ამირსპასალარი წინააღმდეგია!!!

ამირსპასალარი წინააღმდეგია!!!

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და ამავე კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის ვარიანტი, რომელსაც კენჭი კომისიის ბოლო სხდომაზე უნდა ეყაროს, მმართველი პარტიის გარდა, კომისიაში შემავალი ყველა პარტია გაემიჯნა. 73-წევრისგან შემდგარ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა სახით, 14 წევრი გამოაკლდა. 

კომისიაში რჩება არასამთავრობო სექტორი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური აცხადებს, რომ კომისიას არ ტოვებენ იმ მოტივით, რომ ბოლომდე არაკომფორტულ მდგომარეობაში უნდა ჩააყენონ მმართველი პარტია. 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების გათვალისწინებით, კომისიამ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საბოლოო ტექსტის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდა მიიღოს. კომისიის დასკვითი სხდომა კვირის ბოლოს გაიმართება. ამასთან, მმართველი გუნდი უახლოეს დღეებში საჯარო განხილვების ეტაპზე გადადის. მოსახლეობას ყველა რეგიონში ექნება შესაძლებლობა გაეცნოს კონსტიტუციის ახალ პროექტს და გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები. 

უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც დროთა განმავლობაში ნაწილ-ნაწილ იმის მიხედვით იცვლებოდა, თუ ვის რა ინეტრესები ჰქონდა, მმართველობითი თვალსაზრისით. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მოქმედი კონსტიტუცია იცვლება გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებული კონსტიტუციით.

რაც შეეხება ოპოზიციის ბოიკოტს, როგორც თალაკვაძე აცხადებს, საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა და პროექტი პრაქტიკულად მზად არის. შესაბამისად, ოპოზიციის ბოიკოტზე განცხადებები ვეღარ იქნება რეალურად ბოიკოტი. თალაკვაძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისას გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება მოხდა, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის წესსა და პარლამენტის ქუთაისში მუშაობის საკითხზე.

„პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცნობილია. მოხდა საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, აქაც გათვალისწინებულია, რომ მოხდეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. რაც შეეხება ქუთაისში პარლამენტის არსებობას, ჩვენი პოზიცია ნათლად დავაფიქსირეთ და პარლამენტი აგრძელებს მუშაობას. არის საკითხები რომელზეც შეიძლება სხვადასხვა აზრი არსებობდეს. ეს ნორმალური და ბუნებრივია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საკონსტიტიუციო კომისიის მუშაობაში თავიდანვე არ ჩაერთო კომისიის სამი წევრი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი. 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციის პროექტს იწუნებს საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილს ადექვატურად არ მიაჩნია კონსტიტუციაში ევროატლანტიკური კურსის შესახებ ჩანაწერი. მისივე თქმით, უფრო ძლიერი პარლამენტის შესაქმნელად და ხელისუფლების გაძლიერების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნებოდა ორპალატიანი სისტემა.

„ამ ვითარებაში რეალურად ვიღებთ არა იმას, რასაც გვეუბნებოდნენ, რომ ეს იქნება საპარლამენტო რესპუბლიკა, არამედ იმას, რომ პრეზიდენტის ფუნქციები გადავა პრემიერ-მინისტრთან, მთავარსარდლის გარეშე დატოვებული საქართველო ჩემთვის პრობლემურია.

არ შეიძლება საქართველოსნაირ ქვეყანაში, რომელიც ძალიან რთულ რეგიონშია, შეასუსტო მთავარსარდლის ფუნქციები, არ შეიძლება მთავარსარდალს გაუუქმო უშიშროების საბჭო, ამით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ვასუსტებთ. ქვეყანას სჭირდება სტაბილური თავდაცვისუნარიანობის განმახორციელებელი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც იქნება ხალხის მიერ ლეგიტიმაციამიცემული და რომელიც 5 წლის განმავლობაში განახორციელებს ამ საქმიანობას“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

ასევე, მარგველაშვილს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი ხალხის მიერ უნდა იყოს არჩეული. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს როდესაც საკონსტიტუციო კომისია, ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციურმა ძალამ დატოვა, კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ - ეს სიტყვები დღეს კიდევ უფრო აქტუალურად ჟღერს და კიდევ უფრო მნიშვნელობას იძენს. 

„პატივცემული კომისიის თავმჯდომარე გამოდიოდა და ასეთ განცხადებას აკეთებდა, რომ თუ პრეზიდენტის კარგი განცხადებები ექნება და მოგვეწონება, მაშინ იქნება არჩევითი. თუ არ მოგვეწონება მისი განცხადებები, იქნება დანიშვნითი. ეს რამდენჯერმე მოხდა. რამდენჯერმე არ იყო ჩემი განცხადებები ეტყობა იმ სტანდარტის, რაც არჩევით პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს. რატომ იზღუდება პრეზიდენტის უფლებები? იმიტომ, რომ კონკრეტულად ჩემი განცხადებები უნდა იყოს უფრო მოსაწონი?

ხალხმა თავისი პოზიცია კიდევ უფრო ნათლად უნდა გამოთქვას, მიაწოდოს თავისი შეხედულებები იმ პატივცემულ იურისტებს, კონსტიტუციონალისტებს, ვინც ქმნიან კონსტიტუციას. არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც ქვეყანა უნდა წარადგინოს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე - გარეთ, მანდატს ვერ მიიღებს ამომრჩევლისგან.

კონსტიტუციის ახალი მოდელის მიხედვით პრეზიდენტს აირჩევენ „ხმოსნები“, ხოლო პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს - დეპუტატები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით არჩეული არიან, მაგრამ დაშორება ხალხთან გაიზრდება. უფრო დემოკრატიული და ლოგიკური არ არის რომ უფრო ახლოს მიიყვანო პოლიტიკოსი ხალხთან? ნამდვილად ამ კონსტიტუციაში ჩვენ ვნახეთ დადებითი და წინგადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებას „საშიშსა და სახიფათოს“ უწოდებსსაპარლამენტო უმრავლესობა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის  განცხადება ობიექტური შემფასებლის მოსაზრებებში არ ჯდება და პირიქით, მას ეწინააღმდეგება. როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით  არჩევა სრულიად  ნორმალურია და ეს საფრთხეს  არაფერს არ უქმნის. 

„ასეთი რესპუბლიკები ყველაზე დემოკრატიულები არიან. შესაბამისად, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის და შემფასებლისთვის პრეზიდენტის  ეს განცხადება არასწორი იქნებოდა. ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ მზად ვართ, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების ჩატარება ერთი ვადით მოხდეს, ხოლო შემდეგ - არაპირდაპირი წესით. გარდამავალ მუხლში ჯერ კიდევ გველოდება ცვლილებების  შეტანა“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. 

საკონსტიტუციო კომისიის წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ არის რამდენიმე მოდელი, ზოგ ქვეყანაში მხოლოდ პარალამენტი ირჩევს პრეზიდენტს, მაგალითად გერმანიაში პრეზიდენტს „ხმოსნები“ირჩევს, სადაც წარმომადგენლობა არის არა მარტო პარლამენტიდან, არამედ არიან ფედერალური მიწების წარმომადგენლებიც.

„არ ვიცი მარგველაშვილი რას ამბობს, რომ მაგრამ გერმანიის პრეზიდენტი არის თუ არა გერმანიის პრეზიდენტი? ან იტალიის? რა თქმა უნდა არის, აბა რაზეა ლაპარაკი. არსებობს პირდაპირი და არა პირდაპირი არჩევის წესი, აქ არაფერს ახალს არავინ არ იგონებს. სხვა საკითხია, ზოგადად ქართული კონსტიტუციის კონცეფციაში როგორ იქნება, მაგრამ არც ის კონცეფცია არ იცის არავინ და პრობლემა ეს არის. 

ხელისუფლებიგან განსხვავებით ვუყურებ ამ საკითხს. არ შეიძლება ცალკე აღებული იმსჯელო პრეზიდენტის პირდაპირ თუ არაპირდაპირ არჩევაზე, ეს დამოკიდებულია ზოგადად კონსტიტუციის კონცეფციაზე, რა გვინდა ჩვენ მივიღოთ ამ კონსტიტუციისგან? თუ ჩვენ გვინდა, რომ მივიღოთ მრავალპარტიული გარემო, მოწესრიგენული პოლიტიკური ცხოვრება და ა.შ. ამიტომ მივდივართ საპარლამენტო მმართველობისკენ, მაშინ პრეზიდენტის არჩევის წესი კი არა, უამრავი სხვა დეტალია შესასწორებელი.

მეც არ ვარ მომხრე პირდაპირი არჩევნების, მაგრამ არც ასეთი კოლეგიის არჩევის მომხრე ვარ. მიმაჩნია, რომ თუ პრეზიდენტი იქნება არბიტრი და ჩემი აზრით არბიტრი უნდა იყოს, არ შეიძლება არბიტრს ერთი გუნდი, ანუ უმრავლესობა ირჩევდეს. ამ პროცესში აუცილებელია პოოზიციის მონაწილეობა. თუ მივდივართ არაპირადპირი არჩევნების გზით, ოპოზიცია აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს არჩევაში“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.