„პრეზიდენტს აინტერესებს არა ის, კონსტიტუცია სახალხო იქნება თუ არა, არამედ - მომავალი ხუთი წელი სასახლეში იცხოვროს“

„პრეზიდენტს აინტერესებს არა ის, კონსტიტუცია სახალხო იქნება თუ არა, არამედ - მომავალი ხუთი წელი სასახლეში იცხოვროს“

პარლამენტი პრეზიდენტის რანგში გიორგი მარგველაშვილს მეოთხედ მოუსმენს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური დებატები პირველად გაიმართება. როგორც ოპოზიცია, ასევე უმრავლესობა მწვავე გამოსვლებისთვის ემზადებიან, ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის შინაარსი კი ამ დრომდე უცნობია, თუმცა პოლიტიკურ კულუარებში საუბარია იმაზე, რომ ანგარიში კრიტიკული იქნება.

თუ რა განწყობებია უმრავლესობაში და რას ფიქრობენ პრეზიდენტის სტუმრობაზე, ამის გარკვევას for.ge პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძესთან შეეცადა:

პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარსდგება. რის მოსმენას ელოდებით, გიორგი მარგველაშვილისგან?

- განსაკუთრებული განწყობა არ მაქვს. ზოგადად მიმაჩნია, რომ აღნიშნული ფორმატი გარკვეული ძალების კონსოლიდაციისა და ისეთი საკითხების მიზნად დასახვისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომელიც საერთო ინტერესია. კონკრეტული ეროვნული საკითხები გვაქვს, რომელიც პოლიტიკური ძალებისა და ინსტიტუციების ეროვნულ კონსოლიდაციას საჭიროებს. ეს განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს ეხება. იმის თაობაზე უნდა შევჯერდეთ, ეროვნულ თემებზე როგორ უნდა ვიმოქმედოთ. თუ პრეზიდენტი მოვა და ჭკუის სწავლებას დამიწყებს, იმ კანონს ხმა მიეცი, რომელიც მე არ მომწონს და ეს რატომ გააკეთეო, მისგან ამის თქმა ისევ ისეთი უხერხული იქნება, როგორც ჩემგან იმაზე საუბარი, ის იმ რეზიდენციაში რატომ შევიდა, რომელშიც არ უნდა შესულიყო. გუნდშიც თემა გარკვეული იყო, რომ ეს რეზიდენცია აშენებებულია სააკაშვილის მიერ ხალხის დაყაჩაღებისა და გაძარცვის ხარჯზე. თავის დროზე, სააკაშვილმა ეს ფული ხალხს მოაკლო და შენობა იმის ხარჯზე ააშენა, რომ ვიღაცას ბიზნესი წაართვა, ვიღაცას საპროცესო გაუფორმა და ვიღაცა ციხეში ჩასვა.

თქვენს ლოგიკას რომ მივყვეთ, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაც ასეა აშენებული და იქ რატომ დადიხართ?

- კონსტიტუციაში წერია, რომ აქ შემოვიდეთ. აქ შემოსვლა მეხალისება? პარლამენტის შენობა თბილისში არსებობს და მათ მოვუწოდებდით, ქუთაისში შენობის აშენებისთვის 500 მილიონ ლარს ნუ დახარჯავდნენ. ქუთაისის ადგილსამყოფელი კონსტიტუციაში ეწერა და აქ ჩამოვედი. აქ კომფორტი მაქვს, თუ კომფორტისთვის შემოვდივარ? პრეზიდენტის სასახლე ნამდვილად კომფორტულია. ხელისუფლებამ საზოგადოებას უნდა დაანახოს, რომ ზედმეტი არაფერი არ გვინდა. საქართველოს ისეთ მეფეს ვერ დამისახლებთ, რომელმაც ისტორიას ძვირფასი სასახლე დაუტოვა. დავით აღმაშენებელმა ბაგრატი და გელათი ააშენა და თავის თავისთვის სასახლე არ აუშენებია. მეფეები ორიენტირებული იყვნენ ან ეკლესიის გაძლიერებაზე, ან ციხე-სიმაგრეების აშენებაზე, რომ დაცული უსაფრთხოება ყოფილიყო. იმის პირობები სად გვქონდა, რომ საფრანგეთის მეფეებივით სასახლეები აეგოთ?

მას შემდეგ, რაც მარგველაშვილი სასახლეში შევიდა, ოთხი წელი გავიდა და მას ამ გადაწყვეტილებას ისევ ვერ პატიობთ?

- ღირებულებების დონეზე ეს არასწორია. ამ საკითხისადმი ჩემი დამოკიდებულება არასოდეს არ შეიცვლება, რადგან იმ სასახლეში ზის. ჩემთვის ეს ადამიანი იმ სასახლის მძევალი გახდა და ის ღირებულება არ იქნა დაცული, რომელიც პოლიტიკოსის მხრიდან ცალსახა უნდა იყოს და ის თავის ხალხზე უკეთესად არ უნდა ცხოვრობდეს. ყოველ შემთხვევაში, ბალანსის დაცვას მაინც უნდა ცდილობდეს და ეს პრეზიდენტის მხრიდან დარღვეული იყო. ეს თემა მისაჩუმათებელი და საპატიებელი არ არის, მაგრამ ჩემი მხრიდან მასთან შეხვედრაზე აქცენტი ამაზე არ გაკეთდება, რადგან ეს არაწორი იქნება. ასევე არასწორი იქნება ისიც, რომ მან საკანონმდებლო მუშაობაზე დამრიგებლის ტონით მესაუბროს.

საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტის ანგარიში საკმაოდ კრიტიკული იქნება...

- მაშინ, მისი პოლიტიკის მიმართ კრიტიკულები ჩვენც ვიქნებით. თუ ის ჩვენი ჭკუის სწავლებას დაიწყებს, მაშინ ჩვენც შესაბამისად მოვიქცევით.

არის საკითხები, რის თაობაზეც შეგიძლიათ, მარგველაშვილსჭკუა ასწავლოთ“?

- ჭკუას არავის არ ვასწავლი. მგონია, რომ როცა ადამიანები რაღაც ღირებულ საკითხებზე ვთანხმდებით და გუნდი მხარს გიჭერს, სააკაშვილის გზაზე არ უნდა დადგე და მისი კომფორტით არ უნდა ისარგებლო, რომელიც მან თავისთვის შექმნა. ეს კომფორტი იმ რეალობის ადეკვატური არ იყო, რაშიც ხალხი ცხოვრობს. ხალხს ძალიან უჭირს და ამაზე საუბარი არ მსიამოვნებს, რადგან ყველას ჰგონია, რომ რადგან დეპუტატი ვარ, დალხინებული ცხოვრება მაქვს. არ მიმაჩნია, რომ არც განსაკუთრებული ცხოვრება არ მაქვს, პირიქით, ნულოვანი ქონებრივი დეკლარაცია მაქვს და ჩემს სახელზე არაფერი არ ირიცხება. პოლიტიკოსებმა რაღაც დონეზე იმის დემონსტრირება უნდა მოახდინონ, რომ პოლიტიკა კომფორტი არ არის.

თუმცა, ბევრისთვის პოლიტიკა მართლაც კომფორტია. თქვენს გუნდშიც ბევრი მილიონერი დეპუტატია...

- თუ ადამიანი მილიონერი გახდა და შემდეგ პარლამენტში მოვიდა, მას ვერ ვეტყვი, რომ აქ ნუ მოვა, მაგრამ თუ ის პარლამენტით სარგებლობს და რაღაცას აკეთებს, ეს როგორც კანონით, ასევე მორალურად აკრძალულია და სწორი არ არის. მიმაჩნია, რომ პოლიტიკა ის სივრცეა, სადაც შენი რესურსი ხალხს და ქვეყანას უნდა მოახმარო. პოლიტიკისგან მაქსიმალური კომფორტი არ უნდა შეიქმნა.

მმართველი გუნდი პოლიტიკურ დებატებს დაეთანხმა, რის გამოც, ოპოზიცია ეჭვს გამოთქვამს, რომ ეს თქვენსა და პრეზიდენტს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. ამ საკითხებს შორის ბმა არის?

- აქამდეც შეიძლებოდა, რომ პოლიტიკურ დებატებს დავთანხმებულიყავით. არ მგონია, რომ ფორმატი სწორად შერჩეული იქნება, რადგან დებატების რეჟიმში კამათში გადავალთ და მარგველაშვილთან კამათი არ მინდა. იმის გარკვევის არანაირი ინტერესი არ მაქვს, პოლიტიკაში ყოფნით ვინ უფრო მეტ კომფორტს იღებს, რადგან ეს ხალხისთვის მეათასე ხარისხოვანია. თუ დამტკიცდება, რომ მარგველაშვილი ცუდი ტიპია და პოლიტიკაში კომფორტით სარგებლობს, ამით ვინმეს ცხოვრება უკეთესი არ გახდება.

მარგველაშვილიცუდი ტიპია“?

- მარგველაშვილის მიმართ პიროვნული სიმპათიები არასოდეს არ მქონდა. არ მგონია, რომ ადამიანები უნდა ვშიფროთ, რადგან ყველას თავისი ცხოვრება და თავისი ხედვა აქვს. ჩემთვის მარგველაშვილი თავისი ღირებულებებით და ხედვით საინტერესო არასოდეს არ იყო.

საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტი უკვე წინა საარჩევნო კამპანიას მართავს. მის პოლიტიკურ აქტივობაში ამას ხედავთ?

- მიმაჩნია, რომ ყველაზე კარგი საარჩევნო კამპანიაა ხალხის წინაშე კეთილსინდისიერი იყო. თუ მარგველაშვილი საპრეზიდენტო სასახლეში თავის დროზე არ შევიდოდა და პოლიტიკურად რაღაცას მოინდომებდა, მას საარჩევნო კამპანია არ დასჭირდებოდა, რადგან ხალხისთვის უფრო ახლობელი ადამიანი იქნებოდა. მარგველაშვილს ის კი არ აინტერესებს, კონსტიტუცია სახალხო იქნება თუ არა, არამედ - მომავალი ხუთი წელი პრეზიდენტის სასახლეში იცხოვროს. იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, ტერიტორიული მთლიანობის და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, მას რა შეუძლია. თუ მას შევატყობ, რომ პრეზიდენტის სასახლეში ცხოვრება მოეწონა და იქ ყოფნა ხუთი წელი უნდა, ჩემთვის მისი ჭკუის დარიგება საინტერესო არ იქნება. ბრძენი ადამიანები ჭკუის დამრიგებლურ ტონს ერიდებიან და მათი აზრები თავისთავად გასაწევია. თუ მარგველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატობას თანხმდებოდა, მას გააზრებული უნდა ჰქონოდა, რომ ამ გუნდის პოლიტიკური ამოცანების რეალიზაციის თანამონაწილე იქნებოდა, რაც ქვეყნისთვის და ხალხისთვის ცუდი არ იყო. ის ხალხს უფრო ბევრს ამ გუნდის ფარგლებში გაუკეთებდა, ვიდრე განყენებული პოზიციიდან, დამრიგებლური ტონით. მგონია, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერი იმ ფაქტამდე დახურდავდა, ის პრეზიდენტის სასახლეში იცხოვრებდა თუ არა. ჩემთვის რთული მისაღებია ის, რომ ვიღაცამ საერთო ეროვნულ-პოლიტიურ ინტერესს პირადი კომფორტი ამჯობინა.