კონკრეტულად ვისთან აწარმოებდა მოლაპარაკებას პრეზიდენტი მარგველაშვილი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამ ნიუნსებს არ უღრმავდება, მაგრამ მისივე თქმით, საზოგადოებისთვის იმთავითვე ნათელია, რას ემსახურება ეს ნეგატიური გზავნილი.
for.ge დავით მათიკაშვილს ესაუბრა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მართლდება სარწმუნო ინფორმაცია, რომლის თანახმად პრეზიდენტი პარტიებსა და არასამთავრობოებთან საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავდა, რასაც ბრალდების მხარე არ ადასტურებს. პრეზიდენტი ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შეცდომაშია შეყვანილი. ბატონო დავით, თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია მსგავსი კონსულტაციების შესახებ?
დავით მათიკაშვილი: დიახ, მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მაქვს მეც, რომ სხვადსხვა ჯგუფებთან იმართებოდა კონსულტაციები იმ მიზნით, რომ მათ საკონსტიტუციო კომისია დაეტოვებინათ. ბატონი მაჭუტაძის ნაბიჯი სწორედ ამის მანიშნებელია. არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციის ეს მცდელობა გარკვეულწილად გრძელდება.
კარგი იქნება, თუკი ყველა საკონსტიტუციო ორგანომ, ვისაც კი ეხება კონსტიტუცია და ვინც კი მოწოდებულია იმისთვის, რომ დადებითი ცვილილელები შევიტანოთ ქვეყნის ძირითად კანონში, ერთად იმუშაოს. ამისთვის იქნა არჩეული პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივად სწორი ფორმატი და ეს არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია.
ყველა, რაღაცა ალტერნატიული მცდელობა, თუნდაც შეფუთული რაღაცა დახმარების კუთხით, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ ქვეყანას დაეხმარონ კონსტიტუციის სრულყოფაში და პარალელურ პროცესებს იწყებენ, ეს არ არის პოზიტიური კუთხით გადადგმული ნაბიჯი. ყველა ცვლილება, რაც შეიძლება კონსტიტუციაში შევიდეს, პირველ რიგში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში განიხილება, შემდეგ უკვე კანონმდებლობით დადგენილი ნორმით მოხდება მისი საყოველთაო განხილვა და ამის შემდეგ კი, დოკუმენტი პარლმანეტში იქნება წარდგენილი.
თქვენი ინფორმაციით, პრეზიდენტი მხოლოდ არასაპარლამნეტო ოპოზიციასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას. საპარლამენტო ოპოზიცამ უკვე გააკეთა განცხადება, რომ შესაძლოა, ისინიც გავიდნენ კომისიიდან, როგორ ფიქრობთ, რას ემსახურებოდა მარგველაშვილის ეს ნაბიჯი?
– კონკრეტულად ვისთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, მე ამ ნიუნსებს ვერ ჩავუღრმავდები, მაგრამ რას ემსახურება ეს ნეგატიური გზავნილი, ალბათ, ეს თემა საზოგადოებისთვის იმთავითვე ნათელია. საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან თავდაპირველად იყო მცდელობა, რომ პრეზიდენტის თავმჯდომარეობით მომხდარიყო ამ კომისიის ფუნქციონირება.
მოგეხსენებათ, რომ დღეს მოქმედი კონსტიტუცია პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებას არ აძლევს, ამიტომ ინსტიტუციურად არასწორია კომისიას ის კონსტიტუცური ორგანო ხელმძღვანელობდეს, ან თუნდაც იმ კომისიის თანათავმჯდომარე იყოს, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს.
სწორი ნაბიჯი იყო გადადგმული პარლამენტის მხრიდან, რომ თავდაპირველად არ დათანხმდა პრეზიდენტის შემოთავაზებას?
– აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო გადადგმული. იმიტომ რომ, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას. შემდეგ, უკვე, პირდაპირ, თუ ირიბად დაიწყო საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციის მცდელობა. ეს არის არსწორი ნაბიჯი და მით უმეტეს ხელისუფლების იმ წარმომადგენლის მხრიდან, რომელიც დღეს მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, პირიქით, კონსტიტუციის გარანტი უნდა იყოს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველა ცვლილება, რომელიც შეიძლება შევიდეს კონსტიტუციაში, მოხდება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში და ნებისმიერი ალტერნატიული მცდელობა, ეს არის ნეგატიური პროცესისკენ გადადგმული ნაბიჯი.
პარლამენტის თავმჯდომარის საპასუხოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკურ თვითიზოლაციას ახასიათებს შეთქმულების თეორიებისადმი მიდრეკილება. როგორ ფიქრობთ, კორექტულობის ფორმატს გასცდა ამ შემთხვევაშიც აბაშიშვილი და რა დგას ამ განცხადების უკან?
– სამწუხაროდ, ბატონი გიორგი აბაშიშვილი გამოირჩევა არაკორექტული გამონათქვამებით. ხაზი მინდა გაუსვა იმ ფაქტს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში გამოსვლის დროსაც აღნიშნა ეს საკითხი, რომ სიტყვა გაურბის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს გაურბის სიტყვა.
აქედან გამომდინარე, ყველას, ვისაც კი პასუხისმგებლობის გრძობა გაგვაჩნია, ჩვენი სტატუსიდან გამომდინარე წარმოვადენთ ხელისუფლებას, უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად კორექტულები ვიყოთ ჩვენს გამონათქვამებში, დავიცვათ ურთიერთობის სტანდარტი, არ გადავიყვანოთ მსჯელობა ისეთ ფორმატში, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება სახელმწიფო მოხელეთა საუბრის და გამონათქვამების სტილს და ფორმატს.
მით უმეტეს, რომ მსგავს არაკორექტულ გამონათქვამებს ვერ ნახავთ პარლამენტის თავმჯდომარის, ან პოლიტიკოსთა მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ნეგატიურისკენ გადაგმული ერთი ნაბიჯი თავისდაუნებურად, ან მიზანმიმართულად იწვევს სხვა ნეგატიურ ფაქტორებსაც, რომელიც საბოლოო ჯამში, ხელს უშლის ურთიერთობების ნორმალურ ფორმირებას. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საკონსტიტუციო კომისია აგრძელებს ძალიან წარმატებულ ფუნქციონირებას, ჩვენ აუცილებლად შევქმნით ისეთ ძირითად კანონს, რომელიც გაუძლებს დროს და შემდგომი მრავალი თაობა ამ კარგი კონსტიტუციით იცხოვრებს საქართველოში.
ანუ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტი პარტიებსა და არასამთავრობოებთან საკონსტიტუციო კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავდა, პრეზიდენტის მხრიდან ეს იყო კომისიის მუშაობაში ხელის შეშლის მცდელობა?
– ჩემი პოზიცია უკვე მოგახსენეთ, ეს არის ის ფორმატი, რა ფორმატშიც იცვლება კონსტიტუცია და სხვა ნებისმიერი შემოთავაზება და ფორმატი არასწორია, არ არის პოზიტივისკენ მიმართული. დიახ, ეს არის ხელის შეშლის მცდელობა, რაც თავისთავად ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს. კიდევ ერთელ ვიმეორებ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ძალიან წარმატებულად მუშაობს. კომისიაში წარმოდგენილი არიან, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორიდან, ორი თაობის კონსტიტუციონალიტები, ამ საკითხის მცოდე მაღალი რანგის პროფესიონალები, ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, იგივე პარლამენტის თავმჯდომარე თავად არის კონსტიტუციონალისტი. ეს ყველაფერი ქმნის იმის ნიადაგს, რომ შეიქმნას ძალიან კარგი ძირითადი კანონი, რითაც ჩვენი ქვეყანა იცხოვრებს მომავალში.