კონსტიტუციის ახალი რედაქციის ტექსტი მზად არის. ახალი პროექტი საკონსტიტუციო კომისიის წევრებს უკვე დაურიგდათ. სამუშაო ჯგუფი ტექსტზე მუშაობას კვირის ბოლოს დაასრულებს და შემდეგ, უკვე, საქართველოს ახალი კონსტიტუცია პლენარულ სხდომაზე იქნება განხილული. როგორც კომისიის წევრი, კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი ყველა ნაწილში, განსაკუთრებით კი, ადამიანის უფლებების ნაწილში, თუმცა, ძირითადი აქცენტი გაკეთებულია სახელისუფლებო სტრუქტურაზე.
ცნობილია ისიც, რომ საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული პროექტით, პარლამენტის ადგილსამყოფელი ისევ ქუთაისია. კონსტიტუციის როგორც მოქმედ, ასევე სამუშაო ვერსიაში უცვლელი რჩება ჩანაწერი იმის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით, დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს.
მაშ ასე, მომავალი კვირიდან პარლამენტი ახალ კონსტიტუციაზე იწყებს საჯარო განხილვას. აღსანიშნავია, რომ 1995 წელს მიღებული მოქმედი კონსტიტუცია დღემდე 33-ჯერ შეცვლილა და ყველაზე მეტი - 25 ცვლილება, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე მოდის.
მიუხედავად ამისა, ავთანდილ დემეტრაშვილი აცხადებს, რომ კრიტიკულად მიუდგება საბოლოო პროექტის განხილვას, რადგან, კომისიამ არ გაითვალისწინა მისი წინადადება.
„ბევრ რამეს კონსტიტუციაში არ ვეთანხმები. ჩემი წინადადება, რომელიც ეხება ორპალატიან პარლამენტს, ტერიტორიულ მოწყობას, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონოს განსაკუთრებულ სტატუსს, კომისიამ პირველ ეტაპზე არ გაითვალისწინა. ამიტომ, მე კრიტიკულად მიუდგები საბოლოო პროექტის განხილვას“, - აღნიშნა ავთანდილ დემეტრაშვილმა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეალურად ძალიან ცუდ კონსტიტუციას, ვცვლით ძალიან კარგი კონსტიტუციით, ისეთი კონსტიტუციით, რომელიც შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და ისეთი კონსტიტუციით, რომელიც ჩაუყრის მყარ კონსტიტუციურ საფუძველს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გაგრძელების პროცესს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი ცალკეულ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა კონსულტაციებს მათ მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, ამის შესახებ for.ge 6 აპრილს წერდა „არასამთავრობოები, პროტესტის ნიშნად, საკონსტიტუციო კომისიის დატოვებისთვის ემზადებიან“ http://www.for.ge/view.php?for_id=48585&cat=2
„გვქონდა სარწმუნო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი ცალკეულ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა კონსულტაციებს, მათ მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ეს სარწმუნო ინფორმაცია მართლდება - რამდენიმე სუბიექტს, ჩვენი ინფორმაციით, დაგეგმილი აქვს შესაბამისი გადაწყვეტილების გახმოვანება, თუმცა ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ხელს ვერ შეუშლის იმ სამუშაოს ბოლომდე მიყვანას, რომელიც ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ დასახულ მიზანს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაგვისახა და საბოლოოდ ძალიან დახვეწილი კონსტიტუცია გვექნება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავჯდომარის სკანდალურ განცხადებას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გამოეხმაურა. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პოლიტიკურ თვითიზოლაციას ახასიათებს შეთქმულების თეორიებისადმი მიდრეკილება. მისივე თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო ყველაფრის საქართველოს პრეზიდენტზე გადაბრალებამ.
„როდესაც ხდება წყვეტა საზოგადოებასთან კომუნიკაციის, ხდება ჩაკეტვა ვიწრო წრეში და სივრცეში, ამ დროს აქვს ადგილი სხვადასხვა კონსპირაციებს და ეჭვიანობებს. მინდა ყველას შევახსენო, რომ ბუნებაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და არა აუცილებლად ვინმეს კარნახით. ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაშიც, არასამთავრობო სექტორშიც, ექსპერტებშიც და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
აბაშიშვილის ბრალდებას არ იზიარებს უმრავლესობა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, თუ ვინმე ეტყვის, მათ შორის პრეზიდენტი და მისი წარმომადგენლები, რას ნიშნავს, რომ გუნდს აკლია დიალოგის თუ გახსნილობის ფორმები, სიამოვნებით მოისმენდა რა არის ასეთი ფორმა.
„პარლამენტის თავმჯდომარე როდესაც აკეთებს ასეთ განცხადებას პირდაპირ და მათ შორის, პრეზიდენტის თანდასწრებით, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეს არის სურვილისა და მოსაზრებების დონეზე გაკეთებული განცხადება?! მას რომ არ ჰქონდეს ინფორმაცია და სანდო წყაროზე დაყრდნობით მიღებული კონკრეტული გარემოებები, ის ასეთ განცხადებას გააკეთებდა?!“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ბესელიამ.
მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ადასტურებს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვა მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“. მიზეზად მოძრაობის ლიდერმა ნიკა მაჭუტაძემ კონსტიტუციაში მმართველი პარტიის ვიწროპოლიტიკური და ბიძინა ივანიშვილის ინტერესების ასახვა დაასახელა.
მაჭუტაძის თქმით, მისი პარტია იწყებს ინტერპარტიულ კონსტიტუციურ მოძრაობას ქართული კონსტიტუციის დასაცავად და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში შემავალ სუბიექტებს მოუწოდებს, გაემიჯნონ კომისიას.
საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას არ გამორიცხავენ ლეიბორისტულ პარტიაში. მშრომელთა პარტია წევრი გიორგი გუგავა ამბობს, რომ ეს კონსტიტუცია იწერება არა ხალხისათვის, არამედ ჭორვილელი ოლიგარქისათვის და ეს კონსტიტუციური პროექტი დაიწერა არა აქ, ამ კომისიაში აზრთა შეჯერების შედეგად, არამედ დაიწერა შუშის სასახლეში.
საკონსტიტუციო კომისიის დატოვების საკითხზე პრეზიდენთან კონსულტაციები არ ჰქონია „ევროპულ საქართველოს“, თუმცა, თუ არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, როგორც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე, ასევე გაუნაწილებელი მანდატების განაწილებაზე, ასეთ შემთხვევაში გიორგი ტუღუშის განცხადებით არ არის გამორიცხული საკონსტიტუციო კომისია დატოვონ.
„დარიგებულ ვარიანტში გაუქმებულია მაჟორიტარული სისტემა და საუბარია მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე. ახლა ჩვენი მიზანია მივაღწიოთ იმას, რომ გაუნაწილებელი მანდატები არა ისე განაწილდეს, როგორც ეს მოცემულ ფორმულაშია, რომ პირველ ადგილას გასულმა პარტიამ მიიღოს, არამედ მოხდეს გადანაწილება პროპორციულად.
შესაბამისად, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი წინაპირობა და ვაპირებთ რომ მივაღწიოთ ამას. თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში, შეიძლება ჩვენც განვიხილოთ კომისიის დატოვება“, - განაცხადა გიორგი ტუღშმა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას არ გამორიცხავს არასამთავრობო სექტორი. საია-ს თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი პროექტი ძალიან ბევრისთვის მიუღებელია. მისი თქმით, ახალ ვერსიაში არის რამდენიმე პრინციპული საკითხი, რომელიც საჭიროებს გადახედვას. ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ეს არის საარჩევნო სისტემა.
„ცალკეული წევრების მიერ კომისიის შესაძლო დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც გაირკვევა პროცედურა, რომლის მიხედვითაც იმუშავებს საკონსტიტუციო კომისია“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში რჩება ა-ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“. ეკა გიგაური ამბობს, რომ პრეზიდენტთთან კონსულტაციები არ ჰქონია. კონსულტაციებს არ ადასტურებს საკონსტიტუციო კომისიის წევრი, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.
პრეზიდენტის მხრიდან კონსულტაციების დაწყებაში პრობლემას ვერ ხედავს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის შეფასებით, პრობლემა არის განცხადების შინაარსი. მისივე თქმით, კომისიიდან გასვლა არის პოლიტიკური პიარის ნაწილი.
„პოლიტიკური პარტია კომისიას როდესაც ტოვებს, მან სერიოზული ანალიზი უნდა დადოს იმ კონსტიტუციის რომელსაც დღევანდელი კომისია შესთავაზებს პარლამენტს. ამ შემთხვევაში სრულიად გაუგებარია არასამთავრობო სექტორის განცხადება, რომ კომისიას პროტესტის ნიშნად ტოვებენ. რეალური პროტესტი იქნება, როდესაც დადებენ რეალურად შეფასებას რატომ არ ვარგა ეს კონსტიტუცია.
არ შეიძლება ლაპარაკობდე კონსტიტუციაზე და არაფორმალურ მმართველობაზე, კარგი რა ახლა... რა მორგება. არსებული კონსტიტუცია არ არ იყო მორგებული სააკაშვილე? კონსტიტუცია თუ კეთდება ქვეყნისთვის, უნდა გამოხვიდე ქვეყნის ინტერესებიდან“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
მისივე თქმით, პროტესტი არ არის პრობლემა, მაგრამ პროტესტი უნდა იყოს დასაბუთებული, მისი შინაარსი კი აკედემური.
„მე რომ არ ვაკეთებ ასეთ განცხადებას, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს ვეთანხმები. ვნახავ საბოლოო ჯამში რა სახეს მიიღებს, თუ ვაკეთებ განცხადებას, ეს უნდა გავაკეთო საკმაოდ სერიოზულად. ბიძინა ივანიშვილის მფარველობის ქვეშ და ა.შ. ეს არ არის კონსტიტუციის ანალიზი.
მე არ ვიწერ პოლიტიკურ ქულებს, ვმუშაობ და ვეცდები ჩამოყალიბდეს კარგი ვერსია. თუ არ გაკეთდება შემდეგ ვიტყვი ამას და ვიტყვი დასაბუთებულად, ყოველგვარი პოლიტიკისა და არაფორმალური, თუ ფორმალური მმართველობის გარეშე“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, ცდილობს ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკური გუნდი, რაც მისი თქმით, ნორმალური პროცესია, რადგან ეს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა.
„პრეზიდენტი, რომელიც დაპირისპირებულია მმართველ პოლიტიკურ გუნდთან, ემზადება მომავალი საპრეზიდენტრო არჩევნებისთვის. ყველა პროცესი ადასტურებს, რომ მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. მას აქვს განდიდების მანია, ცდილობს დაუმტკიცოს საზოგადეობას, რომ სხვა ადამიანის მიერ მოყვანილი პოლიტიკოსი არ არის. რაც შეეხება ფარულ კონსულტაციას და შედეგად პარტიების მიერ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას, ეს არის პოლიტიკური საბოტაჟი.
მე არ მომწონს ეს კომისია, ვიცი რა კონსტიტუცია დაიდება, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კონსტიტუცია, რომელიც არ გვაქვს. ვინც ამის წინააღმდეგი მიდის, ის არის საბოტაჟის მომწყობი, მათ შორის ის ორგანიზაციები, ვინც აპირებენ კომისიიდან გამოსვლას. მაშინ იმის შეგნებაც უნდა ჰქონოდათ სად იწვევდნენ და თავიდანვე ეთქვათ უარი, შუა პროცესიდან გაქცევა არის პოლიტიკური საბოტაჟი“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.