საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იენს სტოლტენბერგი ჩამოდის. ნატო-ს გენერალური მდივნი მონაწილოებას მიიღებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, რომელიც 26-29 მაისს საქართველოში ტარდება. გარდა ამისა, საქართველო მეორედ მასპინძლობს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ორდღიან ფორუმს. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია დისკუსია ისეთ თემებზე, როგორიცაა - სახალხო დიპლომატიის როლი უსაფთხოების გამოწვევების წინაშე, ნატოსა და ევროკავშირის მაგალითზე; ჰიბრიდული ომის ახალი გამოწვევები, პროპაგანდასთან ბრძოლის სტრატეგიები, კიბერ-ომი და ასე შემდეგ.
ფორუმზე გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ საქართველო მტკიცედ ახორციელებს იმ რეფორმებს, რომელიც აძლიერებს ჩვენს ინტეგრაციულ პროცესებს ნატო-ში და ეს ხელს უწყობს საქართველოს განვითარებას, მეტ უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ამ პროცესს აგრძელებს პარტნიორებთან ერთად, ყველა იმ ფორმატში, რომელიც საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებობს.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, თავისთავად მეტყველებს ჩვენი ურთიერთობების ინტენსივობაზე და თვისობრივად გაუმჯობესებულ, გაძლიერებულ თანამშრომლობაზე.
„ეს არის ფორმატი, სადაც ვისაუბრებთ როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობაზე, ასევე ჰიბრიდული ომის პირობებზე და ჩვენს მიერ გადადგმულ საპასუხო მოქმედებებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ბრიუსელში ნატო-ს შტაბბინასთან, ასევე მის ცენტრებთან. ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ნაყოფიერი, საფუძვლიანი თანამშრომლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
„უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, რომელთა წინაშეც დადგა მსოფლიო, ალიანსის წევრებისა და პარტნიორებისგან მოითხოვს სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ორდღიანი ფორუმის გახსნაზე, როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო ძალისხმევას არ იშურებს, რომ შეინარჩუნოს ინტეგრაციის პოზიტიური დინამიკა და ალაინსთან ურთიერთობები გახადოს შინაარსობრივად კიდევ უფრო დატვირთული.
„საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ამ გზაზე და ხელშესახები შედეგები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხზე მიმდინარეობს საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში, რაც, თავის მხრივ, საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საბედნიეროდ, სახალხო დიპლომატიის ფორუმის ფორმატი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ განვიხილოთ ახალი გამოწვევები და სტრატეგიები, ერთმანეთს გავუზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა და შევაჯამოთ შედეგები“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, დღეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მასშტაბები, რომელთა წინაშეც დადგა მსოფლიო, ალიანსის წევრებისა და პარტნიორებისგან მოითხოვს სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებას. ეს არის ეფექტიანი ბრძოლის საშუალება ევროატლანტიკურ სივრცეში და მის საზღვრებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად.
„ამიტომაც იქცა სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენი პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად. ევროატლანტიკური ოჯახის წევრობა არის განუყოფელი ნაწილი ჩვენი ხედვისა საქართველოს მომავლის და ეს არის ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება. საქართველოს აქვს ძალიან მტკიცედ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ინტეგრაციის პროცესი გახადოს შეუქცევადი. ეს ასევე ადასტურებს იმას რომ საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი უფრო და უფრო ღრმა ხდება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ყველა ასეთი ვიზიტი და ფორუმი წაადგება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს უფრო ახლოს იყოს ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან და თავისუფალ სამყაროსთან. ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ საქართველოს მომავალი არის ევროატლანტიკურ ალიანსში, რაზეც საერთო კონსენსუსი არსებობს.
მისივე თქმით, ევრატლანტიკურმა ოჯახმა გაითავისა, რომ საქართველო არის თავისუფალი სამყაროს ღირსეული წევრი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ჩვენი ეკონომიკური რეფორმები და წინ წავწიოთ ჩვენი ეკონომიკა. შემდეგ საფეხურზე უნდა ავიყვანოთ თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი სასამართლო. აქედან გამომდინარე, ზურაბ აგლაძე არ ეთანხმება ბრალდებას, რომ საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსული.
„ნამდვილად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ჩვენი მთავრობა არის პრორუსული. ვერ ვიტყვი, რომ პრორუსულები არიან, უფრო ფრთხილები არიან. წინა ხელისუფლებისგან განსხვავევით, აქცენტს უფრო ევროპაზე აკეთებენ, ვიდრე ამერიკაზე. უფრო ფრთხილები არიან, ეს უფრო სტრატეგიის საკითხია და არ ნიშნავს იმას, რომ პრორუსულები არიან. ვინ როგორ სტრატეგიას ირჩევს, ეს მთავრობის გადასაწყვეტია და ისინი არიან ამ სტრატეგიაზე პასუხისმგებელი. რომელი სტრატეგიაა სწორი - ფრთხილი თუ აგრესიული, ამაზე შედეგებიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ.
ჯერჯერობით რასაც ვხედვათ, მივაღწიეთ უვიზო რეჟიმს, ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი ნატოს წევრობა არ არის მიღწეული, ვერ ვიტყვი, რომ ერთ ადგილზე ვდგავართ და რაღაცა პროგრესი არ გვაქვს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ნატოსკენ“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.