უსუფაშვილის ცენტრისტული პარტია სახელისა და სახეების გარეშე

უსუფაშვილის ცენტრისტული პარტია სახელისა და სახეების გარეშე

დავით უსუფაშვილის გაზაფხული ნაწილობრივ შედგა. პოლიტიკაში ბრუნდება, მაგრამ სახეებისა და პოლიტიკური პარტიის გარეშე. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ახალი პარტია თვითმმართველობის არჩევნების ფონზე შეიქმნება და ეს იქნება ცენტრისტული პარტია, რომელიც სხვადასხვა ფლანგებიდან რაციონალურ დოქტრინებს გამოიყენებს ქვეყნის აღმშენებლობისთვის.

პარტიის მთავარი ამოცანა იქნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და კოალიციური მთავრობის ფორმირება. უსუფაშვილი ამბობს, რომ ფორმირების პროცესში მყოფ პოლიტიკურ ძალას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი ეყოლება, თუმცა კანდიდატის ვინაობა ჯერ არ დასახელებულა. უსუფაშვილმა არ უპასუხა კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ თავად იყაროს კენჭი თბილისის მერობის კანდიდატად.

„მე დღეიდან ვბრუნდები პოლიტიკაში, ვბრუნდები იმისთვის, რომ ვაკეთო საქმე უკეთ იმ თანამოაზრეებთან ერთად, ვინც მზად არის ქვეყნის სამსახურისთვის. მე არ ვაპირებ გვერდში ამოვიყენო 10-12, ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი სახე, სადმე ამაღლებულ ადგილზე და იქიდან შეგპირდეთ ქვეყნის გადარჩენას. მოგახსენოთ, რომ ჯადოსნური ჯოხი გვიპყრია ხელში. არა, ჩვენ ჯადოსნური ჯოხი არ გვაქვს ხელში. ჩვენ ჯადოსნური წრიდან ამოსვლას ვთავაზობთ საზოგადოებას ერთად. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და კოალიციური მთავრობის ფორმირება.

ამისთვის ვიქნებით მზად და არა ერთპარტიულობისთვის. დაინტერესებული ვიქნებით პოლიტიკური ოპონენტების სიძლიერით და მოწადინებული ვიქნებით იმისთვის, რომ კონკურენცია იყოს მაღალი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას სამოქალაქო პარტნიორობა სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის, ისევე როგორც ეს გაკეთდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობის დროს.

„მორიგი „სახალხო ლაშქრის“ შეკრება ხელისუფლების დაუყოვნებლივ შესაცვლელად კვლავ ჩიხამდე მიგვიყვანს და ხელისუფლების სათავეებთან უნდა მოვიდეს არა მორიგი „მხსნელი“, არამედ კომპეტენტური, პასუხისმგებლიანი, ეროვნულ და ევროპულ კულტურულ-პოლიტიკურ ნიადაგზე მდგარი ახალი პოლიტიკური ძალა.

პოლიტიკური ლიდერების ცვლილება არასაკმარისია და აუცილებელია იმ დესტრუქციული პოლიტიკური სისტემის შეცვლა, რომლის გამოც ყველა პოლიტიკური წამოწყება საბოლოოდ წარუმატებლად სრულდება.

ეს იქნება ცენტრისტული პარტია, რომელიც სხვადასხვა ფლანგიდან რაციონალურ და ეფექტიან მიდგომებს მოუყრის თავს. იგი სახელისუფლებო ბრძოლაში ჩაებმება ქვეყნის გაძღოლისთვის სრულფასოვნად მომზადებული პროგრამით და ჩრდილოვანი მთავრობებით და არა რამდენიმე ლიდერისა და რამდენიმე ლოზუნგის ამარა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

წინამორბედს წარმატება უსურვა პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ძალიან კარგი იქნება თუ საქართველოში ჩამოყალიბდება ძლიერი პოლიტიკური პარტია.

„მაინცდამაინც დიდი მოლოდინი არ მაქვს. ჩვენ ვიცით, როგორი შედეგები ჰქონდა მის პოლიტიკურ ძალას წინა არჩევნებში და აქედან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი არ მექნება. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს ძლიერი პოლიტიკური პარტიები.

საქართველოს დღეს პარტიული სისტემა, როგორც ასეთი, არ აქვს. მინდა წარმატება ვუსურვო და ძალიან კარგი იქნება თუ საქართველოში ჩამოყალიბდება ძლიერი პოლიტიკური პარტია. ეს წაადგება საქართველოში ძლიერი ინსტიტუციური პარტიული სისტემის განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი თავმჯდომარის პოლიტიკურ ველზე დაბრუნებას დადებითად აფასებს რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი. ამბობს, რომ ძალიან კარგია უსუფაშვილის დაბრუნება პოლიტიკაში, მაგრამ ბერძენიშვილს ვერ გაუგია რეალურად რას აპირებს უსუფაშვილი, რადგან მისი პრესკონფერენცია ბუნდოვანი იყო.

„თქვა, რომ ახალი პარტია შეიქმნება ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. არ ვიცით, ვინ იქნება პარტიაში, რა იქნება. ფაქტობრივად, მას არაფერი შესაფასებელი არ უთქვამს. პოლიტიკაში მოსვლას ვერავის დავუშლით, მით უმეტეს, ასეთ გამოცდილ კაცს. ძალიან კარგია, რომ ბრუნდება პოლიტიკაში, მაგრამ რეალურად რას აპირებს, მე ვერ გავიგე, მათ შორის, ვერც გუნდის შექმნის საკითხზე და საერთოდ, ცოტა ბუნდოვანი პრესკონფერენცია იყო“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

გუნდისა და პოლიტიკური პარტიის გარეშე უსუფაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას, ექსპერტი რამაზ საყვარელიძე იმით ხსნის, რომ დღევანდელ საქართველოში გუნდის წევრები ძნელი მოსაძებნია, რადგან პარტიები პრაქტიკულად გაიშალა და დარჩა რამდენიმე ფიგურა, ვისაც სურს პოლიტკაში ყოფნა.

„საბედნიეროდ, ყველას არ უნდა პოლიტიკაში ყოფნა. ამიტომ, ქართულ პოლიტიკაში ყოფნის მსურველთა რიცხვი სულ უფრო მცირდება. შესაბამისად, გუნდის შეკვრა ყველას გაუჭირდება და მათ შორის უსუფაშვილს. რაც შეეხება იმ პლატფორმას, რომელიც წამოაყენა, მაინც მეჩვენება, რომ ეს არის ნორამტული პლატფორმა. ლაპარაკია იმაზე, რაც უნდა გაკეთდეს. ვფიქრობ, უსუფაშვილს ხვალინდელი კვერცხით ამომრჩევლის მოხიბვლა გაუჭირდება“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

მისივე თქმით, სწორია, როდესაც ის თავის რეკომენდაციებს ხელისუფლებას უგზავნის. რაც შეეხება ხელისუფლებას, საყვარელიძე ეჭვობს, რომ ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, რადგან, ყველა ხელისუფლება ხვალინდელი კვერცხის პრინციპით მუშაობს.

„მოლოდინი და თქმა იმისა, რომ ხელისუფლება, რომელსაც ორიენტაცია აქვს მიმდინარე პროცესებზე და ყოველთვის ეჩქარება მიმდინარე პრობლემების გადაჭრა, გრეძელვადიან დროში ტევადი პროგრამების მიმართ ყურადღებიანი იქნება, მეჩვენება, რომ ზედმეტად ოპტიმისტური მოლოდინია.

უსუფაშვილმა, როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა ფიგურამ და უდავოდ ასეთია, ალბათ, სასურველია წარმოადგინოს ის ვერსია, თუ როგორ მოიქცევა, თუ ხელისუფლებამ მისი ეს წინადადება არ მიიღო. მაგრამ თუ ხელისუფლებამ მისი ეს წინადადებები მიიღო, გამოვა, რომ ეს ხელისუფლების პროგრამაა და არა უსუფაშვილის.

ძალიან რთულ საქმეს არის შეჭიდებული უსუფაშვილი და ძალიან ძნელი პრობლემებია ის, რაზედაც თქვენც აკეთებთ აქცენტს. მგონია, რომ ასე ადვილ შედეგს მის მოღვაწეობაში არ უნდა ველოდოთ. მე მგონია, რომ არც თვითო არ ელოდება შედეგს“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკური ველი გასუფთავებულია, რამდენად შეძლებს დავით უსუფაშვილი ახალი პოლიტიკური პარტიით შემოსვლას, პროგნოზის გაკეთება უჭირს კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს, მაგრამ ამბობს, რომ როგორც კი, ჩნდება ახალი პოლიტიკური გუნდის მოთხოვნილება, ეს პროცესიც იწყება.

„ვხედავთ, რომ პროცესი აქითკენ მიდის. ქვეყანაში ნელ-ნელა ჩნდება მოთხოვნილება ახალ პოლიტიკურ ძალაზე, იქნება ეს უსუფაშვილი, თუ გამოჩნდება ახალი სხვა ლიდერი, თუ ძველი ლიდერების ერთობლიობა, ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი ნაადრევი მგონია. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესი, მაგრამ პროცესი შეუქცევადი იქნება.

ამ ეტაპზე არსებობს გარკვეული მოთხოვნილება და ალბათ, რაღაცა ფორმას ოპოზიციური პარტია მიიღებს. ის, რომ ამომრჩეველში „ქართული ოცნების“ გაუცხოება იწყება და ამ პროცესს „ქართული ოცნება“ ვერ შეაჩერებს, თითქმის გადაწყვეტილია. იმ პიარით თუ მოქმედებით, რასაც „ქართული ოცნება“ ეწევა, ამ გაუცხოების პროცესის შეჩერება შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება თუ 7%-ით. ამას უკვე დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა არ ექნება“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.