პრეზიდენტი და ოპოზიცია პარლამენტის წინააღმდეგ გაერთიანდნენ

პრეზიდენტი და ოპოზიცია პარლამენტის წინააღმდეგ გაერთიანდნენ

„მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ არის ხელმოწერილი კონსტიტუციის ვერსია“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი და სამწუხაროს უწოდებს ფაქტს.

პრეზიდენტმა ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც შედიოდა ამ კომისიაში, დატოვა კომისიის შემადგენლობა და ამიტომაც დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ხალხის სამსჯავროზე ამ ძირითადი კანონის გამოტანა, რომ მოხდეს ამ ძირითადი დოკუმენტის გაწონასწორება.

„წარმოიდგინეთ უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც ასე ვთქვათ, უსაფრთხოების თაობაზე როგორც თითოეული მოქალაქე იღებს ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან. ასეთი მთავარსარდლის შემთხვევაში იწყება ომი. შედის მთავარსარდალი ამ თქვენ მიერ ნახსენებ თავდაცვის საბჭოში და არც იცის რა უნდა მოიკითხოს, რადგან სამხედრო სპეციფიკასთან არასდროს ჰქონია შეხება - რას გულისხმობს ჯარების მობილიზაცია, რა რესურსი გააჩნია სახელმწიფოს ჯარების მობილიზების და რეზერვის თვალსაზრისით. გამარჯობა, ბატონო პრეზიდენტო, ომია. რას გვეტყვით?

აი - ჩვენები, აი - მტერი და რას იტყვით? - ეს ანეკდოტური სიტუაციაა. პრეზიდენტი იმ მომენტში იწყებს ომზე ფიქრს. წარმომიდგენია ასეთი პრეზიდენტის თავში რა უნდა ტრიალებდეს. საიდან შეხედოს რუკას ესეც პრობლემა იქნება. არ შეიძლება საქართველოს ჯარის დატოვება მთავარსარდლის გარეშე“, - განაცხადა გიორგიარგველაშვილმა.

პრეზიდენტი კონსტიტუციის პროექტს უპირისპირდება, პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის ადმინისტრაციას პარლამენტის წინააღმდეგ კამოანიის დაგეგმავში ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგა შეხვედრა, სადაც ისინი შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა დაგეგმონ კამპანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

„ჩვენ ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, რომ კომპრომისს აზრი არ დაეკარგება, თუმცა არის კონკრეტული პროცესები, რომლებიც საპირისპიროზე მიუთითებს. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დაიწყო მთელი კამპანია საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ, რომელიც, როგორც ჩანს, გაგრძელდება პარლამენტის წინააღმდეგ.

ბოლოს შედგა შეხვედრა ადმინისტრაციის უფროსსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, სადაც ისინი შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა დაგეგმონ კამპანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. თუ ასეთი კამპანია გაგრძელდება, კომპრომისი აზრს დაკარგავს და გადავა იმ სისტემაზე, რომელიც ჩვენი აზრით არის სწორი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი თანამშრომლობის ფორმატზე პარლამენტს უარს ეუბნება და თანამშრომლობის ფორმატებს პარლამენტის გარეთ, ოპოზიციურ პარტიებთან ეძებს. არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ფიქრობს, თუ როგორ გამოიყენოს ოპოზიციური პარტიები და ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ, თუ როგორ გამოიყენონ პრეზიდენტი.

„ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტი საკუთარი ადმინისტრაციის მეშვეობით კონსულტაციებს აწარმოებს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან უკეთესი კოორდინაციისა და ერთიანი ძალისხმევის მისაღწევად, რითაც სავარაუდოდ, მას სურს, ის გადაწყვეტილებები შეცვალოს, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატშია მიღებული. ამას აკეთებს მაშინ, როცა თანამშრომლობის ფორმატებზე უარს ეუბნება პარლამენტს და პარლამენტს გარეთ ოპოზიციურ პარტიებს ეძებს.

ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ფიქრობს, თუ როგორ გამოიყენოს ოპოზიციური პარტიები და ოპოზიციური პარტიებიც ფიქრობენ, თუ როგორ გამოიყენონ პრეზიდენტი. პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, რომელიც ყველა მოქალაქის პოზიციის გამომხატველია და პარტიებსა და პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის ხმაურიან ბრალდებას გამოეხმაურა ბრალდების ადრესატი და აღნიშნა, რომ არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს აწვდიან აბსოლუტურად არასწორ ინფორმაციას აბსოლუტურად არასწორი აქცენტებით. გიორგი აბაშიშვილმა განმარტა, რომ კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში მონაწილეობა არაერთხელ შესთავაზეს ირაკლი კობახიძეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, თუმცა მათგან უარი მიიღეს.

„კამპანიის, „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მთელი საქართველოს მასშტაბით მართავს შეხვედრებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან. ეს შეხვედრები არის უპრეცენდენტოდ გამჭვირვალე, მასში ჩართულია ქართული მედია და ჩვენ როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს ისე, საპარლამენტო უმრავლეოსობას არაერთხელ შევთავაზეთ ამ შეხვედრებში მონაწილეობა. მინდა, რომ კიდევ ერთხელ ეს შეთავაზება იყოს ძალაში“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტის მიმართ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა ოპოზიცია. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია თვლის, რომ მმართველი გუნდის განცხადებები და ქმედებები, მარგველაშვილის მიმართ ივანიშვილის პირადი წყენის გამოვლენაა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძის შეფასებით, მმართველი გუნდი ვერ თავისუფლდება იმ პირადი წყენისგან, რომელიც ივანიშვილს აქვს მარგველაშვილის მიმართ.

„უმრავლესობას ნამდვილად გადაწყვეტილი აქვს, რომ პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა აღარ განხორციელდეს, უბრალოდ, ახლა ამ საკითხს იყენებენ პოლიტიკური შანტაჟისთვის, პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ საკითხზე ისინი უნდა მსჯელობდნენ საზოგადოებასთან ერთად და ჩვენი ინიციატივის შესაბამისად უნდა ინიშნებოდეს პლებისციტი“, - ამბობს ირაკლი აბესაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს პირადი წყენა აქვს მარგველაშვილისადმი და მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ მმართველ ძალაში გადაწყვეტილების მიმღები არ არსებობს.

„პრეზიდენტთან მიმართებაში აქვთ მათ სეზონური გართულება. ეს არის საგაზაფხულო შეტევა. ის, რომ ერთი შეხედვით მიღებული კოსნტიტუცია ერთი კვირის მერე უკვე ხდება რევიზიის შედეგი; რომ, თურმე, საპრეზიდენტო არჩევნები ახლა შეიძლება ჩატარდეს არაპირდაპირი წესით; რომ ოპოზიციურ ძალებს არ უნდათ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, ეს მიანიშნებს, რომ მმართველ ძალაში არ არსებობს გადაწყვეტილების მიმღები“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.