„როგორი ნაძირლური განცხადებაც გააკეთეს, ისეთ პასუხს მიიღებენ“

„როგორი ნაძირლური განცხადებაც გააკეთეს, ისეთ პასუხს მიიღებენ“

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შვილის დავით სესიაშვილის მიერ კანონდარღვევის ფაქტი არ დასტურდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს, მის მიერ რაიმე კანონდარღვევის გამოვლენის ფაქტს. სუს-ში განმარტავენ, რომ პროფესიით იურისტი დავით სესიაშვილი მუშაობს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში.

დავით სესიაშვილს 14 მარტს გაუფორმდა 6-თვიანი შრომითი ხელშეკრულება. სესიაშვილის სამსახურში მიღებამდე, მისი კანდიდატურის შესწავლა კანონის სრული დაცვით მოხდა. შესწავლის შედეგად, მის მიერ ჩადენილი რაიმე სახის კანონდარღვევა არ გამოვლენილა, შესაბმისად აყვანილი იქნა სამსახურში.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის შვილი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქურდობაში დაადანაშაულა. საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, რომ სამართალდამცველებმა დავით სესიაშვილის ქურდობაში მონაწილეობის საქმე მიჩქმალეს. პოლიტსაბჭოს წევრის კოტე იოსელიანის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმე N006050315005 აღიძრა თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტზე, რომელიც დღემდე გაუხსნელია.

მისივე თქმით, დანაშაულის ადგილზე ჩატარებული ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედების შედეგად, საექსპერტო-კრიმინალურმა სამსახურმა ნივთმტკიცების სახით ამოიღო სავარაუდო დამნაშავის ხელის ანაბეჭდები, რომელიც ექსპერტიზის ბიურომ სცნო ვარგისად და დარეგისტრირდა სამძებრო სამსახურის ბაზაში.

„მიმდინარე წელს, სპეცსამსახურს, კერძოდ სუს-ს, მუშაობის დაწყების სურვილით საქართველოს მოქალაქემ მიმართა. სპეციალური პროცედურების გავლის შემდგომ, რაც სუს-ში მუშაობის დაწყებას სჭირდება, დაქტილოსკოპიის ანალიზმა გამოავლინა, რომ ამ მოქალაქის ანაბეჭდების ნიმუშები ჩადენილი დანაშაულის ადგილიდან აღებული ანაბეჭდების იდენტურია.

ჩვენი ინფორმაციით, ამ მონაცემების თანხვედრის შესახებ საქმის კურსში იყო გომელაურისა და გოგაშვილის უწყება, მიუხედავად ამისა, რეაგირება არ მომხდარა. პროკურატურამ კი, მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის უშუალო ჩარევის შედეგად ეს საქმე საერთოდ მიჩქმალა.

საუბარი ეხება მოქალაქეს, პარლამენტის წევრის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი სესიაშვილის შვილს - დავით სესიაშვილს“, - განაცხადა კოტე იოსელიანმა.

იოსელიანი ქურდობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე და მიმდინარე გამოძიების და გამოძიებასთან დაკავშირებული ყველა დეტალის გასაჯაროებას და განმარტებას ითხოვს ირაკლი სესიაშვილისგან და გენერალური პროკურორისაგან.

„მოვითხოვთ სუს-ის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურისა და მისი მოადგილის იოსებ გოგაშვილისაგან გაასაჯაროონ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. მოვითხოვთ საქართველოს შს მინისტრისაგან გიორგი მღებრიშვილისგან დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც შსს-ში არსებობს, როგორც სისხლის სამართლის საქმის N006050315005, ასევე დავით სესიაშვილის თანამდებობაზე სავარაუდო დანიშვნის შესახებ“, - აღნიშნა კოტე იოსელიანმა.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო ბრიფინგზე იოსელიანს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რაც დავით სესიაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაადასტურებდა. მისი შვილის მისამართით გაჟღებულ ბრალდებებს სიბინძურეს უწოდებს ირაკლი სესიაშვილი და იოსელიანის მიერ გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით რეგაირებისთვის პროკურატურას მიმართა.

სესიაშვილი პროკურატურისგან მოითხოვს იმის დადგენას, რომ მისი შვილი დანაშაულთან არავითარ კავშირში არ არის, მეორეს მხრივ, მოითხოვს დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც, მის შვილთან დაკავშირებით ცრულ ბრალდებები გამოთქვა.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა for.ge-ს განუცხადა, მის შვილს არასდროს საქმე არ ჰქონია სამართალდამცავ ორგანოებთან და არც ერთ საქმეში არ ფიგურირებს. როგორც სესიაშვილი აცხადებს, ეს ბინძური კამპანია უშუალოდ მის წინააღმდეგ არის მიმართული.

„სრული სიბინძურე და მარაზმი. როგორც ჩანს, მოენატრათ შეთქმულებების შეთხზვა, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც ორიენტირებულია სწავლაზე და პროფესიონალიზმზე, ვნებენ მას. ეს არ აინტერესებთ იმიტომ, რომ სისხლში აქვთ ეს მავნებლობა და სიბინძურე.

ჩემმა შვილმა ერთი თვის წინ 6-თვიანი ხელშეკრულება გააფორმა სუს-თან, ამას მიაბეს თავიანთი ტყუილი და ამით უნდათ საზოგადოებაში შექმნან შთაბეჭდილება, რომ მე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს კრიმინალი შვილი მყავს, რასაც არავინ დაიჯერებს.

გავივლი კონსულტაციებს იურისტებთან და მოვახდენ როგორც სამართლებრივ რეაგირებას, ასევე ადეკვატურ პასუხს მიიღებენ პოლიტიკურადაც. როგორი ნაძირლური განცხადებაც გააკეთეს, ისეთ პასუხს მიიღებენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.