მაჟორიტარული სისტემა უქმდება, პრეზიდენტი კი, არაპირდაპირი წესით იქნება არჩეული

მაჟორიტარული სისტემა უქმდება, პრეზიდენტი კი, არაპირდაპირი წესით იქნება არჩეული

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული პროექტით, პარლამენტის ადგილსამყოფელი კონსტიტუციით განსაზღვრული აღარ იქნება. კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვით, პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი, კონსტიტუციიდან იღებენ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საერთო სულისკვეთება არის ასეთი, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციიდან საერთოდ იყოს ამოღებული და არც ერთი ქალაქი არ იყოს ნახსენები, ისე როგორც არაფერია კონსტიტუციაში ნათქვამი პრეზიდენტის ადგილსამყოფელსა და მთავრობის ადგილსამყოფელზე.

„კომისიაზე ამ აზრს მოწინააღმდეგე არ ჰყოლია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საკითხი მხოლოდ ფორმალურ გადაწყვეტას საჭიროებს, არსებითად კი გადაწყვეტილია“, – აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

პარლამენტის ადგილსამყოფელად კონსტიტუციით ორი ქალაქის - თბილისი და ქუთაისის განსაზღვრას ითხოვს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი. კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, ამით კონსტიტუციაში აისახება ის რეალობა, რომელიც სადღეისოდ არსებობს, როცა პარლამენტი საქმიანობს როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში.

„პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და აღნიშნული საკითხი კენჭისყრით გადაწყდება“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას კობა ნარჩემაშვილმა.

თუკი კონსტიტუციაში გაქრება ჩანაწერი, რომლის მიხედვით პარლამენტის ადგილსამყოფელად მითითებულია ქალაქი ქუთაისი, ეს ავტომატურად პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლას არ ნიშნავს.

პარლამენტის ვიცე–სპიკერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ქვეყანას ორ სხავადსხვა ქალაქში განთავსებული პარლამენტი არ სჭირდება.

„კონსტიტუციაში არც ერთი ქალაქი არ უნდა იყოს მითითებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის ძალიან მძიმე ფინანსური ტვირთი. არჩევნების წინა პერიოდში მმართველმა გუნდმა დააფიქსირა პოზიცია, რომ ის არ განიხილავს ქუთაისიდან სასწრაფო წესით გადმოსვლის საკითხს. საკონსტიტუციო კომისიის წევრები აფიქსირებენ პოზიციას, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელის კონსტიტუციით განსაზღვრა საერთოდ არ არის საჭირო“, – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ პარლამენტი ქუთაისში აღარ იქნება. მისი მტკიცებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც პარლამენტის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი მუხლი კონსტიტუციაში აღარ ეწერება.

„დაპირება, რომელიც მმართველმა გუნდმა ქუთაისელებს მისცა, ტრანსფორმირდა - სამწუხაროდ, პარლამენტი ქუთაისში აღარ იქნება. ეს გადაწყვეტილება არის ცალსახა. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტი ქუთაისში აღარ დარჩება. კომისიის წევრთა უმრავლესობამ ჩვენი პოზიცია არ გაიზიარა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ხათუნა გოგორიშვილმა.

გარდა ამისა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის პირველ შაბათს ჩატარდება. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თარიღს ქვეყნის პრეზიდენტი აღარ დანიშნავს. კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციით, პარლამენტის მორიგი არჩევნები პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში ტარდება და არჩევნების თარიღს არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს. კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით შეთავაზებული საარჩევნო სისტემა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნას პრაქტიკულად გამორიცხავს.

საკონსტიტუციო კომისიაში ჩართული სამოქალაქო სექტორი არ გამორიცხავს, რომ პრეზინდეტის არაპირდაპირი წესით არჩევა უკვე 2018 წელს მოხდეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ინფორმაციით, გადაწყვეტილება არჩევნების შეცვლილი სისტემით ჩატარების შესახებ, მხოლოდ 2018 წლის შემდგომ შევიდეს ძალაში, წერილობით დაფიქსირებული არსად არის. შესაბამისად, სამოქალაქო სექტორი ვითარების სხვაგვარად განვითარებას არ გამორიცხავს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უამრავი არგუმენტი მეტყველებს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის უპირატესობაზე იმ სისტემაში, რომელიც წარმოდგენილია ახალ რედაქციაში. ირაკლი კობახიძე ამბობს, კომისიის მიზანი არ ყოფილა პრეზიდენტის სტატუსის და უფლებამოსილების შეზღუდვა, რასაც ადასტურებს საკონსტიტუციო ცვლილების შემოთავაზებული რედაქცია, რომელიც პრეზიდენტს ეხება. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იქნება არჩეული.

„პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით გვქონდა სერიოზული დისკუსიები კომისიისა თუ სხვა ფორმატებში. წარმოდენილი იქნა უამრავი არგუმენტი, რომელიც მეტყველებს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის უპირატესობაზე იმ სისტემაში, რომელიც წარმოდგენილია და ამას ეფუძნება სწორედ ის ცვლილება, რომელიც შემოთავაზებულია საკონსტიტუციო პროექტით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მომზადებული საკონსტიტუციო პროექტის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული კომპონენტი უქმდება და მანდატები მხოლოდ პარტიების მიერ პროპორციული წესით მიღებული ხმების რაოდენობის შესაბამისად გადანაწილდება. გაუნაწილებელ მანდატებს ის პარტია მიიღებს, რომელსაც არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა ექნება.

„ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მომზადებული საკონსტიტუციო პროექტის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული კომპონენტი უქმდება და მანდატები მხოლოდ პარტიების მიერ პროპორციული წესით მიღებული ხმების რაოდენობის შესაბამისად გადანაწილდება.

გაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ პარტიაზე მინიჭებას არ იზიარებს როგორც ოპოზიცია, ისე უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას ქვეყნისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს. დეპუტატი აცხადებს, რომ ის მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას მხარს არ დაუჭერს და ანალოგიურ გადაწყვეტილებას პარლამენტის სხვა მაჟორიტარებიც მიიღებენ.

„შესაძლებელია ეს ქვეყნისთვის გახდეს პრობლემა, როცა უპასუხისმგებლო ხელისუფლება არსებობს, მაგრამ დეკონცენტრაცია კიდევ უფრო უარესია, როდესაც 25%-იანი პარტიები არიან არჩევნებში გამარჯვებული, ხოლო მეორე ადგილზე გასულ პარტიებს აქვთ ხმების 22%. ასეთ შემთხვევაში ძალიან დიდია რისკი არეულობის, დაპირისპირების და სამხედრო დაპირისპირებისაც კი. ჩვენ ვართ მომსწრე, როგორი იყო მყიფე ხელისუფლება 80-იან წლებში და მყიფე ხელისუფლების პირობებში როგორ დავკარგეთ ტერიტორიები, როგორი არეულობა იყო და როგორ დაინგრა ქვეყანა. მე არ მინდა ეს ყველაფერი განმეორდეს.

ჩვენთან დემოკრატიის ხარისხი არ არის იმ დონეზე, როგორიც არის ევროპაში. ჩვენი ეკონომიკა არ არის იმ დონეზე, რომ პოპულიზმი ვერ გავიდეს არჩევნებში და პოპულისტურმა პარტიებმა ვერ გაიმარჯვონ. ეს არის ძალიან მაღალი რისკის მატარებელი. მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ დავუჭერ“, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა ოქრიაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ამ კონსტიტუციას საქართველოს კონსტიტუცია კი არ უნდა ერქვას, არამედ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუცია უნდა ეწოდოს, ვინაიდან გოცირიძე თვლის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ძალიან გადაიხარა სოციალიზმისკენ.

„რატომღაც მხოლოდ პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევნებზე ამახვილებენ ყურადღებას, არადა კონსტიტუცია არის ფუნდამენტური დოკუმენტი, რომელსაც ძირფესვიანად აუარესებენ. ჩაყარეს ყველაფერი, რისი ჩაყრაც შეიძლებოდა, ისიც კი, რომ საქართველო არის თურმე მაღალმთიანი ქვეყანა.

ვართ მაღალმთიანი ქვეყანა და რაღაც შეღავათები თუ დღეს დაწესდა, ეს უნდა იყოს თურმე კონსტიტუციით გამაგრებული, ისე ჩვეულებრივი კანონით არ შეიძლება არსებობდეს. ამ კონსტიტუციით რეალურად ხდება ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა და ეს კონსტიტუცია მორგებულია დღევანდელი არაფორმალური მმართველობის განმტკიცებაზე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.