უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტის განხილვას იწყებს, ოპოზიცია პლებისციტის ჩასატარებლად ხელმოწერებს აგროვებს

უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტის განხილვას იწყებს, ოპოზიცია პლებისციტის ჩასატარებლად ხელმოწერებს აგროვებს

კონსტიტუციის ახალი კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად წარედგინა. საქართველოს ახალი კონსტიტუციის შექმნა ბიუჯეტს 40 000 ლარი დაუჯდა. ეს მაშინ, როდესაც წინა კომისიის ხარჯებმა 360 000 ლარი შეადგინა, თუმცა ირაკლი კობახიძის შეფასებით, შედეგი იყო ნულოვანი. საქართველოს კონსტიტუცია სრულიად ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა. კონსტიტუციის თითქმის ყველა მუხლი გადასინჯულია და ამ ცვლილებების 80-85% ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოს წინადადებებს ეფუძნება.

რაც შეეხება პროცედურებს, რომელიც საკონსტიტუციო ცვილებების პროექტმა უნდა გაიაროს ასეთია - უკვე ივნისში დაიწყება დოკუმენტის საპარლამენტო განხილვები. სწორედ ივნისის თვის განმავლობაში, მოქმედი რეგლამენტის თანახმად, ორი მოსმენა შედგება და უკვე მომდევნო სესიაზე, მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, ოქტომბერში მიღებული იქნება კონსტიტუციის გადასინჯვის საბოლოო კანონპროექტი.

ეს ცვლილებები ამოქმედდება კონსტიტუციის არსებული რედაქციის თანახმად, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ რედაქციით, მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება პირდაპირი წესით, ანუ 6 წლით ხდება ახალი მმართველობის სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების გადავადება. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, 2020 წელს უკვე პროპორციული სისტემით ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ერთადერთი საკითხი, რაზეც ვენეციის კომისიას, შესაძლოა, დამატებითი მსჯელობა ჰქონდეს, ე.წ. ბონუსის ელემენტია, გამომდინარე იქიდან, რომ ბონუსი არის მხოლოდ ევროკავშირის 2 ქვეყანაში აპრობირებული. რაც შეეხება ქორწინების კონსტიტუციაში განსაზღვრის საკითხს, რაზეც დისკუსია იყო კომისიის შიგნით, პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს მოლოდინი, რომ ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციაში განსაზღვრასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას უარყოფითი დასკვნა ექნება.

კიდევ ერთი საკითხი რაზეც ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა საარჩევნო სისტემა იყო. კობახიძის განცხადებით, მომავალ პარლამენტში მხოლოდ იმდენი ფრაქცია შეიქმნება, რამდენი სუბიექტიც ბარიერს გადალახავს. მისი თქმით, დღეს არასწორი პრაქტიკაა ჩამოყალიბებული საქართველოს პარლამენტში. რეალურად არის ოთხი სუბიექტი პარლამენტში წარმოდგენილი და ჩამოყალიბებულია 11 საპარლამენტო ფრაქცია, რაც მთლიანად წინააღმდეგობაშია ევროპულ ტრადიციებთან.

„ჩვენ გვინდა, რომ კონსტიტუციის დონეზე მოვაწესრიგოთ ეს საკითხი და მომავალ პარლამენტში რამდენი სუბიექტიც გადალახავს ბარიერს, იმდენი ფრაქცია შეიქმნება. ამ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიის შიგნით სრული კონსენსუსი შედგა. პარლამენტის ნაწილში ძლიერდება ოპოზიციის უფლებები სხვადასხვა კუთხით.

ამ კონტექსტში გამოვყოფდი საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლებას. დღეს უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას საგამოძიებო კომისის შექმნის თაობაზე და ეს უფლება იქცევა უკვე უმცირესობის უფლებად. კერძოდ, პარლამენტის წევრთა 1/3-ს შეეძლება საგამოძიებო კომისიის შექმნა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პარტიებს შორის ასეთი დაპირისპირება თავსებადია, თუმცა შემაშფოთებელია, რომ ამ ყველაფერს წარმართავს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ზეპარტიული ფიგურა უნდა იყოს. მისი თქმით, არადემოკრატიული კონსტიტუციის დემოკრატიულად შეცვლაში, მათ ხელს ვერ შეუშლის ის არასწორი კამპანია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის თაოსნობით, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად წარიმართება.

„არაერთხელ გავუწოდეთ ხელი საქართველოს პრეზიდენტს, მათ შორის, არაერთხელ შევთავაზეთ მათი წარმომადგენლების ჩართვა სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიაში. ჩვენ დღესაც ვართ მოწადინებული, გვქონდეს კონსტრუქციული თანამშრომლობა სახელმწიფოს მეთაურთან, თუმცა დღემდე ვიღებთ ცივ უარს. პირიქით, არის საწინააღმდეგო ტენდენცია. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ჰქონდა შეხვედრა პარტიებთან, ექსპერტებთან და ისინი შეთანხმდნენ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე. ეს სამოქმედო გეგმა შეიცავს დესტრუქციულ ელემენტებსაც. ჩვენ ყველა რამდენიმე დღეში ვნახავთ, როგორი შეიძლება იყოს ეს დესტრუქციული ელემენტები, რაზეც, სამწუხაროდ, შეთანხმდნენ საქართველოს პრეზიდენტი და კონკრეტული პოლიტიკური პარტიები. იმედი მაქვს, რომ ეს გეგმა ძალაში არ დარჩება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში დაუდგეს გვერდში საქართველოს პარლამენტს. ამასთან, კობახიძის თქმით, თუ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქცია არ შეესაბამება მის ხედვას, აქვს სრული უფლება, ვეტო დაადოს კონსტიტუციურ კანონს. ირაკლი კობახიძის სკანდალურ განცხადებაზე სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და პოლიტიკური კულტურის პრინციპებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კომენტარს აღარ გააკეთებს.

„უკვე მერამდენედ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ისმის საკმაოდ მძიმე ბრალდებები საქართველოს პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ. ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მოსახლეობასთან კონსტიტუციურ საკითხებზე მსჯელობა დესტრუქციული ქმედება ჰგონია“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მმართველი გუნდი ახალი კონსტიტუციის განხილვისთვის ემზადება, თუმცა „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით დღეიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. დავით ბაქრაძე მოუწოდებს პარტიებს და პრეზიდენტს, შემოუერთდნენ ამ კამპანიას და ერთობლივად დაიწყონ მზადება პლებისციტისთვის, რომ ხელისუფლებამ ვეღარ შეძლოს ხალხის აზრის იგნორირება და საზოგადოებას ჰქონდეს ისეთი კონსტიტუცია, როგორიც უნდა.

„სამწუხაროდ, ჩვენს შეთავაზებას პლებისციტის შესახებ, როგორც მოსალოდნელი იყო, არანაირი გამოხმაურება არ მოჰყვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან. სწორედ ამიტომ, ვაცხადებთ, რომ ხვალიდან „ევროპული საქართველო“ იწყებს კამპანიას „კარდაკარ“ - ჩვენ მივალთ თითოეულ ოჯახში და მოვაგროვებთ ხელმოწერებს პლებისციტის დასანიშნად.

ისეთ ვითარებაში, როდესაც ქართველ ხალხს კითხვის გარეშე, პოლიტიკური კონსესუსის გარეშე ართმევენ ძირითად უფლებას, ართმევენ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის უფლებას, როდესაც საპარლამენტო არჩევნების სისტემა იქნება მორგებული მმართველი პარტიის ინტერესებზე და ამ საკითხზე არ ჩანს არანაირი თანხმობა, ასეთ პირობებში, მთავარი სიტყვა ეკუთვნის ქართველ ხალხს.

ამიტომ ჩვენ ვიწყებთ კამპანიას - „კარდაკარს“ იმ მიზნით, რომ მოვაგროვოთ ხელმოწერები და დავაფიქსიროთ ქართული საზოგადოების ხმა. მზად ვართ დავეთანხმოთ საზოგადოების აზრს. როგორიც იქნება მისი აზრი, დავეთახმებით, მხარს დავუჭერთ ამ მოსაზრებას“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

უკვე ცნობილია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარს არ დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობა“. სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ საზოგადოებას შესთავაზა მოდელი, რომელიც მთლიანად არის მორგებული მათ დღის წესრიგზე.

„ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენთვისაც სრულიად შემაშფოთებელია ის, რომ სამწუხაროდ, ჩვენ გვართმევენ უფლებას ავირჩიოთ სახელმწიფოს მეთაური პირდაპირი არჩევის გზით. ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს სრული კონსენსუსი საზოგადოებაში ამ საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ. დღეს იწყება ფაქტობრივად, საზოგადოებრივი მოძრაობა კონსტიტუციის პროექტის გადასახედად და შესაჩერებლად.

ვფიქრობ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება ბოლომდე წავიდეს დაპირისპირებზე მთელ ქართულ საზოგადოებასთან, მთელ პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრთან და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მათ მოუწევთ გადახედვა ამ პროექტის, რადგან კონსტიტუციამ უნდა დააწესოს თამაშის ის წესები, რომელიც მისაღები იქნება ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქალაქისთვის, რომელიც ასახავს საზოგადოების ინტერესებს და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესებს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამოქალაქო მოძრაობის „დაიცავი კონსტიტუცია“ წევრებმა - საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ექსპერტებმა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საგანგებო დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დეკლარაციაში წარმოდგენილია 8 საკითხი, რომელიც ხელმომწერებისთვის პრინციპულად მიუღებელი და დაუშვებელია. „დაიცავი კონსტიტუციას“ წევრებისთვის დაუშვებელია საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული შემდეგი ცვლილებები. როგორც „ახალი მემარჯვენეების“ წევრმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, დეკლარაციის მიზანია შეაჩეროს „ქართული ოცნების“ ერთპიროვნული ნების დემონსტრირება.

„დღევანდელი დეკლარაცია მოქმედების დასაწყისია. შეხვედრებს გავმართავთ ყველასთან - საქართველოს მოსახლეობასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან. დაუშვებელია ერთი პარტიის მიერ მიღებული კონსტიტუცია“, - აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.