მოსკოვს საქართველოს გამო 28 „ყვითელი ბარათი“ უჩვენეს

მოსკოვს საქართველოს გამო 28 „ყვითელი ბარათი“ უჩვენეს

ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის მე-15 კონსოლიდირებულმა ანგარიშმა - „კონფლიქტი საქართველოში“ უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო. ანგარიში მოიცავს პერიოდს 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით. აღნიშნული ანგარიშით ევროპის საბჭო ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, ასევე აღწერს ყველა იმ ფაქტს და განვითარებას, რასაც ადგილი ჰქონდა საანგარიშო პერიოდში.

რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაციაზე, ასევე რუსეთის ქმედებებზე, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

დავით ზალკალიანმა აღინიშნა, რომ რუსეთი კვლავ უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და აგრძელებს დესტრუქციულ პოლიტიკას, რის ნათელ დადასტურებასაც წარმოადგენს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის „ვიზიტი“ აფხაზეთის რეგიონში რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ გრძელდება ადამიანთა ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა. არსებული ვითარება საჭიროებს საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ რეაგირებას, მათ შორის, ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მექანიზმების ადგილზე შესვლას“, - აღნიშნა დავით ზალკანიანმა.

აღსანიშნავია, რომ მე-15 კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვა იყო უპრეცედენტო იმ დიდი მხარდაჭერის გათვალისწინებით, რაც ქართული მხარის მიმართ იქნა გამოხატული. საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა ევროკავშირის და სუამ-ის სახელით, ასევე 28 ქვეყნის მიერ ინდივიდუალურად იქნა შეფასებული და დაგმობილი რუსეთის უკანონო ქმედებები.

ევროკავშირის განცხადებას ასევე მიუერთდნენ ალბანეთი, ანდორა, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, მოლდოვა, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, მონაკო, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა და სან მარინო. დელეგაციებმა ცალსახად დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდეს რუსეთს პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის ევროპის საბჭოში.

ეს მაშინ, როდესაც 18-19 აპრილს ოკუპირებულ აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აფხაზეთში რუსეთის საელჩო გახსნა. ლავროვის უწყების შემაჯამაბელ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტმა აფხაზეთში ახალი იმპულსი შესძინა რუსულ-აფხაზური ურთიერთობების განვითარებას, რომელიც მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპს ემყარება.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ აფხაზეთში ე.წ. რუსეთის საელჩოს ბევრი მეზობელი საელჩო არ ეყოლება, რადგან საერთაშორისო საზოგადოება აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყნად არ აღიარებს. როგორც ნიკოლას ბერლინერმა განაცხადა, ევროკავშირისა და აშშ-ის მხარდაჭერა ძლიერი და მყარია.

„აშშ-ის პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ძალიან მყარი და ნათელია. ჩვენ არ ვაღიარებთ მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად. აშშ საქართველოს ერთიანობის მხარდაჭერის პოლიტიკას აქტიურად განაგრძობს. ევროკავშირისა და აშშ-ის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერი და მყარია, როგორც ადრე. საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა არ დაუკარგავს“, - განაცხადა ნიკოლას ბერლინერმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურობის კუნძულის სტატუსს და ეს არის მიღწევა, რომლითაც ბევრი სხვა ქვეყანა ვერ დაიკვეხნის. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს.

„ჩვენ გლობალური პრობლემების გზაგასაყარზე ვიმყოფებით. ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ხოლო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს. თუმცა საქართველო, ბოლო პერიოდში გადატანილი მღელვარებების მიუხედავად, ინარჩუნებს შედარებითი სტაბილურობის კუნძულის სტატუსს ამ ტურბულენტურ ხანაში - მან გაუძლო ბევრ დარტყმას და ეს არის მიღწევა, რომლითაც ბევრი სხვა ქვეყანა ვერ დაიკვეხნის.

მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩვენი ხედვაა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გზით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირისა და ნატო-ს ჩართულობით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ლავროვის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი არის მტრული აქტი და ცინიკური დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რაც, ექსპერტის კახა გოგოლაშვილის შეფასებით, მთლიანობაში აზიანებს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის მოგვარების პერსპექტივებს:

„ლავროვის ვიზიტი არის არა მარტო საერთაშორისო სამართლის დარღვევა და არაკორექტული მოქმედება, ეს არის მტრული აქტი და ცინიკური დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორული მთლიანობის მიმართ. რუსეთთან გვაქვს გარკვეული დიალოგი და გვაქვს ურთიერთობის ნორმალიზაციის მცდელობა. ამ ვითარებაში რუსეთი იგნორირებას უკეთებს საქართველოს წუხილს, საქართველოს პრობლემას და ატარებს ხისტად საკუთარი ინტერსების პოლიტიკას რეგიონში, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ასეთი უხეში ხელყოფით“.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ რუსეთის გაღიზიანება გამოიწვია ამერიკის ახალი პრეზიდენტის განცხადებებმა, რომელმაც საქართველო უკვე რამდენჯერმე მოიხსენია, როგორც სანდო პატრნიორი. ასევე, მნიშვნელოვანი გზავნილი იყო კრემლისთვის ტრამპის ნაბიჯი, რომელმაც თეთრ სახლში უმასპინძლა საქართველოს ელჩს აშშ-ში დავით ბაქრაძეს, მაშინ, როდესაც რუსეთის ელჩს ასეთი პრივილეგია დღესაც არ აქვს.

„სხვა უფრო გამაღიზიანებელი ნაბიჯი რუსეთს არ ეგულება და ეს რასაკვირველია შესაბამისი, არც თუ სასიამოვნო მაგრამ სტაბილურობის მიმანიშნებელია. აფხაზეთში ლავროვის ვიზიტი არის გამოძახილი აშშ-ის დამოკიდებულებისა საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხედავდა როგორი სითბოთი მიიღო პრეზიდენტმა ტრამპმა საქართველოს ელჩი ვაშინგტონში და რაიმე ანალოგიურს ადგილი არ ჰქონია რუსეთის ელჩთან მიმართებაში თეთრი სახლის სივრცეში“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

მისივე თქმით, რუსეთს წლების განმავლობაში ერთი და იგივე რეცეპტი გააჩნია, მოთხოვნით - საქართველომ ხელი მოაწეროს თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას. ცისკარიშვილის გაცნხადებით, თუ ჩვენი გვინდა, ბოლომდე ვამხილოთ რუსეთის ყალბი მოთხოვნები, არ იქნებოდა ურიგო გაგვეგო, რაზე გვთავაზობს რუსეთი ხელის მოწერას და რა იქნება ტექსტში, რომელსაც ქართულ მხარეს მოაწვდის.

„თუ იქნება მისღები, მოვაწეროთ ხელი, ოღონოდ ერთი პირობით - ეს ვალდებულება ძალაში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არ განახორციელებს რაიმე სახის თავდასხმას საქართველოს ტერორიაზე. ვერ გეტყვით, რომ ეს უნაკლო შეთავაზებაა, მაგრამ დროა, რომ ჟენევის მოლაპარაკებაზე დადგეს საკითხი, რომ თავად რუსეთი არ აპირებს თავდასხმას საქართველოზე, რადგან ამ შემთხვევაში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოიაზრება საქართველოს ტერიტორად.

რუსეთს არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს მალამოდ მოჰფინოს რაიმე ისეთი ნაბიჯი, რომელიც გამაღიზიანებელი იქნება საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც. როდესაც საქართველოსკენ გზას უკაფავენ ისეთ ადამიანს, რომელსაც რცხვენია გააჟღეროს თავისი გვარი და დაბადების ადგილი, რასაკვირველია ასეთი პირი, მით უფრო დიდ ქვეყანაში არ უნდა იყოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ამხანაგი კალანტაროვი, რომელიც დღეს გვარშეცვლილი ლავროვია, დაბადების ადგილადაც კი მოსკოვს აჟღერებს, სინამდვილეში კი ის თბილისში, ავლაბარშია დაბადებული. იყო პერიოდი, როცა მისი ბაბუა თბილისის საკრებულოს წევრი გახლდათ და რომელიც დღესაც აღიქმება მეცენატ პიროვნებად“, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.