უმრავლესობამ ბაქრაძეში ელცინი აღმოაჩინა

უმრავლესობამ ბაქრაძეში ელცინი აღმოაჩინა

საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხზე - პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები და საპარლამენტო არჩევნების სისტემა - „ევროპული საქართველო“ პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის. როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ქართველი ხალხი დააფიქსირებს საკუთარ აზრს, სურს თუ არა მას პრეზიდენტის არჩევის უფლება და როგორი პარლამენტი უნდა ჰყავდეს საქართველოს. 

„ამ ქვეყანაში ხელისუფლების მთავარი წყარო გახლავთ ხალხი, ამიტომ მე პირობას ვდებ საჯაროდ, როგორიც არ უნდა იყოს პლებისციტის შედეგი, მას დავემორჩილები. ვაღიარებ და ხმას მივცემ. იგივეს ველოდები სხვა პოლიტიკური პარტიებისგან“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილების მიღების საშუალება ხალხს მისცეს, ხოლო პრემიერს მოვუწოდებს მოიქცეს როგორც ქართველი ხალხის პრემიერი და დანიშნოს პლებისციტი. ბაქრაძე აცხადებს, რომ ეს არანაირ დამატებით ხარჯებს არ გამოიწვევს და ადგილობრივი არჩევნების დღეს შეიძლება ჩატარდეს. 

„უმაღლესი განაჩენი ქართველი ხალხის სიტყვაა. თუ პრემიერს და დღევანდელ ხელისუფლებას არ ეყოფა პოლიტიკური ვაჟკაცობა, რომ აზრი ჰკითხოს ქართველ ხალხს, „ევროპული საქართველო“ აცხადებს მზადყოფნას, დაიწყოს პოლიტიკური კონსულტაციები პარტიებსა და პრეზიდენტთან ხელმოწერების შეგროვების მიზნით. ამ ხელმოწერებს არ ექნებათ იურიდიული ძალა, მაგრამ ეს იქნება მკაფიო განაცხადი, რა სურს ქართველ ხალხს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივას უმრავლესობა არ ღებულობს. უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ისინი ვერ ვივლით ბორის ელცინის მიერ დამკვიდრებული გზით. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, კონსტიტუციას წერენ სპეციალისტები, პოლიტიკოსებთან ერთად განიხილავს ხალხი და იღებს პარლამენტი. 

„ეს არის ის წესი, რომელიც არის დამკვიდრებული და მიღებული. თუ ჩვენ გვინდა, რომ მივიღოთ რეალურად პროგრესული და კარგი კონსტიტუცია, უნდა ვიმოქმედოთ ამ წესის მიხედვით. შესაბამისად, ჩვენ ვერ მივიღებთ განცხადების ავტორების წინადადებას. 

გარდა ამისა, ნამდვილად მიმაჩნია, რომ ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებს, ის ვერ ერკვევა საერთო სახალხო განხილვების არსში. როოდესაც ისინი მსგავსი პრაქტიკის დანერგვას ცდილობენ, ჩვენი პასუხი იქნება უარყოფითი. ჩვენ ვერ ვივლით ბორის ელცინის მიერ დამკვიდრებული გზით“, -  განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პლებისციტის ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, რომლის განცხადებით,  ამ საკითხებზე ისედაც საკმაოდ ფართო განხილვები იქნება, ხოლო ამ განხილვის წინ აუცილებლად უნდა იყოს განმარტებითი მუშაობა ჩატარებული. 

„ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ ოპონენტების ხმამაღალ განცხადებებს ვისმენთ და მედიას არ ჰქონია პრაქტიკულად საშუალება დეტალებში გაიაროს ყველა ის საკითხი, რომელიც ამ პროექტში იქნება ჩამოყალიბებული. საბოლოო სხდომის შემდეგ გაცილებით უფრო ნათელი იქნება ინფორმაცია, თუ რას გულისხმობს შესწორებები. რამდენიმე საკამათო თემასთან დაკავშირებითაც უმრავლესობის შეჯერებული პოზიცია იქნება ჩამოყალიბებული. 

შემდეგ ამ პოზიციებით გავდივართ საზოგადოებაში. მე არ ვფიქრობ, რომ პლებისციტი საჭირო იყოს. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ფართო განხილვები იქნება. კარგი იქნება თუ მედიაც უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ამ შესწორებებს და გამოხშირავს ამ კომენტარებიდან პოლიტიკური სპეკულაციების მცდელობებს და ვილაპარაკებთ საქმეზე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასე არ ფიქრობს სახალხო დამცველი, რომლის შეფასებითაც შესაძლებელია პლებისციტის ფორმატის გამოყენება და მოსახლეობის აზრის გაგება. უჩა ნანუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ზოგადად მოსახლეობის მოსაზრებები ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნისას, როგორიც არის საქართველოს კონსტიტუცია. 

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის დისკუსიის საგანი და მნიშვნელოვანია საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობა, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების. შესაძლებელია ასეთი ფორმატი იყოს გამოყენებული მოსახლეობის აზრის გასაგებად. ასეთი ინიციატივებით მნიშვნელოვანია, ზოგადად, იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის მოსაზრებები კონსტიტუციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე ფართო სახლხო განხილვამდე  პლებისციტის ჩატარების ინიციატივას უარყოფითად აფასებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, პლებისციტს იურიდიული ძალა არ აქვს.

„ოპოზიციას ვადა არ დაუთქვამს. ახლა იწყება სახალხო განხილა, ხალხი ხომ უნდა გაერკვეს რაშია საქმე. სანამ ხალხი გაერკვევა ვითარებაში, მანამდე პლებისცისტის ჩატარება ნიშნავს, რომ ხალხის აზრის ექსპლუატაცია უნდათ, რაც არ არის კარგი საქმე. დასრულდება ფართო სახალხო განხილვები (არ ვხგულისხმობ მხოლოდ პრეზიდენტის მიერ ჩატარებულ განხილვას), მერე შეიძლება დაისვას ეს საკითხი.

ახლა, როცა ყველა გადასულია ერთ მხარეზე, შეიძლება მოსახლეობამ მხარი დაუჭიროს იმ ვარიანტს, რომელსაც უმრავლესობა წარადგნეს. ჩამოვთვალოთ ვინ არიან პარტიები, რომლებმაც დატოვეს კომისია - ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც რეიტინგი 10% აქვს, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს კიდევ უფრო დაბალი მხარადამჭერები ჰყავს. იმ ოპოზიციურ პარტიებზე ნაკლები მხარდაჭერა აქვთ საზოგადოებრივი ორგანიზაციებს.

ეს პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოსახლეობის პოზიციას არ იკავებენ, მათგან ინიცირებული ნებისმიერი პოზიცია მოსახლეობაში დიდი პროცენტით იქნება უარყოფილი. ასე რომ, ნაციონალები და მათი სატელიტები ჯობია დაფიქრდნენ იმაზე, მართლა მომგებიანია მათთვის ამ ცვლილებების გატანა პლებისციტზე? შეიძლება პირიქით, წამგებიანი იყოს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.