„ჩვენი ნაბიჯები უნდა გახდეს ქოლგა იმ საფრთხეების, რომლის წინაშეც დგას მთელი ცივილიზებული სამყარო და რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს“

„ჩვენი ნაბიჯები უნდა გახდეს ქოლგა იმ საფრთხეების, რომლის წინაშეც დგას მთელი ცივილიზებული სამყარო და რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს“

თავდაცვის მინისტრმა ინფორმაცია, თავდაცვის უწყებაში გატარებული რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, დეპუტატებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მიაწოდა. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები აბსოლუტურ თანხვედრაშია ნატო-ს მიერ განსაზღვრულ სტრატეგიებთან, რაც ნიშნავს, რომ ამ რეფორმებით ვართ თავსებადი ნატო-სთან არა მხოლოდ განცხადებებში, არამედ მოქმედებებში.

ლევან იზორიამ სწორედ თავდაცვისუნარიანობის გაზრდით ახსნა სამინისტროში განხორციელებული ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის პროცესი. მინისტრის განცხადებით, ყველაზე დიდი პრობლემა იყო ის, რომ თავდაცვის ბიუჯეტში პროპორციულად არ იყო თანხები განაწილებული, ბიუჯეტის 70% მიმართული იყო სახელფასო უზრუნველყოფაზე და სოციალურ დახმარებებზე მიმართული, ხოლო აღჭურვილობაზე 2%.

მინისტრის განცხადებით, უმაღლეს ოფიცერთა საშტატო კატეგორიები იყო უფრო მეტი, ვიდრე აუცილებელია და შესაბამისად, უმცროს ოფიციერთა კატეგორიას არ ჰქონდა კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. მინისტრმა დეპუტატებს პირობაც მისცა, მომავალი წლების განმავლობაში სიტყვა რეორგანიზაცია ნაკლებად იქნება გამოყენებული. უწყება ამიერიდან წვრთნებზე, აღჭურვილობაზე, მდგრადობაზე და ინსტიტუციურ სიმყარეზე საუბარს აპირებს.

იზორიას განცხადებით, ერთ-ერთი ამბიცია უნდა იყოს მაქსიმალურად ხელი შეუწყონ თავდაცვის ბიუჯეტის ზრდის ტენდენციას, ხოლო მთავრობისგან მაქსიმალური მზაობა არის ამ მიმართულებით და კონკრეტული გეგმებიც არსებობს.

„ჩვენმა ოპტიმიზაციამ ასევე მეორე პრინციპულ ამოცანად დაისახა ამ საშტატო რაოდენობის შემცირება, რომელიც რიგ შემთხვევაში ხელოვნურადაც იყო შექმნილი. ამან გამოწვია მთელი რიგი დეპარტამენტების, სამმართველოების სტანდარტიზაცია“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომას ესწრებოდა, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის მეორე ასეულის საქმის ყოფილი მწარმოებელი შოთა მათიაშვილი, რომელმაც მინისტრს მიმართა, რომ სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვეს ისე, რომ შესაძლო რეორგანიზაციის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ.

მათიაშვილი დაინტერესდა, რამდენად მიზანშეწონილი იყო მრავალშვილიანი ოჯახების პატრონების დათხოვნა სამსახურიდან, რაზეც საპასუხოდ, ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ თავდაცვის პოლიციის ბატალიონებში სამოქალაქო პირების სამხედროთი ჩანაცვლება ნატო-ს სტანდარტი და მოთხოვნა იყო. რაც შეეხება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების ვადების შესაძლო დარღვევას, იზორიას თქმით, ის კონკრეტულ შემთხვევას არ იცნობს, თუმცა გათავისუფლებულს შეუძლია, სასამართლოს მიმართოს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს ანტისარაკეტო სისტემის შეძენა. მისივე თქმით, 17-18 აპრილს ეწვევა ვიზიტით საფრანგეთს, სადაც თავის კოლეგასთან ანტისარაკეტო სისტემის შეძენის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის გეგმაზე მოლაპარაკებებს გამართავს.

„მოდერნიზაციის ხუთი მიმართულება განვსაზღვრეთ და ყველაზე ცენტრალური იქნება ანტისარაკეტო სისტემის შექმნა, იმიტომ რომ, ვერც ერთ დანაყოფს ვერ ექნება შანსი გაუმკლავდეს მტერს, თუ ის არ იქნა დაცული ამ ანტისარაკეტო სისტემით. ბევრჯერ მსმენია კრიტიკა, თითქოსდა ფლოტზე და ავიაციაზე უარს ვამბობთ. არაფერზე უარს არ ვამბობთ, ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერი შეგვეძლოს.

პრიორიტეტებს განვსაზღვრავთ ჩვენი ფინანსური შესაძლებლობებიდან და სამხედრო სტრატეგიიდან გამომდინარე და ვამბობთ - სჯობს არსებული ფინანსური შესაძლებლობები მივმართოთ იმისკენ, რაც ჩვენს თავდაცვას ყველაზე მეტად უზრუნველყოფს.

რუსეთის ომმა სწორედ ეს გვაჩვენა, რომ შეიძლება გყავდეს რამდენიმე ბომბდამშენი, მაგრამ თუ მათი დაცულობის ხარისხი ნულის ტოლია, შეიძლება ერთმა რაკეტამ მწყობრიდან გამოიყვანოს ათეულობით ბომბდამშენი“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრმა იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს და აღნიშნა, რომ საფრთხეებს ადეკვატური პასუხები უნდა გავცეთ, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებით. მინისტრის განცხადებით, სანამ აგრესორი გადაწყვეტს ჩვენზე თავდასხმას, უნდა იფიქროს, თუ რა დიდ ზიანს მიაყენებს საქართველო და ღირს თუ არა საერთოდ თავდასხმა.

„სწორედ ჩვენს მიერ დაგეგმილი ნაბიჯები უნდა გახდეს გრძელვადიან პერსპექტივაში ქოლგა დაცვისა იმ საფრთხეების წინაშე, რა საფრთხეების წინაშეც დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი ევროპა და ცივილიზებული სამყარო, საფრთხე, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს და საფრთხე, რომელსაც ადეკვატური პასუხები უნდა გავცეთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებით“, – აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ყველა რეფორმის ყველა მიმართულება სწორედ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზეა ორიენტირებული და იმაზე, რომ საჯარისო დანაყოფები იყოს მოქნილი, დაბალანსებული, თვითმყოფადი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეეძლოს დეცენტრალიზებულად მოქმედება.

„რუსეთთან ომმაც გვასწავლა, რომ შეიძლება დასავლეთი აღმოსავლეთს მოწყდეს, მსგავს შემთხვევებში ჩვენ ვცდილობთ ჩვენი წვრთნებით, ჩვენი მართვის სტილით ავტონომიურ რეჟიმში გადაწყვეტილებების მიღების ისეთი მექანიზმები შევქმნათ, რომ მათ შეეძლოთ იმ ცენტრალური გადაწყვეტილებების ფარგლებში დეცენტრალიზებულად ამ ამოცანების აღსრულება. ეს არის ნატო-ს სტანდარტი, ეს არის ჩვენი ახალი სტანდარტი, რომელსაც ვამკვიდრებთ“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კომიტეტი მაქსიმალურად შეკრულია საერთო ეროვნული ინტერესებისთვის. ირაკლი სესიაშვილმა მინისტრს რამდენიმე კითხვა დაუსვა, მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ რეორგანიზაცია - ოპტიმიზაციის პროცესს ეხებოდა.

„ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, იცით, რომ მე მაქსიმალურად მხარს ვუჭერდი ამ პროცესს, მინდა გითხრათ, რომ ოპტიმიზაცია-რეორგანიზაცია შეიძლება ძალიან მოქნილი იყოს მინისტრისთვის, რომ რეფორმები განახორციელოს, მაგრამ აუტანელი სიტყვაა ნებისმიერი თანამშრომლისთვის, მათ შორის, მათთვის, ვინც შეიძლება დღეს თქვენ გვერდითაა. ძალიან პატივს ვცემ თქვენს პრინციპულობას და მინდა, თქვენი პრინციპი დავინახო, რომ ეს სიტყვა მინიმუმ რამდენიმე წელი აღარ გაისმება თავდაცვის სამინისტროში. მერწმუნეთ, ჩემი მხრიდან პირადად მაქსიმალური მხარდაჭერა გექნებათ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სხდომაზე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი თენგიზ გუნავა დაინტერესდა, თუ რა ინფორმაცია ჰქონდა მინისტრს 22 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, სომხეთის მიმართულებით საქართველოს საზღვარი გადაკვეთა „იგლას“ ტიპის საზენიტო დანადგარმა. მინისტრის შეფასებით, ამ ეტაპზე თქმა იმისა, რომ საქართველოს საზღვრებიდან გადავიდა „იგლას“ ტიპის საზენიტო დანადგარები, არასწორია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, დასკვნა ერთია, ამ ქვეყანას და ქართულ ჯარს არაფერი ეშველება, თუკი ამ ქვეყანაში გაგრძელდა ოლიგაქრის მმართველობა, რომელიც ბარამიძის აზრით, „პირდაპირ ემსახურება კრემლის ინტერესებს და შეგუებლებობის პოლიტიკით არის დაკავებული“.