პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შორის დაპირისპირების მიზეზი ამჯერად „რუსთავი 2“-ის საქმე გახდა. ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც კობახიძე აცხადებს, კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის პრეზიდენტი, ცდილობდნენ პოლიტიკური გავლენის მოხდენას სტრასბურგის სასამართლოზე და სწორედ, ამ გავლენის ქვეშ იქნა მიღებული გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით.
ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ შესაბამისი წერილებიც გააგზავნეს სტრასბურგის სასამართლოში, რაც მისი თქმით, იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს სტრასბურგში, და შეიძლება თუ არა ჩაითვალოს იგი პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობად, კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ ჯანელიძეს წერილი არ მიუწერია, მინისტრი ჩავიდა სტრაბურგში და არა სტრასბურგის სასამართლოში.
„იყო კონკრეტული ნიშნები იმისა, რომ კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და სხვა სუბიექტები, ცდილობდნენ პოლიტიკური გავლენის მოხდენას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
შესაბამისი წერილებიც გააგზავნეს სტრასბურგის სასამართლოში და ბუნებრივია, ეს იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა და ბუნებრივია, ამ გავლენის ქვეშ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური, თუმცა მიზანი იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ სკანდალურ განცხადებას იზიარებს ენერგეტიკის მინისტრი, რომლის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოზე ირიბი ზეწოლა განხორციელდა. კახა კალაძის თქმით, ყველაფერი, რაც ამ საქმის ირგვლივ კეთდებოდა, შეიძლება განხილული იქნას ზეწოლად.
„თუ გადავხედავთ ქრონოლოგიას ამ საქმეების მიმართ, დაწყებული ადგილობრივ მოსამართლეებზე ზეწოლით - ამის ფაქტები არსებობს, როდესაც მიდიოდა სიტყვიერი შეურაცხყოფები, გინებები და ა.შ... შემდეგ იყო არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან გაგზავნილი წერილები. ეს ყველაფერი, შეიძლება ითქვას, რომ არის ირიბი ზეწოლა. პრეზიდენტმაც გააგზავნა წერილი, თუ არ ვცდები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კობახიძის სკანდალურ განცხადებაში გასაკვირს ვერაფერს ხედავს ვიცე-სპიკერი. როგორც გიორგი ვოლსკი აცხადებს, სტრასბურგის სასამართლო მოვლენების ეპიცენტრიდან შორს იმყოფება და როდესაც ინფორმაცია მისდის მორიგ მოსამართლეს, რომ შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სისხლისღვრა მოჰყვეს, მოსამართლე გადაწყვეტილების აღსრულებას აჩერებს.
„გადაწყვეტილების მიღებაზე, რასაკვირველია, გავლენას ახდენს სახელმწიფოს ავტორიტეტული ინსტიტუტების მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით. ამ განცხადებაში გაურკვეველი არაფერია. გასაკვირია ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის პრეზიდენტი, უფრო ღრმად უნდა აანალიზებდეს სიტუაციას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
„მე ვაკონტროლებ სტრასბურგის სასამართლოს, ნიუ-იორკის ბირჟას და გადაცემას „ვის უნდა 20 ათასი“, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძის სკანდალურ განცხადებას. როგორც გიორგი მარგველაშვილი ამბობს, კარგი იქნება, რომ მსგავსი დისკუსია და მსგავსი დებატები შედგეს პოლიტიკოსებს შორის, მოხდეს მსჯელობა, მოხდეს კრიტიკა.
„ნამდვილად არ ვიცი, ეს სანდო წყაროების ინფორმაცია და რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები აწვდის ხოლმე ინფორმაციას. ამ საკითხს სერიოზულად რომ შევხედოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ჩვენ ვახერხებთ, რომ გვქონდეს დიალოგი ერთმანეთთან. კარგი იქნება, რომ მსგავსი დისკუსია და მსგავსი დებატები შედგეს პოლიტიკოსებს შორის, მოხდეს მსჯელობა, მოხდეს კრიტიკა.
მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ იყვნენ ის ადამიანები, ვისაც მე ვეპატიჟები. ისინი უნდა ისმენდნენ ჩვენს აზრს, უნდა გვეკამათებოდნენ. ჩვენ ერთმანეთს ბრალი კი არ უნდა დავდოთ, უნდა შევეკამათოთ. საზოგადოება არ არის სხვადასხვა კაბინეტში ჩაკეტილი ადამიანები. ასე იყო შარშანაც, როცა მე ვცდილობდი, ამომრჩეველი აქტიური ყოფილიყო არჩევნებზე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებას უწუნებს შალვა შავგულიძე. „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ასეთი კრიტიკული და შეურაცხმყოფელი მიმართვა ევროპული სასამართლოსადმი ეწინააღმდეგება ევროპაში ინტეგრაციის მისწრაფებას და სურვილს. მისივე თქმით, ეს არის შეურაცხმყოფელი გამონათქვამი ევროპული სასამართლოს მიმართ.
„ნამდვილად ვერ მოვუწონებ პარლამენტის თავმჯდომარეს ამ განცხადებას. ეს არასწორი მესიჯია საერთოდ ევროპული საზოგადოებისთვის, ევროპული ოჯახისთვის, როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი, როგორიც პარლამენტის თავმჯდომარეა, ამბობს, რომ ევროპული სასამართლო მოექცა საქართველოდან რაღაც გარკვეული ჯგუფების გავლენის ქვეშ და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.
ჩვენ, მთელ საქართველოს, გვჯერა, რომ საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება, რომელიც შეაჩერა ევროპულმა სასამართლომ, არის ძალიან კანონიერი. ასეთი კრიტიკული და შეურაცხმყოფელი მიმართვა ევროპული სასამართლოსადმი ჩვენს ევროპაში ინტეგრაციის მისწრაფებას და სურვილს ეწინააღმდეგება, ვიმეორებ, როცა ამას აკეთებს მმართველი ძალის ასეთი მაღალი თანამდებობის პირი“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ საქმეში იყო ხელისუფლების დაინტერესება. დეპუტატი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ყოველი მომდევნო განცხადება არის კიდევ უფრო სამარცხვინოდა ზიანის მომტანი ქვეყნისათვის.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ერთადერთი ვინც ცდილობდა გავლენა მოეხდინა „რუსთავი 2“-ის საქმის გადაწყვეტილებაზე, იყო ხელისუფლება და ამის მაგალითად საგარეო საქმეთა მინისტრის სტრასბურგში ვიზიტი მოჰყავთ.
„ეს არის მკაფიო დემონსტრირება იმისა, რატომაც ეს ყმაწვილი, რომელიც არ არის თავის ადგილას, პარლამენტის სპიკერად არ უნდა მუშაობდეს. წარმოდგენა არ აქვს ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე, როგორიც არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლოზე ვერავინ ვერ მოახდენს პოლიტიკურ გავლენას. თუ ვინმე ახდენდა და ცდილობდა ამას, იყო დღევანდელი მთავრობა, უვიცი მთავრობა, რომელმაც იქ გააგზავნა საკუთარი საგარეო საქმეთა მინისტრი“, - განაცხადა ნიკა რურუამ.