კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიხედვით,საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული კომპონენტი უქმდება და მანდატები პროპორციული წესით მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით გადანაწილდება. კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის თანახმად, პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც.
პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო ცვლილების გარშემო, მმართველ პარტიაშიც აზრთა სხვადასხვაობაა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარების ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს, ეს იმ ფონზე, როცა საპარლამენტო უმრავლესობას შერეულიდან პროპორციულ მოდელზე გადასვლა საჯაროდ აქვს დაანონსებული.
გაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ პარტიაზე მინიჭებას არ იზიარებს უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას ქვეყნისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს. დეპუტატი აცხადებს, რომ ის მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას მხარს არ დაუჭერს და ანალოგიურ გადაწყვეტილებას პარლამენტის სხვა მაჟორიტარებიც მიიღებენ.
„ჩვენთან დემოკრატიის ხარისხი არ არის იმ დონეზე, როგორიც არის ევროპაში. ჩვენი ეკონომიკა არ არის იმ დონეზე, რომ პოპულიზმი ვერ გავიდეს არჩევნებში და პოპულისტურმა პარტიებმა ვერ გაიმარჯვონ. ეს არის ძალიან მაღალი რისკის მატარებელი. მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ დავუჭერ“, – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
ოქრიაშვილი არ არის ერთადერთი, ვინც მხარს არ უჭერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. მაჟორიტარები აცხადბებენ, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ დაუჭერენ. მმართველ გუნდს პარლამენტში 115 მანდატი აქვს, საკონსტიტუციო ცვლილების დასამტკიცებლად კი 113 ხმა არის საჭირო. იმ შემთხვევაში თუკი კანონპოროექტს მაჟორიტარი დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველ გუნდს ოპოზიციის მხარდაჭერა დასჭირდება. თუმცა, უმრავლესობა ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გუნდის შიგნით დისკუსია მიმდინარეობს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ფიქრობს, რომ ქვეყნის სტაბილობისათვის უმჯობესია მაჟორიტარული სისტემა, ვიდრე პროპორციული, თუმცა, აქვე ამბობს, რომ შიდასახელწიფოებრივი კონსენსუსის მისაღწევად აუცილებელია პროპორციული სისტემის განხილვა. მისივე თქმით, საზოგადოება და ქვეყანა დაინტერესებულია იმით, რომ სტაბილური მთავრობა ჰყავდეს და ეს არ გახდეს გარკვეული პოლიტიკური გაუგებრობებისა და და პოლიტიკური თამაშების შემადგენელი ნაწილი.
„ძალიან არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს მაჟორიტარი დეპუტატები არ უჭერენ, თითქოს მაჟორიტარების ინტერესებშია მუდმივად დარჩნენ მაჟორიტარებად და ისინი არიან დაინტერესებული იმაში, რომ თავისი მაჟორიტარული ოლქი შეინაჩუნონ, რაც არის რეალობის დამახინჯება.
მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ვფიქრობ, რომ მაჟორიტარული სისტემა და კონკრეტული ადამიანის პასუხისმგებლობა კონკრეტული საარჩევნო ოლქის მაცხოვრებლებთან არის მნიშვნელოვანი. აშშ ამის ძალიან კარგი და თვალსაჩინო მაგალითია, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა შიდასახელმწიფოებრივ კონსენსუსს მივაღწიოთ, აუცილებლად უნდა განვიხილოთ პროპორციული სისტემა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს მმართველ გუნდს. „სახელმწიფო ხალხისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ტოვებს პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველო“. გიორგი ტუღუშის განცხადებით, კომისიის შემადგენლობის დატოვების თაობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს კომისიის წევრ სხვა პარტიებთან და შესაძლებელია განცხადება ერთობლივად გაკეთდეს.
„არის რამდენიმე პრინციპული საკითხი, რაზეც ოპოზიციური პარტიები პოზიციის შეცვლას არ აპირებენ და რომელთა გათვალისწინებას “ქართული ოცნება” არ აპირებს. ეს არის მანდატების განაწილების წესს და პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევის საკითხი“, - აცხადებს გიორგი ტუღუში.
საკონსტიტუციო კომისიას ტოვებს პოლიტიკური გაერთიანება „დემოკრატიული მოძრაობა“. დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არც ერთი ის წინადადება არ გაითვალისწინა, რომელიც კომისიას დემოკრატიულმა მოძრაობამ შესთავაზა.
„კომისიის შეკრების პირველივე დღიდან ჩვენ ვამბობდით, რომ გვქონდა წითელი ხაზები, მათ რიცხვში იყო საარჩევნო სისტემის ცვლილება, რომლის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კომისიას გამოვუცხადებდით უნდობლობას და გავაკეთებდით განცხადებას ბოიკოტის თაობაზე. საარჩევნო სისტემის მიმართულებით დაგეგმილი ის ცვლილება, რომლის მიღებასაც მმართველი პარტია აპირებს, სამართლიან არჩევნებს ვერ უზრუნველყოფს“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის, შალვა შავგულიძის თქმით, კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით არსებობს წითელი ხაზები, რომლის დარღვევის შემთხვევაში „თავისუფალი დემოკრატები“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პასუხისმგებლობას არ აიღებენ და საკონსტიტუციო კომისიას დატოვებენ. შავგულიძის შეფასებით, პროცესები იმ შედეგამდე მიდის, რომ „ქართული ოცნება“ კონსტიტუციაში იმ ცვლილებებს იღებს, რომელიც მას თავიდანვე ჰქონდა დაგეგმილი, პოლიტიკური ჯგუფების შეთავაზებების გათვალისწინება კი არ ხდება.
„კონსულტაცია გვაქვს ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებასთან, რომელიც კომისიაში არის წარმოდგენილი. ჩვენი პოზიციები ფაქტობრივად თანხვედრაშია. არსებობს წითელი ხაზები, რომლის დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ არ ავიღებთ პასუხისმგებლობას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, ეს ეხება საარჩევნო სისტემის საკითხს, პრეზიდენტის არჩევის წესს და მის უფლებამოსილებებს, ასევე არის სხვა საკითხები. დაველოდებით პროექტის საბოლოო ვარიანტს. თუკი ხელისუფლება საკუთარ პოზიციას ჯიუტად შეინარჩუნებს, ჩვენ იძულებული ვიქნებით, დავტოვოთ კომისია“, - აცხადებს შალვა შავგულიძე.