ცირკი, სახელწოდებით - „რეფერენდუმი და არჩევნები“

ცირკი, სახელწოდებით - „რეფერენდუმი და არჩევნები“

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ხუთ დღეში გამოქვეყნდება. თუმცა, წინასწარი შედეგების თანამხად, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში 57,98 %-ით დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი იმარჯვებს. ამომრჩეველთა 30%-მა მხარი მოქმედ „პრეზიდენტს“ ლეონიდ თიბილოვს დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ტური არ იქნება. რაც შეეხება რეფერენდუმის შედეგებს, „სახელმწიფო ალანიის“ მომხრე ამომრჩეველთა 78%–ია.

გამარჯვებული კანდიდატი აცხადებს, რომ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ მოსკოვთან განაგრძობს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხის განხილვას.

„მე ყოველთვის აღვნიშნავდი და ახლაც აღვნიშნავ, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხის სურვილი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დაბრუნების თაობაზე, ოციან წლებში ოსი ხალხის გაყოფის შემდეგ ცოცხლობს“, - აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.

„საპრეზიდენტო“ არჩევნებს „გამჭვირვალედ“ და „კონკურენტუნარიანად“ აფასებს კრემლი. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს არ აღიარებს ნატო. საქართველოს ამ რეგიონისთვის სახელის შეცვლის საკითხს ტერიტორიის უკანონო ანექსიისთვის საფუძვლის მომზადებად აფასებს ოფიციალური თბილისი. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის უკანონო და რაიმე სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს.

დიპლომატიურ უწყებაში განმარტავენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალის ეს პროვოკაციული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგების, სამხედრო ინტერვენციისა და საქართველოს რეგიონების ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადო შეფასება მისცეს ცხინვალის რეგიონში უკანონოდ მიმდინარე ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს. მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, დროა, რომ ოკუპაციის ხაზით დაყოფილ საზოგადოებებს შორის აღდგეს ნდობა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ნაცვლად პროვოკაციული ქმედებებისა, ხელი შეუწყოს შერიგებისა და დაახლოების პოლიტიკას.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა შედეგი დადგა ამ ე.წ. არჩევნებსა თუ ე. წ. რეფერენდუმზე. საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ამ მოვლენებთან დაკავშირებით და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არასდროს არ აღიარებს საქართველოში ასეთი სამართლებრივი ნორმების დარღვევით ჩატარებულ ნებისმიერ ქმედებას.

ყოველთვის, საერთაშორისო საზოგადოება იქნება ერთგული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, როგორც ეს გაცხადებულ იქნა ძალიან ბევრ განცხადებებში. საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად დგამს ნაბიჯებს როგორც საერთაშორისო ფორმატებში, ასევე შერიგების პოლიტიკის მიმართულებით. ეს ნაბიჯები გაგრძელდება, რომლებიც აუცილებლად მოიტანს შედეგს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ე.წ. არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგებს უკანონოს უწოდებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და აცხადებს, რომ იგი არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ და ცალკეულმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ერთსულოვნები არიან და ცალსახად გმობენ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ მიმდინარე ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს.

„საქართველოს უძველესი რეგიონისთვის რუსეთის ფედერაციული სუბიექტის მსგავსი სახელწოდების მინიჭებასთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას ჩვენ განვიხილავთ როგორც რეგიონის უკანონო ანექსიისთვის საფუძვლის მომზადებას. სამწუხაროდ, ასეთი პროვოკაციული მოქმედებებით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას და ხელს უშლის საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

პროცესი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ცხინვალის რეგიონში და ასევე მისი შედეგები აბსოლუტურად არალეგიტიმურია და ცხადია, საერთაშორისო თანამეგობრობა ამას არ სცნობს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, „არჩევნებს“ საერთო არ აქვს ხალხის ნებასთან და ვერც ექნება იმ პირობებში, როდესაც რეგიონის მოსახლეობის უმეტესობა გამოდევნილია და ძალიან დიდი ნაწილი გასულია რეგიონიდან.

„ცხინვალის რეგიონი იქცა მავთულხლართებით შემოსაზღვრულ ჩაკეტილ სივრცედ, საიდანაც ადამიანებს ძალიან უჭირთ მომავლის პერსპექტივის განცდა. აქედან გამომდინარე, ჩემთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ამ შედეგებს არავითარი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია. რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს მშვიდობა და მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული. იმედია, აფხაზები და ოსები გააცნობიერებენ იმას, რომ ყველა პროცესი, რომელსაც ადგილი აქვს წლების განმავლობაში, მიმართულია სწორედ დე ფაქტო ანექსიისკენ“, - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

„ჰაერის რხევაა“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების განცხადებას დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო. მურატ ჯიოევი აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებას ე.წ. არჩევნებთან და რეფერენდუმთან დაკავშირებით „სხვა სახელმწიფოს“ შიდა საქმეებში ჩარევას უწოდებს.

„უკვე 27 წელია საქართველოს ხელისუფლებას არ სურს არსებული რეალობის აღიარება, როდესაც „სამხრეთ ოსეთმა“ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და არავითარი კავშირი არ აქვს საქართველოს სახელმწიფოსთან, არც მის ტერიტორიასთან და უფლებასთან“, - აცხადებს მურატ ჯიოევი.