„რბილი ძალა“, პრორუსული ჯგუფების გაძლიერება და დასავლური კურსის დისკრედიტაცია – საქართველოს მთავრობამ თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი დაამტკიცა. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი, რომელიც 2017-2020 წლებს მოიცავს, აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან მზარდი მილიტარიზაცია ზრდის სამხედრო აგრესიის განახლების რისკს.
დოკუმენტში მიმოხილულია საქართველოს უსაფრთხოების გარემო ლოკალურ, რეგიონულ და გლობალურ ჭრილში. ამ კონტექსტში, ლოკალურ ჭრილში საუბარია რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე. ამასთან, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის თანახმად, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევად რჩება კრემლის მხრიდან ეკონომიკური ბერკეტებისა და „რბილი ძალის“ ინსტრუმენტების გამოყენება ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ.
უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შავი ზღვის რეგიონში ბოლო პერიოდში არსებული უსაფრთოების კომპლექსური და არამდგრადი ვითარება, ყირიმის ანექსია და უკრაინის აღმოსავლეთში განვითარებული პროცესები, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული არასტაბილურობა და მთიანი ყარაბაღის მოუგვარებელი კონფლიქტი უარყოფით გავლენას ახდენს როგორც მთლიანად რეგიონის, ისე საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე.
გლობალურ ჭრილში კი, დოკუმენტის თანახმად, საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე ნეგატიურ გავლენას ახდენს გლობალიზაციის პირობები, მიგრაციული პროცესები, საერთაშორისო ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება და კიბერსაფრთხეები.
„რუსეთის მზარდი საერთაშორისო ამბიციები ხელს უწყობს დასავლეთსა და რუსეთს შორის კონფრონტაციული ფონის ზრდას, რაც გამოწვევის წინაშე აყენებს ევროპისა და საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. კრემლი განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს „რბილი ძალის“ ელემენტების გაძლიერებაზე იმისთვის, რომ უზრუნველყოს სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება, პრორუსული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერება და მოახდინოს დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის დისკრედიტაცია.
რუსეთის ფედერაცია, პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით განაგრძობს მცდელობას საქართველოს შეუზღუდოს როგორც საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერა, ისე თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართული საერთაშოროსო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები“, – ნათქვამიათავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ თავდაცვის სტრატეგიულ დოკუმენტში საფრთხეები ადეკვატურად არის შეფასებული. ვიქტორ დოლიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია დოკუმენტის რამდენიმე მონაკვეთი, კერძოდ, კრემლი აქცენტს გააკეთებს „რბილი ძალის“ გაძლიერებაზე, რომ მოახდინოს პრორუსული ჯგუფების გაძლიერება და დასავლური კურსის დისკრედიტაცია. მისივე თქმით, ორივე ნახსენები საფრთხე რომ რეალურად საფრთხეა, ამას ბევრი კამათი არ ესაჭიროება.
„რაც შეეხება პროპაგანდას, ეს არა მხოლოდ საქართველოს და რეგიონის, არამედ საერთო ევროპული და ევროატლანტიკური საფრთხეა და ჩვენ სწორედ ამიტომაც ვებრძვით ამ პროპაგანდას. რაც შეეხება სამხედრო საფრთხეს, როცა ოკუპანტი კილომეტრნახევრიან დაშორებაში იმყოფება ცენტრალურ მაგისტრალთან, ეს რომ საფრთხეა, ამასთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა არ ისმის, მაგრამ საქართველო არის მშვიდობისმყოფელი და მშვიდობიანი ქვეყანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავის თავდაცვის რესურსებს მხოლოდ იუმჯობესებს და მომავალშიც გააუმჯობესებს“, – აცხადებს ვიქტორ დოლიძე.
მისივე თქმით, ნატო-სთან თავსებადობის მიღწევა სრულად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის ინტეგრაციული პროცესების კვალდაკვალ.
„ასე რომ, საფრთხეები ადეკვატურად არის შეფასებული თავდაცვის სტრატეგიულ დოკუმენტში“, – ამბობს ვიქტორ დოლიძე.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მოსალოდნელი საფრთხეების შესაკავებლად მზად არის, თუმცა როგორც ირაკლი ბერაია აცხადებს, ამის მიუხედავად, მთავარი პრიორიტეტი მისი კიდევ უფრო გაძლიერებაა.
„დოკუმენტი ყველაზე მაღალ პრიორიტეტად ასახელებს ძალთა მზაობას და მასში გაწერილი თითოეული რეკომენდაცია ორიენტირებული არის ბრძოლისუნარიანი, სათანადოდ აღჭურვილი მოქნილი და თვითმყოფადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაზე“, – ამბობს ირაკლი ბერაია.
ანალიტიკოსების შეფასებით, საკამოდ გრანდიოზული გეგმებია წარმოდგენილი, თუმცა, ანალიტიკური საბჭოს მკვლევარის, ზურაბ აგლაძის შეფასებით, რა ბიუჯეტითაც გეგმავს სამინისტრო თავისი ფუნქციონირების გაგრძელებას, საკმარისი არ არის.
„საკმაოდ გრანდიოზული გეგმებია წარმოდგენილი გადაიარაღებაზე. რაც შეეხება არტილერიას, ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, დიდი ამბიციური დოკუმენტია, მაგრამ ჩვენი თავდაცვის სამინისტროს რესურსებით, შესაძლებელია თუ არა ამ რესურსებით ამ გეგმის შესრულება, ამ ეტაპზე, ეს არის ყველაზე მთავარი“, – აცხადებს ზურაბ აგლაძე.