„თურქეთს თვალი არ უჭირავს საქართველოს ერთ გოჯ მიწაზეც კი“

„თურქეთს თვალი არ უჭირავს საქართველოს ერთ გოჯ მიწაზეც კი“

საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლის მიზნით, 16 აპრილს, თურქეთში რეფერენდუმი ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილია მხოლოდ ერთი კვირა, საქართვერლოში თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება, თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი. მისივე თქმით, ეს ფაქტორი უპირველეს ყოვლისა მეტყველებს იმაზე, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს დემოკრტიულ გარემოში და რეფერენდუმის შედეგზე ვერავითარი ფაქტორი ვერ მოახდენს გავლენას, გარდა თურქი ხალხის დემოკრატიული ნებისა.

for.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან.

ბოლო პერიოდში თურქეთსა და ევროკაშვირს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა. ქვეყნის პრეზიდენტმა ევროპა ფაშიზმის, რასიზმისა და ისლამოფობიის ზრდაში დაადანაშაულა. პრემიერმა ბინალი ილდირიმმა ევროპა გააფრთხილა, „ცხვირს ნუ ყოფს თურქეთის შიდა საქმეებში“. მეტიც, თურქეთი ევროპას საზღვრების გახსნით და ლტოლვილების გასვლით ემუქრება, მაშინ როდესაც თურქეთმა ევროკავშირისგან ფულადი დახმარება მიიღო ამ პრობლების მოსაგვარებლად. ეს შანტაჟია თურქეთის მხრიდან, თუ რეალობა?

ზექი ლევენთ გურუმჩქუ: მართალია, ბოლო პერიოდში თურქეთსა და ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებში ადგილი ჰქონდა გარკვეულ ნეგატიურ პროცესებს, მაგრამ ეს არაა განპირობებული თურქეთის პოლიტიკით და/ან მის მიერ გადაგდმული ნაბიჯებით. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადად შევაფასებთ არსებულ ურთიერთობებს, იოლად შევამჩნევთ, რომ თურქეთი ყოველთვის თავის სტრატეგიულ მიზნად მიიჩნევდა ევროკავშირში გაწევრიანებას და ცდილობდა, შეესრულებინა ყველა მასზე დაკისრებული მოვალეობა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო 2004 წელს და თურქეთი იყო ყოველთვის მისი კონკრეტიზაციისა და გაგრძელების ინიციატორი. მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა არ შეასრულა მის მიერ ხელმოწერილი პირობა და მოლაპარაკებების პროცესი შეჩერდა პოლიტიკური მიზეზების გამო. გარდა ამისა, ევროკავშირმა დაიკავა პერმანენტულად კრიტიკული პოზიცია თურქეთში მიმდინარე პროცესების მიმართ და დაადანაშაულა ჩვენი მთავრობა და ბატონი პრეზიდენტი.

მან ასევე, უპასუხოდ დატოვა ჩვენი მოთხოვნები ამ საკითხების არსებული დიალოგისა და მოლაპარაკებების ფორმატში განხილვის შესახებ. აქედან გამომდინარე, დღეს ევროკავშირისადმი თურქეთის კრიტიკული დამოკიდებულება ეფუძნება არა იდეოლოგიურ წინააღმდეგობას ან ვიწრო შიდაპოლიტიკურ გათვლებს, არამედ თურქეთთან მიმართებაში ევროკავშირის ორმაგ სტანდარტსა და უსამართლო პოზიციას.

ნათელია, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში, დღეს სახიფათო ზღვარს მიაღწია ქსენოფობიამ და ისლამოფობიამ. ამას მოწმობს ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა არჩევნები. თურქეთი მოვლენების ამგვარ განვითარებას მიიჩნევს უკიდურესად სახიფათოდ, როგორც თავად ევროპისთვის ასევე, მეზობელ რეგიონებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ამიტომ იგი თავს მოვალედ თვლის, გააფრთხილოს მისი ევროპელი მეგობრები და მოკავშირეები. ევროკავშირის მიერ დღემდე მიღწეული წარმატება ეფუძნება ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებს, რომელიც ითვალისწინებს ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე, ინტეგრაციის პროცესს. ამ ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა არავისათვის იქნება სასიკეთო.

შეიძლება ითქვას, რომ თურქეთს უნდა ისეთი ევროკავშირის მუდმივი წევრობა, რომელიც იქნება არა ჩაკეტილი და ქსენოფობიური წარმონაქმნი, არამედ იმ ქვეყნების კავშირი, სადაც თავადაც იზიარებენ უნივერსალურ ფასეულობებს და ცდილობენ მათ პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში.

ხაზი უნდა გაესვას, რომ თურქეთი ამ საკითხებთან მიმართებაში თავის გაფრთხილებებს გამოთქვამს, მხოლოდ კეთილი განზრახვით, საერთო მომავლის პერსპექტივიდან გამომდინარე და არ შეიძლება, ეს განხილული იყოს როგორც მუქარა ან შანტაჟი. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ტვირთის მიუხედავად, თურქეთის უმთავრესი პრიორიტეტია იზრუნოს და უკეთესი პირობები შეუქმნას სირიელ ლტოლვილებს, რომელებიც უკვე დიდი ხანია ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში და მათმა რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა.

ამ საკითხში, ჩვენ მართლაც ვაკრიტიკებთ ევროკავშირს, ვინაიდან უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მან გასცა, მაგრამ არ შეასრულა იმ ადამიანების დახმარების პირობა, რომლებიც ფიზიკური გადარჩენის მიზნით გამოექცნენ თავიანთ ქვეყანაში მიმდინარე ომს. აქედან გამომდინარე, როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირის მატერიალურ დახმარებაზე, სამწუხაროდ, დღეისათვის ეს არის ძალიან მცირე რაოდენობის.

უკვე მეექვსე წელია თურქეთი სხვის დაუხმარებლად, ყველანაირ საცხოვრებელ პირობას უქმნის ამ ადამიანებს და მზადაა, ჰუმანური პრინციპებიდან გამომდინარე მომავალშიც გააგრძელოს ამგვარი მიდგომა, ამიტომ ზოგიერთების პრეტენზიები, თითქოს ჩვენ ამ ადამიანებს ვიყენებდეთ შანტაჟის მიზნით, არ შეესაბამება სინამდვილეს და უსამართლოა.

რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის ფონზე, თურქეთი სულ უფრო შორდება დასავლეთს. როგორ ფიქრობთ, რამდენად მყარი შეიძლება იყოს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა, მაშინ როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო დაპირისპირებულია რუსეთთან? ცნობილია რუსეთის როლი სირიის კონფლიქტში, დასავლეთი და აშშ ღიად ადანაშაულებს რუსეთს ტერორისტების მფარველობაში და ასადის რეჟიმის შენარჩუნების მცდელობაში...

- უკვე აღვნიშნე, რომ თურქეთი არ შორდება დასავლეთს. იგი წარსულშიც იცავდა და დღესაც ერთგულია „დასავლური“ დემოკრატიული ფასეულობებისა და პრინციპების. პირიქით, მან დღეს კიდევ უფრო განამტკიცა თავისი ეს პოზიცია. ჩვენ გვჯერა, რომ ბოლო დროს დასავლეთის თურქეთისადმი დამოკიდებულაბაში წარმოშობილი პრობლემები მოგვარდება დიალოგითა და გონიერი მიდგომით. უფრო მეტიც, დღეს გარკვეული პოლიტიკური მოტივებით ხდება რელიგიური და კულტურული განსხვავებულობის ფაქტორის წინა პლანზე წამოწევა, მაშინ როდესაც ჩვენი ერთმანეთთან დამაკავშირებელი ფასეულობები ამაზე უფრო მტკიცე და ძლიერია.

მეორე მხრივ, თურქეთის რუსეთთან ურთიერთობები მის დასავლეთთან არსებული კავშირებისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი საკითხია და იგი, რუსეთსა და დასავლეთს არ განიხილავს როგორც ერთმანეთის ალტერნატივას. თურქეთის დასავლეთთან არსებული ურთიერთობა ეფუძნება საერთო ფასეულობებს და ეს მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

ამავე დროს, მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკის ფარგლებში, მას სურს ნაყოფიერი ურთიერთობები ჰქონდეს რეგიონის მნიშვნელოვან მოთამაშე - რუსეთთანაც. რუსეთს ხელეწიფება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს თურქეთის დღევანდელ მისწრაფებაში - განამტკიცოს მის რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება, ამიტომ ყველას ინტერესებშია, რომ ეს ქვეყანა გახდეს მშვიდობისა და სტაბილურობისაკენ მიმართული ჩვენი ძალისხმევის თანამონაწილე. ჩვენი ურთიერთობის სიმტკიცე დამოკიდებული იქნება, ამ მიმართულებით ჩვენს ეფექტურად მოძრაობაზე და იმაზე, თუ როგორ წვლილს შეიტანს რუსეთი რეგიონში არსებული კონფლიქტების, საერთაშორისო სამართლებრივი და ჰუმანიტარული პრინციპების საფუძველზე, გადაჭრის საქმეში.

2015 წელს თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ორ ქვეყანას შორის დაიწყო კრიზისი, ხოლო ახლა მიმდინარეობს მისი მოგვარების პროცესი, მაგრამ ამასთანავე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თურქეთს არ შეუცვლია პოლიტიკა ჩვენს რეგიონში არსებულ არც ერთ საკითხთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, თურქეთი რუსეთთან მოლაპარაკებების დროს, ყოველთვის იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ცნობს ყირიმის ოკუპაციასა და ანექსიას და აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ სირიის დემოკრატიული მომავლის თვალსაზრისით არ შეიძლება რაიმე როლი ეკისრებოდეს ასადის მსგავს სისხლიან დიქტატორს, რომელმაც საკუთარ ხალხს მოუწყო ისტორიაში უპრეცედენტო ტირანია.

არშემდგარი .. სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვა თურქეთი, უპრეცედენტოდ მაღალია დაკავებულთა რიცხვი და ძირითადად დაკავებული არიან სამხედროები. საერთო ჯამში, თურქეთში 4 სამხედრო გადატრიალება მოხდა, როგორც კი საფრთხე ექმნებოდა სეკულარულ მმართველობას, მაშინვე დასავლეთში გამოზრდილი გენერალიტეტი იღებდა მმართველობის სადავეებს ხელში და თურქეთს ამ სეკულარიზმისკენ აბრუნებდა. როგორ ფიქრობთ, ერდოღანისთვის საშიშროებას წარმოადგენდნენ სამხედროები? და საერთოდ, თურქეთში მიმდინარე პროცესები - ერდოღანის ოპოზიციის დევნა, რეპრესიები და .. რამდენად ჯდება ცივილიზებულ ფორმებში...

- 2016 წლის 15 ივლისს, თურქეთი გახდა ტერორისტული ორგანიზაცია „ფეთულაჰის“ (FETÖ) მიერ ორგანიზებული მუხანათური გადატრიალების მცდელობის მსხვერპლი, მაგრამ ხალხისა და პოლიტიკური ლიდერების გმირული ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ამ დიდი საფრთხის უკუგდება. იმ ღამეს, მთელი მსოფლიოს თვალწინ განვითარებულ პროცესს შეეწირა ჩვენი 250 მოქალაქე და ამ მოვლენების „ეგრეთ წოდებულად“ შეფასება, სულ მცირე რეალობის დამახინჯებაა.

ასევე, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ 15 ივლისის გადატრიალების მცდელობა თურქეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და სახიფათოა, თავისი შესაძლო შედეგებიდან გამომდინარე. შეუძლებელია იმის თქმა, რომ წარსულში მომხდარი გადატრიალებებიდან რომელიმე იყო ან ლეგიტიმური ან სასარგებლო. პირიქით, დემოკრატიული მმართველობისათვის მიუღებელია სამხედრო გადატრიალებები, ხოლო წარსულში მომხდარმა მსგავსმა ფაქტებმა დიდი უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ განვითარებაზე.

აქედან გამომდინარე, ვერ გავიზიარებ მინიშნებას, თითქოს გარკვეულ პირობებში გადატრიალებები შეიძლება საჭირო ან სასარგებლოც კი იყოს და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თურქეთში სეკულარიზმის ჩათვლით, დემოკრატიის ძირითადი პრინციპების დაცვის ფუნქცია ეკისრებათ მხოლოდ თურქი ხალხის პოლიტიკურ წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. ასევე, არასწორია გადატრილების ისე წარმოჩინება, თითქოს იგი ეწყობოდეს მხოლოდ ერთი პირის ან პარტიის წინააღმდეგ.

ეჭვგარეშეა, რომ მიზეზებისდა მიუხედავად, ყოველგვარი სამხედრო გადატრიალება, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია ამ ქვეყნის დემოკრატიისა და უშუალოდ, მისი ხალხის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, თურქეთის ისტორიის განმავლობაში მომხდარი ცნობილი მოვლენებისა და 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის ახსნა შეუძლებელია მხოლოდ პირებისა და პარტიების კონტექსტში. ამიტომაც, 15 ივლისის ღამეს ქუჩაში გამოსული, 7-დან 77 წლამდე ასაკისა და სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მილიონობით ადამიანი არ იყო მხოლოდ ერთი კაცის ან პარტიის მხარდამჭერი. სხვაგვარად რომ ითქვას, თურქული საზოგადოება დემოკრატიის დასაცავად იყო ერთ მუშტად შეკრული.

15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ მისი მონაწილეების წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი პროცესი და გადადგმული ყოველი ნაბიჯი გამჭვირვალეა და შეესაბამება კონსტიტუციას, კანონებსა და ევროსაბჭოს დემოკრატიულ სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ დაკავებული ან გამოძიებაში მიცემული პირების სიმრავლე არ არის პროცესის არადემოკრატიულობის მაჩვენებელი. აქ, მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესის სამართლიანად წარმართვა და ამ პირების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დაცვა.

თურქეთი მზადაა, პასუხი გასცეს ამ საკითხზე არსებულ ნებისმიერ კრიტიკას და დაამტკიცოს, რომ მას არავის მიმართ არ ამოძრავებს პოლიტიკური მოტივები. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ის გარემოებაც, რომ ტერორისტულმა ორგანიზაციამ, რომელიც იდგა გადატრიალების უკან, 30-ზე მეტი წლის განმავლობაში მოახერხა შენიღბულად სახელმწიფო ინსტიტუციებში ფეხის მოკიდება, რის შედეგადაც თითქმის ყველა უწყებაში დამკვიდრდა მათ მიერ გამოზრდილი და მართული ათი ათასობით ადამიანი.

სახელმწიფოსა და საზოგადოების კიბოს უჯრედებივით მოდებული ამ ელემენტებისაგან გაწმენდა, რიგითი ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლისაგან განსხვავებით, გულისხმობს უფრო რთულ და ფართო სპექტრის პროცესს. მთელი თურქეთის სახელმწიფო: ხელისუფლება, ოპოზიცია და თურქი ხალხი ერთსულოვნად უჭერს მხარს ამ ბრძოლას და ითხოვს, ამ უმსგავსო ტერორისტული ორგანიზაციის, თავისი ელემენტებიანად, სამართლიან დასჯასა და გაუვნებელყოფას ვინაიდან, მათ 15 ივლისის ღამეს, შეიწირეს 250 გმირის სიცოცხლე,

რაც შეხება რეფერენდუმს, გადავა თუ არა თურქეთი ძლიერ საპრეზიდენტო მმართველობაზე, ეს 16 აპრილს დადგემილ რეფერენდუმზე გადაწყდება. არსებობს ინფორმაცია, რომ ერდოღანის გადაწყვეტილებას, გაზარდოს პრეზიდენტის უფლებამოსილება, არც თუ ცალსახა მოწონება აქვს თურქეთის მხრიდან. ბატონო ელჩო, რა შედეგს მოუტანს თურქეთს ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა?

- მსოფლიოს დემოკრატიულ ნაწილში აპრობირებულ საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლის მიზნით, 16 აპრილს, თურქეთში ტარდება რეფერენდუმი. მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილია მხოლოდ ერთი კვირა, ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება, თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი. ეს ფაქტორი უპირველეს ყოვლისა მეტყველებს იმაზე, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს დემოკრტიულ გარემოში და რეფერენდუმის შედეგზე ვერავითარი ფაქტორი ვერ მოახდენს გავლენას, გარდა თურქი ხალხის დემოკრატიული ნებისა.

აქედან გამომდინარე, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩემს მოსაზრებებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც რეფერენდუმზე გადის. ჩვენ, ყველა, ვალდებული ვართ, პატივი ვცეთ თურქი ხალხის გადაწყვეტილებას. ამ საკითხში მნიშვნელოვანია ის, თუ რაოდენ დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობდა რეფერენდუმის პროცესი. ამ თვალსაზრისით, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებული სახალხო განხილვები, ასევე მის ასამოქმედებლად წარმართული პროცესი იყო სრულიად გამჭვირვალე და დემოკრატიული.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით განიხილა პარლამენტმა და დაამტკიცა 3/5 უმრავლესობით, ხოლო სხდომების მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიცა პირდაპირ ეთერში. ახლა კი, ცვლილებების პაკეტი ხალხს წარედგინა დასამტკიცებლად, ხოლო თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგი გადამწყვეტი იქნება ამ პროცესში.

თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, თუმცა, ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ ყარსის ხელშეკრულებაზე, რომლის ვადაც იწურება. რამდენად შესაძლებელია ეს თემა საფრთხედ იქცეს საქართველოსთვის, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც არსებობს თურქეთის ყოფილი პრემიერის განცხადება: „ბათუმი და ბენღაზა იყვნენ ერთი ქვეყნის ოსმალეთის იმპერიის ნაწილი“. მართალია თუ არა, რომ თურქეთის სასკოლო სახელმძღვანელოებში მთელი აჭარა თურქეთის ფერშია შეღებილი და აწერია: „დრობით ოკუპირებული ბათუმის სინჯაყი“?

- მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე აქამდეც მრავალი განმარტება გავაკეთე, მოკლედ მაინც მინდა შევეხო მას. თურქეთს თვალი არ უჭირავს საქართველოს ერთ გოჯ მიწაზეც კი. პირიქით, თურქეთი არის ერთ-ერთი მოწინავე იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების თანახმად, აჭარა საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. ეს ძალაშია დღესაც და იქნება მომავალშიც.

თურქეთის სასკოლო წიგნებში, კი მსგავსი ჩანაწერის არსებობა, ისე როგორც ამას თქვენ გადმოგვცემთ, წარმოუდგენელია. თურქეთში საქართველოსთან მიმართებაში, დაწყებითი სკოლიდან მოყოლებული მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში და მერეც, ისწალება მხოლოს ის, რომ საერთო კულტურული და ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან აკავშირებთ განსაკუთრებული ურთიერთობა, რის გამოც დღეს, ორივე ქვეყანა არა მხოლოდ ერთმანეთის კარგი მეზობელი, არამედ ჭეშმარიტი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია.

რას უკავშირებთ ბათუმში შაჰინის სახელობის სკოლის დახურვას? რატომ მოხდა ამ საგანმანათლებლო დაწესებულების გახსნა ისე, რომ მას არ ჰქონდა საქართველოს განათლების სამინისტროს აკრედიტაცია? მსგავსი რამ თურქეთში დაშვებულია?

- ბათუმში შაჰინის სახელობის სკოლასთან დაკავშირებულ საკითხი მთლიანად განეკუთვნება საქართველოს განათლების სამინისტროს კომპეტენციას და ჩემ მიერ რაიმე განცხადების გაკეთება არ არის მიზანშეწონილი, გარდა იმისა რაც განაცხადა განათლების სამინისტრომ.

ცოტა ხნის წინ ბათუმს ეწვია თურქეთის პრემიერი, შეგიძლიათ გვითხრათ რა საკითხები იყო განხილული გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას. ეს შეეხებოდა თურქეთში დაგეგმილ რეფერენდუმს ან ბათუმში მომხდარ ინციდენტს?

- ჩვენ პრემიერს 15 მარტს ჰქონდა შეხვედრები ართვინში და მისი დასრულების შემდეგ, ბათუმის აეროპორტიდან გეგმავდა სტამბოლში დაბრუნებას, მაგრამ საქართველოს პრემიერმა ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა გულითადი სურვილი, ბათუმში, ვახშამზე ემასპინძლა თავისი კოლეგისათვის. აქედან გამომდინარე, ორი პრემიერი თანმხლებ დელეგაციებთან ერთად, შეხვდნენ ერთმანეთს მეგობრულ ვახშამზე, რომელიც იყო სრულიად არაოფიციალური და მას არ ჰქონდა რაიმე კონკრეტული დღის წესრიგი.

აღსანიშნავია, რომ ორი პრემიერი ერთმანეთს იცნობს მინისტრობის პერიოდიდან მოყოლებული და მათ ერთმანეთთან აკავშირებთ ახლო მეგობრული ურთიერთობები. მათ დღის წესრიგში არსებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით, მეგობრულ ატმოსფეროში გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები. პრემიერებმა ხაზი გაუსვეს, რომ 2017 წელს აღინიშნება თურქეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი.

ისინი შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის დღეს არსებული შესანიშნავი ურთიერთობები, ამ ფორმატში კიდევ ერთხელ უნდა დაფიქსირდეს უმაღლეს დონეზე. ვახშამზე ასევე განიხილეს სამომავლო ვიზიტები და ერთობლივი პროექტები და გადაწყდა თურქეთ-საქართველოს უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეორე სხდომის თბილისში ჩატარება, ვინაიდან პირველი - გასულ წელს მოეწყო ანკარაში.