„ნაციონალები“ ცდილობენ, როგორმე შეინარჩუნონ ორდედაქალაქიანობის გათამაშება

„ნაციონალები“ ცდილობენ, როგორმე შეინარჩუნონ ორდედაქალაქიანობის გათამაშება

პარლამენტის ადგილსამყოფლად ქუთაისის შენარჩუნებისთვის ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს. მათი გააქტიურება უკავშირდება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში არსებულ მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ახალი კონსტიტიციით აღარ უნდა  განისაზღვროს პარლამენტის კონკრეტული ადგილსამყოფელი. 

ეს მაშინ, როცა კონსტიტუციის 48-ე მუხლის დღევანდელი რედაქციით, პარლამენტის კონკრეტული ადგილსამყოფელია ქუთაისი და მისი დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს. 

ვინაიდან დღემდე არ წყდება კამათი ქუთაისში პარლამენტის გადატანის კონკრეტული სარგებლიანობა-უსარგებლობის შესახებ, ჩვენ შევეცადეთ იმის გარკვევას, რა სარგებელი მოუტანა პარლამენტმა ქუთაისელებს და გააუმჯობესა თუ არა დემოგრაფიული ვითარება საქართველოს ამ მეორე კულტურულ ცენტრში?! 

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელად ქუთაისის განსაზღვრა „ნაციონალების“ ნარატივია და დღესაც სწორედ „ნაციონალების“ მიერ არის მართული ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული  საინიციატივო ჯგუფი. 

რეალურად, ქუთაისში პარლამენტის გადატანა ეს იყო პოლიტიკური ლოზუნგი, ეს იყო ფუნდამენტური პრინციპი „ნაციონალებისთვის“ და, რადგან ახლა ამ მთავარი პრინციპის შელახვა ხდება, „ნაციონალები“ ცდილობენ, როგორმე შეინარჩუნონ ორდედაქალაქიანობის გათამაშება. 

ანალოგიურ ვითარებაზე საუბრისას ვახტანგ მაისაიას ახსენდება, რომ ორი დედაქალაქის პრინციპი არსებობს რუსეთში, მოსკოვის და პეტერბურგის სახით. ამითაც ჩანს, რომ სააკაშვილის მიდგომა იყო რუსული პოლიტიკური სქემის გადმოკოპირება და დანერგვა საქართველოში. პუტინი როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში, საკონსტიტუციო სასამართლო გადაიტანა სანკტ-პეტერბურგში, ასევე, გადაიტანა სახელმწიფო კონტროლის პალატა, „გაზპრომის“ შტაბბინა და სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი სტრუქტურები. უფრო მეტიც, სანკტ-პეტერგბურგში ჩატარდა მაშინდელი დიდი რვიანის შეხვედრა, გაიმართა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ღონისძიებები. 

„ეს იყო პუტინის გეგმის გამეორება, როცა მიხეილ სააკაშვილმა თავის მასწავლებელ ვლადიმერ პუტინს მიბაძა ისევე, როგორც მან მიბაძა პუტინს პოლიტიკური როქირების საკითხში, როდესაც   კონსტიტუცია შეცვალა და ქვეყანა ვითომც ნახევრად  საპარლამენტო მმართველობის ფორმატზე გადაიყვანა. სინამდვილეში, მას სურდა, პრემიერის ინსტიტუტი უფრო მეტად გაზრდილიყო, ვიდრე პრეზიდენტის, რადგან სააკაშვილი 2012 წელს პრემიერობას აპირებდა, ხოლო პრეზიდენტად თავის მარიონეტ ქვეშევრდომს, პოლიტიკურ ფიტულს - დავით ბაქრაძეს დააყენებდა.

დიმიტრი მედვედევისა და პუტინის ანალოგიით, ესეც იყო პუტინიზაციის ელემენტების გადმოღება საქართველოში. პუტინს უნდოდა, ხაზი გაესვა, რომ ის წარმოშობით სანკტ-პეტერბურგიდან იყო. იმ პერიოდში სწორედ სანკტ-პეტერბურგის კლანი მართავდა რუსეთის ცენტრალურ ხელისუფლებას. იგივე ჩუბაისი, დვორკოვიჩი, ივანოვი, ყველანი წარმოშობით სანკტ-პეტერბურგიდან იყვნენ. ამავდროულად, სანკტ-პეტერგბურგი პუტინისთვის სუსტი წერტილი იყო, რადგან მის მიმართ მაინცდამაინც დადებითად არ გახლდათ განწყიბილი. იქაურები უფრო ლიბერალურ წრეს მიეკუთვნებოდნენ. ამდენად, პეტერბურგისთვის პოლიტიკური წონის მინიჭებით პუტინმა ლიბერალური წარმომადგენლები საკუთარ ვერტიკალს დაუქვემდებარა“,-აცხადებს ვახტანგ მაისაია. 

მისივე შეფასებით, იგივე გათვლა ჰქონდა სააკაშვილს. კერძოდ, ის გრძნობდა, რომ დასავლეთ საქართველოს ძირძველი ნაწილი-იმერეთი და უშუალოდ ქუთაისი არ იყო მისი ამომრჩეველი. ეს  მხოლოდ 2012 წელს არ დადასტურებულა. ეს დაადასტურა მანამდე ჩატარებულმა არჩევნებმაც. ვახტანგ მაისაია თვლის, რომ ყველა მავნე ელემენტი, რაც სააკაშვილმა დანერგა, უნდა ჩამოვირეცხოთ.

დემოგრაფი ანზორ თოთაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პარლამენტი აუცილებლად უნდა იყოს თბილისში, ჩვენს დედაქალაქში. მით უმეტეს, რომ პარლამენტის ქუთაისში გადატანის შემდეგ ქუთაისის დემოგრაფიული სურათი უფრო დამძიმდა. 

„ამბობენ, პარლამენტი თუ თბილისში დავაბრუნეთ, ქუთაისში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდებაო. რა შუაშია ქუთაისის მოსახლეობის შემცირება? როცა იქ არ იყო პარლამენტი, ქუთაისში შესანიშნავად იზრდებოდა მოსახლეობის რაოდენობა. პირიქით, „ნაციონალების“ ბატონობის პერიოდში განსაკუთრებულად შემცირდა ქუთაისის მოსახლეობა. თუკი 1989 წელს ქუთაისში 232 ათასი კაცი ცხოვრობდა, ახლა ცხოვრობს 149 ათასი. ქუთაისი  დღეს უკვე მესამე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობით. ეს მაშინ, როცა ყოველთვის იყო მეორე კულტურული ცენტრი. დღეს   მოსახლეობის რაოდენობით პირველი ქალაქია თბილისი, მეორეა ბათუმი, სადაც ცხოვრობს 154 ათასი ადამიანი. შესაბამისად, მესამეზე გადაინაცვლა ქუთაისმა. თანაც, სულ იკლებს ქუთაისის მოსახლეობა. 

მთლიანობაში, იმერეთშიც საშინელი მდგომარეობაა. ბუნებრივი კლება შეინიშნება, ანუ მეტი გარდაცვლილია, ვიდრე დაბადებული. გასულ წელს იმერეთში ათასზე მეტი კაცი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. თუ აქამდე იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კლება შეიმჩნეოდა, გარდა საჩხერისა, გასულ წელს უკვე საჩეხერეშიც დაიწყო ბუნებრივი კლება. მდგომარეობა სერიოზულია. ამდენი ფული წყალში იყრება. ასე რომ, პარლამენტმა რამე შესძინა ქუთაისს? თუ რამე ეშველება ქუთაისს, ეშველება პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აშენების შემდეგ, რომელიც სამ წელიწადში 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი“,-აღნიშნა ანზორ თოთაძემ და არ გამორიცხა, საინიციატივო ჯგუფის წევრები „ნაციონალებისგან“ იმართებოდნენ. 
დემოგრაფი მიიჩნევს, რომ, საერთოდ, „ნაციონალებმა“ დაღუპეს ეს ქვეყანა და კიდევ დაღუპავენ. არც ერთი საპროტესტო აქცია საქართველოში არ ტარდება, რომ მის უკან „ნაციონალები“ არ იდგნენ. ჩვენი ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს, ქაოსში გადადის ყველაფერი. ამიტომ, რაც უფრო ჩქარა დატოვებენ „ნაციონალები პოლიტიკურ ასპარეზს, მით უკეთესი. 

„ახლა გადასხვაფერდნენ, ვითომ „გირჩი“ და „ევროპული საქართველო“ დააარსეს. შესანიშნავად თქვა რუსთაველმა, „თავსა ახლად ვერვინ იშობსო“, ეგენიც ვერ შეიცვლებიან“. 

მისივე თქმით, ქუთაისის მძიმე დემოგრაფიულ სურათზე რომ არაფერი ვთქვათ, მანძილის სიშორეც გასათვალისწინებელია. თბილისიდან ქუთაისამდე მანძილის დაფარვას, სულ მცირე, სამი საათი მაინც სჭირდება. საშუალო ასაკის ადამიანი სამი საათი რომ იმგზავრებს და მივა პარლამენტში, მისი შრომის ნაყოფიერება ძალზე დაბალია. საერთოდაც, ადამიანი სხვაგან რომ ერთ ღამეს გაათევს, ვერ იძინებს, ვერ ეგუება ახალ გარემოს, რაც ყველა ადამიანს ახასიათებს, სანამ ადაპტაცია არ მოხდება. ამას ემატება ისიც, რომ უზარმაზარი თანხა იხარჯება ბენზინში, რადგან თითქმის ყველა ჩვენი დეპუტატი თბილისიდან ჩადის ქუთაისში. მაჟორიტარი დეპუტატებიც თითქმის ყველანი  თბილისში ცხოვრობენ.