ვენეციის კომისიის ვერდიქტის მოლოდინში

ვენეციის კომისიის ვერდიქტის მოლოდინში

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები, ვენეციის კომისიის მდივანს, თომას მარკერტს შეხვდებიან. საკონსტიტუციო კომისიის მდივნის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიას მიაწვდიან ინფორმაციას კონსტიტუციის პროექტესა და დაგეგმილ ცვლილებებზე. ამავე შეხვედრაზე, ოპოზიცია აპირებს დააფიქსიროს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ არის პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელ სხდომამდე ერთი დღით ადრე, კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კომისიის შემადგენლობიდან ყველა იმ პარტიის წარმომადგენელი ამოიღო, რომელთაც საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვარიანტის გამო, შემაჯამებელ სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობიდან ამოღებულია 13 წევრი - საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. შესაბამისად, მუშაობის ბოლო დღეს, კომისიის შემადგენლობა 73 წევრის ნაცვლად განსაზღვრული იყო 60 წევრით და შეცვლილი იყო გადაწყვეტილების მიღების კვორუმი. 22 აპრილს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ შემაჯამებელ სხდომაზე, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 43 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო.

თუმცა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განმარტებით, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობიდან იმ წევრების ამოღება, რომელთაც შემაჯამებელ სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვეს, სამართლებრივი დეტალი იყო, რომელიც უნდა გაკეთებულიყო.

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ მონაწილეობდნენ, მაგრამ შემადგენლობაში ბოლომდე ირიცხებიან, გიორგი კახიანის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიის ექს-ოფიციო წევრები იყვნენ.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიაში შედიოდნენ როგორც ექს-ოფიციო წევრები, არა კონკრეტული სახელებით და გვარებით ანუ, კომისიის შემადგენლობაში შედიოდა უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - თანამდებობრივად. ამიტომ ბუნებრივია, თანამდებობებს ბრძანებიდან ვერ ამოიღებ, მაგრამ იქ, სადაც კონკრეტული პირები იყო წარმოდგენილი, მათივე პოზიციიდან გამომდინარე, მოხდა კომისიის შემადგენლობიდან მათი ამოღება“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების წინა დღეს საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობიდან განსხვავებული პოზიციების მქონე წევრების გაყვანა დიდი შეცდომა იყო. დავით უსუფაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას კვლავაც ხან ემოციები სჭარბობს, ხან პერსონალურ-პოლიტიკური სამაგიეროს გადახდის მიზანი, ხანაც - გამდის და გამყავს მიდგომა.

„ეს ყველაფერი სერიოზულად აზარალებს იმ სამუშაოსაც, რაც კომისიამ თუნდაც სწორი მიმართულებით გასწია. ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ამ და სხვა საკითხებზე ჩემი ხედვებისა და გეგმების თაობაზე უფრო დაწვრილებით პარასკევს, 28 აპრილს მოგახსენებთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობიდან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ამოღებას, ავტორიტარულობის გამოვლინებად აფასებენ ოპოზიციაში. ეს შეფასება მიუღებელია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანისთვის, რომლის შეფასებით, ისე დაიწერა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომ ოპოზიციის მხრიდან სურვილი და ინტერესიც არ გამოთქმულა, აქტიურად ჩართულიყვნენ ამ პროცესში.

„მხოლოდ ამ ერთ კონკრეტულ თემაზე მიდის დისკუსია, რომელზეც პოლიტიკიკურ პარტიებს ძალიან სუბიექტური ინტერესი აქვთ. ჩვენ რომ არ მივიღოთ არც ჩვენი და არც სხვისი სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება და მივიღოთ ქვეყნისთვის საუკეთესო, სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მთავარი ამოსავალი არის ობიექტური ექსპერტების - ვენეციის კომისიის მოსაზრებების მოსმენა. რაც შეეხება საყოველთაო განხილვებს, აქტიურად ვიქნებით ჩართული და ყველა სუბიექტს აქვს უფლება ეს პროცესი დაიწყოს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ტუღუში ამბობს, რომ ხელისუფლებას დადებული აქვს პირობა, რომ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას და იმედია, რომ ამ პირობას არ გადავა. მისივე თქმით, საკონსტიტუციო კომისიიდან წევრების გარიცხვით პარლამენტის თავმჯდომარემ შეამცირა კომისიის წევრთა რაოდენობა და კენჭისყრაზე დაამტკიცა ზუსტად ის პროექტი, რომელსაც „ევროპულმა საქართველომ“ ბოიკოტი გამოუცხადა რამდენიმე ფუნდამენტურად და პრინციპულად მიუღებელი საკითხების გამო, მათ შორის არის პრეზიდენტის არჩევის წესი, საპარლამენტო არჩევნების ჩატარების სისტემა და მანდატების გადანაწილება.

„რაც შეეხება ვენეციის კომისიას, რა თქმა უნდა, მისთვის არ იქნება გადამწყვეტი ის პროცესი, რომელიც ადგილზე განვითარდა, ვგულისხმობ, კომისიის ბოლო სხდომას. ვენეციის კომისია ამოვა იმ პროექტიდან, რომელიც მას გადაეგზავნება. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ მას გადაგზავნოდა პროექტი, სადაც იქნებოდა საერთო კონსესუსი, როგორც პოლიტიკური ძალების, ასევე გათვალისწინებული იქნებოდა საქართველოს მოსახლეობის ინტერესები.

ვენეციის კომისიის დასკვნას ჩვენ ველოდებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მალე იყოს მოწოდებული ეს დასკვნა. ხელისუფლებას დადებული აქვს პირობა, რომ გაითვალისწინებს კომისიის ყველა რეკომენდაციას და იმედია, რომ ამ პირობას არ გადავა, თუმცა ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომისიის დასკვნის შემდგომაც გაიმართოს მსჯელობა, რეალურად რა შედეგი გამოიღო კონსტიტუციის ექსპერტიზამ უკვე ევროპის საბჭოში“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლის შანსი აღარ დარჩება. პარტიის წარმომადგენლები ერთიანი ბრძოლის აუცილებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ფორმატში მიიღებს მონაწილეობას.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ ნებისმიერ საზოგადოებრივ მოძრაობას. რაც უფრო ფართო იქნება კონსენსუსი არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, მით უფრო მეტი მიზნის მიღწევის შესაძლებლობას გვაძლევს ეს“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლი, ნიკოლას ბერლინერი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს გრძელვადიანი პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანია.

„ბუნებრივია, რომ ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს. საკონსტიტუციო ცვლილებები მნიშვნელოვანია საქართველოს გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. მნიშვნელოვანია გათვალისწინება ყველა კომენტარის, მიმდინარეობს საუბრები, დებატები. პროცესი არ არის დასრულებული, ვენეციის კომისია განიხილავს და წარმოადგენს თავის რეკომენდაციებს. საქართველოსთვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანი პროცესია“, - განაცხადა ნიკოლას ბერლინერიმ.