„გირჩის“ თვითნებობა სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გამოხატული საბოტაჟი და პოლიტიკური მარაზმია“

„გირჩის“ თვითნებობა სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გამოხატული საბოტაჟი და პოლიტიკური მარაზმია“

პერიოდულად „გირჩი“ ხელისუფლებას თეთრ ხელთათმანს ესვრის. თუ ახალი წლის ღამეს პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრებმა საკუთარ ოფისში მარიხუანა დათესეს, ახლა წვევამდელების „გადარჩენის“ მიზნით „საქართველოს ქრისტიანულ-ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესია-ბიბლიური თავისუფლება“ დააფუძნეს და, როგორც განმარტეს, თავიანთ ოფისში ახალგაზრდების რიგები დააყენეს.

„გირჩის“ თავმჯდომარის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ამ რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანებისას ახალგაზრდა, როგორც სასულიერო პირი, გათავისუფლდება სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან.

„გირჩის“ ინიციატივის მიუხედავად, სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელების გაწევევის შეფერხებას არ განიცდიან შესაბამისი უწყებები. გაწვევაზე პასუხისმგებელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ საგაზაფხულო გაწვევა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში „გირჩის“ თვითნებობას სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გამოხატულ საბოტაჟად, პოლიტიკურ მარაზმად, პოლიტიკურ ანეკდოტად აღიქვამს, რომელსაც სურს, ჟირინოვსკის სახე დაიმკვიდროს.

„გირჩის“ ლიდერებს არ ვიცნობ, ამიტომ ვინ იქნება მათგან ქართველი ჟირინოვსკი, ვერ გეტყვით, მაგრამ აშკარაა, თავის დამკვიდრების მიზნით ასეთ მარაზმს მიმართავენ. ჯერ იყო და, მარიხუანის დეკრიმინალიზაცია მოინდომეს. ძალოვანებმა უნდა დაიწყონ ამ საკითხის გამოძიება და მათ გასცენ საკადრისი პასუხი, რადგან, ფაქტობრივად, ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის საბოტაჟი. ვეთანხმები თუ არა სავალდებულო სამხედრო გაწვევის სისტემას და ვთვლი თუ არა მას ეფექტურად, ეს ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ სახელმწიფოში რადგან არსებობს გაწვევის ასეთი სისტემა და მას ექვემდებარებიან ახალწვეულები, ის უნდა შესრულდეს კიდეც. ასეთია სახელმწიფო პოლიტიკა. მის წინააღმდეგ წასვლა სისხლის სამართლის დანაშაულია. „გირჩს“ ჯერ კიდევ მაშინ უნდა გასცემოდა საკადრისი პასუხი, როცა მათ კანონი დაარღვიეს და მარიხუანა დათესეს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია, რომლის აზრითაც, კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს და, თუ კანონს აქვს შერჩევითი სამართლის ძალა, მაშინ უკვე არშემდგარი სახელმწიფო ვყოფილვართ. სხვათა შორის, თავის დროზე ამერიკელებმა საქართველოს სწორედ არშემდგარი სახელმწიფო უწოდეს. ახლაც ამ ტიტულს გავამართლებთ, თუ ასეთ საბოტაჟს ავიტანთ.

ვახტანგ მაისაიას თქმით, რელიგიური მოსაზრებიდან გამომდინარე, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლება ქართველების გამოგონილი არ არის და დემოკრატიულ საზოგადოებაშიც გვხვდება ასეთი მაგალითები. შესაბამისად, „გირჩი“ იმდენად უგუნური პოლიტიკური ძალაა, რომ ალტერნატიული სავალდებულო სამსახურის შესახებ არაფერი სმენიათ. კერძოდ, წვევამდელთა ნაწილმა გაიაროს სხვა ალტერნატიული სამსახური, ან იყვნენ მედძმები საავადმყოფოებში, ან დაასუფთაონ ქუჩები და ეს სავადებულო სამხედრო სამსახურისგან მთლიან გათავისუფლებას არ ნიშნავს. ამდენად, ექსპერტი მოუწოდებს პოლიტიკურ გაერთიანება „გირჩს“, შეისწავლოს ქართული კანონმდელობა და იმაშიც დარწმუნდნენ, რომ ისინი მთლიანობაში მაინც ვერ გაათავისუფლებენ წვევამდელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან.

„ის კანონიც არ იციან, რომელიც მოქმედებს საქართველოში. „გირჩი“ პოლიტიკური პარტია კი არა, პოლიტიკური თოქ-შოუს სიმბიოზია“.

თეოლოგი ლევან აბაშიძე „გირჩის“ ქმედებაში უცნაურს ვერაფერს ხედავს. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ, მართალია, „გირჩის“ აპოლოგეტად ვერ გამოდგება, მაგრამ ასეთ ხერხს იყენებენ ევროპაში, როცა სურთ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობის აბსურდულობა წარმოაჩინონ.

„ჩვენი კანონმდებლობა ამბობს, რომ ნებისმიერ რელიგიურ ორგანიზაციას შეუძლია, სავალდებულო სამსახურისგან ერთი წლით გაათავისუფლოს წვევამდელი, თუკი ის სასულიერო პირია, ან სწავლობს სასულიერო განხრით. „გირჩი“ კი ამბობს, რომ ეს არის ჩვენი კანონმდებლობის აბსურდულობა. ამიტომ „გირჩი“ თვითონაც ათავისუფლებს ახალგაზრდებს ჯარისგან. რასაკვირველია, ეს ყველაფერი ფიქტიურია, მაგრამ ვერ გამოეკიდები, რადგან კანონი დაცულია. ამიტომ რაღაცნაირად უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობა. მე თუ მკითხავთ, კონკრეტულ შემთხვევაში სავალდებულო გაწვევისგან უნდა გათავისუფლდეს ახალგაზრდა, თუკი ის მართლაც დაამტკიცებს სასამართლოში, რომ მისი სარწმუნოება უკრძალავს ჯარში მსახურებას. ეს სინდისის თავისუფლების თემაა. მაგალითად, ევროპის ქვეყნებში იეღოვას მოწმეებსა და ზოგიერთ სხვა კონფესიის წარმომადგენლებს ათავისუფლებენ ჯარისგან, თუკი ისინი დაასაბუთებენ, რომ მართლაც მორწმუნეები არიან და მათი სარწმუნოება უკრძალავთ ხელში იარაღის აღებას. მაშინ მათთვის არის ალტერნატიული სამხედრო სამსახური, ჯარის სამზარეულოში მუშაობა და სხვა. ჩვენთან კი აბსურდი გამოდის. თუ ამბობ, რომ საქართველოში მოქმედებს სავალდებულო სამხედრო სამსახური, მაშინ ყველა უნდა წაიყვანო ჯარში, სემინარიაში სწავლის მიუხედავად. მით უმეტეს, რომ ჩვენი სარწმუნოება არ კრძალავს ჯარში მსახურებას. ამიტომ წავიდეს წვევამდელი ერთი წლით ჯარში და მერე გახდეს მღვდელი. რატომ უნდა გაათავისუფლონ სემინარიაში სწავლის გამო?!“- აცხადებს ლევან აბაშიძე და მიიჩნევს, რომ თვით იესო ქრისტეც კი დაიჭირეს, შემდეგ ჯვარს აცვეს. ქრისტესთან შედარებით კი ვინ არის ეს 18-20 წლის სემინარისტი, რომ სავალდებულო სამსახურისგან უნდა გავათავისუფლოთ?!“