„საქართველო ფანტასტიკურად ძლიერი ქვეყანა შეიძლება იყოს და თუ ჭკუა გვეყოფა ასეთიც იქნება“

„საქართველო ფანტასტიკურად ძლიერი ქვეყანა შეიძლება იყოს და თუ ჭკუა გვეყოფა ასეთიც იქნება“

„ჩვენს ქვეყანაში არის ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემო მთელ მსოფლიოში, რომელიც წლიდან წლამდე უმჯობესდება... საქართველო მცირე მასშტაბის, მაგრამ წარმოუდგენლად ძლიერი ქვეყანაა, რომელსაც სტრატეგიული მდებარეობა გააჩნია. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებით ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული ღირებულებების გაზიარებას, ჩვენ ვითვალისწინებთ ევროსტანდარტებს. ... ჩვენ მივყვებით მტკიცე რეფორმების დღის წესრიგს, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

იმის მიუხედავად, რომ პრემიერის ნათქვამი ყოველი სიტყვა აბსოლუტურ სიმართლეს წარმოადგენს, ქართული ეკონომიკისა და საზოგადოების სოციალური მდგომარეობის შემხედვარეს ძნელია ოპტიმიზმი დაგეუფლოს. ექსპერტი, დემურ გიოხელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს აქვს სხვა პრობლემა, რომელიც ქვეყნის შიგნით უნდა მოგვარდეს და სწორედ მას შემდეგ გავხდებით წარმატებული ქვეყანა.

დემურ გიორხელიძე: საფუძვლიანად მაქვს შესწავლილი ეს ხელშეკრულება, თავის დროზე მოვამზადე სამეცნიერო სტატია, რომელზეც საელჩოებსაც ჰქონდათ რეაქცია და შემდეგ განმარტებების გაკეთებაც მომიხდა - დეტალური ანალიზის შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, ასოცირების ხელსეკრულებამ რაიმე შედეგი რომ გამოიღოს ქართული ეკონომიკისთვის, ამისათვის 7-10 წელი მაინც არის საჭირო.

ამიტომ, ვიდრე დიდი ოფლისღვრით არ ვიმუშავებთ იმ მიმართულებებით, რომელიც ამ ხელშეკრულებაშია გაწერილი, მანამდე ტყუილი საუბარი გამოგვივა ევროპასთან ასოცირების ხელსეკრულების სიკეთეზე.

კი, თითქოს ექსპორტი რაღაც მიმართულებით იზრდება, მაგრამ ეს უმნიშვნელოა; ექსპორტი ვერ გაიზრდება იმიტომ, რომ არაფერი არ გvაქვს ევროპული ბაზრისთვის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და განებივრებული ბაზარია მსოფლიოში.

ყველაფერი სწორია, საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, მაგრამ ამას სჭირდება ზუსტი ტექნიკით შესრულებული როგორც საშინაო, ასე საგარეო პოლიტიკა. გასაგებია, რომ ევროპასთან გვსურს შედეგის მიღება, მაგრამ ის რეფორმები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ქართული მეწარმეობის განვითარება, ჯერჯერობით ძალიან სუსტია. ასე რომ, არის პოტენციალი, მაგრამ ვნახოთ, რა გამოვა.

ისიც მართალია, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემო, გვაქვს დაბალი გადასახადები, მაგრამ არ არის საიმისო რესურსი, ქართველებმა საკუთარ ქვეყანაში ბიზნესის კეთება რომ დაიწყონ - ყოველთვის იყო და არის იაფი ფულის პრობლემა. როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა ამ დროის მანძილზე აღნიშნული პრობლემის მოგვარება?

- მივადექით ყველაზე მთავარ პრობლემას - ხელისუფლებები, და არა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლება, რატომღაც საუბრობენ მხოლოდ უცხოურ ბიზნესსა და ინვესტიციებზე და ამ დროს, არაფერს ამბობენ, რომ გარემო ქართული და უცხოური ბიზნესებისათვის ერთნაირად მიმზიდველი უნდა იყოს; საქართველოში ფინანსური, სამართლებრივი ინფრასტრუქტურა და ინსტიტუტები კერძო ინიციატივას, კანონიერებას უნდა უწყობდეს ხელს - ამ მხრივ ბევრი სამუშაოა.

ამიტომაც არ გამოსდის ქართულ ბიზნესს არაფერი და მხოლოდ პრივილეგირებული ბიზნესი ხარობს საქართველოში, რაც აბსოლუტურად უპერსპექტივოს ხდის ქართულ ეკონომიკას. გვჭირდება ანონიმური თამაშის წესები, ისე, როგორც ევროპაშია, აშშ-ში ან აზიის განვითარებულ ქვეყნებშია. საშინაო პოლიტიკა არის მთავარი პრობლემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მისაღები თამაშის წესების შექმნა, სამართლიანობის ერთიანი გაგება და არა შერჩევითი სამართალი, ინფრასტრუქტურა, როდესაც პრივილეგირებული ბიზნესებისთვის ნაკლები ნიშები იქნება დატოვებული. თუ ეს ყველაფერი მოხდება, მაშინ ყველაფერი იქნება კარგად.

კვირიკაშვილი ასევე ამბობს, რომ საქართველო არის რეგიონალური ჰაბი და სულ მალე მოეწერება ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთთან. ასევე, ამ მიმართულებით იგეგმება მოლპარაკებების დაწყება ინდოეთთან. ფაქტობრივად, საუბარია მსოფლიოში უმძლავრესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე და პოტენციურ, საკმაოდ მასშტაბურ პროექტებზე; საქართველოსთვის რა პერსპექტივაზე შეიძლება იყოს საუბარი?

- არ მომწონს, როდესაც რაღაც სიტყვას გამოვეკიდებით ხოლმე. საქართველოს ჭირდება შიგნიდან მომდინარე პროგრესი, განათლებაზე მეცნიერებაზე აქცენტირება, მისი სატრანსპორტო პოტენციალის გამოყენება, მაგრამ ყველაფრის ჰაბამდე ან ტურიზმამდე დაყვანა ვფიქრობ, შეცდომაა. შეიძლება კარგი იდეებიც სრულიად გაუგებარ ტერმინებს შევწიროთ და „ჰაბიც“ ასეთი მგონია.

ჰაბსთავი დავანებოთ, გასაგებია, რაც იგულისხმება, ჩინეთთან და ინდოეთთან მჭიდრო ურთიერთობა რამეს მისცემს საქართველოს?

- რა უნდა მისცეს, როცა არაფერი გვაქვს?! ქართული ბაზარი გადატენილია უვარგისი თურქული საქონლით. თურმე თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ამიტომ მათი ნაგავი უნდა ვჭამოთ საქართველოში, თუმცა თურქები ძალზე ჭკვიანი ხალხია და ევროპაში მათი შესანიშნავი ხარისხის პროდუქცია გადის.

ჩვენ არაფერი გაგვაჩნია იმიsათვის, რომ საკვებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით მაინც გამოვიყენოთ ჩვენი სოფლის მეურნეობის რესურსი და მაღალი ხარისხის პროდუქტი საკუთარი საშინაო მოხმარებისთვის მაინც შევქმნათ. ამიტომ ინდოეთსა და ჩინეთზე ლაპარაკი იმ დონის აბსურდია, რომ ლაპარაკადაც არ ღირს.

რა უნდა გაუცვალო ჩინურ და ინდურ ბაზრებს? ეს ისევ და ისევ კარგი იდეების დეფორმაციაა - როდესაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის დაწყება, თურმე, სიხარულის მომგვრელია.

რა გვაქვს ჩინეთის ბაზარზე გასატანი? რაც გვაქვს, ის ვერ აგვიმუშავებია, საქართველოს ასიათასობით მოქალაქე უმოქმედო და უმუშევარია. საქართველოს მატერიალური და ფინანსური რესურსი გამოუყენებელია; ყველაფერი ხელში ჩაუგდეს მახინჯ საბანკო სისტემას და ჩინეთთან ინდოეტთან და ევროკავშირთან თავისუფალ ეკონომიკურ ურთიერთობებზე ვლაპარაკობთ? ეს ხომ სასაცილოა!

ყველაფრის რესურსია საქართველოში, ყველაზე დიდი რერსურსი კი ჯერ კიდევ  ადამიანია; როდესაც ხელისუფლება ამ ადამიანის ნიჭის და უნარის განვითარებას დაიწყებს და მას მისცემს თავისი ნიჭის შესაბამისად შრომის საშუალებას, მაშინ დალაგდება ყველაფერი.

იმ პრივილეგირებული ბიზნესლიდერების განცხადებები, რომ სამუშაო ადგილები კი გვაქვს მაგრამ ხალხია არაკვალიფიციურიო, ყველაზე მახინჯი შეხედულებათა სისტემაა. ამიტომ, ძალზე სერიოზული რამაა მოსაგვარებელი ქვეყნის შიგნით, თორემ პრემიერმა ყველაფერი სწორად თქვა - საქართველო ფანტასტიკურად ძლიერი ქვეყანა შეიძლება იყოს და თუ ჭკუა გვეყოფა ასეთიც იქნება.

რაზე ვლაპარაკობთ? ხელისუფლება თვითონ ხომ ვერ დაასაქმებს ხალხს? თუ ბიზნეს გარემოზეა საუბარი, სად ვუშვებთ შეცდომას?

- ხელისუფლებამ საერთოდ არავინ არ უნდა დაასაქმოს; არადა, ხელისუფლება ასაქმებს ხალხს. განსაკუთრებით სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში სადაც ბიძაშვილებს, დეიდაშვილებს, სიძე-სიმამრს, ყველას ერთად ასაქმებს.

იმისთვის არის დასავლური თამაშის წესები საჭირო, რომ ის წესიერება კანონიერება, პასუხისმგებლობა წამოიღო და ქართულ ნიადაგზე დაამყნო.

როდესაც კონკურენტული გარემო იქნება, როდესაც ლეგალურსფეროში ყველა ერთნაირი თამაშის წესით ითამაშებს, სამართალი ყველასთვის ერთნაირი იქნება, - მათ შორის, შენი დეიდაშვილისთვისაც, რომელიც ცუდ საქმეებს აკეთებს, მაშინ შესრულდება ის, რაზეც საუბარია, რომ საქართველოში ფანტასტიკურად კარგი რესურსია, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი იფლანგება და ეს არის პრობლემა.