პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი და „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი დაუპირისპირდნენ. მიზეზი უცნობია. for.ge–ს ინფორმაციით სიტყვიერი შელაპარაკება კანდელაკსა და ზარდიაშვილს შორის დეპუტატების ე.წ. დასასვენებელ ოთახში მოხდა, რომელიც პარლამენტის სხდომათა დარბაზის გვერდით მდებარეობს.
დეპუტატებმა სიტყვიერი შელაპარაკება არ იკმარეს და ერთმანეთს დაერივნენ. ვანო ზარდიაშვილს, გიორგი კანდელაკსა და დავით მაციკაშვილს შორის ჩამდგარი ირმა ნადირაშვილი თეთრ მანდილს აფრიალებდა, თუმცა ვითარება ამანაც ვერ განმუხტა. უფრო მეტიც, ვითარება იმდენად გართულდა, რომ ნადირაშვილი სხდომათა დარბაზში შევიდა და გუნდის წევრებს დახმარება სთხოვა, შედეგად, ბოკერია და რამდენიმე ადამიანი გავიდა ე.წ. დასასვენებელი ოთახში. მას შემდეგ, რაც თანაგუნდელები შეიკრიბნენ, ნაცემ გიორგი კანდელაკს გული მიეცა და ვანო ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა. საფერფლე მიზანს ასცდა და ოთარ კახიძეს ლამის, თავი წააცალა.
for.ge–ს ინფორმაციით ოთარ კახიძეს 15 ნაკერი ადევს, ექიმებმა მას ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობას სახლში გადის. რაც შეეხება კანდელაკს, როგორც საპარლამენტო კულუარებში for.ge–ს განუცხადეს, მძიმედ არის ნაცემი. უმრავლესობის წევრები იმასაც ამბობენ, საფერფლე ზარდიაშვილს რომ მოხვედროდა, კანდელაკი საკადრის პასუხს მიიღებდა. თუმცა, სამწუხაროს უწოდებენ ფაქტს, რომ საფერფლემ ოთარ კახიძე საკმარისად ვერ დააზიანა(?!)
აღსანიშნავია, რომ კახიძე პარლამენტის შენობიდან კოლეგა დეპუტატმა, გიორგი ტუღუშმა გაიყვანა. მას თავიდან სისხლი სდიოდა. თაპარტიელის მიერ შუბლგატეხილმა კახიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. ტუღუში შეეცადა ნაცემი კახიძე კამერების ობიექტივში არ მოხვედრილიყო, ნაცემი დეპუტატი მანქანაში ჩასვა და საავადმყოფოში წაიყვანა.
დეპუტატები მომხდარის შესახებ არ საუბრობენ. უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთებისგან თავს იკავებს.
„ის, თუ რა მოხდა, ამას ვერ გეტყვით – საფერფლის მსროლელი და ის, ვისაც საფერფლე მოხვდა, თვითონ გაერკვევიან ერთმანეთში, რა მოხდა“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ვანო ზარდიაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ სპიკერი ირაკლი კიკნაველიძე აცხადებს, რომ დეპუტატების ფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზში დაწყებული დაპირისპირების გაგრძელება იყო. მისი თქმით, „ვახტანგ გომელაურის ანგარიშის გადასაფარად ხელისუფლებამ სხდომათა დარბაზში მოაწყო სასაცილო სპექტაკლი ემზარ კვიციანის, მათი ძალიან კომიკური პარტნიორის მონაწილეობით, რომლის გაგრძელებაც იყო ის კონფლიქტი, რაც მოხდა „ქართული ოცნების“ დეპუტატსა და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს შორის“.
„ეს კარგად მიუთითებს იმ სრულიად არაადეკვატურ გარემოზე, რაც პარლამენტშია. არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს, არც არის საინტერესო. შემზარავია, როცა ხელისუფლება ასეთი მნიშვნელოვანი ანგარიშის გადაფარვას ცდილობს“, – განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.
უმრავლესობის წევრი დეპუტატ ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებასთან „ქართულ ოცნებას“ არანაირი კავშირი არ აქვს.
„ის, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, მისასალმებელი ვერ იქნება და საზოგადოება კარგად ხედავს ამ ყველაფრის მიზეზებს. „ქართულ ოცნებას“ ამ ინციდენტთან მიმართებაში არანაირი კავშირი არ აქვს. მე იმ ოთახში არ ვიყავი, ამიტომ არ ვიცი დეტალები, მაგრამ ფაქტია, რომ ერთი ადამიანი მეორეს ესვრის საკმაოდ მძიმე ნივთს“, –აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, რომლის შეფასებით, ერთი პარტიის თანაგუნდელები ერთმანეთს უმიზნებდნენ საფერფლეს, ეს მხოლოდ საქართველოში ხდება.
„ჩხუბი ვის არ უნახავს პარლამენტში, მაგრამ ერთი პარტიის თანაგუნდელები ერთმანეთს უმიზნებდნენ საფერფლეს, ეს მხოლოდ საქართველოში“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.