თუკი პრეზიდენტი პოლიტიკური პლატფორმის გამარჯვებისთვის პრეზიდენტის პოზიციიდან იბრძვის, ექსპერტის რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ეს პრაქტიკულად, ნიშნავს პრეზიდენტის მიერ თანამდებობის არამიზნობრივად გამოყენებას. მისივე თქმით, თუკი პრეზიდენტი იკავებს მკაფიო პოლიტიკურ პოზიციას, ასეთ შემთხვევაში, შეუძლია გადადგეს, ჩამოაყალიბოს პარტია და იმოქედოს ისე, როგორც საჯარო პოლიტიკურ ფიგურას შეეფერება.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ პრეზიდენტი პარტიებსა და არასამთავრობოებთან საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავდა, არ ადასტურებს პრეზიდენტი და აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შეცდომაშია შეყვანილი, თუმცა, საპირისპიროზე მეტყველებს ფაქტები. როგორ ფიქრობთ ბატონო რამაზ, რა თამაშს იწყებს ქვეყნის პრეზიდენტი?
რამაზ საყვარელიძე: ძალიან მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან არც პიროვნულად და არც პოლიტიკურად არ ველოდებოდი მარგველაშვილისგან ამ ტიპის ნაბიჯს. ყოველთვის ცდილობდა ყოფილიყო პოზიტიური, ამ სტილმა მოუტანა მოსახლეობაში სიმპათია. იყო ასეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ადამაინი ყოველთვის მოქმედებს სახელმწიფოს ინტერესით, რაც მომგებიანი სტილიც არის, გარდა იმისა, რომ სწორი მიმართულებაა პოლიტიკოსისთვის.
როგორ ფიქრობთ, რატომ ამბობს უარს ამ მომგებიანობაზე, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ პრინციპულადაც სწორი გზაა?
– სიმართლე გითხრათ, არ მესმის რა ხდება ამ მოვლენების იქით. როგორც ადამიანურად, ასევე ლოგიკურადაც მიჭირს პასუხის გაცემა. როდესაც მარგველაშვილი ამბობს, რომ შეცდომაშია შეყვანილი პარლამენტის თავმჯდომარე, მაშინ უნდა გაიხსნას ეს ფრჩხილიც, რა ხდებოდა რეალურად და ვისგან შეიძლებოდა ყოფილიყო შეცდომაში შეყვანილი პარლამენტის თავმჯდომარე.
როდესაც ამ ტიპის განცხადებას აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე, აშკარაა, რომ ჰაერიდან არ მოდის ეს განცხადება, რაღაცა საფუძველი უნდა არსებობდეს. რა საფუძველი, ეს ორივე მხარემ ბოლომდე უნდა მიიყვანოს, მოსახლეობამ უნდა იცოდეს რა ხდება. ჩემი დაბნევა რა სახსენებელია, ალბათ, კიდევ უფრო დაბნეულია ბევრი სხვა, ვინც გულშემატკივრობს მარგველაშვილს როგორც პოლიტიკოსს.
როგორც ფიქრობთ, ეს გზა შეიძლება პროდუქტიული აღმოჩნდეს მარგველაშვილისთვის?
- არა მგონია. მით უმეტეს, რომ თუკი ამ გზაზე მისი პარტნიორი აღმოჩნდა „სახელმწიფო ხალხისთვის“. პარტია, რომელმაც ბევრი თვალსაზრისთ დისკრედიტაცია გაუწია საკუთარ თავს. არა მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკოსისთვის მისაღები იყოს ასეთ პარტიასთან თანამშრომლობა. ამ პარტიის გადაწყვეტილება, ვგულისხმობ საკონსტიტუციო კომისიიდან გამოსვლას, მიუთითებს იმას, რომ ეს პარტია არ იმსახურებს პოლიტიკურ სპექტრში ყოფნას. ამ ფონზე, ჩემთვის სრულიად გაუგებარია ასეთ პარტიასთან რატომ უნდა გადადგას ვინმემ ნაბიჯი, მით უმეტეს საქართველოს პრეზიდენტმა.
მარგველაშვილი აცხადებს, რომ ის ყველას პრეზიდენტია, მაგრამ ფარული კონსულტაციები პოლიტიკოსებთან, საუბარი არაფორამლურ მმათველობაზე, ხელისუფლების ჩაკეტილობაზე და ა.შ. ამ ფონზე შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტი ღია ოპოზიციაშია ხელისუფლებასთან?
- რა თქმა უნდა, შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტს მმართველი პოლიტიკური პარტიისგან განსხვავებული აზრი ჩამოუყალიბდეს, მაგრამ პრეზიდენტის ფუნქციებში არ შედის პოლიტიკური პლატფორმით მოქმედება. თვითონ მარგველაშვილი აცხადებდა, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალის პრეზიდენტი არ არის. თუკი, იგი იკავებს მკაფიო პოლიტიკურ პოზიციას და მისთვის რაღაცა მიუღებელია და რაღაცა მისაღებია, მას შეუძლია გადადგეს პრეზიდენტობიდან, ჩამოაყალიბოს პარტია და იმოქედოს ისე, როგორც საჯარო პოლიტიკურ ფიგურას შეეფერება.
ასეთ შემთხვევაში, მის მიმართ არ გაჩნდება ასეთი შენიშვნა, ეს იქნება ადამაინი, რომელიც იბრძვის თავისი პოლიტიკური პლატფორმის გამარჯვებისთვის. მაგრამ, თუკი პრეზიდენტის პოზიციიდან იბრძვის პოლიტიკური პლატფორმის გამარჯვებისთვის, ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი არამიზნობრივად იყენებს თანამდებობას.
მარგველაშვილი თვითონაც ხვდება, რომ სასურველია პრეზიდენტი არ იყოს რომელიმე პარტიასთან ასოცირებული და ამ დროს იკავებს პოლიტიკურ პოზიციას, მნიშვნელობა არ აქვს ხელისუფლების, თუ ოპოზიციის, ის უკვე ხდება იმგავრი ფიგურა, რომლისთვისაც ტვირთია პრეზიდენტობა და რომელიც თვითონ არის ტვირთი პრეზიდენტობისთვის. ამიტომ, მიზანშეწონილი იქნება იმოქმედოს დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის სახით, არავინ ამ შემთხვევაში მისი კრიტიკოსი არ იქნება.
არსებული ინფორმაციით, სწორედ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერობისთვის ემზადება გიორგი მარგველაშვილი, მასთან ერთად არის დავით უსუფაშვილი, ამ კონსულტაციაში ჩართულია „ევროპული საქართველო“ და მასთან ასოცირებული ექსპერტებიც. კულუარულ კონსულტაციებს მარგველაშვილის გარემოცვაც ადასტურებს...
- უკვე ვახსენეთ „სახელმწიფო ხალხისთვის“, იმ პერიოდში, როდესაც „სახელმწიფო ხალხისთვის“ შემოვიდა პოლიტიკაში, მაშინ კეთდებოდა შეფასება, რომ მესამე პოლიტიკური ძალა იქნებოდა, შემოსვლისთანავე ააგროვა რეიტინგი, მაგრამ შემდეგ უკვე აღმოჩნდა, რომ ეს იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული პარტია. იგივე პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებით, მოსახლეობის დიდ ნაწილში გააჩენს იმის განცდას, რომ ეს უბრალოდ სახე შეცვლილი „ნაცმოძრაობა“ იქნება.
რატომ უნდა აწყობდეს მარგველაშვილს და უსუფაშვილს სახე შეცვლილი ნაცმოძრაობის საყრდენი გახდნენ?
- მე ვერ ვამტკიცებ, რომ ასე იქნება, მაგრამ მოსახლეობაში ამ აზრის შეცვლა არ იქნება იოლი, მით უმეტეს, რომ თუკი ისინი იმ პოზიციას დაიცავენ, რაზედაც დღეს არის კამათი. ალბათ, ყველა პარტია აცნობიერებს იმას, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირება წამგებიანი იქნება. თვითონ ბურჭულაძის პარტიას რეიტინგი იმიტომ დაუვარდა, რომ მკაფიო გახდა მისი ასოცირება „ნაცმოძრაობასთან“. მათაც იგივე ფორმულა ჰქონდათ რაც „ნაცმოძრობას“ - არაფორმალური მმართველობა. ახლაც თუ ამაზე იქნება აქცენტი, მით უფრო ადვილი იქნება „ქართული ოცნებისთვის“ „ნაცმოძრაობის“ თანაზიარობა დააბრალოს ამ ახალ პარტიას.
ეს იქნება დაბრალება თუ რეალობა?
- ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. თუ სხვანაირად ოპოზიციონრობა არ შეუძლიათ, გარდა იმისა, რომ გაიმეორონ ნაციონალების ფორმულები, ეს ძალიან ცუდია. უფრო საინტერესო იქნებოდა „ქართული ოცნების“ პოზიციიდან ეწარმოებინათ კრიტიკა, თუნდაც ის, რომ სამართლიანობა ვერ აღდგა, ადამიანებს ვერ დაუბრუნდა წართმეული ქონება, ასეთი პოზიცია გაცილებით მომგებიანი იქნებოდა ამ ჯგუფისთვის.
როცა ამ თემაზე არ საუბრობენ და საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზე, ეს უკვე აჩენს განცდებს, რომ ეს თემებია მათთვის გასაკრიტიკებელი და არა „ნაცმოძრაობის“ ცხოვრების სტილი. ამიტომ ვთვლი, რომ წამგებიანი პოზიცია უკავია ბევრ მათგანს, ვინც აქ არის გაერთიანებული და მათ შორის მარგველაშვილს, თუკი ამ გაერთიანებაში იქნება.
ეს მსჯელობა გავშალე იმისთვის, რომ დაინახონ საფრთხე და დაფიქრდნენ იმაზე, რომ თუკი იერგამოცვლილი ნაციონალების პოზიციაზე იქნებიან, მაშინ ეს იქნება ძალიან ცუდი.
მარგველაშვილი და უსუფაშვილი ნაცონალებთან ავანგარდში იყვნენ გაცილებით რთულ პირობებში. ეს ხალხი ნაციონალების პრინციპების გამგრძელები ნამდვილად არ იქნებიან, მაგრამ შეიძლება პოლიტიკური შედეგი მიიღონ ისეთი, რომ მოსახლეობის თვალში გაუიგივდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“.
რაც შეეხება პრეზიდენტს, მე ვთვლი, რომ მკაფიოდ ჩამოყალიბდა მისი პოლიტიკური პლატფორმა, პარტიული პლატფორმის სახე მიიღო. ამიტომ, მეც ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე პატიოსანი საქციელი იქნება პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დატოვება და იმ ტიპის ცხოვრებაზე გადასვლა, რასაც პოლიტიკური ბრძოლა ჰქვია. ეს ნაბიჯი იქნება სწორი და მხარს დავუჭერდი მარგველაშვილს ამ პოლიტიკურად პატიოსან ნაბიჯს.