არასამთავრობოები, პროტესტის ნიშნად, საკონსტიტუციო კომისიის დატოვებისთვის ემზადებიან

არასამთავრობოები, პროტესტის ნიშნად, საკონსტიტუციო კომისიის დატოვებისთვის ემზადებიან

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საქმიანობის დასრულებას და საკანონმდებლო ორგანოსთვის დოკუმენტის წარდგენას აპრილის ბოლოს აპირებს, არასამთავრობო ორგანიზაციები კი, პროტესტის ნიშნად, აღნიშნული ფორმატის დატოვებისთვის ემზადებიან. 

სამოქალაქო სექტორის მთავარი პრეტენზია მათ მიერ დაყენებული ინიციატივების არგაზიარებას ეხება და აცხადებენ, რომ კომისიის მუშაობაში მათ მონაწილეობას ფორმალური სახე აქვს.

„ქართული ოცნება“ სამოქალაქო სექტორის პრეტენზიებს არ იზიარებს და ხაზს იმას უსვამს, რომ კომისიის ფორმატში დაყენებული ნებისმიერი არგუმენტირებული წინადადება გაზიარებული იქნა. 

როგორც for.ge-ს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თვმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განუცხადა, მას არ ჰგონია, რომ ასეთი განაცხადი კონსტრუქციული იყოს, ვინაიდან

როცა პროცესი თითქმის დასრულებულია და კომისია საქმიანობას ასრულებს, ასეთი განცხადების გაკეთებას პოლიტიკური ელფერი აქვს.

„ეს სწორი და პროცესისადმი კონსტრუქციული დამოკიდებულება არ არის. სამუშაო ჯგუფებში საქმიანობა მომავალ კვირას გაგრძელდება, რაც მესამე ეტაპი იქნება და საბოლოო პროექტები იქნება მიღებული. იმედი მაქვს, რომ ის პირები, ვინც მსგავს შეფასებებს აკეთებენ, სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე მობრძანდებიან და იტყვიან, მათი ასეთი პოზიცია თუ რას ეფუძნება და რა არის ისეთი, რისი არგუმენტი წარადგინეს და ჩვენ არ გავითვალისწინეთ. თუკი საკითხი უსაფუძვლო და უარგუმენტოა, მას კომისია ვერ გაითვალისწინებს. ისეთ შემთხვევას ვერ დაასახელებენ, როცა არგუმენტირებული შენიშვნა იქნა გაჟღერებული და ეს ჩვენ არ გავითვალისწინეთ“, - აცხადებს კახიანი. 

თანაგუნდელის მსგავსად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია for.ge-სთან საუბარში  აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ კომისიაში წარდგენილი არც ერთი კონსტრუქციული წინადადება არ ჩავარდნილა. 

„რა თქმა უნდა, ყველა იდეა და წინადადება გაზიარებული ვერ იქნება, მაგრამ საბოლოოდ, გადაწყვეტილებების ეტაპზე არ მივსულვართ. შემაჯამებელი ეტაპი იქნება, რომელიც შემდეგ კვირას დაიწყება და მოსაზრებების შეჯერება მოხდება. გარკვეულ საკითხებზე კონსესუსი იქნება“, - ამბობს ბესელია. 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით, უმრავლესობის პოზიტიურ განწყობას არ იზიარებს ოპოზია. როგორც for.ge-ს ფრაქცია - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თიკა ბოკუჩავამ განუცხადა, მას არასამთავრობო სექტორის აბსოლუტურად ესმის, რადგან ყველა წინააღმდეგობას აწყდება, ვინც განსხვავებულ აზრს გაახმოვანებს. 

დეპუტატის მოსაზრებით, რიგ შემთხვევებში ისეთ ფორმატებში მონაწილეობასაც არ აქვს აზრი, სადაც ადამიანები ფორმალურად არიან და მასში მონაწილეობა მონაწილეობისთვის ხდება. 

„ამ ეტაპზე, ამ ფორმატში მუშაობას გავაგრძელებთ, მაგრამ არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ჩვენმა იქ ყოფნამ აზრი დაკარგოს. ხელისუფლება ოპოზიციისა და განსხვავებულ აზრს არ იზიარებს. საუბარია პრეზიდენტის პირდაპირი წესით გაუქმების თაობაზე, რაც ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. როცა ხელისუფლებას განსხვავებული აზრის მოსმენა არ უნდა, არასამთვრობო სექტორის პოზიცია მესმის“, - აცხადებს ბოკუჩავა. 

კომისიის მუშაობით კმაყოფილი არ ჩანს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ადა მარშანია. for.ge-სთან საუბარში მარშანია აღნიშნავს, რომ კომისიის ფარგლებში, მის მიერ დაყენებული ერთადერთი წინადადება გაიზიარეს, რომელიც კონსტიტუციის მერვე მუხლში სახელმწიფო ენის სტატუსს ეხებოდა. კანონმდებელის თქმით, საკონსტიტუცია უმრავლესობა ძლიერი ბერკეტია, მაგრამ თუ ამ ბერკეტს ქვეყნის სასიკეთოდ არ გამოიყენებ, უკუბერკეტია.

„დანარჩენში არც ჩვენ არ გვეთანხმებიან. როცა კონსტიტუციას იხილავ, ამ პროცესში ჩართული ყველა მაქსიმალურად უნდა იყოს. რაც უფრო სერიოზულ კონსესუსს მივაღწევთ, კონსტიტუცია მით უფრო იმუშავებს. კონსტიტუცია და კანონი საზოგადოებრივი შეთანხმებაა. თუ შეთანხმება არ მოხდება, კონსტიტუცია ან არ იმუშავებს, ან იმუშავებს ძალით, როგორც ახლა ვმუშაობთ. როცა კონკურენცია არ არის, ყველა საქმე ფუჭდება“, - აცხადებს მარშანია.

არასამთვრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილება საბოლოო დოკუმენტზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილებს უკავშირდება თუ უმრავლესობის დამოკიდებულებას, ამ კითხვის საპასუხოდ, for.ge-სთან საუბარში კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას ის იღებს, ვინც დოკუმენტს მხარს უჭერს. 

მისი თქმით, კოლეგიურ ორგანოში ან კომისიაში მუშაობას აზრი აქვს იმდენად და მანამდე, სანამ საკუთარი წინადადებების დასაბუთება და იმის მცდელობა შეგიძლია, რომ წინადადებები დაიცვა და სხვები მის სიმართლეში დაარწმუნო.

„თუკი რაღაცას მხარს არ დავუჭერ და ის გავიდა, რაც სწორად არ მიმაჩნია, პასუხისმგებლობა როგორ დამეკისრება?

პასუხისმგებელი იმაზე ხარ, რასაც თავად გადაწყვეტ. თუ დაინახე, რომ ვერანიარ გავლენას ვერ ახდენ და კომისიაში ყველაფერი იმის საწინააღმდეგოდ ხდება, რაც სწორად მიგაჩნია, მაშინ იქ ყოფნას აზრი არ აქვს. თუკი ხედავ, რომ რაღაც ნაწილის გაზიარება მოხდა, რაღაცის არა, მაშინ კომისიაში ყოფნას აზრი აქვს, რადგან რაღაც ხომ გაიზიარეს და დადებითი წვლილი შეგიტანია. იმის შეფასებასაც აქვს მნიშვნელობა, რა გაიზიარეს და რა - არა. შეიძლება, ტექნიკური ხასიათის წინადადება გაიზიარეს და არ გაიზიარეს არც ერთი არსებითი სახის იდეა. მაშინ, ვთქვათ, რომ გადაწყვეტილებაზე ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ მოახდინე და გადაწყვიტო რომ წამოხვიდე“, - ამბობს ხმალაძე. 

ყოფილი დეპუტატი არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, არასამთავრობო სექტორი კომისიის დატოვებას რატომ აპირებს და მათი რა წინადადება იქნა გაზიარებული, ან არა.

„ორ სამუშაო ჯგუფში ვმონაწილეობ და არის საკითხები, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. შევეცდები, რომ ბოლომდე დავიცვა ის პოზიციები, რაც სწორად მიმაჩნია. დახურული თემა ჯერჯერობით არც ერთი არ არის, თუმცა ტენდენცია ჩანს, უფრო მეტი ალბათობით რა არის მოსალოდნელი, მაგრამ ასეთი საკითხები შეცვლილა? იმ სამუშაო ჯგუფებში, სადაც ვარ, რამდენიმე საკითხი სწორად იქნა გადაწყვეტილი, თუმცა დარჩენილია თემები, რომელთა გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, მმართველობის რა სქემას მივიღებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი პარლამენტის საარჩევნო სისტემაა - თუ როგორი მოდელი შეიძლება იყოს პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობის. ერთი საარჩევნო სისტემის პირობებში ერთი მოდელი იქნება, სხვა სისტემის პირობებში სხვა მოდელი“, - დასძინა ხმალაძემ. 

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ახალ მოდელს პარლამენტს წარუდგენს, მისი ინიცირება მოხდება და ერთი თვის განმავლობაში, დოკუმენტზე მსჯელობა საყოველთაო-სახალხო განხილვების ფორმატში გაგრძელდება.