პრეზიდენტის გამოსვლით აღფრთოვანებული არ დარჩა არც ერთი მხარე, ორივე ითხოვდა უფრო მეტს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ისურვებდა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო ბევრად უფრო მრავლისმომცველი, ღრმა და ობიექტური. უფრო შინაარსობრივი და საქმიანი გამოსვლის მოლოდინი ჰქონდა ეკონომიკის მინისტრს. პრეზიდენტის განცხადებებს და განსაკუთრებით ეკონომიკის მიმართულებით, არ ეთანხმება ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, რომლის განცხადებით, სიახლე არაფერი იყო. ხელისუფლების მსგავსად პრეზიდენტის 40 წუთიან გამოსვლაში სიახლე ვერ ნახა კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ, რომლის განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლა საკმაოდ ხისტი და არასწორი იყო.
for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
„პრეზიდენტი ცდილობს ოპოზიციონერად წარმოაჩინოს თავი და „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს მიჰყვება“, - ასეთია ხელისუფლების და მმართველი ძალის პოზიცია, რომელთა შეფასებით, პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს პოლიტიკური კრიზისების განმმუხტველი, გვევლინება როგორც პოლიტიკური კრიზისების შემქმნელი. პრეზიდენტის გამოსვლით კმაყოფილია უმცირესობა. ბატონო ვახტანგ, თქვენ როგორ აფასებთ პრეზიდენტის გამოსვლას?
ვახტანგ ძაბირაძე: უმრავლესობის ასეთი განცხადება მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ, თითქოს თავიდანვე იყოს ცნობილი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა იქნებოდა კრიტიკული. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის რეაქციაც იქნებოდა ადეკვატური. რასაც მე ვუსმინე, შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო ზომიერი გამოსვლა, მაგრამ იყო საკითხები იგივე კონსტიტუციასთან მიმართებაში, ასევე მმართველოს გუნდის ჩაკეტილობასთან დაკავშირებით, რომელიც არ იყო სწორი და შეიძლებოდა სხვაგვარად თქმულიყო პრეზიდენტის მხრიდან.
სხვაგვარად თქმაში რას გულისხმობთ?
- უკაცრავად, მაგრამ როდესაც ამბობ, რომ უმრავლესობა ჩაიკეტა, მაშინ ამის დამადასტურებელი ფაქტი უნდა თქმულიყო. როგორც ჩანს, ეს ჩაკეტილებოდა უკავშირდება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას. იმიტომ რომ, პრეზიდენტი ამის შემდეგ გადავიდა კონსტიტუციაზე.
თქვენ, როგორც საკონსტიტუციო კომისიის წევრი, იღებთ ამ კრიტიკას, ჩაიკეტა ამ ნაწილში უმრავლესობა?
- პრეზიდენტი როდესაც ჩაკეტილობაზე ლაპარაკობდა, მე მგონია, რომ სწორედ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას გულიხმობდა. ამ თემაზე უფრო კონკრეტულად ლაპარაკი შეიძლებოდა მას რომ გაეხსნა ფრჩხილები და ეთქვა რას გულისხმობს ამ ჩაკეტილობაში.
ანუ, მეტი კონკრეტიკა უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის მხრიდან?
- რა თქმა უნდა. როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ჩაიკეტა თავის თავში და იზოლირებულია დანარჩენი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცენტრისგან, უნდა თქმულიყო რას გულისხმობდა. ზოგადი განცხადება, რა იგულისხმა ჩაკეტილობაში და რამდენად ჩაკეტილია ეს უმრავლესობა, კითხვის ნიშნებს ტოვებს. ამიტომ ვიგულისხმე საკონსტიტუციო პროცესი. სხვა პროცესი, უბრალოდ, არ მახსენდება. თუ ლაპარაკია ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტზე, საკმაოდ დიდი დებატები იყო და ვერ ვიტყვით, რომ ჩაკეტილი იყო ხელისუფლება.
რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიას?
- კონსტიტუციაში არ არის მხოლოდ პრეზიდენტის არჩევის წესი, უამრავი სხვა მნიშვნელოვანი საკითხებია. ეს პროცესი ახლა დაიწყო, კომისია აკეთებს პროექტს. თუ ვინმე ჩაიხედავს კონსტიტუციაში, იქ წერია: შემდეგი პროცედურა -სახალხო განხილვა. შეიძლება პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ ჯერ ხალხს უნდა დაელაპარაკო და მერე კანონი კი არა, კანონპროექტი დაწერო. მე მგონია, რომ ჯობია ჯერ შექმნა კანონპროექტი და მერე გახვიდე ხალთან, ელაპარაკო და ამის შემდეგ შეიტანო კონკრეტული შესწორება კანონპროექტში. შემდეგი პროცედურა არის პარლამენტი, სადაც იწყება განხილვა. თუ ეს პროცედურა არ მოსწონს პრეზიდენტს, მაშინ თქვას. პრეზიდენტს შეუძლია იარაოს და ილაპარაკოს როგორი პრეზიდენტი გვინდა, ან როგორი პარლამენტი, მაგრამ თუ გადასინჯვაზეა საუბარი, მაშინ ეს პროცედურა უნდა დავიცვათ.
ძალიან მაინტერესებს ერთი რამ, იქნებ ერთი ვერსია მაინც შემოგვთავაზოს პრეზიდენტმა მომავალში მაინც როგორ მოხდეს კონსტიტუციის გადასინჯვა, რა მექანიზმს ფიქრობს თავად პრეზიდენტი.
პრეზიდენტის შეფასებით, არ შეიძლება ხალხს წავართვათ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება და ფიქრობს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი ან ყოფილი პრემიერის სურვილზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. როგორ ფიქრობთ, ამ განცხადების ადრესატი იყო ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2013 წელს აცხადებდა, რომ მომხრეა პრეზიდენტის არსებული წესით არჩევის, მაგრამ პოზიცია შეიცვალა, მათ შორის მოქმედმა პრემიერმა და მმართველმა ძალამ?
- სწორედ იმიტომ რომ, პრეზიდენტის გამოსვლა შემდგომში მაინც არ იქნას აღქმული, როგორც ოპოზიციის ლიდერის გამოსვლა, უნდა შეიცვალოს არჩევის წესი, ანუ პრეზიდენტი არჩეული უნდა იქნას პირდაპირი წესით. როდესაც ივანიშვილი გამოდიოდა და ამბობდა, რომ პირდაპირი წესით არ უნდა მოხდეს პრეზიდენტის არჩევაო, მაშინ მე და ადამიანების გარკვეული ნაწილი, ვისაც მეტ-ნაკლებად შეხება გვქონდა კონსტიტუციასთან, ვამბობდით, რომ არ შეიძლება, ეს მოგვიტრიალდება ცუდად. არსებობს რაღაც კანონზომიერებები, რომელიც უნდა გაითვალისწინო როდესაც კონსტიტუციაზე მუშაობ.
მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული. გასაგებია, მარგველაშვილის პოზიცია, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს ამ პოზიციას, მაგრამ იზიარებს იმიტომ, რომ ინერციული აზროვნება აქვს საზოგადოებას. როდესაც მას ელაპარაკებიან პრეზიდენტზე, ძალაუნებურად ის ფიქრობს ისეთ პრეზიდენტზე, როგორიც საპარლამენტო მმართველობამდე გვყავდა. იმ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრე მეც ვიყავი, მაგრამ საზოგადოებას მოსთხოვო კონსტიტუციის ლაბირინთში ყველაფერში ერკვეოდეს, არა მგონია, რომ სწორი იყოს.
პრეზიდენტის კრიტიკა დაიმსახურა სასამართლომ, კრიტიკა ისმოდა ეკონომიკის მიმართულებით. პრეზიდენტის შეფასებით, ეკონომიკის, ან ინვესტიციების ზრდა არაფრისმთქმელ სტატისტიკურ მონაცემად დარჩება, თუ არ მოხდება ისედაც მწირი დოვლათის ეფექტური გადანაწილება, სამუშაო ადგილების შექმნა. როგორ ფიქრობთ, ეს იყო ხელისუფლებასთან ოპოზიციაში მყოფი პრეზიდენტის გამოსვლა და საერთო ჯამში პესიმისტური იყო პრეზიდენტის გამოსვლა?
- საკითხები რომელზეც პრეზიდენტმა ილაპარაკა ყველა ჩვენთაგანისთვის სხვადასხვა რაკურსით არის ცნობილი და არა მგონია ვინმე ყოფილიყო აღფრთოვანებული. როდესაც სასამართლოზე ვლაპარაკობთ, რამდენი წელია ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ მოხდა სასამართლოს მურუსიძეზაცია, ეს ხომ ახალი თემა არ არის, ისევე როგორც რეფორმების მესამე ტალღის აუცილებლობა.
ამ შემთხვევაში პრეზიდეტმა თქვა ის, რასაც ლაპარაკობს ექსპერტთა წრე, ასევე უმრავლესობა, ოღონდ სხვა კონტექსტში. პრეზიდენტმა თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არის პრობლემები, ამ თემაზე იგივე კალაძის შეფასება იყო არასწორი, როდესაც თქვა, რომ ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. სხვა ფორმულირება რომ მოეძებნა კალაძეს, მაშინ გასაგებიც იქნებოდა და მისაღებიც. საერთოდ, ასეთი ურთიერთობა ძაბავს ვითარებას.
რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტი ცდილობს პოლიტიკური ქულების დაწერას, ის არის პოლიტიკოსი და ეს გასაგებიც არის, მაგრამ თუ პრეზიდენტი არსწორად აკეთებს აქცენტებს და ამით ცდილობს პოლიტიკური ქულების დაწერას, მით უარესი მისთვის. ასეთ შემთხვევაში ქულებს კი არ მოიპოვებს, არამედ დაკარგავს.
გიორგი მარგველაშვილი მოწადინებულია გახდეს პოლიტიკური ლიდერი? განცხადება, რომ ელოდება იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას, ამით რას ამბობს პრეზიდენტი?
- გარდა მთავრობის ჩაკეტილობისა, რაც ასევე არ მესიამოვნა პრეზიდენტის გამოსვლაში და ვთვლი, რომ არასწორი განცხადება იყო, სწორედ ეს ნაწილი გახლავთ. სამწუხაროდ, ეს იყო არასწორი მესიჯი. შეიძლება პრეზიდენტმა ილაპარაკოს სახელმწიფო სტუქტურაზე, შეაფასოს დემოკრატიის ხარისხი, მაგრამ გააკეთოს მოწოდება, რომ პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი როგორ გაერთიანდეს ხელისუფლების წინააღმდეგ და ებრძოლოს ხელისუფლებას, ეს არის არასწორი მესიჯი. პრეზიდენტის გამოსვლის ეს ნაწილი ამოვარდნილი იყო ზომიერებიდან.
როდესაც პრეზიდენტი აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას, მას სხვანაირად უნდა დაელაგებინა ეს აზრი. შეეცადა დემოკრატიასთან მიება ეს საკითხი, მაგრამ პრეზიდენტმა მოუწოდა ოპოზიციას გაერთიანებისაკენ, რომ ებრძოლონ ხელისუფლებას. ეს არ არის პრეზიდენტის ფუნქცია, ამიტომ უნდა იფიქროს იმაზე, რომ პრეზიდენტმა სამი წერტილი დატოვა - თუ ასე გაერთიანდებით, მეც თქვენთან ვარ! ამ ნაწილში პრეზიდენტის გამოსვლა საკმაოდ ხისტი და არასწორი იყო.
როგორი იყო პრემიერის განცხადება, რომლის შეფასებით ისურვებდა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო ბევრად უფრო მრავლისმომცველი, ღრმა და ობიექტური?
- როგორც კვირიკაშვილს სტილს სჩვევია, პასუხი იყო საკმაოდ ზომიერი და სწორი. არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს სიტყვა დაუწუნა, ან ზედმეტად კრიტიკული იყო. იმ გამოსვლის შემდეგ, რაც ჰქონდა პრეზიდენტს, პრემიერი სხვა განცხადებას, უბრალოდ, ვერ გააკეთებდა. აბსოლუტურად სწორი იყო პრემიერი, მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ მთელ რიგ საკითხებში არის პროგრესი, ამას აღიარებს მეგობარი ქვეყნები და გამოთქვა სურვილი, რომ პრეზიდენტსაც ეღიარებინა ეს პროგრესი.