„გინდ ალანია დაირქვან, გინდ შოტლანდია, გინდ ატლანტიდა, მაინც რუსეთის ბრძანებას შეასრულებენ“

„გინდ ალანია დაირქვან, გინდ შოტლანდია, გინდ ატლანტიდა, მაინც რუსეთის ბრძანებას შეასრულებენ“

ქართველების გარეშე დარჩენილ ცხინვალის რეგიონში, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, რეფერენდუმიც ჩატარდა, სადაც ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ „ალანეთით“ ჩანაცვლებას ოსების 78%-მა დაუჭირა მხარი.

რეფერენდუმის გამართვის ინიციატორი მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი იყო, რომელმაც ჯერ კიდევ გასულ წელს დაიქადნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას თურმე თავისი სახელმწიფოს უძველესი სახელის აღდგენის სწრაფვა ჰქონდა და, რომ „ალანეთი იყო ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებ სკვით-სარმატული ტომების გაერთიანება, რომელიც სახელმწიფოდ ჩვ-წ. აღ-ით პირველ საუკუნეში ჩამოყალიბდა. ოს „მეცნიერთა“ აზრით, ეს ტერმინი თურმე „არიულს“ ნიშნავდა, 916 წელს კი ალანეთში ბიზანტიიდან ქრისტიანობა გავრცელდა, მონღოლების შემოსევის შემდეგ კი ალანეთმა არსებობა შეწყვიტა“.

რა თქმა უნდა, თიბილოვს მხედველობიდან „გამორჩა“, რომ არანაირი ალანეთი საქართველოს ტერიტორიაზე არ ყოფილა და, თუკი მსგავსი ტერმინის აღდგენა სურდა, იმ ტერიტორიისთვის უნდა მიეშურებინა, სადაც ალანეთის ისტორიული კერა ეგულებოდა.

ასეა თუ ისე, დღეს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ დე ფაქტო არჩევნებს კრემლი „გამჭვირვალედ“ და „კონკურენტუნარიანად“ აღიქვამს, ხოლო ქართული მხარე - ანექსიის დაკანონების მცდელობად და მცოცავი ოკუპაციის ანექსიით ჩანაცვლებად.

ე.წ. ცესკოს მონაცემებით, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 57,98% ანატოლი ბიბილოვმა მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა კი ხმათა მხოლოდ 30% დააგროვა.

რას ნიშნავს მასპინძელი ქართველების გარეშე დარჩენილ ცხინვალის რეგიონში სტუმრების მიერ ჩატარებული არჩევნები და რეფერენდუმი?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ხვალ თუ მოისურვებს რუსეთი, ისევე ადვილად წაართმევს არჩევნებისა და რეფერენდუმის უფლებას ოსებს, როგორც ადვილად მიანიჭა. შესაბამისად, ოსებიც ასეთივე ენთუზიაზმით მისცემენ ხმას ამის საწინააღმდეგო რეზოლუციას. მთავარია, რუსეთი სურვილი, რუსებს ოსებთან პრობლემა არ აქვთ, განსხვავებით, აფხაზებისგან, ვინაიდან აფხაზებს მაინც დამოუკიდებლობის ილუზიები აქვთ.

ამდენად, სოსო ცინცაძის აზრით, ბიბილოვის წარმატება და ე.წ. რეფერენდუმი არაფერს ნიშნავს. მთავარი მაინც ისაა, რომ რუსეთმა უფლება არ მისცა ოსებს, რეფერენდუმით რუსეთს მიერთებოდნენ. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე სურკოვი რამდენჯერმე ჩავიდა ცხინვალში და ოსებს ეს გადააფიქრებინა, თორემ თიბილოვი ორი თვის წინ პირდაპირ ამბობდა, ცხინვალის რეგიონში ჩატარდება რეფერენდუმი და რუსეთს მივუერთდებითო.

„ახლა რუსებმა ოსებს უთხრეს, ჯანდაბას თქვენი თავი, გინდ ალანია დაირქვით, გინდ შოტლანდია, გინდ ატლანტიდა, ოღონდ ჩვენ არ შეგვიერთდეთო. რასიზმში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში როცა ვმსახურობდი, ცხინვალის ინსტიტუტი ჩვენთან შემოდიოდა, საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი გახლდით, მშვენივრად მახსოვს როგორც ცხინვალის, ისე სოხუმის ინსტიტუტის (რომლის დირექტორიც მაშინ არძინბა იყო) შრომების მეცნიერული ღირებულება. მათი ღირებულება ნული იყო. დღესაც ცხინვალში ერთი გონიერი პოლიტიკოსი არ აღმოჩნდა, რომელმაც უთხრას ოსებს, რომ ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია უკვე არის. ალანია რომ დაირქვეს, ჩრდილო ოსეთთან მიერთების ოცნებები აქვთ? რახან რუსეთმა არ მიიერთა, ახლა თითიდან გამოწოვილი არგუმენტით უნდათ ჩრდილო ოსეთთან მიერთება?! როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ არსებობს ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, ვითომცდა, გაყოფილი ხალხი. მსოფლიო დემოკრატიული მაქსიმაა, რომ გაყოფილი ხალხი არ შეიძლება დიდხანს არსებობდეს. გაყოფილი აღმოსავლეთ-დასავლეთ გერმანიის ერთი ხალხი გაერთიანდა. ახლა არსებობს ორი კორეა, რომელიც, ასევე, ადრე თუ გვიან უნდა გაერთიანდეს. ოსებმა კი ამ რეფერენდუმით ეს არგუმენტიც დაკარგეს. ჯერ ერთი, არავინ ცნობს ალანიას ისევე, როგორც არავინ ცნობდა ე.წ. სამხრეთ ოსეთს. სამაგიეროდ, ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ მშვენიერი კოზირი მიიღო, რომ ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ საერთოდ გაქრეს ქართული მეტყველებიდან და ამ რეგიონს დაუბრუნდეს ისტორიული სახელი „სამაჩაბლო“. ასეთ იდიოტობას ვერ წარმოვიდგენ, რომ რომელიმე ჩვენმა პოლიტიკოსმა დე ფაქტო ოსეთთან შერიგების მიზნით ეს მხარე ალანიად მოიხსენიოს“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

ამასთან, 90-იან წლები გაიხსენა, როცა ოსი სეპარატისტი ჩოჩიევი ჩამოიყვანეს თბილისში და ჩვენი ტელევიზიით გამოიყვანეს. კინაღამ სცემეს ქართველებმა მაშინ, რადგან ჩოჩიევი გამუდმებით იძახდა „მი ალანი“, მეტი არაფერი იცოდა. ქართველები როცა ეკითხებოდნენ, კი მაგრამ, რის საფუძველზე აცხადებდნენ საკუთარ თავს ალანებად და საიდან მოვიდნენ თავად ოსები, რომელ წყაროს ეყრდნობოდნენ, ჰეროდოტეს, თუ სხვას, ჩოჩიევი პასუხს ვერ სცემდა და კვლავაც იძახდა, „მი ალანი“.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ ოსებს ერთი ნორმალური ისტორიკოსი არ ჰყავთ, რომ სიმართლე გაიგონ, მეცნიერება საერთოდ არ აქვთ, ერთადერთი, გერგიევი ჰყავთ, დირიჟორი, და არც სურთ, იცოდნენ, რომ ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ ბოლშევიკებმა 20-იან წლებში შემოიღეს, რადგან ბოლშევიკების ერთგულნი იყვნენ ოსები.

სოსო ცინცაძეს მენშევიკების გვარდიის უფროსის ვალიკო ჯუღელის მემუარებიც ახსენდება.

„ვალერი ჯუღელმა ეგენი როკს იქით გადარეკა, მაგრამ ვშიშობ, რომ ახლა ოსების ჯინაზე, ჩვენები ისევ დაიწყებენ „სამხრეთ ოსეთის“ დაძახებას. რადგან ოსებმა თვითონვე თქვეს ტერმინ „სამხრეთ ოსეთზე“ უარი, ჩვენ რატომ უნდა შევინახოთ ეს ხელოვნური ტერმინი?! ასე, რევოლუციის შემდეგ ცოტა ხანს გერმანიის ბავარიის სოციალისტური რესპუბლიკაც არსებობდა. სად არის ახლა? გაქრა. ასევე, არსებობდა აღმოსავლეთ ციმბირის დამოუკიდებელი რესპუბლიკა, ესეც გაქრა. რამდენი ხელოვნური წარმონაქმნი შექმნილა, მაგრამ გამქრალა. ასევე, ოსებმა თვითონვე გააქრეს ბოლშევიკების მიერ თითიდან გამოწოვილი ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“. სად იყო „სამხრეთ ოსეთი“, როცა მეფის რუსეთის დროს მოსახლეობის უკანასკნელი აღწერით, 1895 წელს მხოლოდ ორი ოსური ოჯახი ცხოვრობდა ცხინვალში“.

პოლიტოლოგის აზრით, დღესაც ბიბილოვის ერთადერთი მიზანია, როგორმე მიუერთდეს ჩრდილოეთ ოსეთს და კმაყოფაზე აიყვანოს ჩრდილოეთ ოსეთმა ან რუსეთმა. თუმცა რუსეთს თვითონ უჭირს ფული, ჩრდილოეთ ოსეთსაც ვერ აძლევს იმხელა ტრანსფერს და, საერთოდაც, ჩრდილოეთ კავკასიაში ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი უფრო ჩეჩნეთის რესპუბლიკაა, რადგან იქ ნავთობია. თუმცა ნავთობიც არ ჰყოფნით და კადიროვი მაინც წველის რუსეთს. სამაგიეროდ, რუსულ ფულს ფლანგავს, ძმის შვილის ქორწილში ისეთი მანქანები მოძრაობდნენ, რომელიც მოსკოვშიც არ არის. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, იქ ერთი წიაღისეული არ არის, ვაშლი იყო და ისიც ქართველებს მოჰყავდათ, სანამ პროვოკაციაზე წამოგებული სააკაშვილის სისულელის გამო თამარაშენს არ გადაწვავდნენ.

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო პრეზიდენტად ბიბილოვი გავა, თიბილოვი თუ ტიგილოვი, რადგან ყველა მათგანი რუსეთის დასმული გუბერნატორია. რაც შეეხება ტერმინ „ალანიის“ დარქმევას, ისტორიკოსის აზრით, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რათა შეამზადონ ჩრდილოეთ ოსეთისა და ცხინვალის რეგიონის გაერთიანება.

„არავითარი სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიაზე არ ყოფილა, სანამ რუსებმა 1922 წელს არ შექმნეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. რაც დრო გავა, ვითარება კიდევ უფრო გართულდება. დღეს რუსეთი ყირიმსა და სირიასთან დაკავშირებული გართულებული მდგომარეობის გამო უფრო ფრთხილად მოიქცევა, მაგრამ ანექსიის პროცესი გაგრძელდება და უფრო გაგვიჭირდება ცხინვალის რეგიონში ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენა. ამ იურისდიქციის აღდგენა არ მოხდება, თუ არ მოვაგვარებთ ურთიერთობას რუსეთთან. მათთან დიალოგი უნდა დავიწყოთ, აბაშიძე-კარასინის ფორმატი საკმარისი არ არის. როდესაც პრემიერ-მინისტრად ახალი მოსული იყო ბიძინა ივანიშვილი, მაშინ აღვნიშნე, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ რუსეთის ხელისუფლბასთან უმაღლეს დონეზე შეხვედრები უნდა მოახერხოს. ამდენი ხანი გავიდა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზეც არ მომხდარა შეხვედრა. სწორედ ესაა მცოცავი ანექსია და ალანიის დარქმევის მცდელობა“, - აღნიშნა გიორგი ოთხმეზურმა და ისტორიული სამართლიანობის თემასაც გამოეხმაურა.

მისი განმარტებით, არათუ სამხრეთ ოსეთი, არამედ არავითარი ოსეთიც კი საქართველოს ტერიტორიაზე არ ყოფილა. მეფის რუსეთის დროს შექმნილმა ე.წ. ოსეტინსკი ოკრუგმა მე-19 საუკუნის 40-50-იან წლებში მხოლოდ 15 წელი იარსება, შემდეგ ისიც გააუქმეს რუსებმა. სხვათა შორის, „ოსეტინსკი ოკრუგის“ (ოსური ოლქის) რუკა 1967 წელს დაბეჭდილი ჰქონდა ოს მეცნიერს - კალოევს, წიგნში „ოსეტინი“. კალოევმა ეს გამოცემა 80-იან წლებშიც გაიმეორა, მაგრამ ზემოხსენებული რუკა ამოიღო და ეს შემთხვევით არ მომხდარა. უბრალოდ, „ოსეტინსკი ოკრუგში“ არც ცხინვალი და არც ახალგორი არ შედიოდა, რაც ოსებს არ აწყობდათ. ეს „ოკრუგი“ შემდგომი ხანის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა და ე.წ. თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაახლოებით მესამედს მოიცავდა. ამიტომ აღარ აწყობდათ ოსებს ამ რუკების გამოქვეყნება და ამით აპელირება.