საქართველოს კონსტიტუციის რეფორმის პროექტის ბოლო ვერსიის შესახებ ინფორმაცია, ვენეციის კომისიის მდივანს, თომას მარკერტს გააცნო ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხელისუფლება ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნას და რეკომენდაციას გაითვალისწინებს. სტრასბურგში იმყოფებიან „ევროპული საქართველოს“ წევრებიც, რომლებმაც საკუთარი მოსაზრებები გააცნეს ვენეციის კომისიის წევრებს.
ვენეციის კომისიის სესია ზაფხულში გაიმართება და ამ სესიის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის პროექტზე მათ ექნებათ თავიანთი დასკვნა.
უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური არ გამორიცხავს კონსტიტუციის ახალი პროექტში ცვლილებები საყოველთაო - სახალხო განხილვისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შემდეგ შევიდეს, რადგან საკონსტიტუციო განხილვების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ოპოზიცია და ა/ო-ები არ იზიარებენ, ძიძიგური ამბობს, რომ ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში, სადაც პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევენ, ფიქრობენ, გადავიდნენ ირიბ არჩევნებზე. როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, მოსახლეობას არც მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლა სურს, თუმცა სხვადასხვა პარტიები და ინსტიტუტები ამას მაინც მოითხოვენ.
„მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ ერთიანი, კომპლექსური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სჭირდება თუ არა ქვეყანას, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი და მისი უფლებამოსილება ერთმანეთთან შესაბამისობაში იყოს. საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე საპრეზიდენტო ან ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკის პირობებში.
ევროკავშირის ქვეყნების ნახევარი პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევს, ხოლო მეორე ნახევარი - საპარლამენტო წესით. თუმცა, იმ ქვეყნებში, სადაც პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევენ, ფიქრობენ პრეზიდენტის არჩევის ირიბ წესზე გადასვლაზე“, - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.
ასე არ ფიქრობს პრეზიდენტი, რომლის აზრით, კონსტიტუციის ახალი ვერსია არ უწყობს ხელს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და გაწონასწორების პოლიტიკას. პრეზიდენტის შეფასებით, კონსტიტუციის წარმოდგენილ ვერსიაში გაუარესებულია სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი, ასევე, ვიღებთ შესუსტებულ თავდაცვასა და არაინფორმირებულ, უფუნქციო უმაღლეს მთავარსარდალს.
„ყველას გახსოვთ, პროცესის დაწყებისთანავე შეთავაზება, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა წარმართულიყო მაღალი პოლიტიკური კონსესუსით და საზოგადოების ფართო ჩართულობით. ნაცვლად ამისა, მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლა, ყოველგვარი განხილვის გარეშე გამოცხადდა.
საკონსტიტუციო კომისიამ პროექტი საზოგადოების ჩართულობის გარეშე შეიმუშავა, მას გაემიჯნა ყველა პოლიტიკური პარტია, ექსპერტებისა და არასამთავრობოების უმრავლესობა, უარყოფითად შეაფასა სახალხო დამცველმა.
დოკუმენტისთვის კენჭისყრა კი, გაუგებარი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილებით კომისიის წევრთა შემადგენლობის შეცვლის შედეგად მოხერხდა. კონსტიტუციის ახალი ვერსია არ უწყობს ხელს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და გაწონასწორების პოლიტიკას“, - ასე ფიქრობს გიორგი მარგველაშვილი.
საპარლამენტო რესპუბლიკაში ვეტოს დამდები პრეზიდენტის საყოველთაო არჩევნებს არაადეკვატურს უწოდებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე და მიაჩნია, რომ თუ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, მაშინ უნდა გადავიდეთ საპარლამენტო მმართველობაზე.
„თუ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, მაშინ ბუნებრივია, რომ ზედმეტი ძალისხმევა არის ვეტოს დამდები ადამიანის საყოველთაო არჩევნებით არჩავა, თუ ვეტოს დადების გარდა, სხვა ფუნქცია ამ ადამიანს აღარ აქვს. რატომ ხდება, რომ ოპოზიცია ამ შემთხევაში იზიარებს პრეზიდენტის პოზიციას - ხდება იმიტომ, რომ კონკრეტულად, აი, ამ პრეზიდენტმა ბევრ საკითხზე კრიტიკული პოზიცია დაიკავა მთავრობისა და მმართველი პარტიის მიმართ. ამან მოხიბლა ოპოზიცია და დაიძახეს, რომ უნდა იყოს საყოველთაო არჩევნები“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისივე თქმით, ამავე ოპოზიციას ავიწყდება, რომ პრეზიდენტი, რომელიც კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ, პრეზიდენტი გახდა არა იმიტომ, რომ საყოველთაო წესით აირჩა, არამედ იმიტომ, რომ მისი პროტეჟე იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
„არ ღირს ოპოზიციის განცხადებაზე კომენტარი. ეს ის ოპოზიციაა, რომელმაც იმ კანონში მოითხოვა შესწორების შეტანა, რომელიც არ არსებობს. არ კითხულობენ, ფაქტებს არ ამოწმებენ და ბუნებრივია, არც ფიქრობენ იმაზე, რა შედეგი ექნება მათ ნაბიჯებს. აი, ასეთი ადამიანების რეპლიკის კომენტარს ვაკეთებთ. ძალიან ძნელია დაუფიქრებლობის და უცოდინრობის კომენტარის კეთება. მით უმეტეს, რომ საკითხისადმი ზნეობრივი დამოკიდებულება არ აქვთ და ძირითადად პრაგმანტული ინტერესებით საუბრობენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების პოზიციას არ იზიარებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის შეფასებით, კონსტიტუციის პროექტი ადასტურებს, რომ მართლაც უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალთა ნამუშევარია და მას ამ თვალსაზრისით ნაკლი ძნელად გამოეძებნება.
რაც შეეხება ე.წ. სენსიტიურ თემებს - პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნებს, ზარდიაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის არჩევის შემოთავაზებული წესი მხარდასაჭერია და აქ კითხვები არა აქვს. ხოლო პარლამენტის მანდატების განაწილების წესი მთელი პროექტის ყველაზე საკამათო საკითხად რჩება.
„მაინც მგონია, რომ აქ დარღვეულია სატაბილურობისა და პლურალიზმის ინტერესთა შორის ბალანსი სტბილურობის სასარგებლოდ. გაუნაწილებელი მანდატები გამარჯვებულ პარტიას შეიძლება მიეკუთვნოს, მაგრამ თუ ამ მანდატების რიცხვი რაღაც ზღვრულ რაოდენობას, ვთქვათ 10%-ს ე.ი. 15 მანდატს არ აღემატება, ხოლო თუ აღემატება, მაშინ ის რაც 15 მანდატზე მეტია, პროპორციულად უნდა განაწილდეს. სხვა საკამათო კითხვა პროექტის თაობაზე მე პირადად არა მაქვს და ახლა მთავარია რაც შეიძლება ფართო კონსენსუსი იქნეს მიღწეული კონსტიტუციის ამ პროექტის გარშემო.
თუ გავითვალისწინებთ ე.წ. ოპოზიციური პარტიების დაბალ კვალიფიკაციას და მათ ვიწრო ინტერესებს, უნდა ვაღიაროთ, რომ სწორედ ისინი უქმნიან მთავარ საფრთხეს ასეთი ეროვნული კონსენსუსის მიღწევას, უაღრესად დესტრუქციულ როლს. არანაირი სიკეთის მომტანი ეს ოპოზიცია არ არის“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციური პარტიების გაერთიანება გავლენას ვერ მოახდენს საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ზარდიაშვილი მათ სრულ უვიცებს უწოდებს და განმარტავს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს არ აქვს მმართველობის ბერკეტი, არის ცერემონიალური ფიგურა, რომელსაც მხოლოდ წარმომადგენლობითი უფლება-მოსილება აქვს. მისი თქმით, ასეთი ფიგურის საყოველთაო წესით არჩევა მიუღებელია.
„პრეზიდენტი რა პოლიტიკური დაპირებით უნდა გამოვიდეს, როდესაც პოლიტიკაში საერთოდ არ ერევა?! გერმანიაში პრეზიდენტს არაპირადპირ ირჩევენ, მაგრამ რა, არადემოკრატიული ქვეყანა არის გერმანია? ეს ვერ გაუგია ამ ხალხს. საერთოდ, რომელ პოლიტიკურ პარტიებზე ვსაუბრობთ, რომლებმაც წერა-კითხვა არ იციან? სამართლის ანბანი აქვთ სასწავლი. გინდა გაერთიანდნენ, გინდა არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. იმდენად დაბალი კვალიფიკაციის არიან და იმდენად ვიწრო ინტერესები აქვთ, რომ წარმოდგენა არ აქვთ რა წერია კონსტიტუციაში. იურიდიული ტექსტის კითხვის უნარი არ აქვთ და ეს დაამტკიცა იმ 14 პარტიის განცხადებამ, რომელიც ვიხილეთ. არ შეუძლიათ, არ იციან კანონის ენაზე საუბარი და კამათი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.