„ქვეყანა რომ კრიზისშია, ნათელაშვილის გამოსვლა აშკარად მეტყველებს ამაზე“

„ქვეყანა რომ კრიზისშია, ნათელაშვილის გამოსვლა აშკარად მეტყველებს ამაზე“

ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ნათელაშვისეული ხედვა ასეთია - პრეზიდენტმა გამოაცხადოს გადადგომა, რაც გამოიწვევს ორ თვეში ახალ საპრეზიდენტო სახალხო არჩევნებს. შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს. მშრომელთა პარტიის ლიდერის განცხადებით, თუ გადამწყვეტი ნაბიჯები არ გადაიდგა, ქართველ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება წაერთმევა. ამ სიტუაციაში ნათელაშვილის შეფასებით, ერთადერთი გამოსავალი პრეზიდენტის გადადგომაა.

„ეს ქვეყანა ჩავარდნილია უმძიმეს სახელმწიფოებრივ, პოლიტიკურ და კონსტიტუციურ კრიზისში. ოლიგარქმა, რომელმაც მანამდე არჩევნების საყოველთაო გაყალბებით მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია, ამჯერად გადაწყვიტა ჩვენს ხალხს სამუდამოდ წაართვას პრეზიდენტის არჩევის უფლება და იგი ამ გეგმას შეასრულებს, თუ არ გადაიდგა გადამწყვეტი ნაბიჯები.

პირველ რიგში, მოვუწოდებ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, ბატონ მარგველაშვილს, გამოაცხადოს გადადგომა, რაც გამოიწვევს ორ თვეში ახალ საპრეზიდენტო სახალხო არჩევნებს. კონსტიტუციის პროექტში ჩაწერილი გახლავთ, რომ 2018 წელს ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე, შედის ძალაში ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლების წართმევა“, - ასეთია შალვა ნათელაშვილის გეგმა.

ნათელაშვილის გეგმას ჯერჯერობით უკომენტაროდ ტოვებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ოპოზიცია, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მარგველაშვილის გარემოცვა განიხილავს პრეზიდენტის გადადგომის ვერსიას და, რომ პრეზიდენტის და თვითმმართელობის არჩევნები დაინიშნოს ერთად. ასეთ შემთხვევაში კი, მაგრველაშვილი მოგვევლინება არასაპარლამენტი ოპოზიციური სპექტირის საპრეზიდენტო კანდიდატად.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ღიად დაადანაშაულა ქვეყნის საწინააღმდეგო დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმაში. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ჰქონდა შეხვედრა პარტიებთან, ექსპერტებთან და ისინი შეთანხმდნენ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე. კობახიძის განცხადებით, ეს სამოქმედო გეგმა შეიცავს დესტრუქციულ ელემენტებსაც.

„ჩვენ ყველა რამდენიმე დღეში ვნახავთ, როგორი შეიძლება იყოს ეს დესტრუქციული ელემენტები, რაზეც, სამწუხაროდ, შეთანხმდნენ საქართველოს პრეზიდენტი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიები. იმედი მაქვს, რომ ეს გეგმა ძალაში არ დარჩება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სამოქმედო გეგმის პირველი ნაწილი კი ასეთია - ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებენ, იმ მოტივით, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური და ეკონომიკური მგომარეობაა, შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი და ამიტომ პრეზიდენტი ვალდებულია იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

თუმცა კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ არ იმუშავებს ის, რაც ახლა ხდება. მისი თქმით, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა დამოკიდებული არ არის პრეზიდენტის გადადგომა-არგადადგომაზე.

„იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი გადადგება, 45 დღეში უნდა დაინიშნოს არჩევნები, ეს არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კონსტიტუციით, ეს არის მხოლოდ. სხვა მხრივ, პრეზიდენტის გადადგომა ვითარებას არ შეცვლის. პრეზიდენტს არ გააჩნია ისეთი უფლებამოსილება, რომ ქვეყანაში პროცესები წარმართოს. ძალაუფლება არის პრემიერის ხელში, ვერ გეტყვით პრეზიდენტის გადადგომა როგორ გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკას სჩვევია კატასტროფის მოლოდინი, რასაც ამ შემთხვევაში ყურადღება არ უნდა მიექცეს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მარგველაშვილისთვის მომგებიანი იყოს იმ დროისთვის გადადგომა, როცა პოლიტიკური ჯგუფები არ იქნებიან მზად საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

„ქვეყანა რომ კრიზისშია, ნათელაშვილის გამოსვლა აშკარად მეტყველებს ამაზე. საერთო სახალხო არჩევნებით მარგველაშვილი აირჩა პრეზიდენტად იმდენად, რამდენადაც ის ივანიშვილის გუნდში იყო, მაგრამ ახლა რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, მოსახლეობა მარგველაშვილს ხმას მისცემს მისი პირადი პოლიტიკური რეიტინგის საფუძველზე.

არის თუ არა, ეს პოლიტიკური რეიტინგი საკმარისი საჭირო ხმების მოგროვებისთვის, ამას ცხოვრება გვიჩვენებს. შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი, იმიტომ, რომ სხვა პოლიტიკური ლიდერების რეიტინგი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მარგველაშვილისნაირი პოპულარული პიროვნება კონკურენციას შეუშინდეს. შეიძლება ამ ჩანაფიქრში იყოს რაღაცა რაციონალური, თუ მოვაშორებთ იმას, რომ ქვეყანა ინგრევა“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტმა ჩააგდო ადგილობრივი არჩევნების პროცესი, ასეთ შემთხევაში ქვეყანა შევა პოლიტიკურ ჩიხში.

„დღეს უკვე ვართ პოლიტიკურ კრიზისში. როცა მარტო რჩება მმართველი პოლიტიკური პარტია, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური კრიზისი, პოლიტიკური კრიზისია პრეზიდენტსა და მმართველ პოლიტიკურ ძალას შორის. ამავე დროს ოპოზიციურ პარტიაში არის დიდი დაპირისპირება. „ნაცმოძრაობა“ გაიყო ორ ნაწილად, დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა და პოლიტიკური ოპოზიციის ველი არის მოცარიელებული. პრეზიდენტმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება და რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან ერთად შექმნას თავისი პოლიტიკური კოალიცია, ამის პოტენციალი მას გააჩნია, მით უმეტეს, რომ დავით უსუფაშვილი იწყებს თავისი მოძრაობის ჩამოყალიბებას და ბუნებრივია, აქ შეიძლება გამოიკვეთოს საერთო ნიშნები პრეზიდენტსა და იმ პოლიტიკურ ძალას შორის, რომელიც ახლა იკრიბება“, - ამბობს ვახტანგ მაისაია.