2016 წელს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვა 164 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე გაიცა, ხოლო 12-ს უარი ეთქვა. სუს-ის ანგარიშის მიხედვით, შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურის საქმიანობა მიმართული იყო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეღწევის პრევენციაზე, ცალკეულ პირთა დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამოვლენასა და აღკვეთაზე. აღნიშნული მიმართულებით ოპერატიული ღონიძიებები 99 პირის მიმართ ტარდება.
სუს-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ დაინტერესებული ქვეყნების საპეცსამსახურები აქტიურად ცდილობენ მოიპოვონ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით გრძელდება მუშაობა შიდა საფრთხეებისა და ინფორმაციის გადინების პრევენციაზე, აგრეთვე იმ სუბიექტების გამოვლენაზე, ვინც ცდილობდა ავტორიზებული წვდომა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გამოეყენებინა.
საანგარიშო პერიოდში 164 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე (81 სახელმიწიფო დაწესებულება, 83 კერძო სამართლის იურიდული პირი) გაიცა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება (ნებართვა-ფორმა N4) ხოლო 12 ორგანიზაცია-დაწესებულებას გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის გათვალისწინებით, ნებართვის მიღებაზე ეთქვა უარი.
152 დაწესებულებაში განხორციელდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების მისაღებად და საიდუმლოების დაცვის რეჟიმისა და საიდუმლო საქმისწარმოების კომისიური შემოწმება. ამასთან, სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების მსურველ 3525 ფიზიკურ პირზე განხორციელდა შემოწმების პროცედურა. საანგარიშო პერიოდში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 17 საქმეზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი.
გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული მიგრაციული პროცესების გათვალისწინებით, მიმდინარეობს მიგრაციული არხების მონიტორინგი. ანგარიშის თანახმად, გამოიკვეთა უცხო ქვეყნების წარმომადგენლების საქართველოში სხვადასხვა სტატუსით დაფუძნების მსურველთა რაოდენობის ზრდა. უსაფრთხოების სამსახური 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადაადგილების მონიტორინგს, მათ შორის, შესაძლო ოპერატიულად საყურადღებო პირთა და მათი კონტაქტების გამოსავლენად. გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 800-მდე მოქალაქეს.
რაც შეეხება ტერორისტულ საქმიანობას, მართალია საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, თუმცა აღნიშნული მიმართულებით არსებობს გარკვეული გამოწვევები. როგორც სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშშია აღნიშნული, „ისლამურმა სახელმწიფომ“ და სხვა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა შეიძინეს.
რადიკალური იდეოლოგიის გამავრცელებლები ცდილობენ საზოგადოების გარკვეული ნაწილის რელიგიური შეხედულებები და დაბალი ცნობიერება საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენონ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები, საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათთან დაკავშირებული პირების საქმიანობის გამოვლენასა და აღკვეთას.
შედეგად, 2016 წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ტერორისტული აქტივობების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 9 საქმეზე, რამდენიმე პირის მიმართ კი დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში ბრალდების მხარის სასარგებლოდ დასრულდა 2015 წელს აღძრული რამდენიმე რეზონანსული სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის, „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელ აიუფ ბორჩაშვილისა და მისი დაჯგუფების წევრებთის მიმართ.
დოკუმენტის თანახმად, უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული რამდენიმე პირი. 28 დეკემბერს სსკ-ის 327-ე მუხლით დაიწყო გამოძიება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რომელიც საქართველოში ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი დაჯგუფების შექმნას ცდილობდა.
გარდა ამისა, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების 15-კაციანი ჯგუფის მიმართაც, რომლებიც ექსტრემისტული მოწოდებებით ტერორიზმის იდეოლოგიურ მხარდაჭერას ახორციელებდნენ. გარდა ამისა, ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა და მიმდინარეობს გამოძიება.
სუს-ის ინფორმაციით, გამოვლენილია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს რამდენიმე მოქალაქეც, რომლებიც სხვადასხვა ინტერნეტ რესურსის, კერძოდ, ე.წ. ბლოგებისა და სოციალური მედიის გამოყენებით ეწეოდნენ ტერორისტული ორგანიზაციის იდეოლოგიურ მხარდაჭერას. ასევე, დადგენილია პირი, რომელიც დახმარებას უწევდა კონფლიქტის ზონაში გამგზავრების მსურველ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფ პირებს, ასევე, ეხმარებოდა მათ სხვადასხვა ტიპის გზავნილების მიღებაში. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
მთლიანობაში, კონტრტერორისტული მიმართულებით საქართველოს სასაზღვრო კონტროლზე აყვანილი იქნა 1500 პირი, ხოლო 750-ს აეკრძალა საქართველოში შემოსვლა. საერთო ჯამში, სუს-ის შეფასებით, შემცირდა ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვის მსურველი, რადიკალიზებული მოქალაქეების რაოდენობა.
„უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაზრდილი ნაკადების კონტროლის შედეგად, გამოვლინდნენ პირები, რომელთა ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები. დადგენილია მათი კონტაქტები საქართველოს მოქალაქეებთან. მიმდინარეობს აღნიშნული კონტიგენტის ოპერატიული შესწავლა, რათა დროულად იქნას აღკვეთილი შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები სადაზვერვო ინფორმაციისა და შესაბამისად, სასურველი შედეგის მიღებას, არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, ე.წ. „რბილი ძალის“ კონცეფციის მიხედვით ცდილობენ. ისინი აქტიურად იყენებენ „სახალხო დიპლომატიის“ და „ინფორმაციული დივერსიის“ კომპონენტებს“, - ნათქვამია სუს-ის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს განსახილველად წარედგინა.
თუ გავითვალისწინებთ სპეცსამსახურების მოქმედების სტილის, რომელიც მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, საჯარო ანგარიშებში მთლიანად არ იხსენება რეალური ვითარება. შესაბამისად, ანალიტიკოსების შეფასებით, ალბათ არის რამდენიმე მომენტი, რომელიც საიდუმლოა და ამიტომ, ჯერჯერობით მისი გასაჯაროვება შეუძლებელია.
for.ge-სთან საუბრისას „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ტერორისტული საფრთხე იმ ხარისხის არ არის, რომ ქართული ინსტიტუციები გახდეს უშუალო სამიზნე. თუმცა, ამბობს, რომ საფრთხის ქვეშ არიან საქართველოში არსებული საერთაშორისო ინსტიტუტები და საკონსულოები. ამავდროულად, შესაძლებელია საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იქნას ტერორისტების ტრანზიტისთვის, ასევე მოხდეს საქართველოს მოქალაქეების გადაბირება ტერორისტულ ორგანიზაციებში. ალადაშვილის შეფასებით, არანაკლები პრობლემაა საქართველოს მოქალაქეების გადაბირების მცდელობა, რაც ანგარიშშიც არის ასახული.
„არის საკითხები, რომელიც მეტ დაკონკრეტებას მოითხოვს. ანგარიშში არის ერთ-ერთი აბზაცი, რომელიც ჩემი აზრით არაობიექტურად იკითხება. როდესაც საუბარია, რომ საქართველოს საზოგადოების გარკვეული ნაწილის რელიგიური შეხედულება და დაბალი ცნობიერება საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენონ, ვფიქრობ, დაბალი ცნობიერება არ არის გამართლებული ტერმინი, აქ აუცილებლად ხაზგასმული უნდა ყოფილიყო ის, რომ საქართველოს მოქალაქეებით ტერორისტების რიგების შევსებას, არანაკლებად უწყობს ხელს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები“, - აცხადებს ბესილ ალადაშვილი.
მისივე თქმით, საქართველოში ტერორიზმის საფრთხე რეალურია. ობიექტური და სუბექტური ფაქტორებიდან გამომდინარე, ასეთი საფრთხე ყოველთვის იარსებებს. როგორც ალადაშვილი ამბობს, ობიექტური ფაქტორებია ის რეგონები, სადაც გარკვეული რელიგიური სარწმუნოების მქონე საქართველოს მოქალაქეები საკმაოდ მძიმე სოცილაურ-ეკონომიკური პირობებში ცხოვრობენ.
„ობიექტური საფრთხე ყოველთვის იქნება ჩრდილოეთ კავკასიის ფაქტორი, აქტიური კავშირი თალიბანთან, ალქაიდასთან და ISIS-თან, რაც ტრანზიტის ფაქტორად შეიძლება აღვიქვათ ჩვენი ქვეყნისთვის. ამ საფთხეებს დავუმატოთ ისიც, რომ საქართველოს გააქტიურება საერთაშორისო ურთიერთობებში ყოველთვის გამოიწვევს ტერორიზმის საფრთხის ზრდას. ტერორისტების მიზანია ყველა ტერორისტული აქტი მაქსიმალურად რეზონანსული იყოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბესილ ალადაშვილმა.
საქართველოში „ვილაიეთი გურჯისტანის“ მიძინებული ქსელის არსებობაზე დაახლოებით ორი წელია საუბრობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, რომლის განცხადებით, ისლამურ სახალიფოში მოქმედებს სამი ჯგუფი - ეს არის მიძინებული ქსელები, ნახევრად მიძინებული და აქტიური ქსელები. მისი თქმით, საქართველოში მოქმედებს მიძინებული ქსელი.
„ორი წლის წინ, როდესაც ეს ინფორმაცია გავასაჯაროვე, ლამის სახელმწიფოს მტრად გამომაცხადეს და ახლა თვითონ ადასტურებენ. ეს არის ჩვენი სამართლადამცავი ორგანოების ლოგიკა. როდესაც ვთქვი, რომ შეიქმნა ვილაიეთი გურჯისტანი, მაშინ ვამბობდი, რომ ეს იყო არა აქტიური, არამედ ეს იყო მიძინებული ქსელი და ეს დადასტურებელია ღია წყაროებით, მათ შორის, რამდენად პარადოქსული არ უნდა იყოს, ერთ-ერთი იყო სომხური წყარო. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი და მისი ეთნიკური წარმომავლობა ამ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო მოწყვლადი, ეს პრობლემა შეეხო სომხეთსაც. ერთ-ერთი ქსელი დაფიქსირებული იყო სომხეთის ტერიტორიაზე“, - ამბობს ვატხანგ მაისაია.
მისივე თქმით, „ვილაიეთი გურჯისტანის“ მოქმედების არეალი დაფიქსირდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორაზე, რასაც ადასტურებს ის ტერორისტული აქტი, რომელიც ზაფხულში სოხუმის ცენტრში განხორციელდა.
„ბუნებრივია, რომ დაიშსს ოკუპირებულ აფხაზეთში ეყოლებოდა თავისი მომხრეები და ეს გასაკვირი არ არის იმიტომ, რომ 5-დან 10 ათასამდე სირიელი ლტოლვილი შეიფარა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ. სადაც არის ლტოლვილების ნაკადი, იქ დიდია ალბათობა იმისა, რომ ისლამურ სახალიფოს თავისი მომხრეების მობილიზაციამოეხდინა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, ანგარიში ადასტურებს, რომ მდგომარება იდეალური არ არის, აუცილებელია კონკრეტული ზომების მიღება. მისივე თქმით, ბრიყვი უნდა იყო, დახედო რუქას და არ გაითვალისწინო ის, რაც ხდება ჩვენგან არჩთუ შორს, საიდანაც თანდათანობით ხდება რადიკალური ისლამისტების შევიწროება და გამოდევნა. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, თითქმის განახევრებულია იმ ტერიტორიების არეალი, რა ტერიტორიებსაც ტერორისტები 2 წლის წინ აკონტოლებდნენ.
„ისმის კითხვა, სად მიდიან ისინი? ჩვენს გვერდით არის ჩრდილოეთ კავკასია, ეს ფეთქებადი დენთის სავსე კასრი. რასაკვირველია, საქართველო რომ მიმზიდევლი იქნება სხვადასხვა ექსტრემისტული ორგანიზაციებისათვის როგორც გეოგრაფიულად, ასევე რელიგიურ-ეთნიკური სიჭრელით, ეს ბუნებრივია. თუ მართლაც ამდენი ფაქტია გამოვლენელი, ეს ძალიან კარგია, როგორც ჩანს სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს მათ გამოსავლენად. უნდა ვივარაუდოთ რომ სწორედ ამ ფაქტების გათვალისწინებით კიდევ უფრო დრამატულ ფორმებს მიიღებს რეალობა.
როდესაც ასეთი მასშტაბურია მუსულმანური მოსახლეობის რაოდენობა, შეუძლებელია რადიკალური ისლამის ნაღვერდალი არ არსებობდეს. თუ გავითვალისწინებთ ჩვენს პროდასავლურ კურსს, მონაწილეობას ავღანეთში, რასაკვირველია, ეს ყველაფერი იძლევა ისეთი ვარაუდის საშუალებას, რომ ჩვენს სპეცსამსახურებს ძალზედ რთული და მნიშვნელოვანი სამუშაო ელით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.
სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ანგარიში ზოგადია, რადგან ამის მიღმა, ბევრად მეტი ინფორმაცია არსებობს და უფრო მეტი მუშაობაა გაწეული განსაკუთრებით, ისეთი სპეციფიური რეგიონის მიმართ, როგორიცაა პანკისის ხეობა. არეშიძე ამბობს, რომ საქართველოში მუშაობენ არა მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურები, არამედ - აღმოსავლური ქვეყნების სპეცსამსახურებიც. არეშიძე ვარაუდობს, რომ საქართველოში ცხრა სხვადასხვა სპეცსამსახური მუშაობს.
„უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან ბრძოლა, უზარმაზარ სამუშაოს მოითხოვს. ჯერჯერობით, როგორც ვხედავ, ჩვენი სპეცსამსახური აუდის ამ სამუშაოს სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორისაა ტრანსნაციონალური სეგმენტი - იარაღისა და ნარკოტიკების კონტრაბანდა. ჩვენ ქვეყანაში, სამწუხაროდ, ნარკოტიკის „ტრასა“ გადის.
ზოგ შემთხვევაში ძალიან დიდი პარტიის დაკავებას ახერხებენ, მაგრამ ალბათ არის შემთხვევები, როცა ვიღაც მაინც გაიპარება. ტრანსნაციონალური დანაშაულის გარდა, არის საკითხები, მათ შორის - საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა. ამ თვალსაზრისით, ქართულ სპეცსამსახურებს გარკვეული შედეგი აქვთ, განსაკუთრებით ისლამისტებთან პაექრობაში“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.