პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანის განცხადებით, გვაქვს რეალური შანსი იმისა, ისეთი კონსტიტუცია მივიღოთ, რომელიც ათწლეულებს გაუძლებს, რომლის მიმართ კითხვები არ იქნება და რომელიც ხელს შეუწყობს გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. კახიანი იმასაც ამბობს, რომ კომისიის სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან, ვერც ერთ საკითხზე ვერ მოისმინეს წონადი არგუმენტები.
for.ge გიორგი კახიანს ესაუბრა.
კონსტიტუციის პროექტის თანახმად, ქვეყანა საბოლოოდ გადადის პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე. ძალიან კრიტიკულია პრეზიდენტი, რომლის განცხადებით, კონსტიტუციის პროექტი, რომელიც მმართველმა ძალამ შექმნა, არ გამოხატავს მოსახლეობის ინტერესს, იგივე პოზიცია აქვს ოპოზიციას...
გიორგი კახიანი: საკონსტიტუციო კომისიამ დაასრულა მუშაობა. რაც შეეხება სხვადასხვა საკითხებს, რომელთა მიმართებაში ოპოზიციას გარკვეული კრიტიკული შენიშვნები აქვს, ერთი რამე შემიძლია ვთქვა, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ კრიტიკაა, რომელიც რაიმე საფუძვლიან არგუმენტებს არ ეყრდნობა.
ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ვიღებდით, იმ მოსაზრებებს, პოზიციებს და არგუმენტებს ეფუძნებოდა, რომელიც ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით გაგვაჩნდა. იმავდროულად, ვისმენდით კომისიის წევრთა შეფასებებს და მათ მიერ წარმოდგენილი არგუმენტებიდან გამომდინარე, ვიღებდით კონკრეტულ გადაწყვეტილებას.
ასე მიიღო საკონსტიტუციო კომისიამ გადაწყვტილება პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით?
- რა თქმა უნდა. ასევე იყო მიღებული გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. რაიმე წონადი არგუმენტები იმის საწინააღმდეგოდ, რა რეგულაციების და ცვლილებების განხორციელბასაც ვგეგმავთ კონსტიტუციაში, ჩვენ არ მოგვისმენია. არაერთხელ გვითქვამს, რომ საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე, თუკი ვინმეს შეუძლია წონადი არგუმენტები თქვას, იგივე პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის სასარგებლოდ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მოვისმენთ და, ასეთ შემთხვევაში, არაფერს არ გამოვრიცხავთ, შეიძლება ჩვენი პოზიცია შეიცვალოს. სამწუხაროდ, ასეთი არგუმენტები ვერ მოვისმინეთ მაშინ, როდესაც, ჩვენი არგუმენტები არის საკმაოდ წონადი და მრავალმხრივი.
წარმოდგენელი კანონპროექტით მცირდება პრეზიდენტის ფუნქციები? თქვენ გაკრიტიკებთ პრეზიდენტის ადმინისტრაცია - გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიამ მიიღო დოკუმენტი, როგორ მცირდება პრეზიდენტის ფუნქციები, როგორ იცვლება პირდაპირი არჩევის წესი არაპირდაპირით, როგორ უქმდება უშიშროების საბჭო, როგორ რჩება პრეზიდენტი ადმინისტრაციის გარეშე...
- სამწუხაროდ, ერთადერთი ვინც თავისი თავი გარიყა ამ პროცესისგან, ეს იყო საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტის გარდა თავიდანვე ყველა ჩართული იყო ამ პროცესში. ვერ გავიხსენებთ ვერც ერთ პრეცედენტს, როდესაც კომისია ასეთი ქმედითი და ეფექტური ყოფილიყოს თავის საქმიანობაში. ჩვენი განაცხადი, რომ ოთხი თვის განმავლობაში შევეცდებოდით შეგვემუშვებინა კონსტიტუციის პროექტი, ცხადია, რომ შევძელით.
რაც შეეხება შეფასებას, რომ თითქოს პრეზიდენტის უფლებამოსილება სუსტდება, ასეთ პოზიაციას არ გავიზიარებდი იმიტომ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები შესუსტდა 2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების დროს, რომელიც ძალაში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევიდა. მაშინ მოხდა მმართველობის ქართული მოდელის სისტემის ცვლილება, როდესაც ნახევრად საპრეზიდენტო, მაგრამ საკმაოდ ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუციის მქონე რესპუბლიკიდან, ფაქტობრივად, ჩვენ გადავედით საპარლამენტო რესპუბლიკის რელსებზე.
პრეზიდენტს მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქციებიღა დარჩა და, რეალურად, აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაში მისი როლი ფაქტობრივად ნომინალური იყო. დღეს, ამ თვალსაზრით, პრეზიდენტის უფლებამოსილება არ სუსტდება და არ იცვლება. პრეზიდენტის სტატუსი რჩება იგივე.
რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება არ სუსტდება?
- პრეზიდენტი, ისე, როგორც ეს დღევანდელი კონსტიტუციით არის, იქნება სახელმწიფოს მეთაური, პრეზიდენტი იქნება უმაღლესი მთავარსარდალი, წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. ასევე, წარმომადგენლობითი უფლებამოსილები, მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებული უფლებამოსილება, შეწყალების საკითხი, ზოგიერთი თანამდებობის პირის დანიშვნა და მთელი რიგი უფლებამოსილებები, რომელიც პრეზიდენტს ჰქონდა, ისევე რჩევა, როგორც ეს აქამდე იყო.
რაც შეეხება იმას, რა იცვლება პრეზიდენტის უფლებამოსილებებში, შეიძლება ეს ვინმეს მიერ აღქმული იყოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შესუსტებად, თუმცა სინამდვილეში, ეს შესუსტება არ არის, რეალურად ეს არის პრეზიდენტის უფლებამოსილებების არსებულ სახელისუფლებო სისტემასთან შესაბამისობაში მოყვანა და იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომელიც ვენეციის კომისიას ჯერ კიდევ 2010 წლის ცვლილებებით ჰქონდა.
ანალოგიური პოზიცია აქვთ კონსტიტუციონალისტებს, რომელთა შეფასებით, აუცილებელია პრეზიდენტის უფლებამოსილებების არსებულ სახელისუფლებო სისტემასთან შესაბამისობაში მოყვანა...
- რა თქმა უნდა, აქ ძირითადად საუბარია ორ საკითხზე: პირველი – ეროვნული უშიშროების საბჭო გარდაიქმნა ეროვნული თავდაცვის საბჭოდ და მეორე – პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართელეების დასახელების უფლება არ ექნება, ეს უფლება გადაეცემა იუსტიციის საბჭოს. ორივე შემთხვევაში არსებობს ვენეციის კომისიის მოსაზრებები, რომ ეს არ შეესაბამება სახელისუფლებო სისტემას და პრეზიდენტის როლს იმ სახელისუფლებო სისტემაში, რომელიც საქართველოში მოქმედებს.
ეროვნული უშიშროების საბჭო, როგორც სათათბირო ორგანო, არც ერთ საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტს არ ჰყავს...
– რა თქმა უნდა, უშიშროების საბჭოს ასეთი ორგანო დამახასიათებელია საპრეზიდენტო და ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკებისთვის. სწორედ ასეთი იყო საქართველო 2010 წლამდე. 1995-2003 წლამდე საქართველო იყო საპრეზიდენტო რესპუბლიკა, შემდგომ 2003-2013 წლამდე ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა, რომელშიც ძალიან ძლიერი პრეზიდენტის რესპუბლიკა მოქმედებდა, იმ მოდელის სახელმწიფოებისთვის უშიშროების საბჭო, როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს არსებობა, სრულიად შეესაბამებოდა ამ სახელისუფლებო სისტემას.
ჩვენ შევიცვალეთ მმართველობის მოდელი, გადავედით საპარლამენტო რესპუბლიკაზე, შეიცვალა პრეზიდენტის უფლებამოსილებები, მაგრამ არ შეცვლილა უშიშროების საბჭო. ანუ, მარტივად, რომ ვთქვათ, მივიღეთ სურათი - უშიშროების საბჭო, რომელიც არის პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, პრეზიდენტს კონსულტაციებს უწევს იმ საკითხზე, რომლის აღსრულება პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის.
ეს იყო ერთგვარი ანომალიური სურათი, რომელიც ჩვენ კონსტიტუციაში გვქონდა. ეს ორგანო არ არსებობდა იმ ფორმით, რა ფორმითაც უნდა ყოფილიყო. ამიტომ მოხდა ამ ორგანოს გარდაქმნა ეროვნული თავდაცვის საბჭოდ, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ექნება, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს, კონსტიტუციური ორგანოების კოორდინაციის ფუნქციას შეასრულებს, დაკომპლექტებული იქნება იმავე შემადგენლობით, როგორც დღეს არის უშიშროების საბჭო.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის უფლებამოსილებას, ეს ცვლილებაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციით მოხდა?
- აქაც ვენეციის კომისიის წევრები პირდაპირ რეკომენდაციას გვიწვედნენ. 2010 წლის ვენეციის კომისიის დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ სწორად არ მიაჩნდათ პრეზიდენტის ამ უფლებამოსილებით აღჭურვა. პირდაპირ ამბობს ვენეციის კომისია, რომ ეს უფლებამოსულება უნდა ჰქონდეს იუსტიციის საბჭოს. ჩვენ გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის ეს ორი მოსაზრება. რატომღაც, ჩვენი პატივცემული ოპოზიცია, ამ ცვლილებას ეძახის პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეზღუდვას.
არა მარტო ოპოზიცია, იგივე პოზიცია აქვს პრეზიდენტს, რომელიც ღიად უპირისპირდება ამ პროცესს. პრეზიდენტს მაგალითად მოჰყავს IRI-ის ბოლო კვლევა, რომლის თანახმად 98% თვლის, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩეს პირდაპირი წესით. პრეზიდენტი თვლის, რომ ამომრჩეველს არ უნდა წაერთვას პრეზიდენტის არჩევის უფლება. როგორც ფიქრობთ, ეს საკითხი შესაძლოა მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდეს და პრეზიდენტი ღიად დაგიდგეთ ოპოზიციაში?
- პრეზიდენტის მხრიდან ამ კომისიის ბოიკოტირება ძალიან დიდი შეცდომა იყო, შემდგომ ამ შეცდომას არაერთი არასწორი ქმედება მოჰყვა პრეზიდენტის მხრიდან. მათ შორის, ჩვენ ვისმენდით პოპულისტურ განცხადებებს, რომელიც არ იყო არგუმენტირებული და შეიცავდა პოპულიზმის ელემენტებს. როდესაც საუბარია იმაზე, რომ თურმე მოსახლეობა ფიქრობს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული, მე, როგორც კონსტიტუციონალისტს რომ დამისვათ ეს კითხვა, ამაზე ერთგვაროვანი პასუხი ვერ მექნება იმიტომ, რომ ეს გამომდინარეობს ბევრი სხვა ფაქტორიდან. თუ მეტყვით, რომ ჩვენ ვსაუბრობთ საპრეზიდენტო, ან ნახევრად საპრეზიდენტო ტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტზე, რა თქმა უნდა, მე გეტყვით, რომ ასეთ სახელმწიფოებში პრეზიდენტი უნდა იყოს არჩეული. თუ ვსაუბრობთ იმ სახელისუფლებო სისტემაზე, რომელიც საქართველოში არსებობს და საკონსტიტუციო კომისიამ გადაწყვიტა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის საფუძვლები უნდა გავაძლიეროთ, ასეთი ტიპის სახელმწიფოში, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა არარელევანტურია პრეზიდენტის კომპეტენციასთან, აქაც სრულად განსხვავებული პასუხი მექნება. ანუ, როდესაც ასე აყენებ საკითხს, რომ ხალხი ამბობს პრეზიდენტი პირდაპირი, ან არაპირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული, საკითხის ასე დასმა არასწორად და პოპულისტურად მეჩვენება.
რატომ?
– იმიტომ, რომ მოსახლეობისთვის თვითმიზანი არ შეიძლება იყოს პრეზიდენტის პირდაპირი, ან არაპირდაპირი წესით არჩევა. ხალხის მიზანი უნდა იყოს ისეთი სახელისუფლებო სისტემის არსებობა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას. ამ სახელისუფლებო სისტემაში რა როლი უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს და ლეგიტიმაციის როგორი ხარისხი, სწორედ ამისთვის არსებობს წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუტი, რომ ამ საკითხზე ისაუბრობს ამ საკითხის პროფესიონალებმა, ექსპერტებმა, ადამიანებმა, რომელთაც განსაკუთრებული ცოდნა აქვთ მიღებული კონსტიტუციურ სამართალში.
საკონსტიტუციო კომისიაში დოქტრინალურ დონეზე ხდება ასეთ საკითხებზე მსჯელობა და ისე ხდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. საუბარი, რომ ხალხი ასე თვლის, მეჩვენება, რომ საკითხის ასე დასმა არის პოპულიზმი. როდესაც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი საუბრობს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იქნას არჩეული, ძირითადი არგუმენტი რაზეც ყურადღებას ამახვილებენ, ეს არის, რომ ხალხს უნდა პრეზიდენტი პირდაპირი წესით იყოს არჩეული. ეს არგუმენტი არ არის. ეს არის პოლიტიკური შეფასება და არა სამართლებრივი არგუმენტი. საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ამ საკითხთან მიმართებაში საერთოდ არ მომისმენია ოპოციის მხრიდან რაიმე პოზიცია. უბრალოდ არგუმენტები არ აქვთ.
საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ უჭერს არასაპარლამენტო ოპოზიცია. რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი თვლის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით ერთპიროვნულ, არაპოლიტიკურ ჩამორჩენილ ჩრდილოეთ კორეულ პარლამენტს მივიღებთ. როგორი იქნება ამაზე თქვენი პასუხი?
- საქართველოში მუდამ დღის წერიგში იდგა საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხი. მინდა გითხრათ, რომ ასეთი ცვლილების განხორციელება, არც ერთი ხელისუფლების დროს არ იყო რეალისტური. დღეს ამ ცვლილების განხორციელება არის რეალისტური. რატომღაც ბევრი რაღაცა ავიწყდებათ ჩვენს ოპონენტებს.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 5%-იანი, ან ბლოკების ინსტიტუტის გაუქმებაზე, თუნდაც ნარჩენი მანდატების გადანაწილებაზე, საკონსტიტუციო კომისია განიხილავს პროექტს, რომლის მიხედვით საარჩევნო სისტემა იცვლება. რეალურად, მოქმედი შერეული სისტემიდან, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ხდება გადასვლა. აი, ამ სივრცეში ვართ და არა ის, რომ შეიცვალოს თუ არა საარჩევნო სისტემა. მათ დაავიწყდათ რა რეალობაში ვიყავით და დღეს რა რეალობაში ვართ.
ჩვენ ვამბობთ, რომ საარჩევნო სისტემა უნდა ემსახურებოდეს ორ ლეგიტიმურ მიზანს, პირველი - სისტემა უნდა იძლეოდეს პლურალიზმის შესაძლებლობას და მეორე - სტაბილურობა, ეს არის უმნიშვნელოვანესი ლეგიტიმური მიზანი, რასაც საარჩევნო სისტემა შედეგად უნდა გვაძლევდეს.
სწორედ ამ ორი ლეგიტიმური მიზნის დაკმაყოფილების და უზრუნველყოფის მიზნით დავუჭირეთ მხარი საარჩევნო სისტემის შეცვლას. ვთლიდით, რომ ერთი და მეორე შესაძლებელია უზრუნველყოფილი იყოს როგორც შერეული სისტემის, ასევე პროპროციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში. ეს მოდელი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, რადიკალურად განსხვავდება დღეს არსებული მოდელისგან.
როდესაც ვსაუბრობთ სტაბილურობაზე და პლურალიზმზე, რის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ დღეს არსებული მოდელი გადახრილი არის სტაბილურობის მხარეს?
- ეს მოდელი, ზოგიერთ შემთვევაში, იძლევა შესაძლებლობას, რომ მანდატებისა და მიღებული ხმების რაოდენობა განსხვავებული იყოს. დღეს არსებული მოდელი კი, არა თუ სტაბილურობის, არამედ დესტაბილურობის ძალიან მაღალ გარანტიას იძლევა. მაგალითად, ადრეც იყო და ახლაც გვაქვს ასეთი ფაქტი, როდესაც 49%-იანი მხარდაჭერის შემთხვევაში მანდატების ბევრად უფრო მეტი რაოდენობა მიიღო დღეს უკვე სახელისუფლებო გუნდმა, მაგრამ ის რასაც ახლა ვთავაზობთ, ფაქტიურად გამორიცხავს რომელიმე გუნდის მხრიდან საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას.
დემოკრატიული არჩევნების პირობებში ვერც ერთი გუნდი ასეთ შედეგს ვერ მიიღებს. ჩვენ ვთავაზობთ სრულიად განსხვავებულ სისტემას და სრულიად განსხვავებულ რეალობას. ეს ცვლილება რაზეც მე ვისაუბრე, უნდა ამოქმედდეს არა ახლა,0 2018 წელს, არამედ 2023 წელს, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა ყურადღების გადატანაზეა საუბარი.
მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი კონსტიტუციური პროცესი და გვაქვს რეალური შანსი იმისა, ისეთი კონსტიტუცია მივიღოთ, რომელიც ათწლეულებს გაუძლებს, რომლის მიმართ კითხვები არ იქნება და რომელიც გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს არის მოცემულება და რეალობა. ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა რაღაცა სუბიექტური მოტივებიდან გამომდინარე. არამედ, ერთ-ერთი მოტივაციაა, ჩვენ გვქონდეს ისეთი კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.
73 წევრისგან შემდგარ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა სახით, 14 წევრი გამოაკლდა იმ მოტივით, რომ მმართველი გუნდი კონსტიტუციას საკუთარ თავზე ირგებს...
- ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი, არაფერი შემხებლობა არ აქვს კონსტრუქციულ მსჯელობასთან, ან არგუნეტებთან. ფაქტობრივად, ამ ოთხის თვის განმავლობაში, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა კომისია, ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა სამუშაო ჯგუფებშიც. სხვას რომ თავი დავანებოთ, კომისიამ დაამთავრა საქმიანობა და ამ ეტაპზე კომისიის დატოვება, მარტივად რომ ვთქვათ, არის დესტრუქციული ქმედება, რომელიც აირჩიეს ჩვენმა ოპონენტებმა. მათი გადასაწყვეტია, ეს ჩვენ ხელს არ შეგვიშლის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღებაში.