რომანი სუს-ზე და უსუსურობაზე

რომანი სუს-ზე და უსუსურობაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიში ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ერთმანეთს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი და „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება, ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სხდომის დახურვის საკითზე კამათს მოჰყვა.

ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხზე მსჯელობისას ემზარ კვიციანმა განცხადა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სხდომა ღია რეჟიმში ჩატარდებოდა თუ დახურულში, ვინაიდან დარბაზში უცხო ქვეყნის რეზიდენტი იჯდა, რა კონტექსტშიც გიგა ბოკერიაზე მიუთითა. კვიციანის ამ ფრაზას  ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან სიცილი, უშუალოდ ბოკერიას მხრიდან კი კვიციანის მისამართით შეურაცხმყოფელი რეპლიკა მოჰყვა, რამაც კვიციანის გაბრაზება გამოიწვია. 

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ბოკერიასთან მისვლა დააპირა, თუმცა ის მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა შეაჩერეს, იქამდე კი მან ბოკერიას მისამართით წყლით სავსე ჭიქა ისროლა. დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შესაწყვეტად, პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე ხუთწუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. 

ემზარ კვიციანის განცხადებით, გიგა ბოკერიას მისი მისამართით შენი „ჭირიმეც რომ ეთქვა“, მას ამის უფლებაც არ აქვს.

„ბოკერიას ჩემი და რამდენიმე წელი ჰყავდა ციხეში გამოკეტილი. ვინმეს უკვირს რომ გაღიზიანებას გამოიწვევდა მის მიერ ჩემი მისამართით წარმოთქმული სიტყვა? ბოკერიას ჩემი მისამართით შენი ჭირიმეც რომ ეთქვა, მას ამის უფლებაც არ აქვს. დამნაშავეებმა არ აგეს პასუხი ამ ქვეყანაში. ეს იყო ემოცია და მე მოსახლეობას ბოდიში მოვუხადე. მინდა მივმართო ხელისუფლებას, ნუ უბიძგებთ მოსახლეობას შურისძიებისკენ. აღადგინეთ სამართლიანობა“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშის წარდგენა ღია იყო, ხოლო კითხვა-პასუხის რეჟიმი დახურულ ფორმატში წარიმართა. პარლამენტის რეგლამენტი პლენარული სხდომის დახურვას იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუკი განსახილველი საკითხი საიდუმლოების დაცვას საჭიროებს. რეგლამენტის 134-ე მუხლის გათვალისწინებით კი, ისეთი საკითხების განხილვისას, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებს,კომიტეტსა და ფრაქციას შეუძლიათ დასვან პარლამენტის პლენარული სხდომის ან მისი ნაწილის დახურულად გამოცხადების საკითხი. 

შესაბამისად, პლენარული სხდომა უმრავლესობის ინიციატივით დაიხურა - სესიის დახურვაზე გადაწყვეტილება 99-ხმით, 16-ის წინააღმდეგ მიიღეს. ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა ცხარე კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის. ოპოზიციის სურვილი იყო, სესია იმ ნაწილში მაინც ყოფილიყო ღია და საჯარო, როცა დეპუტატები გომელაურს კითხვებს დაუსვამდნენ და იქნებოდა საპასუხო პოლიტიკური გამოსვლები მის ანგარიშზე. 

პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა გიგა ბოკერიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს რჩევით მიმართა, დაეგუგლა FBI-ს და SIA-ს უფროსების მოსმენის საჯარო ნაწილი.

„წინასწარ ხდება შეთანხმება იმ ნაწილზე, რომელიც დახურულია. ინტერნეტი მოიგონეს და თქვენც კი, “ოცნების” წარმომადგენლებს, შეგიძლიათ გაიგოთ“, - მიმართა გიგა ბოკერიამ ირაკლი სესიაშვილს, რომელმაც საპაუხოდ განაცხადა, რომ საერთაშორiსო პრაქტიკაა, როცა უსაფრთხობის სამსახურის უფროსებს დახურულ ფორმატში უსმენენ. 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, უმცირესობის სურვილი იყო, ანგარიშის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და მოსმენის პოლიტიკურ ნაწილში გადაყვანა. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა,  თუკი პარლამენტის სხდომა ღია იქნებოდა, გომელაურს სრულფასოვნად პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ ექნებოდა. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირეს უმრავლესობის სხვა წევრებმაც. 

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, რომან გოცირიძის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანგარიშის მოსმენის დახურვა მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად უსუსურია დღეს ეს სამსახური. 

„უსაფრთხოების სამსახური თავის ენერგიას და რესურსს ახმარს პოლიტიკური ოპონენტების დევნას, ადამიანების უკანონო მოსმენას და არა სახელმწიფო ინტერესების დაცვას. ძალიან დიდი წარმოდგენა ჰქონია ჩვენს მთავრობას ამ პარლამენტის შემადგენლობაზე, თითქოსდა დახურული ინფორმაციის შემდეგ აქ არ იყვნენ ადამიანები, რიმლებიც ამ ინფორმაციას ხვალვე ჩააბარებენ სხვას. სხდომის დახურვა ნიშნავს ამ სამსახურის უსუსური მუშაობის მიჩქმალვას. 

სუსი-ს უფროსს აქვს უფლება ზოგიერთ კითხვას არ გასცეს პასუხი, მაგრამ არავის აქვს იმის უფლება, რომ დეპუტატს აუკრძალოს გამოვიდეს სიტყვით და საზოგადოებას აუხსნას საკუთარი პოზიცია. რაც შეეხება ჩხუბს, დაუშვებელი უნდა იყოს ყველაზე მთავარ ორგანოში ქუჩური და კრიმინალური ელემენტების შემოტანა და გაღვივება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

სუს-ის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ 2016 წლის განმავლობაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, გამოძიება სისხლის სამართლის 17 საქმეზე დაიწყო. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი. გომელაურმა დეტალურად ისაუბრა 2016 წლის ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე, კერძოდ, ტერორისტული აქტის მომზადების ფაქტზე, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, საგურამოსთან ახლოს უნდა მომხდარიყო.

გომელაურის განცხადებით, კორუმპირებული საჯარო მოხელეები დანაშაულებრივი დაჯგუფებებისა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების პოტენციურ სამიზნეებს წარმოადგენენ. აქიდან გამომდინარე კი, სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სავარაუდო კორუფციულ დანაშაულზე გამოძიება სისხლის სამართლის 47 საქმეზე დაიწყო.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, როგორც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ძირითადი უწყების საქმიანობა მომავალშიც მიმართული იქნება საქართველოსთვის პოტენციური საფრთხეების პროგნოზირებასა და პრევენციაზე, მის წინაშე მდგარი გამოწვევების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და განეიტრალებაზე, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედების აღკვეთაზე“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გომელაურმა სუს-ის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, სუს-ის უფროსი აცხადებს, რომ აღნიშნული მიმართულებით არსებობს გარკვეული გამოწვევები. მისივე თქმით, სუს-ის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების, ასევე მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი შექმნისთვის აუცილებელი კომპონენტების გაუვრცელებლობის საკითხებს. 

„2016 წლის გაზაფხულზე საქართველო შეუერთდა დიდი შვიდეულის მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ გლობალურ პარტნიორობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ნივთიერებებისა და მასალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, საანგარიშო პერიოდში აღკვეთილია რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობის 2 ფაქტი. 

2016 წლის 14 აპრილს, ქ. თბილისში ამოღებულია ქარხნული წესით დამზადებული სპეციალური კონტეინერი, რომელშიც მოთავსებული იყო „ურან 238“, დაკავებულია 6 პირი. 2016 წლის 25 აპრილს ქობულეთში ამოღებულია ერთი კილოგრამი და 665 გრამი რადიოაქტიური ნივთიერება რომელიც შეიცავდა „ურან 235“-ს და „ურან 238“-ს, დაკავებულია 6 პირი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

როგორც სუს-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, უწყება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებთან, მეზობელ სახელმწიფოებთან, ისრაელთან, ევროკავშირთან, ნატო-სთან, ევროსაბჭოსთან, ეუთო-სთან, სხვა პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან. 

ასევე, მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა, როგორც გომელაურმა აღნიშნა, განსაკუთრებით დიდია მათი როლი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ჩვენი სამსახურის შესაძლებლობების განვითარებაში. მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნების უსაფრთხოების ატაშეებთან და დიპლომატიურ წარმომადგენლებთან.