„ყველა ქვეყნის საელჩოში არიან სამხრეებიანი დიპლომატები“

„ყველა ქვეყნის საელჩოში არიან სამხრეებიანი დიპლომატები“

ბესიკ ალადაშვილის განცხადებით, საქართველოში საერთაშორისო ტერორიზმის გარეკვეული ბაზა, ალბათ უმნიშვნელო, მაგრამ მაინც არსებობს. მისი თქმით, ეს არის რელიგიური ექსტრემისტული მიმართულების ჯგუფი, მაგრამ მოქალაქეები მხოლოდ რელიგიური შეხედულების და დაბალი ცნობიერების გამო არ ხდებიან ტერორისტები. შესაბამისად, თუ ზუსტად არ იქნება საფრთხე შესწავლილი და გაანალიზებული, შემდეგ ძნელი იქნება ბრძოლა.

რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და რამდეად მოწყვლადია ISIS-ის იდეოლოგიის გავრცელების კუთხით საქართველო? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარეს, ბესიკ ალადაშვილს ესაუბრა.

რა სურათს ქმნის სუს-ის ხმაურიანი ანგარიში? ვამბობთ, რომ საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, თუმცა, ანგარიშშია აღნიშნულია, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ და სხვა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა შეიძინეს...

ბესიკ ალადაშვილი: ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გლობალური საფრთხეებიდან უმთავრესი არის ორი: ერთი - საერთაშორისო ტერორიზმი და მეორე - უცხო ქვეყნების სპეცსასამხურების მოქმედება ქვეყანაში. დანარჩენი, ასევე რაც სუს-ის დებულებით არის გათვალისწინებული, ეს არის ქიმიური და  ბიოლოგიური საფრთხეების აცილება, ოკუპირებული ტერიტორიები, ანტიკორუფციული საქმიანობა, რაც ძალიან მნშვნელოვანი თემა, რომელსაც, როგორც შარშანდელ, ასევე ამ ანგარიშშიც გევრდი აქვს ავლილი. ეს მაშინ, როდესაც ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო უსაფრთხების დეპარტამენტის საქმიანობა. მისი დებულებაა არის ქვეყანაში გარკვეული პოლიტიკური სტაბილურობა და კონსტიტუციური წყობილების დაცვა.

რაც შეეხება ტეროროზმთან ბრძოლას, ანგარიშიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით წარატებულია უწყების მუშაობა?

- ვერ ვიტყოდი, რომ წარმატებულ საქმიანობს ასახვს. ანგარიშში ჭარბობს ისეთი ზოგადი განმარტებები, როგორიც არის - მიმდინარეობს მუშაობა, ტარდება ღონისძიებები და ა.შ. არ ვიცი, ასეთი სტილია, შეგნებულად აკეთებენ, თუ დაეზარათ, მაგრამ რომ შევადაროთ შარშანდელი და დღევანდელი ანგარიშების ტექსტი, სიტყვა-სიტყვით მეორდება მთელი გვერდები. ვფიქრობ, მეტი მრავალფეროვნება უნდა ჩანდეს, იგივე ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით, ფაქტიურად წინა ანგარიშიდან არის გადმოწერილი აბზაცები.

ანგარიშში რამდენად სწორად არის შეფასებული საქართველოს მოქალაქეების გადაბირების ძირითადი მიზეზები?

- საქართველოში საერთაშორისო ტერორიზმის გარეკვეული ბაზა ალბათ უმნიშვნელო, მაგრამ მაინც არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის რელიგიური ექსტრემისტული მიმართულების ჯგუფი, მაგრამ მხოლოდ რელიგიური შეხედულების და დაბალი ცნობიერების გამო არ ხდებიან მოქალაქეები ტერორისტები. ანუ, თუ ზუსტად არ იქნება საფრთხე შესწავლილი და გაანალიზებული, შემდეგ ძნელი იქნება ბრძოლა. ჩემი აზრით, ამ ანგარიში გვერდი აქვს ავლილი იმ ფაქტორს, ჩატარდა თუ არა კვლევა და იმ ფაქტების  ოპერატიული შესწავლა, რა აიძულებდა საქართველოს ასეულ მოქალაქეს გაერთიანებულიყვნენ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში. ანუ, რამდენად იყო კომპონენტი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, უმუშევრობა, დაუსაქმებლობა, მომავლის არქონა... ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რაც საქართველის რეალობაში აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული.

თუმცა, არის კონკრეტული ფაქტები, იგივე ბორჩაშვილის საქმე, საერთო ჯამში არის რამდენიმდე საინტერესო მინიშნება, რომ პირი, რომელიც საქართველოში ISIS-ის მხარდამჭერი დაჯგუფების შექმნას ცდილობდა, გამოვლენილია...

- გეთანხმებით, რომ ანგარიშში არის რამდენიმე საინტერესო მინიშნება. მაგალითად, შარშან 28 დეკემბერს გამოძიება დაიწყო უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რომელიც ცდილობდა საქართველოში ე.წ. ისლამური ჯგუფების შექმნას, ანუ, იურიდიული თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა სტუდენტთა 15-კაციანი ჯგუფის მიმართ, იგივე - ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების გამოვლენა... პირდაპირ არის მითითებული, რომ გამოვლენილია უცხო ქვეყნის 20-მდე მოქალაქე და მიმდინარეობს გამოძიება.

სამწუხაროდ, უნდა ავღნიშნო, რომ მიმდინარე გამოძიება არ არის დასრულებული საქმე.  არსებობს ალბათობა, რომ ყველა მითითებული პირი თუ შემთხვევა სასამართლოზე გამართლდნენ. ეს რამდენად ჩაითვლება დადებითად სუს-ის მუშაობაში? გამოძიება და ბრალდება ყოველთვის არ ნიშნავსბრალდების მიგებულ მხარეს. ვფიქრობ, რომ ეს არის მხოლოდ ნახევარფაბრიკატი.

სუს-ის ინფორმაციით, გამოვლენილია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს რამდენიმე მოქალაქეც, რომლებიც სხვადასხვა ინტერნეტ რესურსის, კერძოდ, ე.წ. ბლოგებისა და სოციალური მედიის გამოყენებით ეწეოდნენ ტერორისტული ორგანიზაციის იდეოლოგიურ მხარდაჭერას. აღნიშნული პირების მიმართ დაიწყო გამოძიება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ არის კონკრეტიკა. როგორ ფიქრობთ, რატომ გაურბის კონკრეტიკას სუს-ი?

- აქაც იგივეს თქმა შემიძლია, რომ დაწყებული გამოძიება არ არის დასრულებული. გარდა ბორჩაშვილისა, ყველაზე საქმეზე საუბარია, რომ დაწყებულია ოპერატიული მოქმედებები, ეს რამდენად შეიძლება ჩაითვალოს მუშაობად და მით უფრო რომელიმე უწყების წარმატებად, ვერ გეტყვით. როდესაც ჩვენ პრაქტიკაში გვაქვს შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეების გამგზავრება, ან შემოსვლა ძირითადად სახმელეთო გზით ხდება, რომელიც უფრო ნაკლებად კონტროლირებადია, ვიდრე საავიაციო და საზღვაო ტრასპორტი. ამ დროს თურქეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა ერთ-ერთი პრიორიტეტული უნდა იყოს, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებთან. სიმართლე გითხრათ, არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რადიკალურად შეიცვალა უწყების მუშაობა. ახალ ანგარიშში არ არის აღნიშნული საქართველოს რამდენი მოქალაქე იბრძვის სირიაში ან სხვა ტერორისტულ ორგანიზაცებში.

სუს-ი ამბობს, რომ გამოვლენილია ადამიანი, რომელიც ცდილობდა ISIS-ის მხარდამჭერი დაჯგუფების შექმნას, ასევე, სტუდენტების 15-კაციანი ჯგუფი, რომლებიც ექსტრემისტული მოწოდებებით ტერორიზმის იდეოლოგიურ მხარდაჭერას ახორციელებდნენ, ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა... ეს ადასტურებს, რომ გადინებისა დაISIS-ის იდეოლოგიის გავრცელების კუთხით საქართველო მოწყვლადი ქვეყანაა?

- ვიცით, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ძალიან ბევრი მცხოვრები იბრძვის ISIS-ის რიგებში, შეიძლება ადგილზეც იყვნენ ტერორისტების მხარდამჭერები და მათი სახმელეთო გადაადგილება შეიძლება საქართველოდან მოხდეს, ეს საფრთხე რეალურად არსებობს. ასევე, ჩვენგან უკონტროლო ტერიტორია - ოკუპირებული აფხაზეთი შესაძლებელია გამოყენებული იქნას არა მარტო ტრანზიტისთვის,  არამედ ადგილობრივი მუსლიმები გაემგზავრონ ISIS-ის რიგებში, რასაც საქართველო ვერ გააკონტროლებს.

აქ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - რეალური საფრთხე და რომელიმე სპეცსამსახურის მიერ ხელოვნურად შექმილი რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციიდან მოსალოდნელი საფრთხე. ხშირია, როდესაც რომელიმე ქვეყანა და მისი სპეცსამსახური ცდილობს ამოეფაროს, ან გამოიყენოს სხვა ტერორისტული ორგანიზაციის სახელი, რომ გარკვეული ქაოსი დათესოს სხვა ქვეყანაში.

ეს აპრობირებული მეთოდია. 60-იან წლებში დასავლეთ გერმანიაში საბჭოთა სპეცსამსახურები თვითონ ქმნიდნენ იატაქვეშეთ ნეოფაშისტურ ორგანიზაციებს, ხელს უწყობდნენ მათ, რომ ამერიკის და ნატოს სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები განეხორციელებინათ, ეს დოკუმენტურად არის დადასტურებული. მე ამ საფრთხეს უფრო ვხედავ.

ჩვენ არ ვართ ტეროსტების სამიზნე ქვეყნების ჩამონათვალში, მაგრამ შესაძლებელია, რომ რომელიმე ქვეყანამ და მათ მიერ შექმნილმა ლეგენდირებულმა ტეროროსტულმა ორგანიზაციამ შეგვიქნმას საფრთხე, რაც ჩვენი სპეცსამსახურებისგან მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს.

ანუ, ტერორიზმთან ერთად, მთავარია უცხო ქვეყნების სადაზვერო სამუშაოების გამოვლენა?

- რა თქმა უნდა. არიან ქვეყნები, რომელთა სპეცსამსახურები მუშაობენ საქართველოში, აგროვებენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ინფორმაციებს, მაგრამ მათი საბოლოო მიზანი არის საქართველოს დახმარება, მხედველობაში მყავს ჩვენი სტარეგიული პარტნიორები, თუმცა არის მეორე წყება ქვეყნებისა, რომელთაც მტრული განწყობა აქვთ საქართველოს მიმართ და მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია და მათ მიერ გადაბირებული აგენტურა ჩვენი ქვყენის წინააღმდეგ გამოიყენება.

ამ დოკუმენტს ვუყურებ როგორც პროდუქტს, სადაც გლობალური საფრთხეების ფონზე ნაჩვენები უნდა იყოს ქვეყნის ერთ-ერთი ძალიან მძიმე და გეოსტრატეგიული სიტუაცია, მაგრამ ასე არ არის. რატომღაც საერთოდ ამოღებულია კიბერუსაფრთხოების თავი და ეს ნამდვილად იწვევს გაკვირვებას. სწორედ კიბერუსაფრთხოებაა ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც დისტანციურად ხორციელდება.

ევროპის ბევრ ქვეყანაში და მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში, უკვე იქმნება სპეციალური უწყებები ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ, ანუ, რუსეთის რბილი ძალის გამოყენების წინააღმდეგ, რომლებმაც უნდა იმუშაონ ამ დეზინფორმაციის გავრცელების გასანეიტრალებად. არ ვიცი, ჩვენთან ამაზე მუშაობს თუ არა ვინმე. ყოველ შემთხვევაში, თეორიულად კი არ უნდა იყოს ახსნილი, არამედ კონკრეტულად უნდა იყოს მითითებული ქვეყნა, საიდანაც მოდის საფრთხე. ამ დოკუმენტში  ნახსენები არ არის ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე, საიდანაც მოდის საფრთხე და რას ვაკეთებთ ამ მოწინააღმდეგის გასანეიტრალებად.

მამუკა არეშიძე ვარაუდობს, რომ საქართველოში ცხრა სხვადასხვა სპეცსამსახური მუშაობს, მათ შორის რუსეთის და აღმოსავლური ქვეყნების სპეცსამსახურები. უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან ბრძოლა და გამოვლენა უზარმაზარ სამუშაოს მოითხოვს, მაგრამ მხოლოდ ცხრა სხვადასხვა სპეცსამსახურის ინტერესის სფეროა საქართველო?

- ვერ დავეთანხმები იმიტომ, რომ საქართველოში მუშაობს იმდენივე სპეცსამსახური, რამდენი უცხო ქვეყნის საელჩოც არის. ზოგიერთ ქვეყანას ერთი სპეცსამსახური აქვს, ზოგს - მეტი, ეს - რაც ლეგალურად არის. რუსეთის სპეცსამსახურები მიმუმ სამი კუთხით არიან წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ცხრაზე მეტია.

აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს სპეცსამსახურები ერთმანეთის წინააღმდეგაც მუშაობენ. რა დასამალაია, რომ ყველა ქვეყნის საელჩოში არიან სამხრეებიანი დიპლომატები, ეს ეხება როგორც სამოქალაქო და საგარეო დაზვერვას, ასევე სამხედრო ატაშებს. ასე რომ, ცხრაზე მეტია.