სხდომა კრიტიკისთვის და პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის - პარლამენტმა პრეზიდენტს უმასპინძლა

სხდომა კრიტიკისთვის და პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის - პარლამენტმა პრეზიდენტს უმასპინძლა

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის რიგით მეოთხე წლიური ანგარიშის შინაარსმა მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა გაანაწყენა და მათ არაობიექტურობის განცდა გაუჩინა, ოპოზიცია კი, იმედგაცრუებული დატოვა.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის გამჭვირვალე შენობაში, ქვეყნის პირველი პირის გამოსვლა 11 წუთის დაგვიანებით დაიწყო, რომელიც პოლიტიკური დებატების ფორმატში რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. პლენარული სხდომის დაწყებამდე, 99 დეპუტატებმა რეგისტრაცია გაიარა და სხდომა გაიხსნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის წევრები დაესწრნენ, რომელთაც გასული წლის მსგავსად, სხდომა პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენის შემდეგ დატოვეს. მინისტრებმა საკუთარი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ირიბად პრეზიდენტის გამოსვლის შინაარსიც დაასახელეს, თუმცა მათ თავი არც პრეზიდენტის კრიტიკაზე პასუხის გაცემას აარიდეს.

პრემიერის აღნიშვნით, ის ისურვებდა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა უფრო მრავლისმომცველი, უფრო ღრმა და უფრო ობიექტური ყოფილიყო.

„საქართველოში შესანიშნავი პროგრესია როფორც სასამართლოს, ასევე ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარების მიმართულებით“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა, რომელიც პრეზიდენტს სხდომათა დარბაზში ფორმალურად შეხვდა და ხელი ჩამოართვა.

კვირიკაშვილის მსგავსად, მარგველაშვილის გამოსვლამ სიახლის გრძნობა არ დაუტოვა ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს. ვიცე-პრემიერს მოლოდინი ჰქონდა, რომ მარგველაშვილი უფრო მომზადებული იქნებოდა, თემებს უფრო ჩაუღმავდებოდა და უფრო ობიექტური იქნებოდა.

„ვინაიდან, პრეზიდენტი პარლამენტში მობრძანდებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და დიპლომატიური კორპუსი იქნებოდა, ვფიქრობდი, რომ ის უფრო მომზადებული იქნებოდა, თემებს უფრო ჩაუღმავდებოდა და უფრო ობიექტური იქნებოდა, მაგრამ განსხვავებული გამოსვლა მოვისმინეთ, რაც მისი გადასაწყვეტი იყო. ეკონომიკურ ნაწილში მის მოსაზრებას არ ვეთანხმები. პრეზიდენტის გამოსვლაში მიმართულებები იყო, სადაც შეიძლება ითქვას, რომ მან მთავრობას კომპლიმენტებიც უთხრა, მაგრამ ყურადღება ეკონომიურ ნაწილზე იყო გამახვილებული და მის მოსაზრებებს არ ვეთანხმები“,- დასძინა კალაძემ, რომლის მსგავსად, პრეზიდენტის გამოსვლამ უკმაყოფილების განცდა უმრავლესობასაც დაუტოვა.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მიმართ სანამ საკუთარ განწყობას დააფიქსირებდა და სხდომა დაიწყებოდა, მანამდე პლენარული სხდომის დარბაზში, გასული წლებისგან განსხვავებით, მურთაზ შალუაშვილის ომახიანი ხმის ნაცვლად, ახალი მანდატურთუხესის უტონო ხმა გაისმა და დარბაზში პრეზიდენტი გამოჩნდა, რომელმაც ხელი დიმიტრი ხუნდაძესა და არჩილ ხაბაძეს ჩამოართვა, ამ ფორმით კი ზაქარია ქუცნაშვილს მისი დაცვის წევრი მიესალმა.

უმრავლესობის სხვა წევრების მსგავსად, პრეზიდენტმა ხელი არც ოპოზიციონერებს ჩამოართვა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ მას სხდომათა დარბაზში, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ფეხზე დახვდნენ, სხდომაზე დაგვიანებით შესული ნიკა მელია და სალომე სამადაშვილი კი, მას კიბეებზე შეხვდნენ.

მას შემდეგ, რაც სხდომა დაიწყო, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ორსაათიანი შესვენება გამოცხადდა, სადაც პოლიტიკურმა ძალებმა ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის აქცენტები გააანალიზეს და მას პასუხები ტრიბუნიდან გასცეს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ოპოზიცია პრეზიდენტის კრიტიკას ერიდებოდა და მას ფხის გამოჩენას ურჩევდა, უმრავლესობამ კი, მარგველაშვილს არბიტრის ფუნქცია შეახსენა.

ათეულობით გამართული გამოსვლიდან გამორჩეული რამდენიმე იყო. მათ შორის, აკაკი ბობოხიძის, ბექა ნაცვლიშვილისა და ლევან გოგიჩაიშვილის.

თუკი ნაცვილშვილმა პრეზიდენტს შეახსენა, რომ ის პოლიტიკური კრიზისების განმმუხტველი უნდა იყოს და არა პოლიტიკური კრიზისების შემქმნელი, გოგიჩაიშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის როლზე ისაუბრა და მარგველაშვილი სახიფათო ტენდენციების წარმართვაში „ამხილა“.

ნაცვლიშვილის თქმით, ადრე დეპუტატები განებივრებული იყვნენ პრეზიდენტის მხრიდან ემოციური და პროზაული გამოსვლებით, თუმცა დღეს ამას მოკლებული აღმოჩნდნენ.

„დღის წესრიგი, რომელიც პრეზიდენტმა შემოგვთავაზა, გარკვეული თვალსაზრისით, 1990-იანი წლების დღის წესრიგს მაგონებდა, სადაც წამყვანი დისკურსი დემოკრატიზაცია იყო. პრეზიდენტის მხრიდან ნახსენები იყო საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც თითქოსდა, ერთგვარ საფრთხეს წარმოადგენდა, თუმცა ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა სასარგებლოცაა“, - მიმართა პრეზიდენტს ნაცვლიშვილმა, რომლისგან განსხვავებით, პრეზიდენტის მიერ რამდენიმე წუთით სხდომის დატოვებამ გოგიჩაიშვილი გაანაწყენა.

კერძოდ, მას შემდეგ, რაც სხდომათა დარბაზში პრეზიდენტის ადგილი რამდენიმე წუთის განმავლობაში ცარიელი იყო, გოგიჩაიშვილმა უკმაყოფილება საკუთარი ადგილიდან გამოთქვა და აღნიშნა, „უკაცრავად, ვის ველაპარაკებით? ნიშანდობლივია, რომ უმცირესობას მოუსმინა და გავიდა“. ამ განცხადების შემდეგ, პრეზიდენტი სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთში დაბრუნდა და მას გოგიჩაიშვილის გამოსვლის მოსმენა მოუწია.

გოგიჩაიშვილმა აქცენტი იმაზე გაამახვილა, რომ 1-ელ ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ შავი დღე გაუთენა და სულ ასე იქნება.

 „გვესმის, რომ ამ ადამიანმა 1-ელ ოქტომბერს შავი დღე გაგითენათ, რომელიც არ მთავრდება და არასდროს არ დამთავრდება, რადგან ივანიშვილმა თავის გუნდთან და ქართველ ხალხთან ერთად მომავლის პერსპექტივა გააჩინა. თქვენი შავი დღე არასდროს დამთავრდება. როცა ოპოზიციის ფლანგზე ვიყურებით, ჩვენ ყოველთვის ის პრობლემები და რეალობა გვახსენდება, რა რეალობაშიც ამ ადამიანებმა ქვეყანა ჩააგდეს. რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას, სახიფათოა, როცა თქვენ, როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი კითხვის ნიშნის ქვეშ ქვეყნის უსაფრთხოებას აყენებთ და ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს არ ენდობით. ეს პრეზიდენტის მხრიდან სახიფათო ტენდენციაა.

სამწუხაროდ, თქვენ იმ ადამიანების გვერდით არ აღმოჩნდით, რომლებსაც თქვენმა წინამორბედმა კერძო საკუთრება წაართვა და თქვენ როგორც კონსტიტუციური უფლებების გარანტი, იმ ადამიანების გვერდით არ აღმოჩნდით, რომლებიც თქვენს მხარდაჭერას ელოდნენ და სამწუხაროდ, არჩიეთ, რომ მონაწილეობა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ თამაშში მიგეღოთ. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მოღვაწეობის დარჩენილ დროში იმ იდეალებს გაითვალისწინებთ და გაიხსენებთ, რა იდეალებითაც თქვენ თითოეულ ამ ადამიანთან ერთად სოფელ-სოფელ დადიოდით და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უზიარებდით“, - მიმართა პრეზიდენტს გოგიჩაიშვილმა.

პრეზიდენტს რჩევით მიმართა აკაკი ბობიხიძემაც და ურჩია, რომ თუ პოლიტიკურ პასუხისმგებლობასა და პოლიტიკურ ფხას გამოიჩენს, გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს, იმოქმედოს არა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ მანდატში, არამედ ქართველი ხალხის სახელით.

„გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ქართველ ხალხს პრეზიდენტ მარგველაშვილის არჩევის გამო ბოდიში უნდა მოუხადონ. მინდა, ბატონი გედი დავამშვიდო - ეს ერთადერთი რამეა, როცა შეცდომა თქვენდაუნებურად მოგივიდათ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი არ არის. ეს ის თემაა, სადაც თქვენ ბოდიში ნაკლებად გაქვთ მოსახდელი, მაგრამ თავად დამოკიდებულება, რომ მარგველაშვილის გამო ქვეყანას ბოდიში უნდა მოუხადოთ, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. თქვენი ლოგიკით, რატომ არის პრეზიდენტ მარგველაშვილის გამო ბოდიში მოსახდელი? რატომ არის პრეზიდენტი მარგველაშვილი გუნდის მოღალატე?- მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო. იმ ბრძენ კაცს დავესასხები, რომელმაც ბრძანა, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხასიათი გამოავლინა - არ ემსახურება და არ გახდა ერთი კაცის ყურმოჭრილი მონა“, - მიმართა პრეზიდენტს ბობიხიძემ, რომელმაც მოგვიანებით, პრეზიდენტის გამოსვლა for.ge-სთან საუბარში შეაფასა.

ბობოხიძის მოსაზრებით, პრეზიდენტი საკმაოდ რბილი, შემრიგებლური იყო და დეკლარირებას ურთიერთანამშრომობაზე აკეთებდა, მაგრამ ამის მიუხედავად, უმრავლესობამ გამოაცხადა, რომ პრეზიდენტმა მოწინააღმდეგის პოზა აირჩია.

„ანუ, უმრავლსობამ ეს რბილი გამოსვლაც კი შეაფასა როგორც მოწინააღმდეგის გამოსვლა. ფაქტია, რომ ასეთი უმრავლესობა მზად არ არის თანამშრომლობისთვის არა მხოლოდ ოპოზიციასთან, არამედ მათ მიერ შემოთავაზებულ პრეზიდენტთანაც კი. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი კიდევ უფრო მკაფიო იყოს, რადგან ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის პირია და მიუხედავად იმისა, რომ მას კანონმდებლობა საკმაოდ ვიწრო ჩარჩოში აქცევს, შეუძლია, თავისი პოლიტიკური მოსაზრებები არა მხოლოდ დააფიქსიროს, არამედ გარკვეული პროცესებისადმი მოუწოდოს მოსახლეობას, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლის და მას ეს რესრუსი და ბერკეტი აქვს“,- დასძინა ბობოხიძემ.

ყოფილი თანაგუნდელის მსგავსად, მეტს მოელოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თიკა ბოკუჩავა. for.ge-სთან საუბარში ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის მიმართ სიტყვების გამოყენება ხდება - არაადეკვატური, რეალობას მოწყვეტილი, პრეზიდენტს უფლება არ აქვს ამა თუ იმ თემაზე ისაუბროს.

კანონმდებელის მოსაზრებით, ეს შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ პრეზიდენტისთვის, როგორც ერთი პიროვნებისთვის, არამედ ინსტიტუციისთვის.

„ვინც პრეზიდენტს შეურაცხყოფას აყენებს, ავიწყდებათ, რომ ის არჩეულია საქართველოს მოსახლეობის მიერ და როცა პრეზიდენტს საუბარს უკრძალავენ, შეურაცხყოფას მათ აყენებენ. პრეზიდენტის გამოსვლა იმ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებოდა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. პრეზიდენტის კრიტიკის წყარო ხალხის წუხილები და პრობლემები უნდა იყოს. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტს აქცენტი ქვეყანაში მოქმედ არაფორმალურ მმართველობაზე გაეკეთებინა, რადგან ვფიქრობ, რომ ბევრი პრობლების წყარო სწორედ იქედან გამომდინარეობს, რომ ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობაა, რაც არც ჯანსაღია და არც დემოკრატიული. ივანიშვილი ზრუნავს არა ხალხის პრობლემების მოგვარებაზე, არამედ საკუთარი სურვილების ასრულებაზე, რის გამოც სახელმწიფო აპარატს ამისთვის იყენებს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მარგველაშვილის გამოსვლას მეტწილად ადეკვატურად აფასებს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ადა მარშანია, თუმცა დეპუტატი საბოლოო ჯამში ანგარიშით მაინც უკმაყოფილო დარჩა.

როგორც for.ge-ს მარშანიამ განუცხადა, მას სურვილი ჰქონდა, რომ პრეზიდენტს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სათქმელი უფრო საფუძვლიანად და მეტად ეთქვა.

„პრეზიდენტის გამოსვლა მეტწილად ადეკვატური იყო და ის იმ საკითხებს შეეხო, რომელიც ყველას გვაწუხებს, მაგრამ ვისურვებდი, რომ პრეზიდენტს მთავარ თემებზე ესაუბრა, რაც ქვეყნის გაერთიანებას ეხება. მას ახალ მიდგომებზე უნდა ესაუბრა და ეს საკითხი ძირფესვიანად უნდა განეხილა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. მან თქვა, რომ მცოცავი ოკუპაცია გრძელდება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს მიმართა, მაგრამ უკმაყოფილობის განცდა მაქვს, რადგან მინდოდა, რომ სათქმელი უფრო საფუძვლიანად და მეტად ეთქვა. როგორც ჩანს, ქვეყანაში ამ თვალსაზრისით კრიზისული მდგომარეობაა. ამ თემებზე ძალიან სერიოზული საუბარი გვმართებს, არადა ვხედავ, რომ პოლიტიკური სპექტრი ფეხს ითრევს. ბოლომდე ვერ ამიხსნია, საქმე რაშია“, - აღნიშნა მარშანიამ.

ოპოზიციისგან განსხვავებით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ღია კრიტიკას არ მოერიდა. როგორც for.ge-ს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, პრეზიდენტის გამოსვლა მისი საუკეთესო გამოსვლა არ იყო, უკეთესი გამოსვლებიც ყოფილა. მისი თქმით, მარგველაშვილის ანგარიში მოკლე და ზოგადი იყო, რიგ შემთხვევაში, ტენდენციურობა იგრძნობოდა.

„პოზიტიურ საკითხებზეც ისაუბრა, თუმცა მინიმალურ ნოტაზე. ობიექტურ გამოსვლას ვერ დავარქმევდი. პრეზიდენტის ინსტიტუტიდან გამომდინარე, არ მინდა, კრიტიკული ვიყო, მაგრამ ადამიანებს შთაბეჭდილება დარჩებოდათ, რომ ის მხარე იყო“, - განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე - პრეზიდენტის გამოსვლა იყო თუ არა გამოძახილი პრეზიდენტისა და მმართველ გუნდს შორის არსებული ურთიერთობის, მდინარაძე პასუხობს, რომ ის არაფერს არ გამორიცხავს.

„ყოველთვის ვისურვებ, რომ პრეზიდენტისგან მეტი ობიექტურობა მოდიოდეს. საუბარია ბრალდებებზე, რომელსაც რეალური საფუძველი არ გააჩნია. იმის მიუხედავად, რომ მიღწევებზე ვსაუბრობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემებს ვერ ვხედავთ. ვიცით, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და ამის გადაჭრის გზებზე ვსაუბრობთ ხოლმე“, - ამბობს მდინარაძე, რომლის პათოსს იზიარებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური.

for.ge-სთან საუბარში ძიძიგური აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს პესიმისტური გამოსვლა ჰქონდა და თან მუქ ფერებში დახატული.

ძიძიგურის განცხადებით, ვინ ვინ და პრეზიდენტმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელსაც მან თავის დროზე მხარი დაუჭირა, ძალიან სერიოზული ცვლილებების მომტანია.

„როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ ეკონომიკაში რეფორმები არასათანადოდ არის გაკეთებული, გეტყვით, რომ ის საგადასახადო რეფორმა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წამოიწყო, ერთადერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს ძალიან გაბედული და რისკიანი ნაბიჯია. საუბარია ქვეყნის სრულ ინტერნეტიზაციაზე, მაშინ, როცა ეს დაპირება თავის საარჩევნო პროგრამაში ჰილარი კლინტონს ჰქონდა ჩადებული. ჩვენთან ეს უკვე ხორციელდება. ამას გარდა, ინფრაქტრუსტურული პროექტები ხორციელდება, მათ შორისაა ავტობანის მშენებლობა. როცა ამბობს, რომ ეკონომიკური მიმართულებებით წარმოებული პროექტების რაოდენობა არასაკმარისია, პრეზიდენტმა მეტი ინფორმაცია უნდა მოიძიოს სოფლის მეურნეობაში რა ხდება, როცა ღვინის ექსპორტი 85 პროცენტით გაიზარდა, ისევე როგორც საქონლისა და ცხვრის ხორცის ექსპორტი. ქვეყანაში მილიონობით ტურისტი შემოვიდა და პრეზიდენტს მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. მან მთავრობას არ უნდა უსაყვედუროს, რომ ეკონომიკურ პროექტებს ნაკლები ტემპებით ახორციელებენ“, - განაცხადა ძიძიგურმა.

კანონმდებელის მტკიცებით, უმრავლესობას კრიტიკული მოსაზრებების არ ეშინია, თუმცა მარგველაშვილისგან პრობლემების მოგვარების თაობაზე ხედვების წარდგენას ელოდება.

„პრეზიდენტს ყველა იმ სურვილში დავეთანხმები, რომელიც მან გამოთქვა. ერთიანი საქართველო, უფრო მაღალი პენსია და სრული დემოკრატიზაცია მეც მინდა, მაგრამ როგორ? - პრეზიდენტს ეს არ უთქვამს. მთავარი კითხვაა - როგორ?! როცა მეუბნები, რომ ანექსია შევამციროთო, უნდა მითხრა როგორ?! თუ გონივრულ გეგმას მეტყვი, ცხინვალიდან ჯარის გაყვანაზე ვიფიქრებ და არა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ საკითხების მოწესრიგებაზე. ეს ის თემებია, რის გამოც უკმაყოფილების განცდა გამიჩნდა. როცა ოპოზიცია გამოდის და ერთდროულად ითხოვს სამუშაო ადგილების გაზრდას და პენსიების მომატებას, გასაგებია, რომ პოპულისტობს და ხალხზე მუშაობს, მაგრამ პრეზიდენტს ეკონომიკური მრჩეველი ხომ ჰყავს? ასეთი ტპის რეკომენდაციების წარდგენისას მეტი მუშაობა იყო საჭირო“, - აცხადებს დეპუტატი.

რაც შეეხება მარგველაშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განწყობას, for.ge-სთან საუბარში ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი ყურადღებას გამოკვეთილ ტენდენციაზე ამახვილებს.

აბაშიშვილის შეფასებით, საინტერესოა ტენდენციაა, როცა უმრავლესობა საუბრობს, რომ პრეზიდენტი ძალიან კრიტიკული იყო, ოპოზიცია ამბობს, რომ პრეზიდენტი ნაკლებად კრიტიკული იყო.

„ორივე მხარეს ერთი რამ ავიწყდება, რომ პრეზიდენტი არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ არის და ის ხალხის აზრს გამოხატავს. პრეზიდენტი ვერც ერთი პოლიტიკური პარტიის ნაცვლად, ან მათი მესეჯებით ვერ ისაუბრებს. პრეზიდენტის სიტყვა იმ რეალობას ასახავდა, რომელიც დღეს საზოგადოებაშია. საზოგადოებას ეკონომიკური პრობლემები აწუხებს, ისევე როგორც ეროვნული ვალუტის კურსი და მცოცავი ანექსია. მოსახელობას ასევე აწუხებს სანდობაა სასამართლოს მიმართ. ცხადია, მედია თავისუფლებაც აწუხებს. ეს ის საკითხებია, რომლის თაობაზეც საქართველოს მოქალაქეები პოზიციას პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრებზე აფიქსირებენ. პრეზიდენტი რეგიონებში დადის და მისი სიტყვა იმას ეფუძნებოდა, რაც მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე გამოითქვა“, - დასძინა აბაშიშვილმა.