ამერიკა-რუსეთს შორის გადატვირთვის პოლიტიკის შანსი მცირდება

ამერიკა-რუსეთს შორის გადატვირთვის პოლიტიკის შანსი მცირდება

დონალდ ტრამპმა ფიცის დადებამდე განაცხადა, რომ „ნატო მოძველებული ორგანიზაციაა, ვინაიდან ბევრი წლის უკან იყო შექმნილი. თუმცა, ფიცის დადების შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა პოზიცია შეიცვალა და ახლა აცხადებს, რომ ნატო აღარ არის მოძველებული ორგანიზაცია. ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ბასტიონია.

აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ალიანსის წევრებს თავდაცვის მიზნებისთვის თავიანთი მშპ-ის 2%-ის დახარჯვისკენ. რადგან თვლის, რომ თუ წევრი ქვეყნები თავიანთ სამართლიან წილს გადაიხდიან, ასეთ შემთხვევაში მსოფლიო გაცილებით დაცული იქნება. გარდა ამისა, ტრამპი გამოთქვამს იმედს, რომ აშშ და ნატო შეძლებენ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას.

„მშვენიერი იქნებოდა, თუ ნატო და ჩვენი ქვეყანა ურთიერთობების დალაგებას შეძლებდნენ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა და აქვე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი გამოთქვა.

აშშ-ის პრეზიდენტს როგორც პოლიტიკურ ლიდერს ენდობა ნატო-ს გენერალური მდივანი და სჯერა, რომ ტრამპი ნატო-ს ერთგულია.

„მე ვენდობი ტრამპს როგორც ლიდერს, ვინაიდან ის ამერიკელმა ხალხმა აირჩია დემოკრატიული საარჩევნო პროცესის ფარგლებში. მე მჯერა, რომ ის ერთგულია ნატო-სადმი, რადგან მან ეს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც დაამტკიცა. ახლა, პირველად ბევრი წლის განმავლობაში აშშ აძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას ევროპაში.

ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნატო-სთვის, არამედ ვაშინგტონისთვისაც. სულ უფრო და უფრო არაპროგნოზირებად მსოფლიოში აშშ-ს სჭირდება მეგობრები და მოკავშირეები და ნატო აშშ-სთვის საუკეთესო მეგობარი და მოკავშირეა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ტრამპის ქმედებების ზუსტი შეფასება მიუღწეველია ანალიტიკოსებისთვის, თუმცა თვლიან, რომ გადატვირთა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში არ მოხდება.

ანალიტიკოსების შეფასებით, როგორც კი მასთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება მიეცათ როგორც დიდი ბრიტანეთის, ასევე გერმანიის პირველ პირებს, თეთრი სახლი კიდევ უფრო სტუმართმოყვარე ადგილი აღმოჩნდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვაშინგტონს ჩინეთის უმაღლესი თანამდებობის პირი ეწვია. ამ შემთხვევაში ტრამპი მასპინძლობაშიც ორიგინალური აღმოჩნდა - მან ჩინელი კოლეგა საკუთარ სახლში მიიპატიჟა და სტუმარის თანდასწრებით გასცა ბრძანება სირიაში იმ ობიექტზე თავდასხმაზე, საიდანაც  ქიმიური იარაღის გამოყენება ხდებოდა.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ძნელია, მაგრამ არც თუ ძნელად გასაგებია, რომ ტრამპს გააჩნია სრულიად მკაფიო ორიენტირები, რომელიც უფრო მყარდება და ფართოვდება დროის განმავლობაში.

„ჩემთვის ბევრის მთქმელია ტრამპის სწრაფი მილოცვა თურქეთის პრეზიდენტისთვის. ჩვენ, ყველამ, საკუთარ თავში მივაძინოთ განცდა იმისა, რომ ამერიკის ახალი პრეზიდეტი რომელიმე წინა ხელისუფალთა შორის არ არის ამერიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმტებით განმახორციელებელი. ტრამპის მოულოდნელი ნაბიჯები ამაღლებს პრეზიდენტის რეიტინგს როგორც აშშ-ში, ასევე ვერშემდგარ პარტნიორებთანაც კი“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

რაც შეეხება სამკუთხედს - ვაშინგტონი-მოსკოვი-ბრიუსელი, ექსპერტი ფიქრობს, რომ რუსეთი უმალ რკინის ფარდას ჩამოაფრებს საკუთარ ქვეყანას, ვიდრე ისურვებს ნატოს წევრობას, სადაც მას რასაკვირველია წამყვანი როლის შესრულება არ მოუწევს“,- აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ ნატო, ნატოში ყოფნა და ნატოს წარმატება არის ამერიკის წარმატება და ეს არის ამერიკელების ინტერესებში, რამდენადაც ღირებულებების ინტერესი, რომელსაც ნატო იცავს, ეს არის ამერიკელების და ევროპელების ღირებულებები და სწორედ ამის საფუძველზე არის შექმნილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი.

„ის გლობალური საფრთხეები, რომელიც დემოკრატიულ სამყაროს ევროპელებს, ამერიკას და მათ შორის ჩვენც, გვემუქრება, ამ საფრთხეებისგან ყველაზე ეფექტური დამცველი არის ნატო, რაც ამერიკის ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ნატოს ისტორიაში ერთადერთხელ იქნა გამოყენებული ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლი, ეს იყოს სწორედ აშშ-ს წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული ქმედებების საწინააღმდეგოდ. ძალიან მყარია აღქმა როგორც დემოკრატებში, ასევე რესპუბლიკელებში, რომ ამერიკის ეროვნული ინტერესი არის ნატოს სიძლიერე და ამერიკის შემდგომი კონსტიბუცია ნატოში“, - ამბობს გიორგი მუჩაიძე.

რაც შეეხება ტრამპის სურვილს, რომ აშშ და ნატო შეძლებენ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას, მუჩაიძე აცხადებს, რომ ურთიერთობის დალაგების სურვილი ყოველთვის უნდა იყოს, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციის საკმაოდ ხისტი ნაბიჯებიდან გამომდინარე, რომელსაც სირიასა და კორეაში დგამს, მუჩაიძეს არ აქვს ილუზია, რომ ეს ურთიერთობა შედგება.

„მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ვხედვათ, რომ საკმაოდ ხისტ ნაბიჯებსაც დგამს ტრმპის ადმინისტრაცია, იგივე სირიაში და კორეაში, რაც აქამდე ბევრ ანალიტიკოსს წარმოუდგენლად მიაჩნდა, რეალობაში ამის აბსოლუტურად საწინააღმდეგო მოვლენები განვითარდა. თუ იყო რაღაც მოლოდინები იმისა, რომ ამერიკა-რუსეთის ურიერთობებში გადატვირთვა მოხდება, ახლა, ძალიან ნაკლებია ასეთი მოლოდინები.

მოდით ისიც ვთქვათ, რომ ტრამპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ჯგუფი, ის ხალხი, რომლებიც ამ სფეროში აყალიბენენ პოლიტიკას, ძალიან რეალისტური მიდგომებით სარგებლობენ. თუ აქამდე უსაფრთხოების საკითხებში ისეთი პიროვნებები იყვნენ, რომლებიც შედარებით ლოიალურად იყვნენ განწყობილი რუსეთის მიმართ, ისინი უკვე არ არიან საბჭოში.

ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსები და სამხედროები არიან, რომელთაც ძალიან კარგად აქვთ აღქმული ის საფრთხეები, რომელიც რუსეთიდან მომდინარებს. აქიდან გამომდინარე, მე ფრთხილად ობტიმისტური ვიქნებოდი და ვფიქრობ, რომ გადატვირთა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში, როგორც ობამას დროს მოხდა, ასეთი რამ არ მოხდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.