„ასადი ჯალათი, შეურაცხადია, მან გააკეთა ის, რაც ჰიტლერმაც ვერ გაბედა“

„ასადი ჯალათი, შეურაცხადია, მან გააკეთა ის, რაც ჰიტლერმაც ვერ გაბედა“

ევროპელები და ამერიკელები თანხმდებიან, რომ სირიაში რეჟიმის შეცვლა უნდა მოხდეს.

„ასადი არ არის ლიდერი, რომელიც სირიას უნდა მართავდეს“,- ამბობს გაეროში აშშ-ის ელჩი ნიკი ჰეილი და სირიაში მშვიდობას ვერ ხედავს მანამ, სანამ ხელისუფლებაში ბაშარ ასადი იქნება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი კი ქიმიურ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და მიიჩნევს, რომ რუსეთმა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულების შესრულება ვერ შეძლო.

რამდენად ხშირად მიმართავდნენ მსოფლიოს დიქტატორები ქიმიური თავდასხმის მეთოდს და უნდა წავიდეს თუ არა ბაშარ ასადი ხელისუფლებიდან?

საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის წევრი, პროფესორი თემურ ვეკუა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს სერიოზული გამოძიება სჭირდება, რადგან ვინ გაისროლა, ზუსტად არ იციან. არც ის იციან, აქვს თუ არა იმ ნივთიერებების შემადგენლობის ქიმიური იარაღი რუსეთს. როგორც რუსები ამტკიცებენ, მათ პროვოცირება გაუკეთეს. ესეც არ უნდა გამოირიცხოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ყველაფერზე წამსვლელი ქვეყანაა, რუსები ასეთი სულელებიც არ არიან, რომ ყველა დროში აკრძალული იარაღი გამოიყენონ, თანაც, სირიის გამო. საკუთარი თავის დასაცავად ქიმიური იარაღის გამოყენება კიდევ გასაგები იქნებოდა. ასადის რეჟიმი კი, ალბათ, გააკეთებდა იმას, რასაც რუსეთი ურჩევდა.

„პირველი მსოფლიო ომის დროს პირველად გერმანელებმა გამოიყენეს ქლორი ფრანგების წინააღმდეგ. ქლორი მთლად მასობრივი განადგურების იარაღი არ არის, ამით რამდენიმე ათეული ადამიანი გაიგუდება, თუმცა ქლორზე უფრო საშინელი ქიმიური იარაღიც არსებობს, რამაც შეიძლება ტერიტორია მთლიანად გაანადგუროს. მას შემდეგ, რაც პირველ მსოფლიო ომში ქიმიური იარაღი გამოიყენეს, სადაც პროფესორ ზელინსკის ოფიცერი შვილი დაიღუპა, ზელინსკიმ გამოიგონა ე.წ. აირწინაღები. ეს საშუალება ინდივიდუალური დაცვისთვის საუკეთესოა, მასზე უკეთესი არ გამოგონებულა და დღესაც ყველას უნდა ჰქონდეს. თუმცა მათი გამოყენება რთულია ბავშვებისთვის.

სხვათა შორის, ქიმიური იარაღი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არ გამოყენებულა. მეორე მსოფლიო ომის დროს არც ბაქტერიოლოგიური, არც ქიმიური იარაღი არ გამოუყენებია არც გერმანიას, არც იაპონიას და არც რუსეთს, რადგან ეს იარაღი უკუშედეგებს იწვევდა. ერთადერთი, როგორც ამბობენ, ეს იარაღი ჰუსეინმა გამოიყენა ქურთების წინააღმდეგ. ქიმიურ იარაღში იგულისხმება ზარინი, იპრიტი, ქლორის გაზი კი ყველაზე სტანდარტულია. ეს ქიმიური საშუალებები არ შეცვლილა, ახრჩობს კაცს“, - აღნიშნა თემურ ვეკუამ.

მისივე თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ დროთა განმავლობაში მომწამვლევი ღრუბელი თვითონვე იფანტება. გააჩნია კლიმატურ პირობებსაც, თუ ქარია, იგი ამ ღრუბელს წაიღებს და ადამიანი გადარჩება. თუმცა ბაქტერიოლოგიური იარაღი გაცილებით უფრო საშიშია. მთლიანობაში, როგორც ატომური იარაღი, ისე ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი მასობრივი განადგურების იარაღს განეკუთვნება და მათი გამოყენება ყველა კონვენციით აკრძალულია, მათ შორის, აკრძალულია, ჯერ კიდევ ასი წლის წინანდელი ჟენევის კონვენციით.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბარში ეხმაურება დასავლელი ლიდერების პოზიციას, რომ სირიაში ასადის რეჟიმის შეცვლა უნდა მოხდეს და განმარტავს, რომ დიდი პოლიტიკა საჯარო განცხადებებზე არ იგება.

მისივე ინფორმაციით, რუსი და ამერიკელი დიპლომატები კულუარულად უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებას, რომ რუსეთი დათმობს ასადს, ოღონდ ისე, რომ ასადი სახეს შეინარჩუნებს. სამაგიეროდ, რუსეთს უკანვე მიიღებენ დიდ შვიდეულში და, როგორც მოსალოდნელია, ასეთი გარიგება მალე მოხდება.

„ასადი ჯალათი, შეურაცხადია, თორემ ნორმალური ადამიანი მოწინააღმდეგე სამხედროების მისამართით ფრონტზე გაზს გამოიყენებდა? ეს ჰიტლერმაც ვერ გაბედა. კი, ჰიტლერი ებრაელებს ბუხენვალდსა და ოსვენციმში მხუთავი გაზით წამლავდა, მაგრამ ფრონტზე ჰიტლერმაც ვერ გაბედა მასობრივად ამის გამოყენება. სამაგიეროდ, ეს გააკეთა ასადმა. მეორე მხრივ, თვალწინ აქვთ იმავე ერაყის, იორდანიის, ეგვიპტის გაკვეთილები. ყველამ ნახა, ეგვიპტეში რაც მოხდა, უამრავი ქრისტიანი დახოცეს ეკლესიაში. კარგით, წავიდა ასადი, მაგრამ რა გარანტიაა, რომ მასზე უარესი არ მოვა?“ - აცხადებს სოსო ცინცაძე, რომლის აზრითაც, ასადი ნამდვილად ებრძვის ისლამისტებს, რადგან იქ რელიგიური პრინციპია მთავარი, ასადი სუნიტი არ არის, ის ალავიტია. მსოფლიო მუსლიმანთა 90% კი სუნიტები არიან, შიიტები სულ რაღაც 10%-ია, მათ შორისაა ირანი.

სოსო ცინცაძის აზრით, ასადის მოკავშირე პუტინის უბედურება ის არის, რომ მან მთელი მსოფლიოს სუნიტები გადაიკიდა, რომლებიც მილიარდნახევარნი არიან. გარდა ამისა, მთელი რუსეთის მუსლიმანებიც სუნიტები არიან, ჩვენი მუსლიმანების მსგავსად.

„ასადის მერე ვინ მოვა? ეგვიპტის მაგალითი გვაქვს, გადააგდეს მუბარაქი, დემოკრატია დამყარდაო და ამ დროს მოვიდნენ „ძმები მუსლიმანები“. მათი პრეზიდენტი მურსი კი ახლა ციხეშია, რადგან შარიათის კანონით მართვა მოინდომა. ისლამიზაცია მსოფლიოს ყველაზე დიდი საფრთხეა. ამას ფრანგები გრძნობენ, სწორედ ამიტომ უჭერენ მხარს მარინ ლე პენს. იგი პირველ ტურში გაიმარჯვებს, სხვებს აჯობებს, თორემ პრეზიდენტი ვერ გახდება. პირველ რიგში, ფრანგი ახალგაზრდობა გამოდის საფრანგეთის ისლამიზაციის წინააღმდეგ.

„ალტ-მემერჯვენეების“ ლიდერი ახალგაზრდა ბიჭი მუსლიმანებს ხვდება და პირდაპირ ეუბნება, დაგვანებეთ თავი, ჩვენ არ გვაინტერესებს, თქვენთან რა ხდება, მაგრამ საფრანგეთი ისტორიულად ქრისტიანული ქვეყანაა და არ მოგვწონს, რომ ისლამიზაციის გზით მიდის. თქვენ არ გინდათ ქრისტიანული ცივილიზაციის აღიარება. მაროკოელები თავს იმართლებენ, ჩვენ ხომ არ ვაფეთქებთ, მაგრამ მათ ეუბნებიან, არ აფეთქებთ, მაგრამ ხვალ-ზეგ უფრო მეტნი იქნებით და ფრანგული იდენტიფიკაცია დაიკარგება. ფაქტი ის არის, რომ მუსლიმანები ბაჭიებივით მრავლდებიან, ფრანგები კი არასდროს ყოფილან მრავალშვილიანები“.

პოლიტოლოგის აზრით, სირიის კონფლიქტთან მიმართებით შესაძლოა, კომპრომისი გამოინახოს, მაგრამ, მთლიანობაში, ახლო აღმოსავლეთი კრაზანების ბუდეა. კრაზანები შეყუჟულნი არიან, მაგრამ, თუ ჯოხი მიარტყით, მტრისას, გამოფრინდებიან. სწორედ კრაზანის ბუდესავით გამოფხიზლდა მთელი ახლო აღმოსავლეთი და ასე დიდი ხნის განმავლობაში იქნება. ეს არ არის ვიეტნამი, სადაც ომი და უბედურება იყო, ვიეტნამი ამერიკელებმა ათი წლის განმავლობაში გადაბუგეს, დაწვეს, მაგრამ ახლა ვიეტნამი ლამის ჩინეთს ეჯიბრება ეკონომიკური მაჩვენებლებით. ეს იქაური მშრომელი ხალხის და ნორმალური ხელისუფლების დამსახურებაა.

ახლო აღმოსავლეთში კი ომი სულ იქნება, სანამ ერთი შიიტი დარჩება. „ისლამური სახელმწიფო“ შეიძლება დაამარცხონ, მაგრამ არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს არა რადიკალური, არამედ ნორმალური ისლამი. სოსო ცინცაძის თქმით, არა მარტო საფრანგეთში, გერმანიაშიც მილიონობით თურქი ცხოვრობს, რომლებიც ნორმალურად არიან, არც ბომბებს აფეთქებენ, არც დემონსტრაციებზე გადიან, მაგრამ მრავლდებიან, თავიანთ რელიგიას არ ღალატობენ, მეჩეთებს აშენებენ. ერთ მშვენიერ დღეს ადგილობრივ ქრისტიანებზე მეტნი იქნებიან და დემოკრატიული გზით მოვლენ ხელისუფლებაში.

„დღეს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, მუსლიმანი ბომბს ისვრის თუ არა, მთავარია, რომ ის მრავლდება ისე, რომ მას არ უნდა არც ქრისტიანობა, არც ცივილიზაცია, არც ევროპული სასამართლო, მას შარიათი უნდა. წრის კვადრატურასავით იქმნება, გამოსავალი არ ჩანს, რადგან მშვიდობიან მუსლიმან მოსახლეობას 21-ე საუკუნის დემოკრატიულ რეჟიმში ვერ გაასახლებენ“.