, შეურაცხყოფა მიზანმიმართული, დაგეგმილი ერთ-ერთ ოფისში, არის თუ არა მისაღები?!“, - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
სახალხო დამცველის ანგარიშში კორცხელისა და ბათუმის ინციდენტები მოხვდა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ორივე შემთხვევაში სიტუაციის გამწვავებას ხელი დაგვიანებულმა რეაგირებამ შეუწყო და აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტების პრევენციაზე მეტი რესურსი უნდა იყოს მიმართული. სახალხო დამცველის ანგარიში სხვადასხვა უწყების, მათ შორის, პროკურატურის მიმართ რეკომენდაციებს შეიცავს. სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე გაუთქმელობის ხელწერილი უნდა გაუქმდეს. უჩა ნანუაშვილი მხარეთა არათანაბარ პირობებში ყოფნაზე საუბრობს.
„ვითხოვთ, რომ გაუქმდეს ე.წ. გაუთქმელობის ხელწერილი და მეორე მხარესაც მიეცეს უფლება ისაუბროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრალდების მხარე ყველა მეთოდის გამოყენებით საუბრობს, ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა საქმის დეტალები გაახმაუროს. რა თქმა უნდა, ეს ბადებს ეჭვებს, ხომ არ არის გამიზნულად ზეწოლის მოხდენის მიზნით ეს პროცესი“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველის რეკომენდაციებს არ იზიარებს მთავარი პროკურორის მოადგილე და ფიქრობს, რომ რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა, ძალიან შორს არის ობიექტურობისაგან.
„ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, სახალხო დამცველმა ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა ამ მიმართულებით და ის გვევლინება მიკერძოებულ მხარედ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომენტარებს აკეთებს იმ ფონზე, როდესაც არანაირი ინფორმაცია არც კი ჰქონდა გამოთხოვილი პროკურატურისგან და არც კი აინტერესებდა. ომბუდსმენი საკუთარ უფლებამოსილებას სცდება“, - განაცხადა გიორგი გოგაძემ.